ნაწარმოებები



ავტორი: ც ი გ ა ნ ი
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2017


ციგანი 5

  მაისის სასიამოვნო საღამო იყო, უკვე ზაფხულივით დღეები იდგა. თბილოდა.  სიოც უბერავდა. ახალ ნაწვიმარ ასფალტს კი ზაფხულის სუნი ასდიოდა. მიყვარს ზაფხული. სითბო მაიმედებს თითქოს მარტო არ ვარ. ზამთრობით უფრო მიჭირს, სიცივესთან ერთად მარტოობა უფრო მიმძაფრდება. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის დათბება. ალბათ არასწორად ვიცხოვრე, რადგან მზის სითბოს ანაბარად ვარ დარჩენილი ცხოვრებაში. საქმე ისაა, ვერავისთან დავბანაკდი ისე, რომ დარჩენა მდომოდა. ყველასთან თითქოს რაღაც მიშლიდა ხელს. ნათია იყო ერთი ის ვარიანტი, რომელიც ყველანაირად კარგად შემეთვისა. გემრიელადაც მაჭმევდა და ტკბილადაც მაძინებდა. მაგრამ ვინ გამაჩერა, ვინ შემარგო... ბედი არ გინდა?! პირველივე პაემანზე დამინახეს მასთან ერთად და ქვეყანა შემიყარეს. სასწაულია რა, ამხელა კაცს თურმე ნათესავებისთვის უნდა შემეთანხმებინა ვისთან გავივლიდი. სანამ სექსი მექნებოდა მასთან, მანამდე მეუბნებოდნენ დაშორდიო. აუ ჩემი, რა ხალხია რა... ზუსტად მაგათ ჯიბრზე გავაკეთე ყველაფერი. იმიტომ, რომ მაგათი საქმე არ იყო ვისთან დავწვებოდი და ვისთან ავდგებოდი. ყველამ თავის თავს და თავის ცხოვრებას მიხედოს რა. მაგრამ ეს რომ ვერ გაუგიათ, მთელი უბედურება ეგაა. ხოდა მაგარი დავიკიდე ყველა და ბოლომდე გავუჯაზე ნათიას. ვცხოვრობდი მასთან ბედნიერად ორი წელი. ღამეც ხშირად ვრჩებოდი. ყველაფერს მიკეთებდა გოგო, მივლიდა მეფერებოდა. მეტი რა მინდოდა?! მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ხომ ნორმალურად არ შეიძლება რამე იყოს. ამიმხედრდა მთელი კლანი სანათესაოსი, შემომიძახეს აქედან და იქიდან, თუ მე, თუ ნათიას. აგვრიეს და ერთმანეთს წაგვაჩხუბეს. მოკლედ დაგვაშორეს. არადა ეს აკრძალული ხილიც რა კარგი იყო. ჩუმად მაინც დავძვრებოდი მასთან. მერე ნათაის მობეზრდა ეს ჩუმი შეხვედრები და გამომაბუნძულა თავისი ცხოვრებიდან. მიყვარდა და გამიჭირდა. მიყვარდა, აბა არ მეყვარებოდა?! რა არის კაცისთვის სიყვარული? კარგი სექსი, გემრიელი საჭმელი და სუფთა „ნასკი“, ხოდა მიყვარდა მეც ეს ყველაფერი. მაგრამ არ შემარგეს. მეც ვერ ვივარგე. მარტო ლაპარაკით ჩემი ცხოვრების გაკონტროლება ვერავის ავუკრძალე, არ აიკრძალეს უფრო სწორად. საქციელით კი აბა რა უნდა მექნა?  ცოლად უნდა მომეყვანა და ყველა თავს დამანებებდა. ისე შემეშვებოდნენ ცხოვრებაში ხმას არ გამცემდნენ, მაგრამ დედა მეცოდებოდა, ისედაც ბევრი გადაიტანა და მასე ვერ მოვექცეოდი. მოკლედ მე მაგარი მხდალი გამოვდექი. მინდოდა ის ქალი და ვერ ვაჯობე მის გამო საკუთარ გარემოცვას. ასე გამოვიდა... მერე იყო რომ მისი დავიწყებისთვის ხან ვისთან დავძვრებოდი და ხან ვისთან, მაგრამ მისნაირი მაინც არავინ იყო. ხოდა ბოლოს მარტო დავრჩი, ვერც ნათია დავივიწყე და ვერც სხვა ვინმეს შევეფარე...
  ნათია ჩემზე სამი წლით უმცროსია. ლამაზი და კოხტაა. განათლებული, ძლიერი ქალია. აქვს თავისი ბინა, სამსახური. მოკლედ დამოუკიდებელია. 18 წლის იყო რომ გათხოვდა. შვილის გაჩენა ვერ მოასწრო, ისე მალე გაშორდა ქმარს. ამიტომ განათხოვარის სახელი მიიწება და დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება. მესმის ეს რასაც ნიშნავს, მაგრამ მერე რა. როცა ჩემთან იყო, მარტო მე ვიყავი მისთვის და დარწმუნებული ვიყავი არ მიღალატებდა. მას ძლიერი მამაკაცი სჭირდებოდა გვერდით. რამდენად ძლიერი ვიყავი ჩემი პრობლემებითურთ ძნელი სათქმელია, მაგრამ მისი სურვილების დაკმაყოფილება შემეძლო და ისიც კარგად იყო ჩემთან. მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი. მაგრამ მოთმინების ფიალა აევსო, მობეზრდა „რომეო და ჯულიეტობანას“ თამაში და გამომაგდო. ვერ ვიტყვი, რომ მთლად დამიკიდა. მივდიოდი ხანდახან მასთან და მოწყალებასავით გაიღებდა ხოლმე თითო საღამოს ალერსს. ეეხ... ეს თავის დამცირებაც, რომ მაღიზიანებდა ეგაა მთავარი. გავიჩხირე რა, ქალსა და ვალდებულებებს შორის. ხოდა, დავრჩი მასე უქალოდ და აბურდული ვალდებულებებით. ეგაა ჩემი ცხოვრება. ეეე... ნათი, ნათი, ნათია, ჩემო ნათია. როგორ მინდა ახლა შენს მყუდრო ბუდეში შემიფარო, მომეფერო... ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და ნომერი ავკრიფე. მაგრამ სანამ დავრეკავდი გადავიფიქრე. არ ღირდა. მინდოდა ძალიან, მაგრამ უარი რომ ეთქვა კიდევ უფრო დამგრუზავდა. ხოდა შევეშვი და რუსთაველის მეტროში ჩავედი. ვაგონში ისეთი  ჭყლეტა იყო ძლივს შევეტენე. გამოსვლით უფრო ადვილად გამოვედი და იქვე გავჩერდი, რომ ხალხის ნაკადი გამეტარებინა. ყველა სადღაც მიიჩქაროდა, ჩემს გარდა. მე არც საჩქარო მქონდა და არც ვინმე მელოდებოდა, მისკენ რომ გავქცეულიყავი. სახლში მისვლა კი ჭირივით მძულდა, რაც უფრო გვიან შევიდოდი, მით უკეთესი იყო ჩემთვის. იყო პერიოდი, იქ მხოლოდ დასაძინებლად  მივდიოდი. ამიტომ არსად მეჩქარებოდა და ნელა, თავდახრილი, ჩემი ფიქრების საფარველში გახვეული გავუყევი გზას. მეტროდან გასასვლელ კარში ბოშა შემეჩეხა. აი, როგორ უნდა შეგეჩეხოს ვინმე, როცა ის დგას, შენ კი ნელა მიდიხარ?! არ ვიცი... ეტყობა გამიზნულად უნდოდა, რომ დამჯახებოდა. ზუსტად მაშინ მოშორდა კარს, როცა მე გავედი და გვერდი გავკარით ერთმანეთს. მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს შეხვედრა შეიძლება შემთხვევითი არ ყოფილყო. ბოდიში მოვუხადე. ის იდგა და მიყურებდა, მერე მანაც ბოდიშიო ჩაიბურდღუნა. ვიცანი, ის ბიჭი იყო წინა დღეს ვერის ბაღში, ჭამის დროს, რომ მიყურებდა. კი ნამდვილად ის იყო, ტანსაცმელიც კი იგივე ეცვა. მეტი არაფერი მითქვამს და გზა გავაგრძელე.
  უბნის მაღაზიაში კვერცხი, პური და მაიონეზი ავიღე. ვიფიქრე ცოტა ხომ არ დამელია. დიდი ხანი იყო აღარ დამილევია, მაგრამ ეს მარტო სმა არ მევასება და რა ვქნა. ლუდის სმაც კი არ შემიძლია მარტოს. მირჩევნია ფეხბურთის ყურებისას ჩაი ვსვა, ვიდრე ლუდი და ვიყო მარტო. რას ვიზამ, ასეთი უკუღმართი ვარ...
  ჩემი კორპუსის წინ სტადიონია. მანდ ყოველთვის იყო სტადიონი, ახლა გაარემონტეს და ხელოვნური საფარი დააგეს. ვერ ვიტან ხელოვნურ ბალახს, რა უბედურებაა. ერთხელ თუ წაიქცა ბავშვი, ისე დაისერება, სახლში მისულს მზრუნველი დედა „ზელიონკით“ ააჭრელებს. გვერდით რომ ჩავუარე სტადიონის კარს, მის წინ მოწყობილ დასასვენებელ ზონაში, სკამებს შორის შევჩერდი, ოთხკუთხედ ქვის მაგიდაზე ჩემი პროდუქტებიანი პარკი დავდე და წყლის დასალევად წავედი.
  ეეხ, რა დრო იყო, აქ რომ ვთამაშობდი... მაშინ სად ყავდა ქვეყანას პატრონი, სტადიონს ვინ გაგვირემონტებდა, შემოღობილიც კი არ იყო და ბურთი სულ გვივარდებოდა. სამაგიეროდ მიწა იყო და ბალახი, სულ მწვანე მქონდა მუხლები. თუ წინა დღეს იწვიმებდა ერთი წაქცევით ისე ვისვრებოდით ტალახით, დედას გული მისდიოდა, რომ დამინახავდა ხოლმე. მაშინ არც პირობები იყო, არც კომფორტი, მაგრამ მაინც ვცხოვრობდით ამ ყველაფრის გარეშე. დედა წყალს „კიპიწელნიკით“ გააცხელებდა ხოლმე და ხახვის წითელი ბადე-ტომრით მხეხავდა. ისეთი უხეში იყო, მეგონა ტყავი არ შემრჩებოდა. მაგრამ რას ვიზამდი, დაბანის ბოლო ყველაზე ტკბილი იყო, გაპრიალებილ ცხვირზე მკოცნიდა დედა და მეუბნებოდა, რომ ბედნიერი იყო მე რომ ვყავდი. ეს სიტყვები ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის. ყველა ტკივილს და დაღლას მავიწყებდა. მერე ახალ დაბანილს გემრიელად მაჭმევდა და მაძინებდა. მაშინ პურს დედა აცხობდა. წითელი, მრგვალი „პეჩკა“ გვქონდა და იმაში ყოველ მესამე დღეს თავისი მოზელილი ცომით ვიწრო გრძელ პურებს აცხობდა. ხანდახან, როცა ფული ჰქონდა, ნამცხვარსაც მიცხობდა. ისე მიყვარდა მისი გამომცხვარი ქადა, რომ მეგონა მასზე გემრიელი ნამცხვარი არ არსებობდა. ისიც მახსოვს ახალი პარტია ფქვილი რომ მოდიოდა, ზოგი ვარგოდა, ზოგი არა. არ ფუვდებოდა კარგად. ხან რუხი ფქვილისგან აცხობდა პურს, იაფი იყო რუხი ფქვილი და იმიტომ. დაბრაწული კიდეები მიყვარდა და სულ ვატყავებდი. მესამე დღეს რაღაც სუნი და გემო ეძლეოდა პურს, ამიტომ არ მომწონდა და მხოლოდ კიდეებს ვჭამდი. ბებია ბრაზობდა ნუ აფუჭებ პურსო. მაგრამ რა მექნა, ასე მომწონდა. დედა ჩუმად თვალს ჩამიკრავდა და ნებართვას მაძლევდა. ცოტა მარილს თუ გადააზედმეტებდა, პური უფრო გემრიელი გამოდიოდა. სუპებს აკეთებდნენ ხშირად. ხან უბრალო ბოსტნეულის სუპი გვქონდა, ხან კი ლობიოს წვნიანი. მე ლობიო მერჩია, მიყვარდა და სიამოვნებით ვჭამდი ხოლმე. ბოსტნეულის სუპს კი ვერ ვიტანდი, განსაკუთრებით მეორე დღეს. ამიტომ არ ვჭამდი და პურით ვნაყრდებოდი. ახლა ისე მომინდება ხოლმე ის საზიზღარი სუპი, რომ რავიცი... დეიდები და ბიცოლა მეპატიჟებიან ხშირად სადილზე და წვნიანებს მაჭმევენ. მაგრამ ის გემო მაინც სხვაა... თან დედასთანაა კავშირში და მაგიტომ მენატრება.
ამ ფიქრში დრო გავიდა. ეზო თანდათან ბავშვებით გაივსო. წამოვდექი, ავიღე ჩემი პარკი და სახლისკენ წავედი. სტადიონის მეორე კუთხეში ის ციგანი შევამჩნიე. ჩემგან ზურგით იჯდა და სტადიონისკენ იხედებოდა.
  ამ საღამოს მეორედ შევხვდი. ეს უკვე შემთხვევითობას აღარ გავდა. თან მისი სახის აღდგენას ვცდილობდი. ვიხსენებდი შემთხვევებს საიდან შეიძლება მცნობოდა.

  ჯიბიდან გასაღები ამოვიღე. ყოველთვის ერთი საკეტით ვკეტავ, რომელიც ყველაზე პატარაა იმით. სახლის გასაღებიც მანქანის გასაღებზე მება და სულ ჯიბეში მქონდა ხოლმე. ახლა მანქანის გასაღები აღარ მაქვს, სახლისა კი ისეთი პატარაა, სულ მეგონა დავკარგავდი. ერთი ისიც ვიფიქრე, კარის წინ რომ ფეხების საწმენდი ნოხი მიდევს იმის ქვეშ დამედო. თუ ვინმე შეიპარებოდა, წასაღები მაინც არაფერი მქონდა და მაგიტომ არ მედარდებოდა. ოქრო მე არ მქონდა სახლში და ფული. ტელევიზორს კიდევ ზურგზე ვერ მოიკიდებდნენ იმხელაა, ჰა-ჰა კომპიუტერი გაეტანათ.
  ვერ ვიტან მაგ სახლს. ასე მგონია სტუმარი ვარ და ადგილს ვერ ვპოულობ. ავეჯით ისეა გავსებული, გადაადგილებასაც ვერ ვახერხებ რომ რამე შევცვალო. როგორიც ვიყიდეთ , ისეთივეა. არაფერი შეგვიცვლია. არც გადასაყრელია, რომ გადამეყარა. ვინ გაცვითავდა, არავის უხმარია. დედა სულ წასული იყო, მოხუცი ბებია თავისთვის იყო შეყუჟული ოთახში. მე კიდევ ჭირივით მძულდა აქ შემოსვლა. დილას რომ გავიდოდი, გვიანობამდე არ შემოვდიოდი. მთელ დღეებს მარტო ატარებდა ბებიაჩემი. არც ბიძაჩემს მიყვებოდა. თავის ოთახში სამლოცველოსავით ჰქონდა მოწყობილი ერთი კუთხე, მამაჩემის და ბაბუას ფოტოები ელაგა. დიდი მორწმუნე არ იყო, მაგრამ თავის მოგონილ ლოცვებს ბუტბუტებდა. სულ ვჩხუბობდით. ძალიან არ მოვწონდი, არ მოსწონდა ჩემი ცხოვრების წესი. არც ჩაცმულობა მოსწონდა. ისიც უთქვამს, ბედნიერი ბაბუაშენი, რომ ვერ გხედავს რა კაცი დადექიო. გული გაუსკდებოდა და მოკვდებოდა, იმდენად ჰქონდა შენი იმედიო. ეს სიტყვები მაცოფებდა ყველაზე მეტად, ერთს შევუკურთხებდი და გავრბოდი სახლიდან. ბაბუა მართლაც ძალიან მიყვარდა და გული მტკიოდა ასე რომ მეუბნებოდა ბებიაჩემი. მაგას ჩემი არაფერი არ მოსწონდა, სულ ყველაფერზე მეჩხუბებოდა და მსაყვედურობდა. მაგიტომაც მოვძებნე გამოსავალი და ქუჩაში გავიქეცი. მთელი ცხოვრება ტირილსა და მოთქმაში გაატარა,  მისი გაკეთებული საჭმლის ჭამაც კი საცოდაობა იყო. ისე განიცდიდა ყველაფერს, ათასჯერ კვდებოდა, ერთი პატარა პრობლემის გამო. სულ შიში ჰქონდა, რომ სახლში ვიღაც შემოგვივარდებოდა. ღამე მოსვენება არ იცოდა, ფხიზელი ძილით ეძინა და გამუდმებით კარს აყურადებდა. რკინის კარი ვის უნდა შემოემტვრია ან მეოთხე სართულზე ფანჯრიდან ვინ უნდა შემომძვრალიყო არ ვიცი. ვერაფრით ვერ მოვაშლებინე ამაზე ნერვიულობა, ვერ დავაწყნარე. მეც კი არ მენდობოდა. გვიანობამდე რომ მყავდნენ მეგობრები სტუმრად, დაძინებული დგებოდა და კარს ამოწმებდა დავკეტე თუ არა. განვიცდი, ვერ მივხედე კარგად. მას თავისი შიშები და განცდები ჰქონდა, მე ჩემი, არც მას ესმოდა ჩემი და არც მე მისი. სულ გავუუცხოვდით ერთმანეთს. საერთოდ ვეღარ ვამჟღავნებდი მის მიმართ სითბოს. ისიც გაბოროტებული ცისფერი თვალებით მიყურებდა, მბურღავდა, მეგონა ვძულდი. მაგარამ ასე არ იყო. ვიცი რომ გულის სიღრმეში ძალიან ვუყვარდი. მე ერთად-ერთი გვარის გამგრძელებელი ვიყავი და მთელ თავის მომავალს ჩემზე ამყარებდა. აღარც ქმარი ჰყავდა, აღარც შვილი, ჩემს ანაბარა იყო დარჩენილი. მე კიდევ ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა სინანული გვიანია. როცა ცოცხალი იყო, მაშინაც განვიცდიდი ჩვენს ასეთ მტრულ დამოკიდებულებას, მაგრამ სხვანაირად ვერ ვახერხებდი და რა მექნა. ბოლოს ისე მოტყდა, თავის თავსაც ვეღარ უვლიდა. მაინც არ გაყვა ბიძაჩემს. მომვლელი ავუყვანეთ. უფრო სწორად, ბიძაჩემმა აუყვანა მომვლელი. სულ სახლში იყო ის ქალი და ყურადღებას აქცევდა. მაგის გამო კიდევ უფრო აღარ შევდიოდი სახლში. იმ მომვლელს ერთი იმდენი, რასაც ბიძაჩემი უხდიდა, მე დავუმატე და ღამეც რჩებოდა. რა ვქნა, ამხელა კაცი ვარ, მაგრამ როცა მარტოები ვიყავით, დილას გაღვიძების მეშინოდა, ლოგინში მიცვალებული არ დამხვედროდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, მისი მოვლა დედაჩემის ერთი თვის ხელფასს გაუტოლდა. ხოდა, რაღა აზრი ჰქონდა დედას მოევლო ბარემ?! მაგრამ დედამ მაინც დარჩენა ამჯობინა. არ დამიძალებია ჩამოსულიყო, არასდროს არაფერი დამიძალებია მისთვის.  ძალიან მაკლდა და მენატრებოდა. თითქოს სისუსტედ ვთვლიდი, ასე მეგონა „დედიკოს ბიჭობის“ გამოვლინება ძალიან ცუდი იქნებოდა. არ ვიმჩნევდი, ვითომ არაფერი მაკლდა. სინამდვილეში დედის მზრუნველობა ძალიან მჭირდებოდა. ეტყობა კაცები ასეთები ვართ. პატარა ბიჭობიდანვე გვეწყება დედის გადამეტებული სიყვარული და მზრუნველობის მოთხოვნილება, მერე ვიზრდებით და ამ განებივრებული მზრუნველობიდან ვერ გამოვდივართ, უბრალოდ მზრუნველობის სუბიექტებს ვიცვლით. დედა იყო, მერე ცოლი ხდება ჩვენთვის დედასავით მზრუნველი. ნათიას მაგიტომ მივეკედლე, მზრუნველობა და სითბო  ვიგრძენი მისგან. თუ ბედი აქვს კაცს, დედასავით ცოლი შეხვდება. ვიღაც აუცილებლად უნდა ზრუნავდეს ჩვენზე, სხვანაირად არ შეგვიძლია და არ ესმით ეს ქალებს.
  ბოლოს ბებია ლოგინად ჩავარდა და რამოდენიმე თვეს ასე იცოცხლა. 84 წლის იყო რომ გარდაიცვალა.
  ბებია რომ გარდაიცვალა, დაკრძალვისთვის დედა ჩამოვიდა. თავიდან დარჩენას აპირებდა. ცოტა მოგროვილი ფული ჩამოიტანა და კოსმეტიკური რემონტი გავაკეთეთ სახლში. ბევრი არაფერი შეგვიცვლია. აბაზანა და საპირფარეშო გამოვცვალეთ. სამზარეულოში ახალი ტექნიკა შევიძინეთ. მისაღებში და საძინებელში მხოლოდ ახალი შპალერი გავაკარით. ავეჯი ვერც გადავყარეთ, ვერც ახალი შევიძინეთ.
  სახლში რომ შედიხარ, რაღაცნაირი აურა გხვდება იქ. ვერ ხედავ, ვერ ეხები, მაგრამ გრძნობ. განწყობა და სუნი დგას იმ ოჯახის შესაფერისი. ვინც იქ ცხოვრობს, მათი ურთიერთობებიც თითქოს კედლებს აქვთ შერჩენილი. სხვებთანაც, როცა პირველად შევსულვარ სახლში, სწორედ ეს მიგრძვნია. მოუწყობელ და გაურემონტებელ სახლებში, იმხელა სიმყუდროვე და სიყვარული დამინახავს, რომ თავადაც გამკვირვებია. კარგად გარემონტებულ სახლებშიც მიგრძვნია, მყუდროდ მოწყობილი ბუდის აურა. რომელ სახლშიც შევედი, ერთი შეხედვით და ერთი შეგრძნებით ამოვიცანი ხოლმე ოჯახის წევრების ურთიერთ დამოკიდებულება. ჩემს სახლში რომ შემოვდიოდი, ისეთი სტერილური გარემო მხვდებოდა, თავი მუზეუმში მეგონა. ჩემთან არც სუნი იყო რამის, არც განწყობა იგრძნობოდა. ფანჯრებიდან შემომავალი მზის სხივები გაყინულ კედლებს ვერ ადნობდნენ. აქ ისეთი სახე ჰქონდა ყველაფერის, მოწიწებულ მოპყრობას ითხოვდა. კარადის კარს ვერ მიაჯახუნებდი. მაგიდას უნებართვოდ ვერ მიუჯდებოდი. მისაღები ოთახისთვის ერთი თანამედროვე დიზაინის დივანი ვიყიდე და კუთხეში მივდგი. იქვე დიდი ტელევიზორი თავისი სადგარით მივაჩოჩე. ეგ იყო ჩემი ტერიტორია და სხვას არც არაფერს ვეხებოდი.
  კვირაში ერთი-ორჯერ დამლაგებელი მოდიოდა და მილაგებდა. ტანსაცმელსაც ის მირეცხავდა და აუთოებდა. საჭმელსაც მიმზადებდა თუ პროდუქტებს დავახვედრებდი. შემოსასვლელად გასაღების ერთი ასლი მას დავუმზადე. იშვიათად მიწევდა მასთან შეხვედრა. მე რომ სამსახურში ვიყავი, მაშინ მოდიოდა. გასამრჯელოს ხან ხელზე ვაძლევდი, ხანაც ბანკით ვურიცხავდი.
  ჩემი ხელფასი თვიდან-თვემდე არ მყოფნიდა. დედაჩემიც მეხმარებოდა, მიგზავნიდა გარკვეული ოდენობის თანხას. ბევრი მეხარჯებოდა, დაგროვებას ვერ ვახერხებდი. ამიტომ გადავწყვიტე მანქანა კრედიტით მეყიდა, ორი წლის მერე კრედიტს დავფარავდი, მანქანა კი დამრჩებოდა. ასეთი ჩანაფიქრი მქონდა, მაგრამ ისე არ გამოვიდა, როგორც ვგეგმავდი. კრედიტი ცალკე დამრჩა, თან „თავანი“ დაემატა. მანქანა ჩამორთმეული, სამსახური სათუო... ორი ქვა უნდა ამეღო და თავში აქეთ-იქიდან შემომეკრა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები