ნაწარმოებები



ავტორი: ვიოლეტა
ჟანრი: პროზა
17 აპრილი, 2017


უზრიული ღაზალი (პირველი თავი)

                                უზრიული  ღაზალი
          მოოქრულ საფარქვეშ გახვეულ მიწაზე უმოწყალოდ აცხუნებდა მზე, ოხშივარი ასდიოდა ქვიშას. თეთრი უდაბნოს უკიდეგანო სივრცეში მიმავალი ბედუინები მიერეკებოდნენ საქონელს და თეთრი ტილოს ნაგლეჯით იწმენდნენ ოფლის წვეთებს შუბლიდან.  უწყლოობით ღონემიხდილი პირუტყვნი საცოდავად აღებდნენ პირს და ცხელ ჰაერს სუნთქავდნენ.
_ბატონო,_მიეახლა თეთრ გალბასა  და  სერ ტიურბანში გამოწყობილი კაცი,_შევისვენოთ, თორემ ცოდონი არიან პირუტყვნი. ვერ გასტანენ დიდხანს ხახა გამშრალნი.
      ქვიშაზე გაწოლილ საქონელს მოავლო თვალი იუსუფ რაშიდმა. ძალდატანებითღა მიღოღავნენ უდაბნოს ფხვიერ მიწაზე თხები. 
_შევისვენოთ ბარსადან, მართალს ამბობ. ისედაც, იმაზე დიდი მანძილი გავნვვლეთ, ვიდრე წარმოვიდგენდი ამ მოკლე დროში.
_ასე, სად მიგეჩქარებათ ბატონო?
_არვიცი ბარსადან. თითქოს ერთბაშად გავცოცხლდი. გული ისე მიიწევს წინ, თითქოს ბედისწერას ხაფანგი დაეგოს ჩემთვის. კარავი გავშალოთ და გარიჟრაჟამდე შევისვენოთ, წყალი შევასვათ საქონელს, ცოდონი არიან.
          თეთრი ფერის ქვიშაზე  ლურჯად გზავნიდა თავის მომაჯადოვებელ სხივებს მთვარე. საქონლის ფარასგან ცოტა მოშორებით ათობით ბედუინს ცეცხლი დაენთო. სიმებიანი საკრავი მიეხუტებინა შავგვრემან კაცს და აბასიანთა ეპოქის დროინდელ  ლექსს ამღერებდა:
" ნუ გადაიღებ ბედუინთაგან გართობას
და ნურც ცხოვრების წესს, რამეთუ, მწირია ცხოვრება მათი.
დაე, მიირთვან რძე კაცებმა,
რომელთათვისაც უცხოა ფუფუნებაში ცხოვრება."
    რამდენიმე საათში ირიჟრაჟა. ამოიშალნენ, ისევ აიღეს კარვები, აქლემებს აჰკიდეს ბარგი და ქვიშისფერ სამყაროში განაგრძეს გზა.
****
          აღმოსავლეთი, განძის საბადოა იგი, მილიონობით თავბრუდამხვევი ისტორიითა და ანტიკური  დიადემებით. მას თავისი წესები და კანონები აქვს, უცხო და დაფარული ევროპლეთაგან, მაგრამ ღრმა და აზრიანი სიბრძნის მაძიებელთათვის.
    მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციები ნანგრევებად ქცეულან დღეს და შორიდან უხმობენ ახალი ეპოქის ასულებსა და ვაჟებს:
„მოდი და ამომიცან.“
                                                                ****
„ცხოვრება ვიწრო სავალია ორ უსასრულობას შორის და ელვის გაკრთომაა ორ ჩაშავებულ ღრუბელს შორის...“
ამინ არ-რეიჰანი
      შუადღე ილეოდა სახლში რომ მივიდა, უკამყოფილომ ბუზღუნით აიარა ათი სართული. გამწარებული გაჰყურებდა გაფუჭებულ ლიფტს. როგორც იქნა კარი შეაღო, შესასვლელშივე მიყარა ჩანთა და ფეხსაცმელი. ფანჯრიდან გაიხედა. ლამაზად მოჩანდა, ჰორიზონტისკენ მცურავი მნათობი.
  -აჰ,რა კარგია,სახლში მოსვლა.- ამოიკვნესა და დივანზე დაესვენა სიცხისგან ილაჯგაწვეტილი. ჩასთვლიმა, ფანჯრიდან მონაბერმა გრილმა სიომ თავისი გაიტანა და დაღლილ-დაქანცული სიზმრის სამყაროში მოისროლა. სიმყუდროვე ტელევიზორში გაჟღერებულმა სიახლეებმა დაარღვია.
  „დღეს,ლესელიძეზე მდებარე კაფე „ანტრე“-ში ახლაბედა მწერლის, თამთა ჯანდიერის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა....“
      ჟურნალისტი განაგრძობდა საუბარს და საამო სიჩუმეს თავისი ჩახლენწილი ხმით არღვევდა.
-მაინც ვერ ისწავლეს, ამათ, გამართულად საუბარი... მართლაც, მშვენიერი დღე მქონდა.     
    ზლაზვნით წამოიმართა დივნიდან და ტელეფონს დახედა. ოცი ახალი შეტყობინება იყო.
-რამდენს გავხსენებივარ პრეზენტაციის შემდეგ, აქამდე ვერც კი მამჩნევდნენ.-გაეცინა. შემოსულ შეტყობინებებში მაიას მონაწერი მონახა.
    „გილოცავ, საყვარელო, წიგნის პრეზენტაციას, უკვე შევიძინე მე, მაგრამ მოსვლა ვერ მოვასწარი, სამსახურიდან არ გამომიშვეს. დროს რომ მოიხელთებ დამირეკე. გკოცნი.“
  გრილი შხაპი ეამა, გაგრილდა ცოტა. საყინულე გამოხსნა და ნაყინის ყუთი გამოიღო. უხდებოდა ცივი ალუბლის გემო და არომატი მზისგან დამწვარ ზაფხულს.
      ორ საათში,მზის სხივები რომ შთანთქა მწუხრის ჟამმა, შიფონის ლურჯი კაბა ჩაიცვა, ჩანთას ხელი დაავლო და გარეთ გავიდა.
„მარკო პოლოში“ უკვე უცდიდა მაია, ორი კაპუჩინო შეეკვეთა წინასწარ.
-მაინც არ მესმის,საიდან მოგაფიქრდა კაიროში წასვლა.
-გასაკვირი რაღაა? აღმოსავლეთის ქვეყნებზე საინტერესო, რომელი ქვეყანა გეგულება?
-ბევრი. იქ ჩადრიან ხალხს უნდა უყურო, თანაც მტვრის ბუდეა ეგვიპტე. სიცხისგან ამოგხდება სული. არ გერჩივნა იტალიაში, კვიპროსზე ან სტამბულში წასულიყავი? თანამედროვე, ევროპულ გარემოში მაინც დაისვენებდი...
-არ  გამოვა, ბილეთები მაქვს უკვე, ჯერ სტამბულში ჩავფრინდები, იქიდან კი კაიროში. თანაც, ხომ იცი, ეგვიპტე ბავშობიდან ჩემი ოცნება იყო. იქ ჩაფლული პირამიდები და უცნაურობები მეძახის თითქოს. კაიროს რაც შეეხება,  ყველაზე კონტრასტული ქალაქია მსოფლიოში. შთაგონებისთვის  უკეთესი ადგილი არ მეგულება.
-არასოდეს მიჯერებდი. რამდენი დღით მიდიხარ?
-შვიდი დღით.
-ჩადრის ყიდვა არ დაგავიწყდეს,-მიმართა სიცილით და ყავა მოსვა.
-ნუ ღელავ. ერთს შენც ჩამოგიტან, გიორგის გაეპრანჭები.
-ფრენა როდისაა?
-ხვალ საღამოს?
-ასე უცებ?
-აჰა. ერთი სული მაქვს, როდის გათენდება. უჩვეულო განცდა მაქვს. ხომ იცი ჩემი წინათგრძნობის ამბავი. აი, ნახავ, ეს მოგზაურობა ჩემს ცხოვრებასა და წარმოდგენას შეცვლის ბევრ რამეზე და ვინ იცის, იქნებ წლის საუკეთესო რომანიც დავწერო?
-იმედია, მასეც იქნება და იქიდან განახლებული და იდეებით სავსე დაბრუნდები. სურათების გამოგზავნა არ დაგავიწყდეს იცოდე. ინტერნეტი გექნება იქ?
-მაია, შენ კაირო ჩრდილო ყინულოვან პოლუსზე ხომ არ გგონია? აღმოსავლეთის ქვეყნების დედაქალაქებს შორის ყველაზე ლამაზი და თანამედროვეა. ყოველ წელს უთვალავი რაოდენობით დამსვენებელი და დამთვალიერებელი სტუმრობს.
-მართლა?
-ჰო, მართლა. იცი, თურმე, ადგილობრივ დიალექტზე, მას „მაშარ“-ს უწოდებენ ეგვიპტელები. ისე კი „ალ-კაჰირი“ ჰქვია და „გამარჯვების ქალაქად“ ითარგმენება.
-რამდენი რამ გაგიგია?
-როცა, ადამიანს რაიმე აინტერესებს, ყველაფერს გაიგებს.
- ეგ მართლაც მასეა.
-ადექი, თავისუფლებამდე ფეხით ჩავისეირნოთ და მერე სახლში გავალ.-ღიმილით მიუგო თამთამ და საათს დახედა.
      კარგი იყო გრილ საღამოს ფეხით სიარული. ახალგაზრდებითა და უცხოელი დამსვნებლებით სავსე იყო თბილისის ვიწრო ქუჩები. ხელჩაჭიდებული შეყვარებული წყვილები ტაატით მიუყვებოდნენ  დაღმართსა და აღმართს. ერთმანეთის შემყურეთ, გარე სამყარო გონებიდან ამოვარდნოდათ. ასე იცის სიყვარულმა,რეალობას მოგწყვეტს და არარსებულ სამყოფელში, ილუზიის გისოსებს მიღმა, გამოგკეტავს.
- შენ როდემდე უნდა იარო მარტომ?-ქარაგმით გადაულაპარაკა დეიდაშვილმა.
-რატომ ვარ მარტო? მე ჩემი თავი მყავს და ძვირფასი ადამიანები.
-შესანიშნავად იცი, რაც ვიგულისხმე.
-კარგი რაა, ხომ იცი, არ მხიბლავს ამ თემაზე საუბარი. ურთიერთობები რთულია მაია, მათი დაწყება ძალზე იოლია, მაგრამ განვითარებაა ძნელი.
-ლუკასგან არაფერი ისმის?-ამ სახელის გამგონეს ნირი წაუხდა თამთას, წარბები შეკრა, თითქოს ეკალმა უჩხვლიტაო ხელში. არ უყვარდა ამაზე საუბარი, უფრო მეტიც, საერთოდ გახსენება ამ პიროვნების ან თუნდაც იმის, რომ ოდესღაც იცნობდა.
-არა, არაფერი.
-რატომ ჩამოსცილდი, დღემდე ვერ გამიგია. იქნებ მიგეწერა, გეპატიებინა. შეცდომა ხომ ყველას მოსდის...
-მაია,-გახედა ნაწყენი სახით,-არ ვაპირებ ველოდო და ვებღაუჭო ადამიანს, რომელსაც გული სხვაგან მიუწევს, რომელმაც გასაგებად მიმახვედრა,რომ ჩემით დაინტერესებული აღარ არის. ხომ მიცნობ, მძულს ყველა ეს უბადრუკი მეთოდი და მცდელობები, ვიღაცის დასაკავებლად რომ გამოიგონეს. ვინც წასასვლელია, უნდა წავიდეს, რომ გზა გაუნთავისუფლოს მას, ვინც მოდის. ლუკათი არ შემოიფარგლება სამყარო.
-კი მაგრამ, ხომ მოგწონდა?
-მერე რა, კიდევ მომეწონება ვინმე. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ღირსების განცდაა მთავარი.
-იმედია არ ინანებ.
-არასოდეს.
      მთვარე ნელი ნაბიჯებით იწევდა ცის სარქველისკენ. ჯერ ვერცხლისფერი დაჰკრავდა, ღამის სიბნელეში, კი, მუქი ოქროსფერი საფარით შეიმოსა.  თორმეტი საათი სრულდებოდა სახლში რომ მივიდა. მაღალი სართულიდან ხელის გულზე გაშლილი ფიფქვით მოჩანდა პატარა თბილისი. ჭიანჭველებივით ირეოდნენ მანქანები ტრასაზე და ცხელი ასფალტიდან ამავალი ოხშივარი ერწყმოდა ჰაერს. უცნაური ხმა ჰქონდა სახლში გაბატონებულ სიჩუმეს.
  ისევ გრილი შხაპი და სიგრილის საამო განცდა. ტელეფონი აიღო და დედას დაურეკა. ბათუმიდან ათ დღეში დაბრუნდებოდნენ.
        სამზარეულოში გავიდა და წყლის ბოთლებით გატენილი მაცივრიდან ერთი ბოთლი გამოიღო. მართლაც, რომ ყველა სასმელზე აღმატებულია წყალი.  მერე გარდერობიდან პატარა იისფერი ჩემოდანი გადმოიღო და ოთხი ხელი სამოსი ჩადო, კოსმეტიკური ნაბორიც მიუდო გვერდით. ზემოდან, ერთი მოზრდილი, უბის წიგნაკი და ღასან ქანაფანის წიგნი „კაცები მზეში“ დაადო. უყვარდა ეს წიგნი, განსხვავებული და ცხოვრებისეული სიუჟეტით იყო მდიდარი და მიმზიდველი. ფოტოკამერა სპეციალურ ჩანთაში ჩადო და მადიგაზე დადო. კმაყოფილი გაჰყურებდა გამზადებულ ბარგსა და პასპორტს.
      ივლისის თვის ბოლო ღამე იყო. სავსე მთვარე გუმბათივით მოქცეოდა დედაქალაქს თავზე. კეკლუცად და ურცხვად გზავნიდა თავის მოლურჯო სხივებს გაღებულ ფანჯრებში.
        რული არ ეკარებოდა თვალს, მოლოდინისგან ცქმუტავდა გული. ფიქრები, ფიქრები, ფიქრები... როგორ იცის, ხოლმე, სულმა აშრიალება მოლოდინის ფონზე. რაც უფრო მეტად ელი განთიადს, მით უფრო გვიანდება იგი. ბოლოს, კი, ლოდინისგან ღონემიხდილსა და დაქანცულს უცაბედად დაგადგება თავზე.
      იწრიალა ლოგინში, ხან ბალიშში ჩარგო თავი, ხან ჭერისკენ იბრუნა პირი, ამაოდ. წამოდგა, ბნელ ოთახში გაიარ-გამოიარა. სინათლე აანთო და საწერ მაგიდას მიუახლოვდა. რამდნეიმე თაბახის ფურცელი და კალამი აიღო. აივანზე გავიდა და პლასტმასის პატარა მაგიდასთან მოკალათდა. ლამაზი იყო განათებული დედაქალაქი. ციცინათელებივით ბზინავდნენ სინათლე ანთებული სახლები და ქუჩის ნაპირებში ჩამწკრივებული ლამპიონები.მხოლოდ ორი ნახევრად დანგრეული ძველი შენობა მოჩანდა ობლად. წერას შეუდგა.
„მოქანცული დავრიშივით დაშრა და დაიწრიტა გული მოლოდინში. ღამის წყვდიადში გზააბნეული სულებივით დაძრწიან ფიქრები...“
ხაზი გადაუსვა დაწერილ ფრაზას. არ იყო წერის განწყობაზე. წიგნების თაროს მიუახლოვდა, რუმის კრებული გადმოიღო.
„ნუ დაკმაყოფილდები სხვისი ისტორიებით, ნუ გაითვალისწინებ სხვის გამოცდილებას. შექმენი შენი საკუთარი მითი!“ ეწერა მესამე ფურცლის მეოთხე აბზაცზე.
-მართალი იყო რუმი, მე ჩემი ისტორია უნდა მქონდეს, ჩემი გულიდან წამოსული ამბები უნდა ვწერო, სწორედ ამიტომ მივდივარ კაიროში, სწორედ ამიტომ...-ამოილაპარაკა დაბალ ხმაზე და კითხვა განაგრძო.
      რამდენიმე საათში ნანატრი განთიადი მოიპარა ფეხაკრებით. კიდევ ერთხელ გადარეკა სასტუმროში და დარწმუნდა, რომ აეროპორტში დახვდებოდნენ.
        ელოდა აღმოსავლეთი საოცრებების მაძიებელ მგზავრს, ფართო მკლავებს შლიდა მის გულში ჩასაკრავად.
        საღამოს ექვს საათზე მაიამ მიაკითხა მანქანით და აეროპორტისკენ გასწიეს. ხალხით იყო გადაჭედილი იქაურობა. სტამბოლისკენ მიმავალ რეისზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულიყო.
        ერთმანეთს გადაეხვივნენ და დაემშვიდობნენ. უცნაურად აუჩქარდა გული თვითმფრინავისკენ მიმავალს. ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი და გაღიმებულმა აიარა თვითმფრინავში ამავალი კიბე.
      ზოგიერთ ადამიანს ჩვევად აქვს, საბედისწერო ნაბიჯის ლაღად და ღიმილით გადადგმა. რომ ვიცოდეთ, რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე, ვგონებ, თვალს არ მოვხუჭავდით მთელი ღამე. თუმცა, ხშირად, ისეც ხდება, რომ რასაც ყველაზე მეტად გავურბივართ, ის მორბის ხოლმე ჩვენკენ გაშლილი მკლავებით. ხან, მართლაც, დავრიშივით უდაბნოში ხეტიალისას ოაზისს წავაწყდებით, ხან კი ზღვის სანაპიროზე სეირნობისას უდაბნოს ცხელი ქვიშა აგვიწვავს ტერფებს. ასეა, თუ ისე, სიცოცხლე საოცარი და ფათრაკებით აღსასვე რამ არის. ის ნამდვილი განძის საბადოა მკვლევართათვის, ხოლო პესიმისტთა და ზარმაცთათის-ამაოების საუფლოა, მხოლოდ.
          ღამის თორმეტი  ხდებოდა, პასპორტის შემოწმება რომ დასრულა და ხალხით გადაჭედილ მოსაცდელში გავიდა. პირველივე რიგში იდგა საშუალო ტანის  შავგვრემანი ყმაწვილი, თეთრი თაბახის ფურცლით ხელში, რომელზეც ლათინური აოსებით ეწერა: „Tamta.”
  -მე ალი მქვია ქალბატონო, თქვენი აქ ყოფნის განმავლობაში თარჯიმანი ვიქნები და გიდობას გაგიწევთ,-გახარებული თვალებით შენათოდა ჭაბუკი.
    აეროპორტის შესასვლელთან პატარა ყვითელი მანქანა ელოდათ. რამდენიმე წუთი და ყვითელ ავტომობილში მჯდარი კაიროს განათებული ქუჩების თვალიერებით ტკბებოდა.
-ძალიან ლამაზია კაირო, ალი.
-იცით, ქალბატონო კაირო უდიდესი დედაქალაქია აფრიკაში. მსოფლიოში კი რიგით, მეთექვსმეტე ყველაზე  მჭიდროთ დასახლებული ქალაქი.
-საინტერესეოა,ოღონდ ქალბატონოს ნუღარ მიწოდებ, თორემ თავი ასაკოვანი მგონია.- იუმორისტულად გადაულაპარაკა მესაჭის გვერდით მჯდომ ვაჟს და ჩაწეული მინაში გაყო თავი. ათასგვარი განცდა უტრიალებდა შინაგანში. ეცინებოდა, ვერ მალავდა სიხარულისა და აღტაცების ყოვლისმომცველ განცდას.
      ნილოსის სანაპიროს მიუყვებოდა მანქანა. ულამაზესი იყო რენესანსული ეპოქის მაგვარი შენობის ჩრდილებით გაფერადებული ძველისძველი მდინარე. ნაპირის მეორე მხარეს თანამედროვე ცათამბჯენებივით ცამდე ატყორცნილი შენობები მოჩანდა. კაიროში თანამედროვეობა და ანტიკურობა საოცარი სიმსუბუქით შერწყმოდა ერთმანეთს. რამდენ საიდუმლოსა და ისტორიას ინახავდა ეს ნაპირი. ძველი ეგვიპტური ღმერთების საყვარელი მდინარე რაკრაკით მიუყვებოდა კალაპოტს. თავმომწონედ ამოჭრილიყვნენ გზების კუთხეებთან პალმები და ნაირფერი ყვავილები. ერთი სული ჰქონდა თამთას, როდის გამოვიდოდა ამ ქუჩებში სასეირნოდ. მაღალი შენობების ძირში ბრენდული სამოსის ვიტრინები ენთო. ტკბილეულის კაფეების, ყავის სახლებისა და სალონებიდან გამომავალი სინათლე, ულამაზესს ხდიდნენ ღამის ნისლში გახვეულ ქალაქს. აქაურობა ერთი ნახვით დაატყვევბდა მნახველს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები