ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
15 აპრილი, 2017


ცის სახლი - 14. სტუმრად ინკა გ-სთან

  სტუმრად ინკა გ-სთან
 
  (გაგრძელება)

  ის დღეც გათენდა, როცა პაპარაცი ცნობილ ტელეწამყვან, მომხიბლავ ინკა გ-ს მის საავტორო გადაცემაში ეწვია. პაპარაცი ფიქრობდა, რომ ინკა სტუდიის შესასვლელში შეეგებებოდა, როგორც თავად მოიქცა, მაგრამ ასე არ მოხდა; უფრო მეტიც, ის ფეხზეც არ წამომდგარა - სტუმარი „ჩინოვნიკური“ ოფიციალურობით მიიღო. ეს გულსატკენი ფაქტი, თვით მასპინძლის გასაკვირადაც კი, პაპარაცმა არ შეიმჩნია:
  - ძვირფასო ინკა, რა საოცარი სტუდია გქონია, იმაზე თვალწარმტაცია, ვიდრე ის ტელეეკრანიდან მოსჩანს; მხედველობაში მაქვს ყველაფერი, რაც კადრს მიღმა რჩება, ეგრეთ წოდებული „სტუდიის სარჩული“ - პროჟექტორები, მართულები... არა, „მართულები“ არა - „ელ-სადენები“! „მართულებს“ სხვაგან, თქვენს კონკურენტ ტელევიზიათა ელ-ქსელში შევხვდებით!
  - პაპარაცი, როგორი დაკვირვებული თვალი გქონია, „ელ-სადენები“ „მართულებისგან“ რომ განასხვავე! - ირონიით ჩაიღიმა ინკამ, - ესე იგი, შენი თქმით, სხვა ტელევიზიათა ელ-ქსელში „ელ-სადენები“ უბრალო მართულებითაა ჩანაცვლებული?!
  - ტელემაყურებელი რომ არ დავაბნიო, განვმარტავ: „ელ-სადენებში“ სპილენძის გულიან სადენებს ვგულისხმობ, ხოლო „მართულებში“ - ალუმინის გულიან სადენებს. ასე, რომ დაბეჯითებით ვამტკიცებ, სხვა ტელევიზიების ელ-ქსელი ეგრედ წოდებული „მართულებით“ (ალუმინის გულიანი სადენებით) არის გა-მა-რთუ-ლი! - მეტი დამაჯერებლობისთვის პაპარაცმა უკანასკნელი სიტყვა დამარცვლა.
  - საინტერესოა, რა წყაროებიდან ფლობ ასეთ ინფორმაციას?
  - მეგობარი მყავს, რომელმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელევიზიაში ელექტრიკოსად იმუშავა; სამწუხაროდ, ახლა ის პატიმარია...
  - რა დააშავა?
  - ფერადი ლითონის ქურდობისთვის გაასამართლეს...
  - გასაგებია... როგორც სჩანს, შენს მეგობარ ელექტრიკოსს ჩვენს ტელევიზიაში არ უმუშავია!
  პაპარაცმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
  - გადავრჩენილვართ... - ჩაილაპარაკა ინკამ და მერე, დამცინავად იკითხა, - შენთან, „პაპარაც-ცენტრის“ ტელევიზიის სტუდიებში „ელ-სადენებია“, თუ ეგრედ წოდებული, „მართულები“?!
  - არა, ჩვენთან „მართულები“ არაა, თუმცა იქ ვერც „ელ-სადენებს“ იპოვი, იქ საერთოდ არაფერი არაა, მაგრამ ყველაფერი უკეთესად მუშაობს, ვიდრე სხვა ტელევიზიებში - ყველაზე კარგ გადაცემებს ვაკეთებთ!
  - ოო, ეს სერიოზული განაცხადია... - ინკამ პაპარაცს ისე გახედა, თითქოს სათვალე ეკეთა და ამ სათვალის ზემოდან იყურებოდა, - შენს სტუდიაში ჩემს სტუდიაზე უკეთესი გადაცემები კეთდება?!
  - დიახ!
  ინკას სახე შეეცვალა:
  - თუ ვის სტუდიაში კეთდება უკეთესი გადაცემები, მოგვიანებით გავარკვიოთ... ახლა კი, მე შენთვის ერთი სიურპრიზი მაქვს მომზადებული!
  - რაიმე უნდა მაჩუქო? - ბავშვივით იკითხა პაპარაცმა.
  - შეიძლება გაჩუქო კიდეც... მაგრამ მანამდე, გნებავს თუ არა ეს, უამრავ კითხვაზე უნდა გამცე პასუხი! გაითვალისწინე, კითხვებზე თავის არიდება არ გაბედო, დაისჯები!
  - ეს დაკითხვაა?
  - რაც გინდა დაარქვი!
  - კი მაგრამ...
  - ხმა, კრინტი!
  - რადგან სხვა გზა არ მაქვს...
  - არ გქვს!
  - რა გაეწყობა, თანახმა ვარ - თუ გამიჭირდა, ტყუილებს მოვიშველიებ...
  - ტყუილის თქმისთვის ორმაგად დაისჯები!
  - ესე იგი, არ უნდა მოვიტყუო! ეს არც თუ იოლი საქმეა... რომ არ მოვიტყუო, ამისთვის საკუთარი თავისგან რაიმე გარანტია მჭირდება!
  პაპარაცმა მოიწყინა; თუმცა, მაშინვე ერთმა ბრწყინვალე აზრმა გამოაცოცხლა:
  - ჯვარედინი დაკითხვა მომიწყე და თან, ანთებული ნათურა მომანათე თვალებში(!), რომ ტყუილის თქმის უნარი დავკარგო! ამისთვის პროცესში კიდევ სამი ტელეწამყვანის ჩართვა მოგიწევს - ერთი ჩემგან აღმოსავლეთით დაჯდებით, მეორე დასავლეთით, ხოლო მესამე და მეოთხე, სამხრეთითა და ჩრდილოეთით განაწილდებით; კითხვებს არათანმიმდევრულად დამისვავთ!
  - კარგი აზრია, მომწონს, მაგრამ ერთი რამ არ მაკმაყოფილებს - ვერ დავუშვებ, რომ ჩემი საავტორო გადაცემა სხვა ტელეწამყვანთა საზიაროდ ვაქციო! ამიტომ მე თავად გავიყოფი ოთხად და ჯვარედინ დაკითხვას სხვების დაუხმარებლად მოგიწყობ!
  ინკამ ბრძანება გასცა სტუდიაში დეკორაცია შეეცვალათ - შემოიტანეს ოთხი (გამომძიებლის) მაგიდა სკამებითურთ; მათზე დამონთაჟებული მძლავრი ნათურები შუაში მოქცეულ (ხმელ სკამზე გადამჯდარ) პაპარაცისკენ მიმართეს. შემდეგ, როგორც ინკამ ბრძანა - ოთხად გავიყოფიო, მართლაც გაიყო და პაპარაცის „დაკითხვას“ შეუდგა:
  - სად დაიბადე?!
  - ქ. ბილისის # 13 სამშობიარო სახლში!
  - მამაშენი ესწრებოდა შენს დაბადებას?!
  - მამაჩემი? არ მახსოვს... დედაჩემი უეჭველად იქ იყო!
  - ოდესმე გახდები პოლიტიკოსი?!
  - არასოდეს!
  - გიყვარს კამათი?!
  - კამათი არ მიყვარს!
  - რატომ არ გიყვარს, მასში ხომ ჭეშმარიტება იბადება?!
  - კამათში არ იბადება ჭეშმარიტება!
  - რა იბადება კამათში?!
  - კამათში იბადება სიძულვილი, შუღლი, დავიდარაბა!
  - გაგაჩნია თუ არა საიდუმლო?!
  - ჩემი საიდუმლო ჩემი ცხოვრებაა!
  - გტკივა რაიმე?!
  - ენა მტკივა!
  - ენა რატომ გტკივა?!
  - ერთ ადამიანზე ცუდი ვილაპარაკე და იმიტომ!
  - რომელი ფერი გიყვარს?!
  - მეწამული!
  - ოდესმე გახდები თუ არა პოლიტიკოსი?!
  - არასოდეს! ამ შეკითხვაზე უკვე გაგეცით პასუხი...
  - თუ საჭირო იქნა, ამ კითხვას კიდევ ბევრჯერ დაგისვავთ!!! - ოთხივე ინკამ ეს ერთდროულად წამოიძახა.
  - რა შეგიძლია უთხრა საზოგადოებას?!
  - დამნაშავე ვარ!
  - რა სახის დანაშაული მიგიძღვის?!
  - ადამიანი მოვკალი!
  პაპარაცმა მუხლებში თავი ჩარგო და როცა გაიმართა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
  - რა ვითარებაში მოკალი?!
  - მან ჩემი გულქვაობისა და ამპარტავნების გამო თავი მოიკლა!
  - ეს ის საიდუმლოა, რომელიც შენს ტელესტუდიაში არ გაამხილე?!
  თანხმობის ნიშნად პაპარაცმა თავი დააქნია.
  - სიცოცხლე გიყვარს?!
  - სიცოცხლისგან დავიღალე...
  - გსურს უკეთესი ცხოვრება გქონდეს?!
  - არა! ისეთ ცხოვრებას უნდა გავუძლო, როგორიც მერგო!
  - ვინ გინდა იყო?!
  - მინდა ვიყო ბავშვი!
  - ბავშვი რატომ?!
  - ბავშვი ბრძენია...
  - ასაკის მატებასთან ერთად რა ემართება ადამიანს?!
  - სიბრძნეს ფლანგავს!
  - ოდესმე გახდები თუ არა პოლიტიკოსი?!
  პაპარაცს კინაღამ წამოსცდა - ამას მესამედ მეკითხებითო, მაგრამ გაფრთხილება გაახსენდა, რომ ოთხი ინკა აღნიშნულ კითხვას რამდენჯერაც მოესურვებოდათ იმდენჯერ დაუსვავდნენ და მორჩილად უპასუხა:
  - არასოდეს!
  - რა არის შენი ბოლო სიტყვა?!
  - გამოვსწორდები!
  - სათხოვარი გაქვს რაიმე?!
  - გთხოვთ, მომცეთ თეთრი საღებავი და ფუნჯი - ის შავი კატა მინდა გადავღებო, რომელმაც ახლახან ჩვენ შორის გაირბინა!
  პაპარაცის სათხოვარზე ოთხივე ინკას სიცილი წასკდა; პაპარაცი გამოცოცხლდა და სიხარულით წამოიძახა:
  - ვაა, კატა თავისით გათეთრდა!
  გაოთხებული ინკა ისევ ერთ პიროვნებად შეიკრა და სტუდიას თავდაპირველი სახე დაუბრუნა - პაპარაცი ხმელი სკამიდან ისევ კომფორტულ, გორგოლაჭებიან სავარძელზე გადასვეს.
  - პაპარაცი, დადგა დრო გავარკვიოთ, თუ ვის მიერ მომზადებული ტელე-გადაცემები სჯობს, ჩემი, თუ შენი?!
ტყვედ ჩავარდნილი მხდალი ჯარისკაცივით პაპარაცმა ხელები მაღლა ასწია.
  - უბრძოლველად მნებდები?
  - დიახ!
  - კარგი... - კმაყოფილების ნიშნად ინკამ სავარძელში ჯდომითი პოზა შეიცვალა, - ვფიქრობ, საჭიროა იცოდე, რომ კითხვა პოლიტიკაში შენს ჩაბმასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის დავალებით დაგისვი - ერთგული ხალხის შემოკრება სურს!
  - წყალწაღებული ხავსს ეჭიდება...
  - ალბათ... მაგრამ დავანებოთ ახლა ამას თავი. გადაცემის დასაწყისში შენ საჩუქრის შესახებ წამოგცდა სიტყვა - თქვი, რა გინდა გაჩუქო?
  პაპარაცს თვალები გაუბრწყინდა.
  - კარგი იქნება, თუ სამახსოვროდ შენი სტუდიიდან რაიმე ნივთს გამატან!
  - აირჩიე... იმედია, პროჟექტორებსა და სპილენძის გულიან „ელ-სადენებს“ ხელს არ დაადებ!
  - ეგ „ავლა-დიდება“ მე არად მარგია. სავარძლით მოვიხიბლე, რომელზეც ახლა ვზივარ - გორგოლაჭებიანია, ციბრუტივით ბრუნავს, და რაც მთავარია, ზურგზე შენი ტელეგადაცემის ლოგო აქვს მიკრული - თუ მაჩუქებ, სტუდიაში ჩემს გადაცემას ამ სავარძელზე მჯდომი წავიყვან და პერიოდულად, კამერის წინ დავბზრიალდები ხოლმე, რომ ლოგომ ტელემაყურებლის წინ გაიელვოს!
  - საინტერესო წინადადებაა - შენი ტელეგადაცემიდან ჩემს ტელეგადაცემას რეკლამას გაუწევ! წაიღე, გჩუქნი სავარძელს!
  - ვაშა! - წამოიძახა პაპარაცმა და ის იყო ფეხზე უნდა წამომდგარიყო, რომ უეცრად, ზურგიდან ვიღაც წამოადგა და მხარზე მეგობრულად ხელი ჩამოადო:
  - პაპარაცი, დასაძინებლად როდისღა წახვალ?
  პაპარაცმა უცნობს ახედა - ის მისი მეგობარი, სანიტარი ნიკო იყო.
  - ვაა, ნიკო...
  - ქალბატონო ინკა, ბოდიშს ვიხდი ეთერში შემოჭრისთვის - სამსახურებრივმა მოვალეობამ მაიძულა... თუ არ გამიწყრებით, ცოტას კიდევ გავბედავ და - ავტოგრაფს გთხოვთ. თქვენთან მოახლოების საშუალება სხვა დროს არ მომეცემა.
  ინკამ სანიტარ ნიკოს მისცა ავტოგრაფი; თუმცა უსაყვედურა კიდეც, რომ ასე ნაადრევად მოსტაცა პაპარაცი... ერმანეთს დაემშვიდობნენ და სანიტარმა ნიკომ და ზურგზე სავარძელ-მოკიდებულმა პაპარაცმა `სტუდია~ დატოვეს.   
  - პაპარაცი, მოგეხმარები სავარძლის ზიდვაში.
  - მადლობა ნიკო, მძიმე არ არის.

  საავადმყოფოს ეზო უხმოდ გაიარეს; პაპარაცმა მხოლოდ პალატაში შესვლის წინ ჰკითხა ნიკოს ის, რაზეც ფიქრობდა:
  - როგორ მიხვდი, თუ სად ვიყავი, სასადილოს კარს ხომ გარედან ბოქლომი ედო - მორიგე სანიტარს დავემალე და დარბაზი ისე დაკეტა, არ იცოდა იქ თუ დავრჩი.
  - პალატაში რომ ვერ გნახე, მივხვდი სად უნდა მეპოვე.
  - რატომ დამიწყე ძებნა, ღამით შენ თვითონ ბევრჯერ დაგიტოვებივარ სასადილოში „მუყაოს ყუთთან“ - დღეს რაღაც მოხდა?
  - არაფერი არ მოხდა. ვიფიქრე, საწოლში სხეულის გამართვა მეტად მოგიხდებოდა, ვიდრე „მუყაოს ყუთში“ მოკუნტული წოლა - თავს უნდა გაუფრთხილდე, რომ...
  - რომ რა?
  - რომ შენი სხეული დიდხანს გემსახუროს!
  პაპარაცს გაეცინა.
  - ნიკო, თეთრი ხალათი კი გაცვია, მაგრამ სულით-ხორცამდე „ჩვენიანი“ ხარ!
  - მშვიდობით პაპარაცი!
  - მშვიდობით!
  ნიკო წავიდა. პაპარაცი პალატაში ფეხაკრეფით შეიპარა, ტანისამოსი გაიხადა, საწოლში ჩაწვა და საბანი თავზე გადაიფარა.
  - გძინავს? - გაისმა „კომანდოს“ ხმა.
  პაპარაცი შეკრთა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ პალატაში ყველას ეძინა.
  - შენ რატომ არ გძინავს?
  - სიკვდილზე ვფიქრობ...
  - რაზე?!
  - როგორ გგონია, თოვლის ბაბუა უკვდავია, თუ მოკვდება?
  - მე ეს ზუსტად არ ვიცი - უკვდავი რომ იყოს, არ დაბერდებოდა...
  - ხო, თოვლის ბაბუა დაბერდა... საინტერესოა, თუ ეშინია სიკვდილის?
  პაპარაცმა არაფერი არ უპასუხა.
  - მიწაში ბნელა, ცივა... - კიდევ რაღაც უნდა ეთქვა კომანდოს, მაგრამ პაპარაცმა შეაჩერა.
  - ასე ნუ ფიქრობ! გარდაცვლილი ადამიანი მიწაში არ რჩება, ცაში ადის, ღმერთთან!
  - ღმერთთან... ღმერთი როგორია?
  - ღმერთი კეთილია, ყველა უყვარს!
  - თოვლის ბაბუაზე კეთილია?
  - ხო, მასზე კეთილია! თოვლის ბაბუა ზრუნავს ჩვენზე, საჩუქრებს გვჩუქნის, მაგრამ ამას წელიწადში ერთხელ აკეთებს - ახალ წელს; ხოლო ღმერთი ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენზე!
  - ვაა, ღმერთი ყველაზე კარგი ყოფილა! როგორ შევხვდე მას?
  - ვისაც ღმერთთან შეხვედრა სწადია, ღმერთი თავად პოულობს მას და გვერდიდან არ იშორებს.
  - მე მინდა შევხვდე ღმერთს!
  პალატაში რაღაც ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
  - პაპარაცი, დაგეძინა?
  - არ დამეძინა.
  - რატომ მეშინია სიკვდილის?!
  - სიკვდილის იმიტომ გვეშინია, რომ ღმერთს ნაკლებად ვიცნობთ და მის იმედად არ ვართ!
  - მე დაველოდები ღმერთთან შეხვედრას... და სიკვდილის შიშს დავძლევ! ღამე მშვიდობისა, პაპარაცი.
  - ღამე მშვიდობისა.

  (გაგრძელება იქნება)

  ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები