ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
19 აპრილი, 2017


ცის სახლი - 15. დეპრესია

  დეპრესია

  (გაგრძელება)

  გათენდა.
  პალატიდან საავადმყოფოს ეზოში გასულ პაპარაცს, გული „მუყაოს ყუთისკენ“ მიუწევდა, მაგრამ ჯიბე ცარიელი ჰქონდა და ის დღე (და კიდევ რამოდენიმე მომდევნო) „ტაქსაობისთვის“ უნდა დაეთმო. ფარდულს ბოქლომი მოხსნა, სადაც ურიკა იდგა, გამოაგორა და ალაყაფის კარისკენ ღიღინით გაემართა; კარგ ხასიათზე იყო. გსასვლელში დააპირა ვახტიორ გოგიას გახუმრებოდა, მაგრამ ამის ხალისი დაკარგა, რადგან სწორედ იმ დროს ეზოში ჟანგიანი, „ერაზის“ მარკის „კატაფალკა“ შემოფუხფუყდა; ეს მანქანა საავადმყოფოში გარდაცვლილი უპატრონო პაციენტის ცხედრის წასაღებად მოდიოდა ხოლმე.
  ქუჩას გაუყვა. საავადმყოფოდან ასიოდე მეტრის დაშორებით წვრილმანი ნივთებით მოვაჭრე ნაცნობ მამაკაცს მოჰკრა თვალი, რომელსაც პატარა დახლი საბავშვო ეტლის ძირზე (ბორბლებზე) დაემონტაჟებინა, და მას თავისი ურიკის უჩვეულო სიგნალიდან დაუსიგნალა - პუპ, პუპ! როცა მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა და უეცრად, მის დახლზე ისეთივე ჩუსტებს მოკრა თვალი, როგორიც ამას წინათ ჩუსტიკას აჩუქა; ცოტა არ იყოს, ეუცნაურა ეს, რადგან მსგავსი ჩუსტები ქალაქში სერიულ გაყიდვაში არ გამოსულა - ძველმანების ბაზრობაზე მოვაჭრე მოხუცს, ვისგანაც იყიდა, შვილმა მოსკოვიდან ერთი წყვილი გამოუგზავნა.
  - რა ღირს ჩუსტები? - ჰკითხა სასხვათაშორისოდ.
  - თხუთმეტი ლარი.
  - ამას წინათ ზუსტად ეგეთი ათ ლარად ვიყიდე.
  - ათი ლარი ექიმს უნდა მივცე, ვინც გასაყიდად ჩამაბარა. შინაური კაცი ხარ, წაიღე, ცამეტში მოგცემ.
  თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, პაპარაცს სუნთქვა შეეკრა:
  - რომელმა ექიმმა ჩაგაბარა?! როდის?!
  - თქვენმა ექიმმა, ახლახანს დამიტოვა; გეცოდინება ეგ ტიპი, დიდი წუწურაქი ვინმეა!
  პაპარაცი მიხვდა, რომ ეს ჩუსტები „ჩუსტიკას“ ეკუთვნოდა და ავი წინათგრძნობით საავადმყოფოსკენ მიბრუნდა.
  - მოიცა, სად გარბიხარ, ურიკა დაგრჩა!

  „კატაფალკა“ საავადმყოფოს ეზოს იმ ნაწილში იდგა, რომელიც პაციენტთათვის დახურული იყო, მაგრამ გასასვლელში პაპარაცს სანიტარი ნიკო შეხვდა, (რომელსაც მორიგეობა დაემთავრებინა, მაგრამ ჯერაც საავადმყოფოში რჩებოდა) და უპრობლემოდ შეატარა.
  - ნიკო, ჩუსტიკას რა დაემართა?!
  - გარდაიცვალა... პირიდან ძლიერი სისხლის ღებინება დაეწყო და რამოდენიმე წუთში სული დალია; როგორც სჩანს, კუჭის წყლული გაუსკდა.
  პაპარაცს გაახსენდა ჩუსტიკას მდგომარეობა, როცა ის უკანასკნელად ნახა - მუცელი სტკიოდა.
  - ღამით სასადილო დარბაზიდან რომ გამიყვანე, უკვე გარდაცვლილი იყო?!
  - ხო... ვაპირებდი თქმას, მაგიტომ მოგძებნე, მაგრამ ისეთი გალაღებული გნახე, ვეღარ გაგიმეტე ცუდი ამბისთვის.
  - ეხლა სადაა?
  - „კატაფალკაში“...
  პაპარაცი მიუახლოვდა საკაცეზე დასვენებულ გვამს და სახეზე ზეწარი გადახსნა.
  - ასეთი მშვიდი სახე „ჩუსტიკას“ სიცოცხლეში არ ჰქონდა; და თითქოს, გაახალგაზრდავებულიც მეჩვენება... - შუბლზე მოეფერა. - ნიკო, არ შეგიმჩნევია, რომ ზოგიერთ ადამიანს სიკვდილი უხდება!
  - ხო, ამაზე მეც მიფიქრია... ჩუსტიკას შემთხვევაში ეს ასეა. უკანასკნელ წუთამდე, სანამ გონებას დაკარგავდა, შენ ნაჩუქარ ჩუსტებს გულში იხუტებდა და თან ისეთნაირად, რომ ამოღებული სისხლით არ დაესვარა. გარდაცვლილს ჩუსტებს რომ ვაცმევდი, გავოცდი _ მართლაც მოახერხა ჩუსტების დაცვა. აი, შეხედე... - მიცვალებულს ზეწარი ბოლომდე გადახსნა, რომ ჩუსტები გამოეჩინა.
  - ეე... - გაოგნებულმა წამოიყვირა, - ვიღაცამ ჩუსტები გახადა!
  - გახადა და უკვე გასაყიდათაც ჩააბარა!
  - ვინ?!
  - რომელიღაც ექიმმა; გამყიდველს დეტალები არ გამოვკითხე...
  - წამოდი, ის გამყიდველი მაჩვენე!
  განრისხებული ნიკო ადგილს მოსწყდა; პაპარაცი ფეხის თრევით გაჰყვა.
  საავადმყოფოდან გავიდნენ.

  - მოიცა, ნიკო, ნუ გარბიხარ - აქ იდგა გამყიდველი.
  - აქ თუ იდგა, ესე უცებ სად გაქრა?!
  - დახლი ბავშვის ეტლზე აქვს მოწყობილი; დააგორებს აქეთ-იქით...
  - შავგრემან, სათვალეებიან კაცზე ამბობ?!
  - ხო, ეგ არის.
  - მაგ ტიპს სადმე შევხვდები; დავადგენ ვინაა ის ნაძირალა, ვინც მიცვალებულს ჩუსტები გახადა!
  - რა აზრი აქვს... - ხელი ჩაიქნია პაპარაცმა და ტროტუარზე ჩამოჯდა, - რომც ამხილო, არ შერცხვება! ცუდადაა ჩვენი საქმე - ერთნი მიცველებულს ძარცვავენ, სხვები ცოცხლებს... ორი-სამი ადამიანის წესიერება ვერ გადაარჩენს ქვეყანას! ბუნებაში არსებობს „კოლექტიური პასუხისმგებლობის“ მცნება, რომლის მიხედვითაც სასჯელიც კოლექტიური (მთელს ერზე) მოვა!
  ნიკოც ჩამოჯდა ტროტუარზე, თავი ხელებში ჩარგო და ჩაილაპარაკა:
  - ვიპოვი... - მერე დაამატა, - დღეს უნდა დავთვრე!
  - მეც დავლევდი... მაგრამ ფული არ მაქვს.
  - მე მაქვს ცოტაოდენი, ჩვენ ორს გვეყოფა; წამოდი, ჩუსტიკას პანაშვიდი გადავუხადოთ.

  „ობიექტი“, რომელსაც ისინი მიუახლოვდნენ, არც რესტორანი იყო და არც კაფე, შინაურულად ასეთ ადგილებს „ზაბიგალოვკას“ უძახიან. ნიკომ პაპარაცი ცარიელ მაგიდასთან დასვა, თვითონ კი ბუფეტთან მივიდა და რაღაცეები შეუკვეთა; სუფრა მალე გაეწყო.
  - პირველი ჭიქით მშვიდობის სადღეგრძელო ვთქვათ, რადგან მამა-პაპისგან ეს წესად გვერგო! - წამოიწყო ნიკომ, - თუმცა გულში მშვიდობა არ დგას... განსაკუთრებით ახლა, მიცვალებულის გაძარცვის შემდეგ!
  - მშვიდობამ დაიბუდოს თითოეული ადამიანის გულში!
  ჭიქები გამოცალეს.
  - პაპარაცი, შენ წეღან „კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე“ ჩამოაგდე სიტყვვა - თუ ბოროტებას არ შევებრძოლეთ, ის „კოლექტიური სასჯელიც“ უფრო მძიმე მოვა!
  - ბოროტებას უნდა შევებრძოლოთ, მაგრამ არა მარტო საკუთარი ძალითა და გამოცდილებით (ანუ ცარიელი ხელებით), რადგან ასეთ ბრძოლაში ხშირად მისი (ბოროტების) ახალი კერა იბადება ხოლმე; ოღონდ, ამას ჩუსტიკას გაძარცვის კონკრეტულ შემთხვევას არ ვუკავშირებ, ზოგადად ვთქვი.
ნიკომ მძიმედ ამოისუმთქა.
  - დავადგენ მის ვინაობას; თუნდაც ეს სამსახურის დაკარგვის ფასად დამიჯდეს! ახლა კი, ამ ჭიქით ჩუსტიკას ხსოვნა-მოგონება იყოს - ის იყო და არა იყო რა... დანარჩენი მასზე შენ თქვი; შენზე ახლობელი არავინ ჰყავდა.
  - ღმერთმა აცხონოს ჩუსტიკას სული. შიზოფრენია სულის დაავადებად მოიაზრება, მაგრამ გარდაცვლილ ადამიანს ვერანაირი სენი ვერ გაჰყვება იმ ქვეყნად. ასე, რომ - ჩუსტიკა გარდაცვალებით თავისი სნეულებისგან გათავისუფლდა!
  ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს და გამოცალეს. ნიკო შეეცადა, ვარაუდით გამოეცნო ჩუსტიკას მძარჩველის ვინაობა; (ის ღამის ცვლაში ნამორიგევი ექიმი უნდა ყოფილიყო) - ხან ერთზე იფიქრა, ხან მეორეზე, მაგრამ პაპარაცი ამ საქმეში ვერ აიყოლია და სალაპარაკო თემა შეცვალა:
  - ჩვენი ქვეყნის საქმე მართლაც ცუდადაა! - თქვა მან, - ისტორიას ახსოვს ასეთი შემთხვევა: ძველი რომის ერთ-ერთმა მმართველმა გადაწყვიტა, საკუთარი ცხენი კონსულად (დიდ თანამდებობაზე) დაენიშნა; მგონი, დანიშნა კიდეც... ჩვენც ახლა სწორედ ასეთ დღეში ვართ - „ცხენები“ და „ვირები“ წამოგვასხნენ თავს! ოღონდ, ვერ გამიგია - ეს „ცხოველები“ ვინმემ წამოგვასხა, თუ ისინი თავად მოვიზიდეთ ხელისუფლებაში?! ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ როგორც ერი დავბერდით და გადაშენების გზაზე ვდგავართ... ღმერთმა არ ქნას, რომ ეს ასე იყოს! მოდი, ახლა ჩვენ ნაწამებ საქართველოს გაუმარჯოს, დიდება და პატივი დაბრუნებოდეს!
  - გაუმარჯოს! - პაპარაცმა სადღეგრძელო გააგრძელა; ღვინო მსუბუქად მოჰკიდებოდა. - წინათ უცხოეთისკენ მიმიწევდა გული - ევროპა, ამერიკა... არადა, იმ დროს საქართველო ლამაზი (კოხტა) ქვეყანა იყო, მაგრამ დასავლეთი მეტად მომწომდა. ვერ მოვახერხე წასვლა, ჩავრჩი საქართველოში... ჰოდა ახლა, როცა ჩვენი ქვეყანა დასნეულდა, მე შემიყვარდა ის და არა თუ ჩემი ნებით, იძულებითაც ვერ მიმატოვებინებენ მას!
  ნიკოს გაეღიმა.
  - უცნაური კაცი ხარ პაპარაცი, ხანდახან შენს თავზე რაღაცას იტყვი, მაგრამ იმდენს არა, რომ კაცმა გაგიგოს. ამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მაინც რა ქარმა გადმოგაგდო?
  - ქარს არ გადმოვუგდივარ, ცხოვრებამ გადმომაგდო... რადგან სუსტი ადამიანი ვარ, და თანაც - დაღლილი.
  დუმილი ჩამოვარდა, რომელიც მოგვიანებით ნიკომ დაარღვია:
  - არ გკითხავ იმას, რაზეც არ გიყვარს ლაპარაკი. რაც გკითხე, ისიც იმიტომ იყო, რომ ჩემს თავზე მინდოდა რაღაც მეთქვა: „დაღლილი“ და „სუსტი“ თუ კი ვინმეზე ითქმის, ეს მე ვარ; და ამასთანავე, მხდალი ადამიანიც ვარ - ყველაფრის მეშინია, განსაკუთრებით ღმერთის! ვერ შევიყვარე ის და ამიტომ მეშინია! - ჭიქები შეავსო. - დაღლილების, სუსტებისა და მხდალების სადღეგრძელო იყოს!
  პაპარაცმაც მოჰკიდა ჭიქას ხელი:
  - ღმერთისადმი შიში ეს უკვე მასთან დამოკიდებულების სწორი ფორმაა. რაც შეეხება სიყვარულს, სადაც შიშია, იქ სიყვარულიც მოვა - „შიში შეიქმნს სიყვარულსა.“
  - „შიში შეიქმნს სიყვარულსა...“ - გაიმეორა ნიკომ, - მიჭირს გავიგო რა იგულისხმა რუსთაველმა ამ სიბრძნეში.
  - რა იგულისხმა და ის, რომ ადამიანი ბუნებით სუსტი არსებაა და ცნობიერად თუ არაცნობიერად ის რაღაც (თუ ვიღაც) ძლიერისკენ ილტვის, რომ შეეფაროს. ძლიერი - ღმერთია, რომელსაც ადამიანი უყვარს, ზრუნავს მასზე! აი, ამის გაცნობიერების შემდეგ „ძლიერისადმი“ ჯერ რიდით (იგივე, შიშით) იმსჭვალები, შემდეგ კი, სიყვარულითაც!
  - რამდენი ხანია საჭირო იმისთვის, რომ ღმერთის მიმართ სიყვარული იგრძნო? - ნიკოსაც  მოეკიდა ღვინო.
  - ცოტა, ძალიან ცოტა... თუმცა სიცოცხლეც მოკლეა, უნდა მოასწრო - კარზე მომდგარს ზურგი არ უნდა აქციო!
  - შენ უკვე შეიგრძენი მისი სიყვარული?
  - მეე... - სიტყვა გაეწელა პაპარაცს, - ვგავარ დაფასთან მდგომ მოსწავლეს, რომელიც დაზუთხულ ლექსს სხაპასხუპით ყვება, მაგრამ ლექსის შინაარსი შორსაა მისგან! ჩემს სისუსტესა და დაღლაში ჩემივე ურწმუნოება ვიგულისხმე - ხშირად სასოწარკვეთილებაში ვვარდები! გარეგნულად იქნებ არაფერი მეტყობა, მაგრამ შინაგანად სიკვდილის შიშით დამფრთხალი ჭიაყელასავით ვიკლაკნები - სწორედ ახლა ვარ ასე. ჩუსტიკას სიკვდილი კანონზომიერებაა, მაგრამ გაძარცვა, არა! „გაძარცვა“ ღმერთის გმობაა და დიდ ხიფათს გადაგვყრის! - თითქოს სული შეეხუთაო, პაპარაცმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. - იქნებ, კიდევ უფრო ამაზრზენი რამ თავადაც ჩამიდენია... მეც ერთ-ერთი ნაძირალა ვარ! ჰოდა, ამას ვუფარდებ იმ ცხოვრებისეულ გზას (თუ ტვირთს), რომელიც ვიტვირთე და ვეღარ ვუძლებ, სასოწარკვეთილებაში ვვარდები - საკუთარ არსებობას ვგმობ!
  - კარგი, რა... - მხარზე ხელი წამოარტყა ნიკომ პაპარაცს, - ეგეთი ფიქრი ფსიქიატრიული საავადმყოფოს არა მკვიდრად, როგორც ახლა ხარ, არამედ პაციენტად გაქცევს!
  - მართალი ხარ... - თავი ჩაქინდრა პაპარაცმა, - აქედან რომ წავალთ, ერთი კეთილი კაცი უნდა მოვინახულო - პატრიოტია, თანაც, ბრძენი! ზოგიერთებთან ურთიერთობა თუ ადამიანს ენერგიას აცლის, მასთან სიახლოვე პირიქით, იმედით მავსებს!
  - ვინაა ეგ კაცი?
  - პენსიონერია... ქართლოსი ქვია.
  - ქართლოსს გაუმარჯოს!
  - გაუმარჯოს!

  მოღრუბლული დღე იყო და სანამ პაპარაცი ქართლოსის სახლამდე მივიდა, მსუბუქად წამოწვიმა. ეზოში ფეხაკრეფით შევიდა - მეტწილად ეს ქართლოსის რიდის გამო გააკეთა და ცოტათიც, სხვებისთვის შეუმჩნეველი რომ დარჩენილიყო, რადგან იმ დროს თუ კი ქვეყნად ვინმე აინტერესებდა, მხოლოდ ქართლოსი იყო. კარებთან მივიდა და დააკაკუნა.
  - კარს არავინ გაგიღებს... - მოესმა ხმა უკნიდან.
  პაპარაცი მიბრუნდა; მეორე სართულის აივნიდან მოხუცი ქალი გადმოჰყურებდა.
  - სადაა ბატონი ქართლოსი?
  - შენი მტერი იყოს იქ, სადაც ის არის.
  - მოკვდა?! - წამოიყვირა შოკირებულმა.
  - რიანიმაციაში წევს... იქნებ, გადარჩეს კიდეც.

  მომიტინგეებით სავსე, დროშებ-გადმოფენილმა ატომობილმა გზაჯვარედინი გაბმული სიგნალით გადაჭრა. – „თქვენს გამო კვდება ქართლოსი!“ - მიაძახა პაპარაცმა მანქანას და გზა კიდევ უფრო დამძიმებულმა განაგრძო. ავტობუსის გაჩერებაზე (კერძოდ, მის შუშის კედელზე) თვალში ეცა წითელი საღებავით მითხაპნილი პოლიტიკური შინაარსის მოწოდება - „სისტემა უნდა დაინგრეს!“ - ფიქრმა ახლა უკვე იგი გაამძვინვარა კიდეც: - „ისინი ანგრევთ, ვისაც შენება არ შეგიძლიათ!“ - გამოსცრა კბილებში და წარწერას მთელი ძალით წიხლი ჩასცხო. როცა შუშა გამაყრუებელი ჭახანით ჩამოიშალა, მაშინღა მიხვდა რაც ჩაიდინა; გამვლელ-გამომლელი შეშინებული შეჰყურებდნენ.
  იქაურობას გაეცალა - მიხვეულ-მოხვეული ქუჩა ქოშინით გაირბინა; დაიღალა, ნაბიჯს უკლო; ბოლოს, ლასლასით განაგრძო გზა; მალე ესეც ვეღარ შესძლო და ჩამოჯდა... გონებაში აღიდგინა ყველაფერი, რაც თავს გადახდა - „სიკვდილის შიშით დამფრთხალი ჭიაყელა...“ - თავისი თავი რატომ შეადარა ამ მწერს? ჭიაყელა ასფალტზე, მზის გულზე დაგდებული უნახავს - გამწარებით იკლაკნებოდა... გაუკვირდა კიდეც, ასეთი ენერგია როგორ აღმოაჩნდაო; მერე, ჭიაყელამ მოძრაობა შეანელა და ბოლოს, მთლად გაიყინა; თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო... პაპარაციც ამ დღეში იყო ახლა - მოძრაობის უნარი დაკარგა; თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. არ იცის რამდენ ხანს დაჰყო ასე...

  მწარედ მოჭუტული თვალები რომ გაახილა, დაინახა მის წინ მდგომი ხუთიოდე წლის გოგონა, რომელიც შოკოლადის კანფეტს უწვდიდა; სწორედ ისეთ კანფეტს (დათუნიას), როგორითაც ჩუსტიკას უმასპინძლდებოდა ხოლმე. პაპარაცი დაიბნა, ვერ მოიფიქრა, რითი ეპასუხა ბავშვისთვის.
  - არ გიყვარს კანფეტი? - ჰკითხა მან.
  ნიშნად იმისა, რომ კანფეტი უყვარდა, პაპარაცმა თავი დააქნია. გოგონამ კანფეტი ხელში ჩაუდო და უთხრა, რომ მეტი აღარ ჰქონდა.
  - რატომ მჩუქნი, თუ მეტი აღარ გაქვს?
  - იმიტომ, რომ ტირიხარ!
  - ვტირივარ? - ქუთუთოებზე მოისვა ხელი; მართლაც სველი ჰქონდა.
  ბავშმა წასვლა დააპირა.
  - მოიცადე, არ წახვიდე - მე ვიცი შენ ვინ ხარ!
  გოგონა ცნობისმოყვარედ მიაჩერდა პაპარაცს; უნდოდა გამოეცნო, თუ საიდან უნდა სცნობოდა ამ უცხო ბიძიას.
  - შენ ჩემ საშველად მოსული ანგელოზი ხარ!
  ბავშვმა გაიღიმა, თან დაიმორცხვა და გაიქცა.

  გაგრძელება იქნება

  ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები