ნაწარმოებები



ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2017


"მოკითხვამდე"

გწერ,
როგორ იწერება წერილი
მშვიდობიანობის დროს.
მერწმუნე,
ამ დროს წერა არ აგიტანს.
თუ მაინცდამაინც...
მაშინ აუცილებლად
უნდა ითამაშო „ომობანა“.
არ უნდა შეგეშინდეს სიტყვების წვიმის.
ვინ არ დაცემულა სამკუთხა ბარათების წერისას!
არც შენ იქნები უკანასკნელი.
ნელი სიკვდილით წინადადებას
სანამ მიწაზე დააწვენ,
სათქმელი ძახილის ნიშნამდე
ჯერ მწკრივში უნდა ჩააყენო,
პირიც უნდა გაუპრიალო
და მერე სერია
თვითონ იპოვის გმირებს.
თუ მთავარი როლი არ გინდა,
შეგიძლია, ბოლომდე შინ დარჩე,
რბილად სავარძელში,
ცისფერ ეკრანთან.
წერილს სხვა დაწერს წითელი მელნით,
შუაგულ ომში,
ყველაზე მშვიდობიან წერილს,
კუთხეში მინაწერით,
„მოკითხვამდე“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები