ნაწარმოებები



ავტორი: ავტ2
ჟანრი: პროზა
12 აპრილი, 2017


ემიგრანტული მოგონებები უხილავ მეგობრებზე

იტალიის ერთერთ სოფელში აღმოვჩნდი ტრიესტის პორტის ნაცვლად. ბორანზე, რომ დამეგვიანა კიდევ სამი დღე მომიწევდა იტალიაში ლოდინი და ჩემი ძმაკაცის ქორწილს, რომლისთვისაც მოვდიოდი გერმანიიდან საქართველოში ვერ მოვუსწრებდი...

1993 წლის 18 აპრილს ოპტინელი სამი ახალგაზრდა ბერი, მამა ვასილი, მამა ტროფიმე და მამა ფერაპონტი მოკლეს. ისინი ახალმოწამეებად შერაცხეს და ითვლება, რომ განსაკუთრებით შეეწევიან ეს წმინდანები მგზავრობაში მყოფთ. წიგნმა "Пасха Красная" http://lib.pravmir.ru/library/book/1914 რომელიც, აღნიშნული ახალმოწამეების ცხოვრებას აღწერს ახალი წაკითხული მქონდა და მან ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა...

...უკვე 35 წუთი რჩება გემის გასვლამდე და მე კი ვხვდები, რომ სულ უფრო და უფრო ვშორდები ზღვას და მივდივარ მთებისკენ. ეტყობა გადასახვევი ამერია ავტობანზე და სულ სხვა მიმართულებით წავედი. ვიფიქრე, გავაჩერებ და გზას პორტისკენ ვინმეს ვკითხავთქო. მართლაც ერთ სოფელში გავჩერდი და გამვლელ ძიას ვკითხე:
- პორტო, პორტო??!? - თან ხელით ვანიშნებდი საით უნდა წავიდეთქო.
თეთრულვაშებიანმა ძიამ დამიწყო იტალიურად იმის ახსნა თუ სად უნდა წავსულიყავი, თუმცა სამწუხაროდ ვერაფერი გავიგე.
სოფელში გაჩერებულმა ჩემმა მანქანამ და ძიასთან დიალოგმა იქვე მდგარი იტალიელი "ბირჟავიკების" ცნობისმოყვარეობა აღძრა და ისინიც შემოგვიერთდნენ დისკუსიაში. ყველა თავისებურად, იტალიელებისთვის დამახასიათებელი ხელის მოქნილი ჟესტიკულაციით და თან საკმაოდ ხმამაღლა ისე, რომ სხვების ხმა გადაეფარა ცდილობდა აეხსნა, თუ როგორ უნდა მივსულიყავი პორტში. ძალიან დავიბენი, ვინაიდან არაფერი მესმოდა. ერთმა მიწაზე დაიწყო ხის ჯოხით გზების მონიშნვა და ერთადერთი, რასაც მივხვდი ის იყო, რომ ძალიან შორს ვიყავი პორტიდან და გამორიცხული იყო დარჩენილ დროში მიმესწრო გემისთვის.. თითქმის სასოწარკვეთილი ჩავჯექი მანქანაში. უკვე აღარ მქონდა იმის იმედი, რომ გემს მივასწრებდი. ერთადერთი რაც გავაკეთე იმ მომენტში, გამახსენდა ოპტინელი ახალმოწამეები და ცრემლმორეულმა და სასოწარკვეთილმა ვთხოვე დამხმარებოდნენ. ამ ფიქრებში ვიყავი, როცა დაახლოებით 50 მეტრში შევნიშნე ალბათ ესე სამოცდათხუთმეტ წელს გადაცილებული ყავარჯნიანი თეთრი ქათქათათმიანი ქალბატონი, რომელიც კოჭლობით, მაგრამ შემართებით მოდიოდა ჩემი მანქანისკენ, თან თავის თავს ხმამაღლა ესაუბრებოდა. ეს ქალბატონი ჩემს მანქანას მოუახლოვდა, კარი გამიღო და ჩაჯდა. ვიფიქრე, ალბათ ადგილობრივი გიჟიათქო და გავბრაზდი, ვინაიდან იმ მომენტში იტალიურად მოლაპარაკე შიზოფრენიკთან დიალოგის არც ხალისი და არც დრო არ მქონდა.. გავხედე და გაბრაზებულმა ქართულად ვუყვირე:
- რა, რა გინდა?!!?
მან შემომხედა და მკითხა:
- Si guida al porto??
ჩემთვის ნაცნობი სიტყვა, რომ მომესმა ჯერ კიდევ გაბრაზებულმა ვუთხარი
- პორტოოო? სიიიიიეეე პორტო პორტო!!
- andiamo, io vi condurrò al porto
ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა და გაშტრებეული და დაბნეული ვუყურებდი, მან კი გამიმეორა
- andiamo, andiamo - მიწვდა ჩემი მანქანის გასაღებს და გადაატრიალა თან იტალიური მოქნილი ჟესტიკულაციით მაჩვენებდა დაძარი მანქანაო
- როგორ? პორტის გზას მაჩვენებთ? პორტო ? - არ მჯეროდა და ისევ გაკვირვებული შევყურებდი
- Sì, sì, andiamoოოოო
მართლაც, დროის კიდევ დაკარგვას გადავწყვიტე დამეჯერებინა და სწრაფად წავედი იმ მიმართულებით, რომელსაც მაჩვენებდა. ცოტათი გული მეთანაღრებოდა და ჯერ კიდევ ეჭვებში ვიყავი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქალბატონი შეძლებდა ჩემს დახმარებას, თუმცა სხვა ალტერნატივა არც მქონდა და მივყვებოდი მის ინსტრუქციებს. გზაში ბევრი ვისაუბრეთ მიუხედავად იმისა, რომ არცერთს არ გვესმოდა ერთმანეთის ენები. ის გავიგე, რომ დედჩემთან მოკითხვა დამაბარა, ასევე ჩანთიდან ამოიღო პატარა შუშის ფიალა, რომელზეც მითხრა, გზაში რომ მოგწყურდება ამითი დალიე წყალიო. მეც რა თქმა უნდა საქართველოზე მოვუყევი რაღაცეები და დავპატიჟე კიდეც. საკმაოდ ბევრი ვიარეთ და ბოლოს მივედით პორტში. ჩემდა გასაკვირად სწორედ იმ ტერმინალში მიმიყვანა, რომლიდანაც ჩემი გემი გადიოდა. ტერმინალში შესვლამდე ჩამოვიდა და დამემშვიდობა. დამშვიდობებისას შემატყო, რომ ვწუხდი იმაზე, თუ როგორ უნდა დაბრუნებულიყო ამ უზარმაზარი პორტის ტერიტორიიდან ასე შორს, საკუთარ სოფელში, თუმცა დამამშვიდა და კეთილი გზა მისურვა. თვალები ამიცრემლიანდა, გადავეხვიე და ისე დავემშვიდობე, როგორც ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანს, რომელსაც თითქოს მთელი ცხოვრებაა იცნობ. გემს მივასწარი და საქართველოში მშვიდობით დავბრუნდი. 4800 კილომეტრი თითქოს მარტომ გავიარე, თუმცა მთელი გზა განსაკუთრებულ მფარველობას ვგრძნობდი...

მას შემდეგ ხანდახან, სახლში, როცა მომწყურდება შუშის ფიალით ვსვამ წყალს და თან მახსენდება ჩემი ახლობელი იტალიელი თეთრი, ქათქათათმიანი ქალბატონი და ოპტინელი ახალმოწამეები...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები