ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
7 აპრილი, 2017


ცის სახლი - 12. პრესკონფერენცია

  პრესკონფერენცია

  (გაგრძელება)

  შემოდგომის ცივი დღე იდგა. საავადმყოფოს ეზოში მზის გულზე მონებივრე პაპარაცს პაციენტი „სიძე“ მიუახლოვდა.
  - ძმობილო, რა ქენი, მიშოვე ბარი?
  - ბარიი-ი... - წაიღიღინა პაპარაცმა.
  - ჰო, ბარი! მგონი, დაგავიწყდა, რომ დამპირდი, გიშოვნიო - ქალთა განყოფილებამდე გვირაბი მაქვს გასათხრელი!
  - არ დამვიწყნია, მაგრამ დიდი ხანი არაა გასული, რაც დამავალე - დრო მჭირდება! ბარების მეტი რა ყრია ირგვლივ, მაგრამ ყველა გრძელტარიანია, შენ დეფიციტური მოკლეტარიანი ბარი გჭირდება - ძნელად საშოვარი ნივთია!
  - ტარს რა მნიშვნელობა აქვს?!
  - როგორ თუ არ აქვს - ვიწრო გვირაბი უნდა გათხარო; სივიწროვეში გრძელ ტარიანს ვერ მოიხმარ!
  - ვინ გითხრა, რომ ვიწრო გვირაბის გათხრას ვაპირებ - უკანა გზობაზე საცოლესთან ერთად უნდა გამოვეტიო!
  - კაცო, შენ გვირაბი ქალის მოსატაცებლად გჭირდება თუ მაყრიონის გასატარებლად?! გვირაბი მყარი რომ იყოს, ერთი კაცის გასატევი ჭრილი უნდა გათხარო - შენ წინ გამოფოფხდი და საცოლე, უკან გამოიყოლე!
  - მართალი ხარ! - ხანმოკლე ფიქრის შემდეგ თქვა, - ოღონდ, ჯენლტმენობა მმართებს - წინ ქალს გამოვუშვებ და მე, უკან გამოვყვები; თანაც, გზაში, დუნდულზე ვუჩქმეტ...
პაპარაცს გაეცინა.
  - რა გაცინებს?! - იწყინა „სიძემ“.
  - იმიტომ ვიცინი, რომ მიხარია - წინ ქორწილი გველის!
  - კარგი, გაიცინე... ოღონდ, ბარი მიშოვე!
  - გიშოვი - სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩემი მეგობარია; ბაზაში თუ ვერ მოიძია, ერთ ეგზემპლიარს უცხოეთიდან გამოიწერს!
  - იჩქაროს მინისტრმა, უთხარი - უერთმანეთოდ ბერდებიანო!
  - ვეტყვი!
  „სიძე“ ღიღინით წავიდა:
  - ოხ, ტურფავ, ტურფავ...
  რამოდენიმე ნაბიჯზე მოუბრუნდა პაპარაცს და ჰკითხა:
  - რომელია სწორი: ოხ, ტურფავ, თუ - ახ, ტურფავ?
  - სწორია: ახ, ტურფავ!
  - ახ, ტურფავ, ტურფავ... - გააგრძელა გზა.
მარტო დარჩენილმა პაპარაცმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამოგონილი მეგობრობის თავის ფანტაზიაში განვრცობა სცადა, მაგრამ ეს ისეთი ხალისით ვერ გააკეთა, როგორც მსგავსი რამეები „მუყაოს ყუთში“ შეყუჟულს გამოსდიოდა ხოლმე. ამიტომ თავი ანება მზის გულზე ნებივრობას და სასადილოსკენ გასწია, სადაც მუყაოს ყუთი იდგა.
  დარბაზში მას სამი პაციენტი დაუხვდა - ორი ქუჩის მხარეს გამავალ ფანჯარასთან ატუზულიყო და ჩამტვრეული მინიდან გამვლელებს სიგარეტს ემათხოვრებოდნენ, (ამისთვის მათ კანაფზე დაკიდებული პატარა კალათა ჰქონდათ); და ჩუსტიკა, რომელიც კუთხეში მიყუჟული უჩვეულოდ მოკუნტულიყო.
  - ჩუსტიკ, რა დაგემართა?!
  ჩუსტიკამ პასუხი არ გასცა, თუმცა შეიმჩნია პაპარაცის მიახლოება და მუცელზე მწარედ შემოივლო ხელი.
  - მუცელი გტკივა?! აბა, მაჩვენე... მთავარია, ბრმა ნაწლავი არ იყოს... თუ რაიმე მაწყენარი ჭამე, არაუშავს, კუჭი აგეშლება და გაგივლის!
  პაპარაცმა „პაციენტი“ ფერებ-ფერებით იატაკზე გულაღმა დააწვინა და რამდენადაც ამის ზედაპირული ცოდნა ჰქონდა, აპენდიციტის მდგომარეობა შეუმოწმა - ხელის მტევნით რამოდენიმეჯერ დააწვა და ნელა აუშვა.
  - გასაგებია... - დასძინა ხნიერი პროფესორივით, - ბრმა ნაწლავი გამოირიცხა! ასე, რომ მალე მორჩები. - წამოჯდომაში დაეხმარა. - იცი რა, ჩუსტიკ, თუ ძალიან არ გაწუხებს მუცელი, წამომყევი, კაი საქმეზე მივდივარ - სოფლის მეურნეობის მინისტრი მელოდება; თვითონ ისურვა ჩემთან შეხვრდრა; თუმცა რაღაც პატარა საქმე მეც მაქვს მასთან... სხვა მინისტრებმა რომ გაიგეს აქ მოდიოდა, მათაც გამოთქვეს წამოსვლის (ჩემი გაცნობის) სურვილი. მას მერე, რაც პრეზიდენტმა სახელმწიფო ორდენით დამაჯილდოვა, საოცრად პოპულარული ადამიანი გავხდი. თუმცა პოპულარობა დაჯილდოებამ კი არ მომიტანა, თავი და თავი დაჯილდოების მიზეზი იყო - დიდ პოლიტიკას ჩემი ნებით რომ გავერიდე; გაიკვირვეს - ქართველი კაცი ასეთ ცდუნებას წინ როგორ აღუდგაო! ჰოდა ახლა, ყველა ჩემს გასაცნობად მოისწრაფის. სად მაქვს იმდენი დრო, ყველას სათითაოდ შევხვდე?! ამიტომ, ჩემო ჩუსტიკ, პრესკონფერენცია დავნიშნე - ყველას ერთდროულად მივიღებ! მინისტრების გარდა, პრესკონფერენციაზე უამრავი ჟურნალისტიც იქნება, ქართველი, უცხოელი... მოკლედ, წამოდი, საინტერესო ხალხს გაგაცნობ!
ჩუსტიკა მოიკუნტა.
  - კარგი, შემდეგისთვის იყოს... ახლა, მაგვიანდება!
  პაპარაცი „მუყაოს ყუთში“ შეძვრა.

  პრესკონფერენციას უამრავი სტუმარი დაესწრო; მინისტრებისა და ჟურნალისტების გარდა, სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებმაც მოიყარეს იქ თავი - ხელოვანებმა, მეცნიერებმა, ისტორიკოსებმა, ფსიქოლოგება, სოციოლოგებმა, ბიზნესმენებმა, სპორტსმენებმა და სხვებმა და სხვებმა; დარბაზში ტევა არ იყო. სცენის შუაგულში საზეიმოდ მორთულ მაგიდასთან მჯდომმა პაპარაცმა „პაპარაც-ცენტრის“ პასუხისმგებელ მდივანს, ბატონ ბახვას გადაულაპარაკა, რომ პრესკონფერენცის გასამართად სახელმწიფო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი უნდა დაექირავებინათ!
  - ნამდვილად! - კვერი დაუკრა ბატონმა ბახვამ.
  - რაც არის, არის... - თქვა პაპარაცმა და პრესკონფერენცია გახსნა, - ბატონებო, თქვენი მონა-მორჩილი „პაპარაცი“ თვენს განკარგულებაში ვარ!
  პირველ ჯერზე, მას შეკითხვა რამოდენიმე ჟურნალისტმა, ერთმა ფსიქოლოგმა და კიდევ, მწერალმა ერთდროულად დაუსვა, მაგრამ გუგუნში ჩაკარგულ ამ შეკითხვათა შინაარსიდან პაპარამა ვერაფერი გაიგო და დარბაზს სთხოვა, კითხვები მორიგეობით დაესვათ. პირველი კითხვის დასმის უფლება უცხოელ ჟურნალისტს ერგო:
  - Maikl Libson (BBC)...
  კითხვა ლიბსონმა ინგლისურ ენაზე დასვა, მაგრამ პაპარაცი ვერ ფლობდა ამ ენას და ჟურნალისტს მოუბოდიშა, თან, რჩევა მისცა:
  - მისტერ მაიკლ, ვერ გავიგე რა მკითხეთ, რადგან ინგლისური არ ვიცი. ქართული უნდა ისწავლოთ - ქართული ენა აქამდეც უნდა გცოდნოდათ! წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ცხოვრება „უცხოელად“ დარჩებით...
  - მადლოუბთ! - თავი დაუკრა ლიბსონმა და თავის ადგილზე დაჯდა.
  - ოჰო, ბატონ ლიბსონს ერთი ქართული სიტყვა სცოდნია... - გადაულაპარაკა პაპარაცმა ბატონ ბახვას.
  - ერთი ქართული სიტყვის ცოდნა სერიოზული განაცხადია! კიდევ ერთიც თუ დაამატა, შეუძლია საქართველოს მოქალაქეობას გამჰოკრას ხელი!
  - არა, მოქალაქეობას ორი სიტყვის ცოდნის ხარჯზე ვერ მივანიჭებთ... თუმცა „ჩვენებურად“ შეგვიძლია ვიგულოთ!
  თანხმობის ნიშნად ბატონმა ბახვამ თავი დააქნია.
  პრესკონფერენციაზე მყოფი სხვა უცხოელები მოუთმენლად ელოდნენ თავის რიგს, რომ პაპარაცისთვის კითხვა დაესვათ, მაგრამ ლიბსონის მაგალითზე ეს საქმე დროებით, ქართული ენის შესწავლამდე, გადადეს.
  სიტყვა ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებს ერგო:
  - გაზეთი - „დემა & გოგია“; კითხვა: ქვეყანაში დემოკრატიის გარანტად ხელისუფლება უნდა მოგვევლინოს, თუ საზოგადოება, რომელიც აიძულებს ხელისფლებას დემოკრატიულად მართოს ქვეყანა?
  - პასუხი: ქათამმა თქვა, - „მე რომ არა, კვერცხი არ იქნებოდაო!“ კვერცხმა კი უპასუხა - „შენ ჩემს გარეშე ქვეყანას ვერ მოევლინებოდიო!“ - რა ვქნათ ახლა ჩვენ - ველოდოთ სანამ ეს ორნი ერთმანეთში მორიგდებიან?! თუ ავუხსნათ მათ ფრინველისა და კვერცხის ერთდროული დაბადების თეორია?! სად აქვს ქათამსა და კვერცხს იმდენი ტვინი, რომ მოცემულ თეორიას ჩასწვდნენ?! ამიტომ პასუხი მარტივია: ჰამლეტი!
  - ომლეტი... - ჩურჩულით შეუსწორა ბატონმა ბახვამ.
  - ჰო, ომლეტი, რა თქმა უნდა, ომლეტი! სანამ ქათამი და კვერცხი ერთმანეთში კინკლაობენ, გამოჩნდება მშიერი კაცი და - ერთისგან ძვალს დატოვებს, მეორისგან ნაჭუჭს!
  - მოგესალმებით, გაზეთი - „პოლიტიკა უპირველეს ყოვლისა“. აი, უკვე ორ საუკუნეზე მეტია რაც რუსეთი საქართველოს მწარედ გადაეკიდა - ყველაფერს აქვს თავისი დასასრული! თქვენი აზრით, რა შედეგით დასრულდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა?
  - რუსეთი დამარცხდება!
  - ანუ ფიქრობთ, რომ პატარა საქართველოს შესწევს უნარი დიდი რუსეთი დაამარცხოს?
  - არა, მე ეს არ მითქვამს. საქართველოს გამარჯვებას მოუტანს ის, რომ რუსეთი გოლს საკუთარ კარში თავად გაიტანს!
  - საქართველო თავის კარში გოლს არ მიიღებს?
  - საქართველოს სადღა აქვს კარი?!
  - მარლენ მჟავია (სოციალური კვლევის ინსტიტუტი) - დედაქალაქში იხსნება თქვენი სახელობის ლიტერატურული კაფე. დისკუსია გამოიწვია არა იმ ფაქტმა, რომ კაფე თქვენი სახელობის უნდა იყოს, არამედ კაფეს ფორმატმა - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ითხოვდა, რომ კაფე არა ლიტერატურული, არამედ სპორტული ხასიათის ყოფილიყო და არგუმენტად წარმოადგინეს თქვენი სპორტისადმი გულმხურვალე დამოკიდებულება; კერძოდ, ის ფაქტი, როცა თქვენ ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე (როდესაც ორდენით გაჯილდოებდათ) სპორტულ რეიტუზსა და კეტებში გამოწყობილი წარსდექით! ეს სპორტის პროპაგანდის, მართლაც და, შთამბეჭდავი მაგალითია! სპორტსმენებს კომპოზიტორთა კავშირმა ტოლი არ დაუდო: განაცხადეს, რომ თქვენ თქვენი ცხოვრებით, არც მეტი, არც ნაკლები - აჟღერებული მელოდია ხართ! ძნელია წინ აღუდგე ამ მოსაზრებას... თეატრალურმა საზოგადოებამაც ბევრი იბრძოლა, კაფეს ფორმატის თავისკენ მიზიდვის მიზნით. მაგრამ გამარჯვება, როგორც ვიხილეთ, ლიტერატორებს ერგოთ, და ალბათ, სამართლიანადაც, რადგან „საზოგადოებრივი მოღვაწეობა“ თქვენ ჟურნალისტის რანგში დაიწყეთ - ჟურნალისტობიდან ლიტერატორობამდე მანძილი ვის გაუყვია! თუმცა ურიგო არ იქნებოდა საზოგადოების წინაშე მწერლის ამპლუაშიც წარმდგარიყავით. ბოლოს და ბოლოს, თქვენი რანგის ქართველი თუნდ ერთი ლექსის ავტორი როგორ არ უნდა იყოთ!
  „პაპარაცი მწერალი არ არის?!“, „ლექსებს არ წერს?!“, „არასდროს დაუწერია?!“ - დარბაზში ჩურჩული და მითქმა-მოთქმა ატყდა. პაპარაცმა იმდენად უხერხულად იგრძნო თავი, რომ იძულებული გახდა წაეკითხა ბავშვობაში შეთხზული ორ სტროფიანი ლექსი, რომელიც ბაღში თანაჯგუფელ გოგონას მიუძღვნა. რაც შეეხება კაფესთან დაკავშირებულ საკითხს, ამ მხრივ მან მძიმედ ამოისუნთქა... დარბაზი გაირინდა.
  - მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩემი სახელობის კაფე გაიხსნას! ჯერ ერთი, საკითხი არავინ შემითანხმა, არ ვიცი, ვინ დგას ამ ბურუსით მოცული „ობიექტის“ მიღმა. მეორეც, კაფე თუნდ ლიტერატურული იყოს, სულ მალე ის ტრადიციულ სახინკლედ გადაკეთდება - ლოთობა, ჩხუბი... ვიღაც დანასაც იხმარს! იურიდიული პასუხისმგებლობა თუ არა, მორალური ხომ მაინც ჩემს სინდისს დააწვება! ამიტომ მოვითხოვ: თუ ჩემი სახელობის „კვების ობიექტის“ გახსნა სურთ, სპირტიანი სასმელი ამოიღონ მოხმარებიდან! გარდა ამისა, მენიუდან ამოშალონ - ხინკალი, ქაბაბი და ყველა ის „მაცდური კერძი“, რომელიც ადამიანს ალკოჰოლის მიღების ჟინს აღუძრავს! თუმცა, რად გინდათ - ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის ამბავი რომ ვიცი, კაფეში ალკოჰოლურ სასმელს მალულად შეიტანს და მისაყოლებლად დაშაქრულ ფუნთუშაზეც „ყაბულს“ იქნება! ამიტომ, კეთილი ინებონ და, მენიუდან ალკოჰოლურ სასმელთან ერთად საკვებიც მთლიანად ამოიღონ!
  - რაღა დარჩა?! - წამოიძახა დარბაზში მჯდომმა ვიღაც მსუქანმა, ღიპიანმა მამაკაცმა.
  - რა დარჩა და - ლიმონათი, ანუ, გაზიანი წყალი!
  - ეგ რა კაფეა, სადაც მარტო გაზიანი წყალი გაიყიდება?!
  - ჰოდა, მეც მაგას ვამბობ - რად უნდა გაზიანი წყლის სარეალიზაციო პუნქტს „კაფე“, ანუ დახურული სივრცე? მას ქუჩის კუთხეში დადგმული პატარა დახლიც ეყოფა! ერთი სიტყვით, თანახმა ვარ გაიხსნას ჩემი სახელობის გაზიანი წყლის სარეალიზაციო პუნქტი, და არავითარი - კაფე! მორჩა და გათავდა!
მქუხარე ტაშმა შესძრა იქაურობა.
  პაპარაცმა კმაყოფილებით გადახედა დარბაზს და უეცრად, ბოლო რიგში მჯდომ, ცნობილ ტელეწამყვან ინკა გ-ს მოკრა თვალი. – „არ ეკადრებაო, ასეთი რანგის ტელეწამყვანს უკანა რიგში ჯდომა!“ - გაიფიქრა მან და ხელით ანიშნა მომხიბლავ ინკას, წინა რიგში გადმოსულიყო. ინკამ მიწვევა მიიღო, თუმცა წინა რიგები ისე იყო გადავსებული, ინკა კი არა, ნემსი ვერ ჩაეტეოდა და ფეხზე წამომდგარი, ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. პაპარაცი შეწუხდა... და პირველი, რაც მოიფიქრა - ხელი დაავლო ყვავილების დიდ თაიგულს, რომლითაც სცენა იყო მორთული და ინკას მიართვა; თანაც, სთხოვა პაპარაც-ცენტრის ტელევიზიაში სტუმრად სწვეოდა, კერძოდ, იმ გადაცემაში, რომლის წამყვანიც თავად იყო. ინკამ მიწვევა პატივით მიიღო და თაიგული გულში ჩაიკრა.

  P.S. პრესკონფერენციაზე კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრმა რომ შეიტყო „სიძისა“ და მისი წითელ-ლოყება სატრფოს ამბავი (რომ მათი ბედნიერება ერთ მოკლეტარიან ბარზე იყო დამოკიდებული), ბარის შოვნის პირობა დადო; ისიც დასძინა, რომ ტარზე მოოქროვილი ასოებით მისალოც სიტყვას ამოტვიფრავდა.

  (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები