ნაწარმოებები


ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: შორენა გოგიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 აპრილი, 2017


ადამიანის თვითმოტყუების ფსიქოლოგია თუ უსუსურობის გამოვლინება

ტვინი, რომელიც პიროვნების გონებრივ და აზრობრივ ფუნქციონირებას განსაზღვრავს, მრავალ ამოუცნობ ინფორმაციას იტევს. ხშირად ვინტერესდებით ჩვენთვის უცნობი ფაქტებით, სიახლეებით. ეს ინტერესი განპირობებულია იმ სურვილით, რომ ჩვენი ცხოვრება გავიმრავალფეროვნოთ. ვერ გეტყვით, რამდენად ვახერხებთ ამ მიზნის მიღწევას, მაგრამ ჩვენი მცდელობა ხშირად წარმატებით მთავრდება. ერთი შეხედვით, ადამიანი საკუთარ ცხოვრებას თავად წარმართავს, ხშირად ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, თავის სურვილისამებრ იქმნის გარემოს, თავად ირჩევს ცხოვრებისეულ გზას. მაგრამ, საკვირველია ერთი რამ:

თუ ჩვენვე ვირჩევთ და ვქმნის მომავალს, რატომ არ გვაქვს ყველას ჩვენთვის ნანატრი მდგომარეობა, პირობები, შედეგები. ჩვენ ხომ ყველას კარგი გვინდა საკუთარი თავისთვის? პარადოქსია, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.
ცხოვრება რთული თამაშია, სადაც მრავალი მოგებული და მრავალი წაგებული ადამიანია. ზოგს უმართლებს, ზოგს-არა. გამართლებაც საკითხავი და სათუოა, რადგან ზოგჯერ ამ წარმატებას დიდი კრახი მოსდევს და პირიქით. ან კიდევ ვისთვის წარმატება და ვისთვის შეიძლება უბრალო გართობა იყოს. ის კი ჭეშმარიტებაა, რომ ვისაც არ უმართლებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესაბამისი მონდომება არ აქვს. სურვილს, რომელიც მიმართულია სასიამონო შედეგისაკენ, საკმაოდ რთული წინაპირობა უდევს თან. სწორედ ამ წინაპირობას ვერ ეჭიდება ზოგიერთი, არ აქვს გაცნობიერებული , რომ ამის უკან დიდი ნეტარება იმალება. ის გადაწყვეტილებები, რომლებიც განაპირობებენ ჩვენთვის სასიკეთო შედეგებს, მოითხოვენ ხანგრძლივ ჯაჭვურ პროცესს. ამ პროცესში ცდუნების სახით ყოველ წარმატების კუნჭულში იმალება წუთიერი სიამოვნებანი, რომლებსაც თითოეული ჩვენთაგანი ადვილად ვითვისებთ. ადვილად იმიტომ, რომ ის ჩვენგან ლოდინს არ საჭიროებს და შესაბამისად, ჩვენი ხასიათის ერთ-ერთ თვისებას-სულსწრაფობას მყისვე აკმაყოფილებს. გარემო ცდუნებების გარდა კიდევ მრავალი ფაქტორი არსებობს, რომელთა ახსნაც უფრო რთულად აღსაქმელია.

ადამიანები ხშირად ირჩევენ ისეთ გზებს, რომელთა შედეგებიც წინასწარ იციან, მაგრამ ,ამის მიუხედავად, მაინც მათსავე საზიანოდ მოქმედებენ. ამ დროს ადამიანის ტვინზე შესაძლოა სხვა ინდივიდმა მოახდინოს ისეთი ძლიერი გავლენა, რომ საკუთარი მეობა დააკარგვინოს. ყველასათვის ცნობილია, რომ უფრო ადვილია ტალახში ფეხის ჩაყოფა, ვიდრე მშრალ გზაზე გავლა და ისიც ცნობილია, რომ პირველი კატეგორიის ინდივიდთა რიცხვი შედარებით დიდია და თანდათან იზრდება.

ალბათ, მათ არ სურთ ხომ უკეთესი მომავლის შექმნა? თუ დიდია მათზე სხვა პირების გავლენა? თუმცა ყველას აქვს ხომ საკუთარი აზროვნებისა და დასკვნების გაკეთების უნარი. რატომ არ უგულებელჰყოფენ ისინი უარყოფით მუხტებს? იქნებ თავს იტყუებენ იმ მიზნით, რომ ეს დიდ ნებისყოფას მოითხოვს, ანდაც იმიტომ, რომ მასა ამ შემთხვევაში სხვა პოზიციას იკავებს და ამ ინდივიდისათვის რთული იქნება დამოუკიდებლად ბრძოლა.

ადამიანთა გადაწყვეტილებების სხვადასხვაობას მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსაზღვრავს. გაწონასწორებული, მიზანდასახული ინდივიდის არჩევანი ძალზე განსხვავდება უმიზნო, გაუწონასწორებლისაგან. მათი ფსიქოლოგიური ტიპაჟი ქმნის ზუსტ ასლს მომავალი ცხოვრებისა.​
ყველაფერი კარგი რთულად მოსაპოვებელია. რთულია ასევე მოთმენის პროცესი. ამის საპირისპიროდ, ადვილი მისაღწევია თვალისათვის ლამაზი და სურვილისათვის, ანუ შედეგისათვის მახინჯი გადაწყვეტილებების მიღება. ამის გამო, ბევრს არ სურს ის ბოლო შედეგი დაინახოს, რომელიც მას ზიანს მოუტანს, რადგან მისთვის ეს წამია უფრო მნიშვნელოვანი, ეს ფაქტი, ეს პირობა, ეს ადგილია მთავარი და ფანჯრის იქით რა პროცესებია, მას უბრალოდ არ აინტერესებს. არ აინტერესებს, თუმცა გულის სიღრმეში მაინც ხვდება, რომ უბრალოდ თავს იტყუებს. ეს კი იმ მიზნების მიღწევაში ეხმარება, რომლებიც მოცემულ ეტაპზე დაუკმაყოფილებს სურვილებს. მაშ, სურვილებშიც უნდა ვეძებოთ მიზეზი. ცხადია, ჩვენი, ყველასი გემოვნება განსხვავდება ერთმანეთისაგან, ისევე როგორც ჩვენი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობები.
იქიდან გამომდინარე, რომ ზოგი სწორ გზას ირჩევს და ზოგი უკუღმა დინებით მიემართება, მაშ მათი გემოვნება და სურვილებიც განსხვავებულია. უკეთესი მომავლის შექმნაც ხომ ერთ-ერთი სურვილია ყველა პიროვნებისათვის, თუმცა არამისაღები.

-გიკვირთ?

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთს უკეთესი მომავლის არათუ შექმნა, არამედ ამაზე ფიქრიც კი არ შეუძლია. ფიქრიც ხომ სურვილის წინაპირობაა, საქმის წინაპირობაა. ის შიში, რომელიც უსუსური ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, ხელს უშლის საღი აზრის განვითარებას, ახშობს პიროვნების გონებრივ განვითარებას. შესაბამისად, ამ კატეგორიის ადამიანისათვის უცხოა ბრძოლა მიზნისაკენ, რაც მას, რა თქმა უნდა, ვერ მოუტანს წარმატებას. მთავარია, რომ საღად ვიაზროვნოთ, თავი არ მოვიტყუოთ, წინ გავიხედოთ, გავაანალიზოთ შედეგი, გამოვიჩინოთ ძალა, დავძლიოთ შიში და ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენს ნებისმიერ სურვილს არანაირი დაბრკოლება აღარ დახვდება წინ.

მოძღვრება ჩვენი განუკურნებელი სენია, რაც ხშირად თავდაჯერებულობას გვმატებს, გვაყოყოჩებს და სიამაყის გვირგვინს გვადგამს თავზე. გადის დრო და ამ მოძღვრების მსხვერპლნი ჩვენ თავადვე ვხდებით. ამის შედეგად ადვილი მისახვედრია, რომ ხშირად თავის მოტყუება გვირჩევნია, ჩვენ უბრალოდ ასე გვსურს, ეს არის ჩვენი გასამართლებელი არგუმენტი, თუმცა რეალობა უფრო მწარეა, როგორც ყოველთვის. მწარეა, რადგან ბრძოლისუნარიანობა არ გაგვაჩნია, სიძლიერე არ გვაქვს განმტკიცებული, უსუსურ ადამიანთა რიცხვს განვეკუთვნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ყოფიერება განმტკიცებული და შეცვლილი იქნებოდა.

რომ იცოდეთ, არც წუწუნია მართებული ფორმა წარუმატებლობის გასასაჩივრებლად, ვინაიდან ჩვენი შესაძლებლობები უკვე გამოვავლინეთ, ჩვენი დათესილიც უკვე მოვიმკეთ. ჩივილი მაშინაა გამართლებული, თუ საკუთარი თავის წინააღმდეგაა მიმართული და არა არსებული ვითარების გამო, რადგან ეს გარემო ჩვენ შევქმენით, ხოლო მომავალი გარემოსათვის ბრძოლა კვლავ უნდა განვაგრძოთ. ბრძოლა არ არის დაპირისპირება სხვა მხარესთან, ეს არის ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს ყველა იმ უარყოფითი მუხტების დათრგუნვას, რომლებიც ადამიანს ხელს უწყობს არსებულ ცდუნებებს დაჰყვეს.
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთულია საკუთარ თავთან დაპირისპირება. ამიტომაც, ცხადია, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ სულიერად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ და სწორედ ის, ვინც მედგრად დგას, ის ყოველთვის პირველი აიტანს დროშას გამარჯვების მწვერვალზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები