ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
10 აპრილი, 2017


ცის სახლი - 13. ინკა გ-ს სტუმრობა

  ინკა გ-ს სტუმრობა

  (გაგრძელება)

  დადგა დღე, როცა ცნობილი ტელეწამყვანი მომხიბლავი ინკა გ. პაპარაცს ტელეგადაცემაში უნდა სწვეოდა. „მასპინძელმა“ ამ შემთხვევისთვის სტუდია საგანგებოდ მოამზადა - სტუმრებისთვის განკუთვნილი გრძელი, ფუმფულა დივანი გაატანინა, ხოლო სანაცვლოდ, სტუდიის მაგიდას კიდევ ერთი, ისეთივე სავარძელი მიუდგა, როგორზეც თავად იჯდა; ეს იმ თვალსაზრისით მოიმოქმედა, რომ იმდღევანდელი გადაცემა ინკასთვის არა უბრალოდ მიეძღვნა, არამედ მისი თანაავტორობით შეექმნა.
სტუდიაში შემოსულ ინკას, პაპარაცი წინ შეეგება:
  - ძვირფასო ინკა, ჩემს საავტორო გადაცემაში მინდა თავი არა სტუმრად, არამედ ჩემსავით მასპინძლად იგრძნო!
  - პაპარაცი, ეს დიდი პატივია ჩემთვის!
  - ჩემთვისაც!  - ინკას ღიმილს ღიმილით უპასუხა. - ორიოდ სიტყვას ამ სტუდიის თავისებურებაზე გეტყვი: მისი მთავარი ღირსება ისაა რომ, სტუდია არ ისმინება!
  - სტუდია არ ისმინება?
  - დიახ, არ ისმინება!
  - რას ნიშნავს - „სტუდია არ ისმინება“?
  - ეს ნიშნავს იმას, რომ ამ სტუდიის ეთერში ადამიანმა მკვლელობაც რომ აღიაროს, ინფორმაცია პროკურატურის ყურამდე არ მივა!
  - საოცარი თვისების სტუდია ყოფლა - კაცს, გულიც კი დასწყდება იმაზე, რაიმე „დამარხული“ საიდუმლო თუ არ გააჩნია... თანაც, მგონი აქაურობა არა მარტო აღნიშნული ნიშნით გამოირჩევა ტრადიციული ტელესტუდიებისგან - მეჩვენება, რომ რომელიღაც სხვა სამყაროში ვიმყოფები; თითქოს ინკა არც ვარ და მისი აჩრდილი გესაუბრები!
  - აჩრდილი... - გაიმეორა პაპარაცმა, - გარკვეულწილად ეს ასეც არის, რადგან სამყარო, რომელშიც ჩვენ ვართ, (ტელესტუდია იქნება ეს თუ მთლიანად, „პაპარაც-ცენტრი“), ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, ანუ გამოგონილი!
  - მოიცა, მოიცა, თუ აქაურობა შენი ფანტაზიის ნაყოფია, გამოდის, მე აქ მართლაც არ ვიმყოფები და შენ, ჩემს მაგივრად საკუთარ თავს ესაუბრები!
  - ასეა. - მშვიდად დაადასტურა პაპარაცმა.
  ინკას სიცილი წასკდა.
  - რატომ იცინი?
  - იმის გამო ვიცინი, რომ საკუთარ თავთან საუბარი... - აღარ დაასრულა აზრი.
  პაპარაცმა ჩაახველა... და შემდეგ თქვა:
  - როცა ადამიანი მარტოა, ვის უნდა ესაუბროს, თუ არა საკუთარ თავს?! მაგრამ შენ ისე შემომცქერი, გატყობ, შენს თავთან არ საუბრობ! - თვალი თვალში გაუყარა ინკას, - აა, მივხვდი: შენსა და შენს თავს შორის რაღაც ინციდენტი მოხდა და ერთმანეთს გაებუტეთ, ხმას აღარ სცემთ! ინკა, არ შეიძლება ასე, ერთმანეთს უნდა დაუთმოთ! გასაგებია, რომ ჩვენ ვერ ვართ ისეთები, როგორიც გვინდა ვიყოთ, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს საკუთარ თავთან გაუცხოების (გადამტერების) მიზეზი! ის შენი თავია, ანუ, შენ თვითონ ხარ ის - უნდა მიუტევო მას, ტკბილი სიტყვა უთხრა და თუ საჭიროა, ალერსით თავზე გადაუსვა კიდეც ხელი - აი, ასე... - პაპარაცმა თავზე ნაზად გადაისვა ხელი.
  პირდაღებულმა ინკამ წამოიძახა:
  - ვხედავ, შენსა და შენს თავს შორის სრული ჰარმონია სუფეს, ხშირად ეალერსებით ერთმანეთს და ალბათ, ფერებისგან გაქვს კიდეც თავზე თმა შეთხელებული!
  - ამ ეტაპზე მე და ჩემს თავს შორის მართლაც ჰარმონიული ურთიერთობა სუფეს; რასაც ვერ ვიტყვი განვლილ ჟამზე. წინათ საკუთარ თავს ისეთი უმსგასო რამ შევამთხვიე, რომ თქმაც კი მიჭირს, სრცხვილისგან დღემდე თვალს ვერ ვუსწორებ საკუთარ თავს - სარკეში ჩახედვა მიჭირს!
  - რა საინტერესოა - თქვი, რა დამართე შენს თავს ასეთი!
  - ვერ ვიტყვი!
  - თქვი, ვერავინ გაიგებს, შენი ტელესტუდია არ ისმინება!
  - მიუხედავად იმისა, რომ არ ისმინება, მაინც ვერ ვიტყვი!
  - ოო, რა მნიშვნელოვანი საიდუმლო გქონია... უმორჩილესად გთხოვ, თქვი!
  - მაპატიე ინკა, მაგრამ ვერ ვიტყვი!
  ინკა დაფიქრდა...
  - კარგი, დავრწმუნდი... შევეცდები სხვა დროს გამოგტყუო ეგ საიდუმლო!
  - „სხვა დროს“? - თვალები გაუბრწყინდა პაპარაცს. - ესე იგი, გადაცემაში კიდევ მეწვევი!
  - არა, არ გეწვევი - შენ გადაგიპატიჟებ ჩემს გადაცემაში!
  - ეს დიდი პატივი იქნება ჩემთვის!
  - ჩემთვისაც... - ეშმაკურად ჩაიცინა ინკამ. - რადგან პირადი ცხოვრების თემას შევეხეთ, მოდი, ცოტა შენს კარიერაზე „წავიჭორაოთ“ - პოპულარობის ზენიტში ხარ; არადა, ცოტა ხნის წინ შენი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდით - როგორ მოახერხე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვარსკვლავად ქცევა? 
  - ქართულ ტელესივრცეში მე მართლაც ერთბაშად, ასე ვთქვათ, „გაბრწყინებული“ შემოვიჭერი, მაგრამ მზადება საამისოდ დიდი ხნის წინ უცხოეთში დავიწყე; ჟურნალისტად ჩამოყალიბების გრძელი და რთული გზა, როგორც იტყვიან, „ფეხშიშველმა“ გავიარე(!) - ვმოღვაწეობდი პარიზში, ვენაში, ლონდონში... - პაპარაცმა საჩვენებელი თითი ისეთნაირად გაიშვირ-გამოიშვირა, თითქოს იმ წამს სწორედ ამ სამი ქალაქის გზის გასაყარზე იდგა, - ჩემო ინკა, რომ მიყურებ, კემბრიჯის უნივერსიტეტი ფრიადზე მაქვს დამთავრებული - ჟურნალისტიკის განხრით!
  - კემბრიჯის უნივერსიტეტი... - ირონიით გაიკვირვა ინკამ, - როგორ მოახერხე ინგლისურენოვანი სასწავლებლის დამთავრება, როცა ინგლისური არ იცი?!
  პაპარაცი უხერხულად შეიშმუშნა...
  - აა, უკაცრავად, მექანიკური შეცდომა დავუშვი - კემბრიჯის უნივერსიტეტი კი არა, ოქსფორდის უნივერსიტეტი უნდა მეთქვა! ხო, რა თქმა უნდა, ოქსფორდი დავამთავრე!
  - აჰა, ახლა ოქსფორდი... მაგრამ ისიც რომ ინგლისშია და არც მას გააჩნია ქართულენოვანი ფაკულტეტი?!
  პაპარაცი კიდევ უფრო უხერხულად შეიშმუშნა.
  - ინკა, შენ მართალი ხარ - თითქოს სიბერე არ შემპარვია, მაგრამ მეხსიერების ღალატს ჩემში უკვე აქვს ადგილი. თუმცა არც თუ მცირეოდენი დრო გავიდა მას შემდეგ... როგორც იტყვიან, რამდენმა წყალმა ჩაიარაო!
  - რომელმა წყალმა, მდინარე ტემზამ თუ მტკვარმა?!
  - ორივემ - მდინარეებს რა გაჩერებს...
  - პაპარაცი, აღიარე რომ ტყუილები გიყვარს!
  - მეე?! - ხელების გაშლით შეიცხადა, - ტყუილები სულაც არ მიყვარს! უბრალოდ, ზოგჯერ სიმართლეს „უბოროტო ტყუილის“ მოსასხამს შემოვაფარებ ხოლმე, რომ სიმართლე საზოგადოებისთვის მისაწვდომი გავხადო!
  ინკამ თვალი თვალში გაუყარა პაპარაცს, მერე მისკენ გადაიხარა, რომ ყურში რაღაც ეთქვა, მაგრამ გაახსენდა, რომ „სტუდია არ ისმინებაოდა“, და სათქმელი ხმამაღლა უთხრა:
  - თუ სურვილი გქვს საზოგადოებას რაიმე მიაწვდინო, სიმართლე კი არ უნდა „შენიღბო“, ის საერთოდ უნდა მოისროლო ნაგავსაყრელზე! თუმცა, არც ტყუილს (სიცრუეს) უნდა დაუდგა კერპი - სიცრუე და სიმართლე, სიკეთე და ბოროტება, ჟურნალისტისთვის ეს მასალაა და სხვა არაფერი!
- სტუდიაში სიმართლესთან დამშვიდობება, ცხოვრებაში მასთან დამშვიდობებას ნიშნავს! ტყუილით ვერ იცხოვრებს ადამიანი _ შორს ვერ წავა!
  ინკას გაეცინა.
  - პაპარაცი, შენ ის ანდაზა გამახსენე - „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო...“, რომელ შორს წასვლაზე ლაპარაკობ, როცა ცხოვრება თავად ტყუილზე უფრო მოკლეა - ადამიანი კვდება, ხოლო ტყუილი, რომლითაც მან იცხოვრა, მის შთამომავლობას გადაეცემა!
  რაღაც ხნით სტუდიაში დუმილი ჩამოვარდა - ინკა პაპარაცის რეაქციას იკვლევდა; ეს უკანასკნელი კი, თავის მუხლებს მშვიდად დასჩერებოდა... ბოლოს თქვა:
  - ცხოვრება მოკლე არ არის, ის დაუსრულებელია, თუ ადამიანი თვითნებურად არ დაასრულებს მას!

  - ყავა, ყავა, ცხელი ყავა! - სტუდიაში შემოსულმა ქალმა თერმოსებით სავსე ჩანთა პაპარაცსა და იკას წინ დადგა.
  - მშვიდობა აქაურობას! - მიიხედ-მოიხედა, - პაპარაცი, სად წაიღე ის გრძელი, ფუმფულა დივანი, აქ რომ იდგა? - ისეთნაირად იკითხა, ჩამოჯდომაზე მეტად სხვა რამ აფიქრებდა.
  - დივანი დროებით გავიტანე... ახლავე სკამს მოვატანინებ შენთვის.
  - დასაჯდომად არ მიკითხავს; სტუმრების სიმრავლე რომ არაა, ეს ცუდია ჩემთვის - წინა გადაცემაში თხუთმეტ კაცზე შემიკვეთე ყავა, თანაც, ორმოცდაათ თერიანი კი არა, ლარიანები!
  - ხო... - თითქოს მოიბოდიშა პაპარაცმა, - ამჯრად მხოლოდ ორი ფინჯანი გვინდა.
  - ეს ვინაა? - ჩურჩულით იკითხა ინკამ.
  - ყავის გამყიდველია - მარგო. - ჩურჩულითვე უპასუხა პაპარაცმა, - წინათ ვაგზლის ტერიტორიაზე დაატარებდა ყავას, მაგრამ კაფეების მეპატრონეებმა გამოაძევეს, რადგან მათ წყალწყალა ყავას არავინ ეკარებოდა - შვილები ჰყავს სარჩენი; მგონი, ბანკის ვალიც აქვს... მე უფლება მივეცი არა მარტო ჩემს ტელეგადაცემაში, არამედ მთელ „პაპარაც-ცენტრში“ გაყიდოს ყავა.
  - მე მის ყავას ვერ დავლევ!
  - რატომ?
  - იმიტომ!
  - გასაგებია... - ყავის გამყიდველს მიუბრუნდა, - მარგო, ნუღარ დაგვისხავ; თუმცა ორი ყავის ფული მაინც აიღე. _ და ორლარიანი გაუწოდა.
  - თუ არ სვავთ, რატომღა იხდი?!
  - ისე, უბრალოდ, მინდა და ვიხდი.
  - კარგი, ავიღებ... მადლობა!
  ქალმა თერმოსი ჩანთაში ჩადო, პაპარაცს ფული გამოართვა და გასასვლელისკენ გაემართა; გზაში შეჩერდა, პაპარაცს მოუბრუნდა:
  - პაპარაცი, როგორ ფიქრობ, ყავასთან ერთად ღვეზელებიც რომ ვატარო, გაიყიდება?
  - მოსინჯე, ალბათ გაიყიდება.
  - ვიცი, რომ გაიყიდება... ნებართვა მინდოდა.
  სტუდიიდან გავიდა.

  - დაა... - ისე თქვა ინკამ, თითქოს დაამთქნარაო, - შენ გადაცემის „თანამასპინძლობა“, ანუ „თანაავტორობა“ შემომთავაზე; ამიტომ, თავს უფლებას მივცემ, მასში შენიშვნა შევიტანო: ყავის გამყიდველის კადრში ჩასმა არაფრის მთქმელი სცენაა; თუ მისი ყავა „გწყუროდა“, გადაცემის ჩაწერამდე, ან ჩაწერის შემდეგ შემოგეშვა სტუდიაში! მსგავსი ადამიანებით სავსეა ქვეყანა და ისინი არავის აინტერესებს. მეყავე გაკოტრებული ოლიგარქი რომ იყოს, რომელიც დღეს ყავის ჩამოტარებით ირჩენს თავს, ყურადღების ღირსი მართლაც იქნებოდა; ან პირიქით - ოლიგარქი ყოფილიყო, რომელმაც ბიზნეს-მოღვაწეობა ყავის ჩამოტარებით დაიწყო. იცოდე, თუ გინდა რომ ტელეგადაცემა მიმზიდველი გახადო, მასში გამორჩეული ადამიანები უნდა წარმოაჩინო, განსაკუთრებით, წარმატებულ ადამიანთა ცხოვრება აინტერესებს ტელემაყურებელს - ძლიერნი ამასოფლისანი!
  - „ძლიერნი“ - ეს პირობითი მცნებაა. რასაც ადამიანი თავის „სიძლიერედ“ ითვლის, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ისაა მისი სისუსტე. ასეა, რადგან თუ ამ ეგრეთ წოდებულ „სიძლიერეს“ მარტივ მამარავლებად დავშლით, აღმოჩნდება რომ ადამიანს საამაყო არაფერი აქვს! იმიტომ არ აქვს, რომ ადამიანის ყოველი გამორჩეული თვისება - ნიჭია; ხოლო ნიჭი ვალია, რომელიც ადამიანმა არა გაფლანგული, არამედ გამრავლებული (ასე ვთქვათ, პროცენტით) უნდა დააბრუნოს!
  არაბუნებრივად გაოცებული სახით ინკა სავარძლის საზურგეს გაეკრა:
  - რა უნდა დააბრუნოს?! ვის უნდა დაუბრუნოს?!
  - ვისა და იმას, ვინც ადამიანი შექმნა, და მასთან ერთად, მთელი სამყაროც!
  - შენ გჯერა, რომ სამყარო ხელოვნურადაა შექმნილი?!
  - მჯერა!
  - გჯერა, რომ ის ღმერთმა შექმნა და თანაც, ექვს დღეში?!
  - რა არის აქ დაუჯერებელი - შემოქმედს სამყაროს შექმნა ექვს დღეში კი არა, ერთ დღეშიც შეეძლო!
  - მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სამყარო რამდენიმე მილიარდი წლისაა!
  - შემოქმედის ერთი დღე რამდენ დედამიწისეულ საუკუნეს იტევს, ეს უცნობია!
  - ესე იგი, ღმერთის არსებობის მყარად გჯერა! - ჩაიცინა ინკამ.
  - სამყაროს ერთი რომელიმე ციცქნა ელემენტი ძირეულად რომ გამოიკვლიო, თუნდაც ფუტკრების ოჯახი, ღმერთის არსებობაში დარწმუნდები! ამ ერთიციდა მწერების ცხოვრების ფენომენალური წესი ვერ აიხსნება ისეთი ზღაპრით, როგორიც მეცნიერებამ, მაგალითად, სპილოს ფიზიონომიის ჩამოყალიბებას მოარგო - ცხვირი იმიტომ დაუგრძელდა, რომ მაღალი ხეებიდან ფოთლები მოეწყვიტაო! (ჩემი აზრით, სპილოს ფიზიანომიასთან დაკავშირებით მეცნიერებას კიპლინგისეული ვერსია უფრო უნდა ერწმუნა, ვიდრე დარვინის!). ახლა რაც შეეხება ფუტკრების ოჯახს: ფუტკრები საქმეს კოლექტიურად აღასრულებენ, ანუ, მთლიანი საქმის ცალკეული სამუშაოები ერთმანეთში დანაწილებული აქვთ. როგორ გაინაწილეს საქმე, როცა ფიქრისა და ბჭობის უნარი არ გააჩნიათ?! აი, აქ იკვეთება გარეშე ინტელექტის აქტიურობა, ანუ ღმერთის, რომელმაც ეს მწერები დააპროგამა, თუ რომელმა საქმის რა ნაწილი შეასრულოს. ადამიანის ხელებიც ასეთნაირადვეა მოწყობილი (დაპროგრამებული) - შეთანხმებულად ერთ საქმეს აღასრულებენ, ოღონდ „შეთანხმება“ არა მათ შორის მოხდა, არამედ ისისნი გონებამ დააპროგრამა!
  პაპარაცი ლაპარაკში ისე გაერთო, რომ უკანასკნელი სიტყვები სავარძლიდან წამოწეულმა, და თანაც, რიხიანად წარმოსთქვა.
  - შენ ისეთი შემართებით ლაპარაკობ ღმერთზე, თითქოს სუფრის თავში მჯდომი თამადა იყო!
  - თამადა? არა, ღმერთს ადამიანი ვერ ადღეგრძელებს, ვერც დალოცავს! აი, შენ სადღეგრძელოს კი, სიამოვნებით შევსვავ!
  - ჩემ სადღეგრძელოს, რითი?! მგონი დაგავიწყდა, რომ სტუდიის მაგიდას ვუსხედვართ, და არა, რესტორნისას!
  - რა პრობლემაა, სტუდიაში ახლავე ტიკმოკიდებულ სირაჯს ჩამოვატარებ!
  ინკა გამხიარულდა:
  - თუ სირაჯი ყოფილი ოლიგარქია...
  - არა, ის თავიდანვე სირაჯი იყო - გასირაჯებული ოლიგარქის ღვინო არ დაილევა!
  - კარგი, არ არის საჭირო სირაჯის ჩამოტარება - დიდ დროს წაგვართმევს... და დრო, არა მარტო ფულია! ჩემი წასვლის დროა; დანარჩენი ჩემს გადაცემაში გავაგრძელოთ - გკოცნი...

  P.S. კოცნა მხოლოდ სიტყვიერი იყო, მაგრამ პაპარაცი მაინც გაწითლდა.

  (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები