ნაწარმოებები



ავტორი: ჯონიკა
ჟანრი: იუმორისტული
25 აპრილი, 2017


წერილი (მესამე) ნ-ი-კ-ი-ს

გამარჯობა, ნიკ!
რამდენი ხანია, აღარ მომიწერია შენთვის.
რატო არ დამირეკე და რატო არ მკითხე, ჯონიკა, როგორ ხარო, ჰა! აბა, რატო არ დამირეკე!
იცი, როგორ გამაბრაზეს ტენდიმ და საბამ?!
დამაცადონ ამათ, თუ ყველაფერი არ მოგწერო!
კიდე ავეთესე ტენდის, ნიკ. იცი რატო? იმიტომ რომ ერთ გოგოსთან მინდოდა გავქცეულიყავი. ეს ტენდი კიდევ არ მიშვებს, ხო იცი?! 
ჩვენს გვერდით პადიეზდში, მეხუთე სართულზე ორი გოგო ცხოვრობს ლოლა და ლაკი.  ძაან მომწონს ლაკი, ნიკ.  იცი როგორი ლამაზიაააა! ძაან. სუზიზე ლამაზი არ არის, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია.  სუუულ შავია,  მარტო დრუნჩი, თათები და გულისპირი აქვს ყავისფერი.  ეგ ტენდიმ თქვა, მე ხო ფერების გარჩევა არ შემიძლია. ჩემსავით გრძელი ყურები აქვს. იმათ დედას ნორა ჰქვია. დილით და საღამოს ნორას  სასეინოდ გამოყავს. ის ლაკი კიდევ  მოვა ჩემ ფანჯარასთან, გაივლის, გამოივლის, დასკუპდება ჩემი ფანჯრის წინ და კუდს მიქიცინებს. მეპრანჭება რა! იმის დანახვაზე, ნიკ,  გული ისე ამიცემდება, ისე ამიცემდება,    ლამის ამომივარდეს.
ეს ტარტაროზი ტენდი კიდევ გარეთ არ მიშვებს.
ჰოდა, ავეთესე. ძალიანაც კარგად!
  უნდა დავეჭირე კარში, მაგრამ რას დამიჭერდა, ისე მივფრინავდი კიბეზე, ყურები სულ ჰაერში მიფრიალებდა. ვერც დამინახა, საით გავიქეცი.
  ჰოდა, იმათ ვუპადიეზდებდი, რა! გამოიხედა ნორამ და ძაან მეჩხუბა, „ჯონიკა, ჩემი სიძეობა არ გეღირსება შენ, აქედან მოუსვიო.“ 
ჩამოვძუნყულდი მეორე სართულზე. იქ მერაბა ძია და ნატო ცხოვრობენ. მერაბა ძია ხო იცი, აი, ტენდიმ რო გამაშვილა და მაგის მანქანით რო მოვიდნენ წასაყვანად. ნატო მაგისი ცოლია. ტენდის ტოლები არიან. ნატო ნინოსთან დაქალობს და მერაბა ძია ტენდისთან ძმაკაცობს.  სუყველას კიდე მე და საბა ვუყვარვართ.  აი, მერაბა ძია რო დაინახავს,  ტენდის სასეირნოდ ჯაჭვით მივყავარ  ძაღლივით, სუ ეჩხუბება, გაუშვი, ბიჭმა გაიგულაოსო. რაც გინდა, ის უთხრან,  ესმის როო?!
ჰოდა მერა ძიას კარებთან ვიდექი და იქ ვუსადკავებდი ნორას გოგოებს. ვიფიქრე, როგორ არ გამოუშვებს-მეთქი გარეთ. გავიხედე და მარინა აწკარუნაშვილი არ ჩამოდის კიბეზე!  ეტყობა, მაღაზიაში მიდიოდა. ეგეც მეზობელია. ეგეც მაგრა მეჩხუბა. ჯონიკა, დედაშენს გამოექეცი და ლოლას და ლაკისთან მობრძანდი არა?! აბა, მოუსვი სახლშიო. რა მექნა, ნიკ, გამოვვარდი პადიეზდიდან. იქ ერთი გოგო ჰყავთ გარაჟში, ჯერი ჰქვია. იმას ველაპარაკებოდი ცოტა ხანს და თან მარინას ვუთვალთვალებდი. როგორც კი წავიდა, ეგრევე ისევ შევვარდი პადიეზდში. საიდან დამინახააა, როგორ მომასწრო თვალიიი  ამ მარინამ, არ ვიცი, რა! 
უკან მობრუნდა, ნიიკ!  კი არ დაეზარა.  ჰოდა, ნორას ეძახის, ნორა გოგოები არ გამოუშვა, ჯონიკა ელოდება სადარბაზოშიო. ერთი მითხარი,  ვინ ეკითხებოდა აწკარუნას, ჰა?! რა აწკარუნას საქმე იყო, მე ნორას გოგოებს დაველოდებოდი, თუ არა! ნამდვილი „მოამბეა“, რა!
მერე გავიქეცი, ნიკ. იქ ერთ კაცსაც ჰყავს ქათმები და გამახსენდა. აწკარუნაზე გაბრაზებული იმ ქათმებს დავერიე.  გამოვიდა პატრონი. მეგონა, ეგეც მაგრა წამეჩხუბებოდა, მაგრამ იცინა, აუ, რა მაგარი როჟაა, მიდი, მიდი, დაიჭირე, აი, ქათამი, აი, ქათამიო. რას დავიჭერდი, ამდენ სირბილში ისე ვიყავი დაღლილი, სუ ენაგადმოგდებული მივდევდი. ის ქათამიც მაგრა დაიღალა და ისიც სულ გვერდულად მიბარბაცებდა. მერე  საბაც მოვიდა და დამიჭირაააა.
  ტენდი ძაან მაგრა მეჩხუბა. აბაზანაში შემაგდო -ბიჭო, ყველა მუსიკაზე ღმუი და ერთხელ მაინც არ გიღმუვლია    „მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებო“?  აი, ზუსტად ეგრე მითხრა, ღმუიო. როცა არ ვაბრაზებ, მაშინ ხო კარგად მეუბნება - ჯონიკა, ჩემო სიყვარულო, მოდი იმღერეო. ხო კარგად მეუბნება?!  მერე რა ეგ სიმღერა რო გამიგია! უნდა დავიჯერო ყველაფერი, რაც გამიგია, ჰა?!
ჰოდა მაბანავეს, ნიკ. იცი, რატო? სუ გუბეებში ვაჭყაპუნე და იმიტო. მიყვარს რა გუბეებში ჩაჭყაპუნება. ძაღლი ხო ვარ,  მაგრამ სულ გოჭივით ამოვიდუდღნები ხოლმე. თან ბლომად ძურწებიც ავიკარი.
  ტენდი თან მაბანავა, თან თავში სულ სავარცხელი მიჩაჩქუნა -  კიდევ ერთხელ  მიაკითხავ ნორას გოგოებს და დაგაკლავ ნორას კართანო.    „დაიცა, თუ ნიკის არ მივწერო-მეთქი“,  ჩემთვის გავიფიქრე და მიხვდა ნიიიკ! იცი რა ეშმაკიააა! ყველაფერს ხვდება, რასაც გავიფიქრებ. - „ რაც გინდა, ის მისწერე შენს ნიკის. ნიკისი  კი არა, სერი მგლისაც არ მეშინიაო.“
მერე, იცი,  რა მიქნეს საბამ და ტენდიმ? უუჰ! გახსენებაც აღარ მინდა. ისე გამაბრაზეს, ისე გამაბრაზეს, აღარც მაგათი პედიგრი მინდოდა, აღარც  მაგათი კომპიუტერი და აღარც არაფერი.
ხო ამაჭრეს ბირკები და ტენდიმ დაასკვნა, ძალიან არის აღირჯნილი, ამდენი  ძურწა სად  მოძებნა ამ ძაღლიშვილმაო. ჰოდა, ტენდიმ მიყიდა ნაყინი, საბა ნაყინს მაჭმევდა, თან მაწვალებდა, მე თათებით დავეკიდე ხელზე, რომ კარგად გადამესვლიპა და ამ დროს ტენდიმ ისე დამარჭო ნემსი, ვერაფერიც ვერ გავიგე. იცი, რომელი ნემსი? აი რო უნდა დააძინონ, ისეთი. რომ დამენახა, რას გავაკეთებინებდი, მაგრა მეშინია ნემსის. ვჭამ, ჭამ ნაყინს და თან მეძინება. ბოლო ლუკმაც  რომ გადავყლაპე, წავედი მაგიდის ქვეშ და ფშვინვა ამოვუშვი.
ჩვენ სახლში იცი რა გვაქვს? „ჯონის ბუნდღლის საკრეჭი“.  ჰოდა, აი იმ საკრეჭით სუუუულ გადამპარსეს, ნიკ...ჩუმად მოგწერ,  რა-დედას გეფიცები, ტრუსიკიც კი გამპარსეს. რო გავიღვიძე, იცი, როგორ გავბრაზდი?! არც ერთს არ ველაპარაკეოდი. გარეთ გასვლისაც მცხვენოდა, ლაკის რო დავენახე ეგრე შვიშველ-ტვიტველი, ხო სირცხვლი იყო, არა? ჰოდა საღამომდე გარეთ გასვლას აღარ  ვითხოვდი.
რატო არ უნდა ნორას, მაგისი სიძე რომ ვიყო, ჰა? მაინცადამაინც პარლამენტარის ძაღლი უნდა ვიყო, სიძედ რომ ვუდნოდე?! მაგრამ არა უშავს, ესე მიმალავდნენ ერთ გოგოსაც, მაგრამ რო დავიჭირეეე!...  სოფლიდან ჩამოაბრძანეს და როგორც კი გადმოხტა მანქანიდან, მეც იქ არ ვიყავი!..
მერე იმ გოგოს ხან წამლები დაალევინეს, ხან ნემსები გაუკეთეს, მაგრამ მაინც რვა ლეკვი გააჩინა.
ერთ დღესაც ტენდი მეუბნება, „წამოდი, ბიჭო, შენი შვილები მოვინახულოთო“.  წავედით. რო მივედით, ნიკ, იმ გოგოს დედა ისე მეჩხუბა, ისე მეჩხუბა, ძაან მაგრა შემეშინდა და ტენდის ჩავეხუტე. „შენაო, ხო გეუბნებოდი, ლეკვების გაზრდის თავი არ მაქვსო. ეს რვა შვილი რომ დამიტოვე,  ნება იბოძე და ალიმენტი გადაუხადე, ან წაიყვანე და შენ გაზარდეო“. ტენდიმ უთხრა, - ჩვენ პასუხისმგებლობას არ გაექცევით, ნაირა, მაგრამ ჯერ დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად ჯონიკას შვილები არიანო“.  „მაგას დამტკიცება რად უნდა, ქალო, მთელი ეზო უყურებდაო.“  ნაირამ უთხრა. კახელია და „ქალო“ იცის. 
შემრცხვა, ნიიკ. ძაან მაგრა შემრცხვა. მაგას დამტკიცება რათ უნდოდა, ჩემები რო იყვნენ?!  ჯერ ერთი რომ იმ რვა ლეკვიდან ხუთი მე მგავდა და სამი მამაჩემი ბაქსას ასლი იყო. თან, ჩემი ნიჭი გამოჰყვათ სამს, მღეროდნენ.  შეიძლება, მერე სხვებმაც დაიწყეს სიმღერა, არ ვიცი. ტენდიმ თქვა, თუ გინდა, მართლა წავიყვანთ მაგ ლეკვებს, რას გვაშინებო. ნაირამაც თქვა რა, თორე ისე უყვარდა ის ლეკვები, რას გამოგვატანდა.
ტენდის შეაშინებდა ნაირა?! ერთხელ ექვსი ლეკვი მოუყვანა საბამ, ერთი დღის დაბადებულები იყვნენ, ეტყობოდათ, ჭიპებიც ღია ჰქონდათ და არც თავლები ჰქონდათ ახელილი. ჰოდა, ტენდიმ ექვსივე გაზარდა, მაგრამ მაგ ამბავს მერე მოგწერ, ნიკ.
ნიკ, ტენდის გეფიცები, გინდა ყოველდღე მაბანაონ, გინდა, ძაღლიშვილი მეძახოს ტენდიმ, გინდა სავარცხელი მიჩაჩქუნოს თავში, სუ ოთხივე თათზე მკიდია,  მაინც ავეთესები, მაინც  დავიჭერ ნორას გოგოს და რო ჩავიგდებ თათებშიიიი!.. მერე  ნახე შენ!
„მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ“ არ ვიცი მე!


ვიცოდი, ჩემი ამბები რომ გაინტერესებს.

შენი ძამაკაცი ჯონიკა



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები