ნაწარმოებები


ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
14 აპრილი, 2017


გაქვავებული ქალღმერთი (დასაწყისი)




        როგორ გაიარა ეს გზა... გზა ქალღმერთის საბრძანებლისკენ, ალბათ თვითონვე გაოცდებოდა, ამაზე რომ დაფიქრებულიყო, მაგრამ ფიქრი ჯერ არ შეეძლო სამად სამი წლის ბავშვს. შეიძლება იმან უშველა სიბნელეში სიარული უცხო ხილი რომ არ ყოფილა მისთვის. ხშირად უვლია კუნაპეტ ღამეებში დედის კალთაზე ხელჩაჭიდებულს. მიბორძიკობდა მთის იწროების კოლბოხებზე. ხანდახან სინათლის ნაპერწკალი გაიელვებდა შორით, მერე ისევ თვალს ეფარებოდა. ისედაც მომხდარა მარტოდმარტო გაუკვლევია გზა, ბავშვური ალღოს ამარა დარჩენილს. იძიებდა და კვლავ პოულობდა მხსნელ დედის კალთას. ნაპერწკალიც ბოლოს და ბოლოს გუზგუზა ცეცხლად გარდაისახებოდა. პატარა გოგო მასთან ახლოს ჩაიმუხლებდა, დედაც იქვე ჩამოიხსნიდა ტვირთს, მერე ბავშვებისთვისაც მოიცლიდა, დაუსხამდა თბილ-თბილ რძეს, უვლიდა, ემსახურებოდა, როგორც პატარა ღმერთს.
შვიდნი იყვნენ სამი წლის გოგონები. ექვსი მათგანი ძალიან შეაშინა ჩაბნელებულმა გვირაბმა, მოზვრის თავებით რომ იყო მოფენილი... გოგონებმა ხმამაღლა მორთეს ტირილი და მაშინვე უკან დააბრუნეს ისინი. მეშვიდემ, ერთადერთმა გაუძლო ამ გზას მთის იწროებზე არანაკლებ სახიფათოს და საზარელს, მით უმეტეს, სამი წლის ბავშვისთვის. მიბორძიკობდა მოზვრების მოკვეთილ თავებზე, ფეხი უსხლტებოდა სისხლის გუბეებზე, ერთი-ორჯერ დაეცა კიდეც. ხმისამოუღბლად წამოდგა და კვლავ გააგრძელა გზა.

        როგორც იქნა გასრულდა ბნელი და საზარელი გვირაბი, ერთიანად სისხლში ამოსვრილმა გოგონამ გზა გაიკვლია სინათლისკენ და იქცა ქალღმერთად. ახლა უკვე აღარ ემსახურებოდა მშობელი დედა... დედა შორით იდგა, მოკრძალებით თავდახრილი, შეხედვასაც ვეღარ უბედავდა ღვიძლ შვილს.
        სრულიად უცხო ადამიანები შემოეხვივნენ გოგონას ირგვლივ, უცნაურად ჩაცმულები და სახემოხატულები. ჩაციებით ჩასქეროდნენ სახეში, რათა ჭეშმარიტი ქალღმერთი შეუცდომლად ამოეცნოთ. ხელ-ფეხს, მთელ სხეულს საგანგებოდ უთვალიერებდნენ. მგონი კმაყოფილი დარჩნენ, მათი თავების კანტური ამას ნიშნავდა.
        ამის შემდეგ გოგონა მხევალთა შორის მოექცა. მხევლები თავმდაბლად ემსახურებიან, სხეულიდან სისხლის ლაქებს ჩამოწმენდენ, დავარცხნიან, სუფთა სამოსელს აცმევნე, ლამაზად მოხატულ მყუდრო სენაკში დააბინავებენ, ჭრელ ფარდაგს გაუშლიან ფეხქვეშ. თმაჭაღარა მაიას, ყველაზე უფროსს მხევალთა შორს, რძე და პური მოაქვს მისთვის. მოშიებული გოგონა იგემებს გემრიელ საჭმელს, სრულიად მშვიდდება, აღარაფრის ეშინია. ხან თვლემს ღრუბელივით ფაფუკ ფარდაგზე,.. ასეთი ფარდაგი უწინ შორიდანაც კი არ დაენახა ოდესმე... ხან თავისი მყუდრო სამყოფელის თვალიერებით ერთობა...
        დაღამებისას ქურუმთა უხუცესის სახე გამოეკიდა გოგონას, თავს ზემოთ, ნიღაბივით უმეტყველო სახე. ღრმად ჩამჯდარი თვალებით, რომლებსაც სანახევროდ ფარავენ ქუთუთოები. მთელი ღამის განმავლობაში მონოტონური ბგერების ნიაღვარი მოედინება ქურუმის მოჩვარული ბაგიდან, მდინარესავით თავზე ეღვრება მთვლემარე გოგონას. ეს საიდუმლო შელოცვაა, რომელიც გოგონას მიწიერი ცხოვრების ტვირთისგან გაანთავისუფლებს, სრულიად წაშლის მისი მეხსიერებიდან განვლილ სამ წელს.
        მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება საიდუმლო შელოცვა. დილით, როდესაც მზე ამოიწვერება, ტაძარში საზეიმო ლოცვა აღევლინება ქურუმთა გუნდის მიერ. ყველა ხარობს, ყველა მადლს მიაგებს ზეცას, იმ ღამით ხომ ქალღმერთი დაიბადა...
      ტაძარში საზეიმო წეს-ჩვეულების აღსრულება იწყება; გოგონას ძალიან ლამაზ წითელ სამოსელს აცმევენ... ყელ-კისერს და მკლავებს ძვირფასი სამკაულებით შეუმკობენ. თავზეც პატიოსანი თვლებისგან შეთხზულ, ბრწყინვალე ჯიღას დაუმაგრებენ.
      ყოველივე ამის შემდეგ მესამე თვალს დაუხატავენ შუბლზე... სამი წლის გოგონა უკვე ქალღმერთია, მესამე თვალი სწორედ ამას ადასტურებს, მისი წყალობით ხედვის გამორჩეული უნარი ენიჭება, თუმცა თვითონ ამის შესახებ არაფერი იცის. იმას კი მშვენივრად აცნობიერებს, თუ რა კეთილია და რა თავაზიანი მის მიმართ ყველა... ამიტომაც არც არაფერი აკრთობს, ბუნებით ისედაც გამბედავს... გარემო მის ირგვლივ გამუდმებით იცვლება... ძვირფასად მორთულ-მოკაზმულს მდიდრულ ტახტრევანზე დააბრძანებენ და სადღაც მიჰყავთ. განუწყვეტლივ ისმის გალობის ხმა, ესეც ძალიან მოსწონს გოგონას.
      ბოლოს ტახტრევანი ჩერდება, გოგონა მოწიწებით გადმოსვეს ტახტრევანიდან... და გოგონამ უეცრად ქვის მაღალი ქანდაკება დაინახა თავის ცხვირწინ... ქანდაკება ხელხმლიან მეომარს განასახიერებს, ფრიად საშიში იერი აქვს, მაგრამ გოგონას არც აქ შეშინებია... აკი უზომოდ კეთილები და ალერსიანები არიან ყველანი ირგვლივ, ამასთან ერთად ბუნებითაც ხომ არაა მშიშარა... ხელხმლიანი მეომრის ქანდაკება ომის მრისხანე ღმერთს განასახიერებს, ამას მოგვიანებით გააცნობიერებს გოგონა...
მახლობლად სხვა ღმერთების ქანდაკებებიც სუფევენ, მშვიდი დიდებულებივით ავსებენ სივრცეს... სივრცე კი მართლაც ძალზე ფართოა და შორსგაზიდული... ეს ყველაზე დიდი დარბაზია მაღალგუმბათიანი დიდებული ტაძრისა.
        გოგონას აქ საგანგებოდ შერჩეულ ადგილს მიუჩენდნენ ღმერთების გვერდით, ლოტოსის ყვავილებით დამშვენებულ მარმარილოს საყრდენზე შემოსვამენ... და ყველა, ტაძარში მყოფი, მდაბლად წელში იხრება, გოგონას თაყვანს სცემენ, როგორც ღმერთების ტოლს და სწორს, ის ახლა ერთ-ერთი იმათგანია.

      ამის შემდეგ გოგონას კვლავ ტახტრევანში დააბრძანებენ, კვლავ სადღაც მოჰყავთ განუწყვეტელი გალობით და ლოცვით. მალე ქალაქის ქუჩებში ამოჰყვეს თავი, ტახტრევანს უამრავი ხალხი ეგებება, ყველას სურს იხილოს ახლადდაბადებული ქალღმერთი, თუმცა შეხედვას ვერ უბედავენ, წამით მოსტაცებენ ალმაცერ მზერას და მაშინვე პირს იბრუნებენ მისგან... გოგონას ეს არ აკვირვებს, არ შეუძლია ამაზე დაფიქრება, ის ხომ სამად სამი წლისაა...
      იმ საღამოს, დაძინების წინ, თმაჭაღარა მაიამ უთხრა გოგონას, რომ მისი დანახვის უფლება არავის არ აქვს, ის ხომ ქალღმერთია... რომ აუცილებლად უბედურება მოეწევა ყველას, ვინც ჯიქურ თვალს გაუმართავს მესამე თვალით შუბლდამშვენებულ ქალღმერთს.
      ასე დაიწყო გოგონასთვის სრულიად ახალი ცხოვრება... რომელიც თითქოს სანახევროდ სიზმარია. ის აღარაა ჩვეულებრივი ბავშვი, ანუ სამი წლის გოგონა, ის ქალღმერთია და ქალღმერთის საკადრისი ცხოვრებით უნდა იცხოვროს. მხოლოდ ერთადერთი რამ ევალება, თავი იგრძნოს ქალღმერთად, სხვას არაფერს მოითხოვენ მისგან. ადამიანური ყოფის ყველა წვრილმანი უცხო და შორეული გახდა მისთვის, არაფერზე არ სჭირდება ზრუნვა, საგანგებოდ შერჩეულ მსახურთა მარაქა ახვევია თავზე. ისინი ბრუნავენ სამი წლის გოგონაზე, ემსახურებიან მის სხეულს, თანაც უდიდესი სიხარულით და თავდადებით... მათ ხომ წილად ხვდათ ბედნიერება, ხელით შეხებოდნენ ქალღმერთის სხეულს.
        ამასთან ერთად, გოგონას ეკრძალება სიარული... არ შეიძლება ქალღმერთი შეეხოს ცოდვილ მიწას... ეკრძალება ლაპარაკიც... ქალღმერთები მხოლოდ დუმილით მეტყველებენ.
      თუმცა თმაჭაღარა მაია, ყველაზე უფროსი მსახურთა შორის, ნებას რთავს გოგონას იაროს მყუდრო სენაკში ცოტა ხნით მაინც. ცოტცოტაობით ლაპარაკს ნებასაც რთავს, ოღონდ სხვათაგან დაფარულად... ამგვარად, მაია გოგონას მშობლების მაგივრობასაც უწევს. თვითონ მშობლებმა აღიკვეთეს ქალღმერთად გარდასახული ღვიძლი შვილის ნახვა, არ ჰქონდათ ამის ნება... და გოგონამაც გადაივიწყა ისინი.
          ერთადერთი რასაც არ უკრძალავენ გოგონას, ფიქრია, მაგრამ გოგონა თვითონვე გადაეჩვევა ფიქრს, მას ხომ არაფერში სჭირდება იგი, სხვები ფიქრობენ მის ნაცვლად, სხვები აწესებენ კანონებს, როდის როგორ უნდა მოიქცეს.
        სხვა რა გზა აქვს, გოგონა ემორჩილება ამ წესებს. კარგად დაიმახსოვრა იმთავითვე, რომ ყველას მოწიწებით უნდა მოედრიკა მის წინაშე ქედი, უდიდესი პატივით მოპყრობოდა, ისც ჩვეულებრივ ამბად ეჩვენება, თავზარდაცემულივით პირმიქცეული რომ გაურბის ხალხი მის შემოხედვას, როდესაც ქალაქის ქუჩებში გამოაბრძანებენ ტახტრევნით. ვერავინ ბედავს თვალი გაუსწოროს გოგონას შუბლზე მოხატულ მესამე თვალს, იმის შიშით, რაიმე უბედურება არ მოეწიოთ.
        თუმცა ბოლოს გოგონამ, დროის გასვლის კვალობაზე, რაღაც უცნაური გამოხედვა შეამჩნია... ის არ ჰგავდა სხვათა გამოხედვას, რაღაც სიცარიელის მსგავსი იგრძნობოდა მასში. ქალღმერთმა ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავდა ეს ჯიქური გამოხედვა (სწორედ ჯიქურ მიაშტერდნენ ის უცნაური, სიცარიელით აღბეჭდილი თვალები), მაგრამ სხვებისგან რომ დიდად განსხვავდებოდნენ, ეს კარგად დაინახა.
        ვიღაცამ შემომხედაო, თმაჭაღარა მაიას ამცნო გოგონამ იმავე საღამოს, საზეიმო წესთაღსრულების შემდეგ. მე ხომ ქალღმერთი ვარ, მაინც არ შეეშინდა... ალბათ დიდი უბედურება მოეწევაო.
        მაიას დიდი დაფიქრება არ დასჭირვებია, სამაგისო გამოცდილება ნამდვილად ჰქონდა, მის ხელში ქალღმერთების სამი თაობა გამოიცვალა... აუხსნა გოგონას, რომ იმ თვალების პატრონი სრულიად განსხვავებული ვინმეა, არ უთხრა ჭკუანაკლულიაო... იგი დაცულია წყევლისგან, თვით ზეცა იცავს, ამიტომ ქალღმერთის შემოხედვისგან უბედურება არ მიეწევაო.
გოგონას აღარ აოცებდა, როდესაც ვინმე შეაცეცებდა ცარიელ არაფრისმთქმელ მზერას. იცოდა, რომ ასეთი თვალების პატრონი რაღაცით განსხვავებული იყო სხვებისგან და უბედურება არ მოეწეოდა.
...და კიდევ ღმერთები შეჰყურებდნენ გოგონას პირდაპირი მზერით, ქვისგან ნაკვეთი შვიდი ქანდაკება, როდესაც გოგონას ლოტოსებით შემკულ კვარცხლბეკზე დააბრძანებდნენ, როგორც ღმერთების ტოლსა და სწორს. არც ღმერთები უფრთხოდნენ მის შუბლზე მიხატულ მესამე თვალს. გოგონაც მშვიდად უსწორებდა მზერას, ქვისგან ნაკვეთ თვალის გუგებს. ეჭვიც არ ეპარებოდა, ისინიც მხედავენო.
        გადიოდნენ წლები, გოგონა იზრდებოდა, მისი სხეული თანდათან ემიჯნებოდა ბავშვობას, თუმცა ამის შესახებ თვითონ წარმოდგენაც არ ჰქონდა. ფიქრსა და განსჯას მიუჩვეველი მისი გონება ვერ ამჩნევდა სხეულის ცვლილებებს. შეიძლება ითქვას, რომ გოგონა განუდგა საკუთარ სხეულს და სხეულიც გაუცხოვდა მისგან. სწორედ ასეთი ყოფა გახლოდათ ქალღმერთებისთვის საამო და შესაფერისი, ქალღმერთს სხეული არ სჭირდება.
        ირგვლივ კი არაფერი იცვლებოდა, ყოველივე ერთხელ და სამუდამოდ დაკანონებული წესებით მიმდინარეობდა. თავ,დაბად ემსახურებოდნენ მხევლები გოგონას სხეულს, ერთგვარად უცხოს თვითონ მისთვის. პირმიქცეულნი გაურბოდნენ გზად შემხვედრი ადამიანები მის შუბლზე მიხატულ მესამე თვალს, როცა ტახტრევნით გამოაბრძანებდნენ საზეიმო წესთაღსრულების დროს. არცერთი გამოხედვა არ კვეთდა ქალღმერთის გამოხედვას, გარდა იმ იშვიათი შემთხვევისა, როდესაც ცარიელ, არაფრისმთქმელ მზერას შეეჩეხებოდა ჭკუანაკლულთაგან.
        ... და გარდა ღმერთების მძიმე გამოხედვისა... ქვისგან ნაძერწ თვალის გუგებს ჯიქურ უსწორებდნენ ღმერთები ტაძრად ყოფნისას, არ უფრთხოდნენ მესამე თვალს.
        ერთსაც და მეორესაც, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, ისე ღებულობდა გოგონა, ფიქრსა და განსჯას მიუჩვეველი მისი გონება არ ეძებდა რაიმე სხვაობას მათ შორის.
      ერთხელ გოგონა შეეჩეხა კიდევ ერთ გამოხედვას, იმ ორთაგან განსხვავებულს. ვიღაც მამაკაცმა, საკმაოდ აბრანძულ დაბრანძულად მოსილმა, ჯიქურ გაუსწორა თვალი ტახტრევანში დაბრძანებულ ქალღმერთს და აღარც მოაცილა. ქალღმერთმაც შეაჩერა მზერა უცხო მჭვრეტელზე. მზემოკიდებული სახე ჰქონდა უცნობს, ჩანდა ჰაერზე ყოფნას იყო ნაჩვევი. ფიქრი და განსჯა არ სჩვეოდა, მაინც მიხვდა ქალღმერთი, ამ ჯიქურ მზერას არაფერი ჰქონდა საერთო არც ჭკუანაკლულთა ცარიელ, არც ღმერთების განურჩეველ გამოხედვასთან.
      უცნობი გვერდიდან არ მოსცილდა ტახტრევანს, აედევნა და კვლავ დაიჭირა ქალღმერთის მზერა. ეს უეჭველი უბედურების ნიშანი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, უცნობმა ან არ იცოდა ამის შესახებ, ანდა მეტისმეტად თავხედი იყო, სრულიად მოურიდებლად შეჰყურებდა ქალღმერთის შუბლზე მიხატულ მესამე თვალს, რომელსაც ასე უფრთხოდნენ და გაურბოდნენ ყველანი.
        იმ ღამით ქალღმერთმა სიზმარი ნახა: ტრიალ მინდორზე იდგა, რომლის შუაგულში ჭა იყო ამოთხრილი, სხვა არაფერი ჩანდა ირგვლივ. უეცრად ვიღაც ქალი გამოეცხადა... ქალმა ხელი ჭისკენ გაიშვირა და უთხრა: იცოდე, ამ ჭაში არ ჩაიხედო, არ შეიძლება შენთვისო. ქალღმერთს ძალიან ეშინოდა და ეკრძალებოდა იმ ქალის სიტყვებისა, მაგრამ იმასაც გრძნობდა, თუ როგორი დაუძლეველი ძალით იზიდავდა იმ ჭაში ჩახედვის სურვილი. ითმინა, ითმინა და ვეღარ გაუძლო, მიუახლოვდა იმ ჭას, ჩაიხედა... ჭა პირთამდე სისხლით იყო სავსე. ქალღმერთი სულით ხორცამდე შეძრა ამის დანახვამ, მაშინვე გამოეღვიძა და ნახა, ერთიანად სისხლში ცურავდა. მაშინ იგი მეცამეტე წელში იყო გადამდგარი.

      დასრულდა ჟამი ქალღმერთად ყოფნისა, წმინდა სისხლმა გარეთ გამოაღწია, ქალღმერთი გოგონა მიწიერ ცხოვრებას უნდა დაბრუნებოდა, უნდა მიეტოვებინა ტაძარი, რომლის ბჭეშიაც სამი წლის ასაკში შეიყვანეს.
      უწინარეს ყოვლისა, მესამე თვალი წაუშალეს შუბლზე, აღარც ლამაზი, წითელი ფერის სამოსელი შეარჩინეს, სამკაულებიც მოხსნეს. ეს ყოველივე იმას უნდა რგებოდა, ვისაც ქალღმერთად დალოცავდა სახენიღბიანი ქურუმი. ლამაზად მოხატული მყუდრო სენაკიც დაატოვებინეს, ვიწრო, ნაცრისფერ სადგომში შეიყვანეს, სადაც ნახევრად ბნელოდა, ნარი ეგო ქვის იატაკზე. არ იცოდა ქალღმერთმა (ყოფილმა), რომ მომარხულეთა სადგომში იმყოფებოდა, არ უთქვამთ მისთვის თალხი ფერის ფართო მოსასხამში გაახვიეს ქალღმერთი (ყოფილი), თავ-პირზედაც ჩამოუბურეს ქსოვილი, ისე რომ სახეს მთლიანად უფარავდა ლამის.
        არ იყო სასურველი ტაძრის მსახურთათვის, ვინმეს ამოეცნო ყოფილი ქალღმერთი, ამას ყოველნაირად ერიდებოდნენ. გააფრთხილეს კიდეც, სახე არავის უჩვენოო.
      ქალღმერთი, აწ უკვე ყოფილი, ისე განუსჯელად ემორჩილებოდა ყოველივე ამას, როგორც ოდესღაც მორთვა-მოკაზმვას დაემორჩილა სამი წლის ასაკში. ზრდასრული შეიქნა უკვე, მაგრამ ფიქრისა და განსჯისთვის ვერ მომწიფდა მისი გონება, რამეთუ ფიქრი არ სჭირდებოდა არასდროს.
ამის მერე ქალღმერთი (ყოფილი) კარგა ხანს არავის შეუწუხებია, წყნარად იჯდა ნარზე... ვერ ვიტყვით, რაიმეს ელოდაო... ლოდინს ხომ მუდამ ფიქრი მიუძღვის წინ. მერე თმაჭაღარა მაია ეახლა და აუწყა, შენი მშობლების ასავალ-დასავალიც არ ჩანსო. თურმე ამ ხნის განმავლობაში მისი მშOბლების მოსაძებნად გაეგზავნათ მსახური. სრულიად აუღელვებლად მოისმინა ქალღმერთმა (საკუთარი სახელი აღარ ახსოვდა გოგონას, თავს ისევ ქალღმერთად თვლიდა, ჩვენც ასე დავუძახოთ), მაიას სიტყვები, თითქოს მას არც კი ეხებოდნენ ისნი. ვინ რა იცის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რა დღე მოეწიათ მის მშობლებს, იქნებ აღარც იყვნენ ცოცხლები... ანდა იქნებ მართლა ქალღმერთ ეგონათ ღვიძლი შვილი, რომელსაც აღარაფერი სჭირდებოდა ამქვეყნად, თაყვანისცემის გარდა, ამიტომ თვითონაც გადაივიწყეს იგი.
      ყოველივე ამ საფიქრალ-საზრუნავის გასიგრძეგანება არ შეეძლო ქალღმერთის ზანტ, ბავშვობაში დარჩენილ გონებას. ერთი ისღა შეიცნო ნათლად, რომ ტაძარში აღარ იყო მისთვის ადგილი... არც ამ მომცრო მომარხულეთათვის განკუთვნილ უფერულ სენაკში დაედგომებოდა. მორჩილად დაღუნა თავი და გამოვიდა გარეთ... გამოვიდა ბორძიკით, ხელების უთავბოლო ქნევით... მან ხომ იმ დღეს პირველად დაადგა ფეხი მიწაზე, სამი წლის ასაკიდან მოყოლებული...
      ასე შერჩა პირისპირ ცხოვრებას, ტანით სრული, მაგრამ გონებით ბალღივით უმწეო. ძალზე უმძიმდა სიარული, ის ხომ მუდამ ტახტრევნით დაჰყავდათ... მიწაზე ფეხის დაკარება ეკრძალებოდა... ლამაზად მოხატულო სენაკში თუ გაივლ-გამოივლიდა ხანდახან, ისიც თმაჭაღარა მაიას ნებართვით. ლაპარაკს ძლივსღა ახერხებდა, ენაბლუ ეგონათ, როცა შიმშილით შეწუხებულმა პური სთხოვა ვიღაც უცნობებს, პური არ მისცეს, თან მასხრადაც აიგდეს, ლაპარაკი თუ არ შეგიძლია, მუშაობას ლაპარაკი არ სჭირდებაო, უთხრეს. იმუშავე და პურიც გექნებაო. ქალღმერთმა ვერაფერი გაიგო, იმუშავე, ეცადე, მოიპოვე... ეს სიტყვები სრულიად უცხო იყო მისთვის, ერთი ის იცოდა, რომ ქალღმერთი იყო, სხვა თითქმის არაფერი იცოდა... არც შეეძლო რაიმე, გარდა იმისა, თავი ქალღმერთის შესაფერისად სჭეროდა. უცნაური კი იყო, ასე უყურადღებოდ როგორ მიატოვეს ტაძრის მსახურებმა, მაგრამ რა არ ხდება ამქვეყნად, როგორც გამოცდილი, მრავლისმნახველი ადამიანები იტყვიან...
        როგორღაც ისე მოხდა, ვეღარ მოიცალეს მისთვის. ტაძარში რაღაც მეტად ღირსშესანიშნავი და საზეიმო წესთაღსრულება მიმდინარეობდა... თვით თმაჭაღარა მაიამაც კი ვერ გამონახა მისთვის დრო, ისიც ტაძარში იხმეს, შვიდი ღმერთის საკურთხეველში. მოგვიანებით გაიხსენეს, მისი მოძებნაც სცადეს, თუმცა დიდად არ შეუწუხებიათ თავი, სულ მალე მიავიწყდათ. მოგეხსენებათ სხვათა ჭირს ადვილად ივიწყებენ ხოლმე.
ქალღმერთი ამ დროისთვის მათხოვრებთან ერთად იჯდა ტაძრის ეზოს მიღმა, შესასვლელთან. ვიღაცას უკვე მოესწრო, მოსასხამი წაერთმია მისთვის და სანაცვლოდ დაგლეჯილი, ჭუჭყიანი ფლასი მიეგდო... ამ ჭუჭყიანი ფლასითაც თავ-პირი ჩამოიბურა, როგორც ტაძარში გააფრთხილეს. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ვეღარ იპოვეს.
      რა მწარედ შეიცნო ქალღმერთმა ცხოვრების დაუნდობელი კლანჭები, სანამ ლამაზად მოხატულ სენაკში ცხოვრობდა, ეს კლანჭები სრულიად უხილავნი იყვნენ მისთვის, ახლა კი სულ სხვა იყო...
        იჯდა ქალღმერთი, ნელ-ნელა (შეიძება ითქვას, მეტისმეტად ნელა, ის ხომ ზანტად აზროვნებდა...) ეცნობოდა ტაძრის მიღმიერ, ლამაზი სენაკის მიღმიერ ცხოვრებას, აღმოჩნდა, რომ ცხოვრება სულაც არაა სიზმარივით უსხეულო, როგორც უწინ ეჩვენებოდა... ცხოვრებას აქვს სხეული... თანაც ურჩხულის სხეული... (ტაძრის კედელზე მიხატული ურჩხული ნანახი ჰქონდა ქალღმერთს) და ამ ურჩხულს გამუდმებით უნდა ეფერო და ელაქუცო, რათა საარსებოდ აუცილებელი ნამცეცები გამოჰგლიჯო, ქედზე უღელი უნდა დაიდგა და უკიდურესად დამდაბლებულმა ემსახურო...
ქალღმერთმა სცადა რაღაც, მაგრამ ვაი რომ არაფერი გამოუვიდა, იატაკიც ვერ მორეცხა, როცა ვიღაც ქალმა სახლის დალაგება დაავალა, უშნოდ ბორძიკობდა ყოველ ნაბიჯზე, ახლადფეხადგმული ბავშვივით აწყდებოდა აქეთ-იქით, სამადლოდ აჭამა საჭმელი იმ ქალმა და გამოისტუმრა, აშკარად ჭკუანაკლული ეგონა...
      ჰგავდა კიდეც ჭკუანაკლულს, სრულიად უმაქნისი, ყველაფერში უმწეო და მეტად მოუქნელი, იგი არავის არაფრად სჭირდებოდა, ყველა ზიზღნარევი სიბრალულით უყურებდა. ქალღმერთი თავის არასასიკეთო მდგომარეობას ხვდებოდა, სირცხვილის გრძნობაც განიცადა ბუნდოვნად. თუმცა ამ გრძნობის ბოლომდე გაცნობიერება არ შეეძლო. ერთი ის იყო, იმასღა ახერხებდა, რაც შეიძლება საგულდაგულოდ ეხვეოდა ჭუჭყიან ფლასში, მის მიღმა ემალებოდა ბუნდოვან უსიამო განცდებს. ამიტომაც ვერავინ ამჩნევდა მის მწყაზარ, ახალგაზრდულ სახეს, ხოლო მისი სხეული ისე უშნოდ ბორძიკობდა, ვერავის მოსტაცებდა მზერას. თანაც ეს სხეული დაგლეჯილ-ჭუჭყიან ფლასში იყო გახვეული. ქალღმერთს არ შეეძლო მისი გარეცხვა, ვერ ემსახურებოდა საკუთარ თავს.
      მათხოვრობა სცადა შიმშილით შეწუხებულმა, მაგრამ თურმე არც ეს ყოფილა ადვილი საქმე. თურმე არსებობენ ამ საქმის ნამდვილი ოსტატები, რომლებიც ტაძრის შემოგარენში მბრძანებლობენ. ისინი ქალღმერთს ნებას არ აძლევდნენ რომელიმე გამოსაჩენ ადგილას დამდგარიყო, მაშინვე კინწისკვრით აგდებდნენ. ემუქრებოდნენ, იაშIნებდნენ, ერთი სიტყვით, ყველანი ზიზღით იშორებდნენ თავიდან, ყველანი ავიძაღლებივით დაუნდობლები იყვნენ, ჭკუანაკლულთა გარდა. ანუ იმათ გარდა, ცარიელ არაფრისმთქმელ მზერას რომ შეაცეცებდნენ ტახტრევანში დაბრძანებულს საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულს, მესამე თვალით შუბლდამშვენებულს. ჭკუანაკლულთაგან არავინ დამუქრებია, არც გამოდევნებია ავი ძაღლივით, ამიტომ ისევ მათთან ჩაიმუხლა ბოლოს ქალღმერთმა, გომურის მსგავს ჭუჭყიან სადგომში, მხოლოდ იქ მოითქვა სული, არავი ეუბნებოდა, აქ ნუ დგახარ, იქით მიიწიეო, არც ის აინტერესებდათ, მის შესახებ გაეგოთ რამე, ერთხელ ჰკითხა ვიღაც ჩასუქებულმა, სულ ერთიანად დამრგვალებულმა ქალმა, ვინა ხარო.
      _ ქალღმერთი ვარ.
      ისე მიიღეს ეს პასუხი, როგორც სრულიად ჩვეულებრივი რამ. არ შეუწუხებიათ გამოკითხვით, თავისთვის ისხდნენ მდუმარედ. აქ ჰპოვა ლუკმაპური ქალღმერთმა, თუმცა აქაც დასჭირდა ხელის გამოღება. მარჯვედ უნდა ყოფილიყო (თავისი თავის პირობაზე), როცა კეთილი ადამიანები უწყალობებდნენ მათ ლუკმაპურს... დროზე უნდა მიწვდენოდა სასურველ ლუკმას, მშიერი რომ არ დარჩენილიყო.

        რამდენი ჭუჭყი და სიბინძურე ნახა ქალღმერთმა ჭკუანაკლულთა შორის, როცა მათთან ერთად ათევდა ღამეებს გომურის მსგავს სადგომში... ისე, როგორც ქალღმერთს, არც მათ შეეძლოთ სუფთად შეენახათ საკუთარი სხეული, მათი გონება უძლური იყო საამისოდ... მათ მხოლოდ ის შეეძლოთ, საკუთარი სხეულის ხორციელ ძახილს აჰყოლოდნენ... ეჭამათ, ესვათ, სიყვარულს მისცემოდნენ სრულიად დაურიდებლად, სხვათა თვალწინ... ქალღმერთი ზიზღით და შიშით არიდებდა თვალს თუ რაიმე ამის მსგავსს შეესწრებოდა, ასეთი ამბების შემყურემ საკუთარი სხეული შეიძულა,. ისედაც უცხო მისთვის, სხეულით ხომ ყველანი ერთნაირნი იყვნენ.
        იმ ქალმა კი, დამრგვალებულმა ქალმა, ვინა ხარო, რომ ჰკითხა, ბავშვი შობა ყველას თვალწინ იმ ჭუჭყიან გომურში. ტკივილისგან ყვიროდა ის ქალი, ხმაზე ეტყობოდა თუ როგორ იტანჯებოდა, ამ ხმის გამგონე ქალღმერთიც აყვირდა, თუმცა ვერ გაეგო რა აყვირებდა. მერე ის ქალი ჩაჩუმდა, ქალღმერთმაც შეწყვიტა ყვირილი და უცბად უცნაური პატარა არსება დაინახა, გომურის იატაკზე ეგდო და იკლაკნებოდა. არსება ჭიაყელას მსგავსი რაღაცით იყო რაღაცაზე მიბმული, იმ ჭიაყელას მსგავს რაღაცას კბილებით ჩააფრინდა ჭკუანაკლულთაგან ერთ-ერთი და გაკვნიტა იგი, ალბათ ჰქონდა სამაგისო გამოცდილება. წამით მისი სისხლიანი კბილები დაინახა ქალღმერთმა, მეტს ვეღარ გაუძლო, უკანმოუხედავად გამობორძიკდა გომურიდან.
        კარგა ხანი დაჰყო ქალღმერთმა ჭკუანაკლულთა შორის, სულ მცირე სამჯერ მაინც გაივსო და დანაკლულდა მთვარე, სხეული სიცოცხლეს თხოულობდა, რაც მხოლოდ ახლა შეიცნო, დიდი გასაჭირის დროს, ოღონდ როგორმე ლუკმაპური ეშოვნა, ამასღა ცდილობდა, ფიქრსა და განსჯას მიუჩვეველი მისი გონება სხვას ვეღარაფერს წვდებოდა. მისი ფლასი ნაფლეთებად იქცა, თვითონაც ადამიანის შვილს აღარც კი ჰგავდა, ერთიანად ჭუჭყში ამოსვრილი; როგორ წარმოიდგენდა ვინმე მისი მნახველი, რომ ეს ჭუჭყიანი საცოდავი სხეული ოდესღაც საზეიმოდ იყო ტახტრევანში დაბრძანებული და შეხედვასაც ვერ უბედავდნენ ადამიანები.
        ერთხელ ქალღმერთი ნაწყალობევ პურის ყუას შეექცეოდა ტაძრის მიღმა, ჩრდილიან მყუდრო ადგილას თავშეფარებული. იქ იშვიათად თუ შეივლიდნენ მლოცველნი. ვიღაც კაცი შეჩერდა მის წინ, დაჟინებით დააცქერდა. ქალღმერთი შეშინდა, ვაითუ აქედანაც მაგდებენო. ფლასის ნაკეცებიდან ფრთხილად გააპარა მზერა იმ ვიღაცისკენ. როგორღაც ეცნაურა, მგონი ის თავხედი უნდა ყოფილიყო, ჯიქურ რომ გაუსწორა თვალი ტახტრევანში დაბრუნებულ ქალღმერთს.
      უცნობმა ახლაც ჯიქურ გაუსწორა თვალი მტვერში დაცემულ ქალღმერთს, ოღონდ ეს დიდხანს აღარ გაგრძელებულა, ხელი მკლავში ჩაავლო და მომყევიო, უბრძანა. თანხმობას არ დალოდებია, ისე დაიძრა ადგილიდან. ქალღმერთიც წამოდგა, ხელში შერჩენილი პურით, მონუსხულივით მიჰყვა უცნობს. რამდენი ხანია აღარავინ შეხმიანებია, არც არავის მოუხმია თავისკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს