ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2017


თავნატირალი (გ. ლობჟანიძეს)

ნინო დარბაისელი
თავნატირალი
(გ. ლობჟანიძეს)

ვაი სათქმელო,  მოგვიანე გამვლელებისთვის ამაოდ გაწვდილ  ხელისგულზე დადებულო, ხან კონტექსტიდან სადღაც, გაღმა გადატანილო;
ანაგრამებო, მილიგრამობით ნაწვეთებო და ლექსებში დამარხულებო!

ვაი, სიტყვებო, ჩემს ლექსამდე არარსებულნო, ჩემი ნაკვნეტი ენის წვერზე დაბადებულნო!
ეპითეტებო, მოკვიმატო მეტაფორებო; თქვენ გაწეწილო რითმებო და მონორითმებო!

ვაი, ბგერებო, ვაი, სუნთქვავ და შეგუბებულო სიჩუმეებო, ერთმანეთთან, როგორც შემეძლო, ისე შერთულ- შეხამებულნო!

ვაი თქვენ,  ჩემო სტრიქონებო ბავშვობიდანვე  ნაზომ-ნაწონო,
და უფრო კი, ვაი თქვენ, მთელო  სტროფებო და სტროფოიდებო, ჩემგანვე ცივად გადახზულნო,  ლექსმიღმა,  ხრამში ჩაჩეხილნო,  სულ იმის გამო,  რომ ზოგჯერ რაღაც,  თქვენზე მცირე  თქვენზე მეტად და უმჯობესად  მეჩვენებოდა.

და ვაის ვაი, შენ -  მკითხველო გზაარეულო, ჩემ კარს მომდგარო,  პეშვი წყალიც რომ  ვერ შეგასვი ლექსისთვის მაშვრალს და ამაოდ ჩიტის მწველავმა დასაპურებლად  ხმიადიც რომ ვერ მოგიძიე;

  და კიდევ უფრო ვაის ვაი, შენ მკითხველო წარმოსახულო, თურმე ჩემთვის  არგაჩენილო და არყოფნაში ჩარჩენილო!

და ვაის  ვაი და  ავაჰ-მე უშველებელი! - შენ, თავო ჩემო,  შე  საწყალო, რომ წერაზე ამაოდ დაშვერ!

და ახლა, როცა წყალ-მეწყერსაც გადაუვლია, ხავილისაგან ყელამოჩხაპნილ  თავს ვუღიმი მრუმე სარკეში.
მე და საწყალი?!
არ შეიძლება გულში მეტი დარდის შეშვება,
ფეხზე ვიკიდებ ამ ყველაფერს, რა ადვილია -
ფეხზე ვიკიდებ -  გულზე მეშვება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები