ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
3 მაისი, 2017


ცის სახლი - 17. ლეიკემია

  ლეიკემია

  (გაგრძელება)

  იმ ბობოქარი დღის მილევის შემდეგ, რომელიც „ჩუსტიკას“ გარდაცვალებით დაიწყო, უფრო ზუსტად კი, გარდაცვლილის გაძარცვის შემდეგ აგორდა, პაპარაცი ერთობ შეიცვალა - გულჩათხრობილი გახდა, სევდიანი; ცდილობდა, დღე საავადმყოფოს მიღმა გაეტარებინა - „ეტაქსავა“; როცა საქმე არ ჰქონდა, უაზროდ დაეხეტებოდა ქალაქში. საღამოს კი, საავადმყოფოში დაბრუნებული, დაცარიელებულ სასადილო დარბაზში შეიყუჟებოდა ხოლმე - „მუყაოს ყუთთან“ ახლოს... და ასე იყო იმ დრომდე, სანამ ამის უფლებას მორიგე სანიტარი აძლევდა - ფიქრებში ჩაფლული ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდებოდა და სადღაც შორს, ჰორიზონტს ბრმად გასცქეროდა... ერთ დღესაც, ფანჯარასთან მხატვარი გაიოზი წამოადგა თავს, ის, ვისაც „ცენტრში“ გამოფენა მოუწყო.
  - გამარჯობა.
  - გაგიმარჯოს.
  თითქოს ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა სათქმელი, ან იქნებ, თქმის ფორმას არჩევდა, გაიოზმა გარკვეული პაუზის შემდეგ იკითხა:
  - რა ქენი, „ცენტრი“ დახურე? - „მუყაოს ყუთს“ დამწუხრებული დააჩერდა, - აღარ ეკარები.
  ძნელი არ იყო იმის მიხვედრა, რომ გაიოზმა „ცენტრში“ გალერეა იგულისხმა და ამიტომ, პაპარაცმა პასუხი შესაბამისად განავრცო:
  - „ცენტრი“ არ დამიხურავს, პირიქით, გავაფართოვეთ კიდეც - გალერეას ახალი დარბაზები შეემატა; იქაურობა უფრო ვრცელი და ნათელი გახდა; რაც მთავარია, გაფართოებით საშუალება გაჩნდა, მისი ერთი ნაწილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გადაგვექცია - გამოფენებიდან გადარჩეული საუკეთესო ნამუშევრები იქ მუდმივ ექსპოზიციაში დარჩება. სხვათაშორის, კოლეგიის გადაწყვეტილებით, მუზეუმში მთელი ერთი დარბაზი შენს შემოქმედებას დაეთმო.
  თუმცა იმ დროს პაპარაციც „მუყაოს ყუთისკენ“ იყურებოდა, იგრძნო, თუ გაიოზის სევდიანი სახე სიხარულმა როგორ გააცისკროვნა; მან გააგრძელა:
  - გატყობ, ხელცარიელი არ უნდა იყო ჩემთან მოსული; მაჩვენე შენი ახალი ნამუშევრები.
  - მხოლოდ ერთი ნახატით მოვედი... თუმცაღა ეს ერთი ნახატი ახლა ჩემთვის მთელს ჩემს შემოქმედებაზე მეტია! წამოდი, შევიდეთ „გალერეაში“.

  „მუყაოს ყუთში“ პირველი გაიოზი შეძვრა, შემდეგ, პაპარაცი.

  - მე უნდა მოვიწონო განახლებული გალერეის იერი?
  პაპარაცს გაეღიმა:
  - არა, ამ კუთხით შთაბეჭდილება „სტუმრებმა“ დააფიქსირონ...
  გაიოზსაც გაეღიმა.
  - მისი დახატვა ახლახანს მომივიდა აზრად; შინაარსიც აწმყოს ეხება; მაგრამ კომპოზიცია შორ, ბავშვობისეულ მოგონებაზე დაყრდნობით ავაგე - ოჯახი... ხუთნი ვიყავით - დედა, მამა, ბებია, ჩემი უმცროსი და და მე. ის პერიოდი მაქვს მხედველობაში, როცა ბავშვს ჰგონია, რომ მამამისი ქვეყნად ყველაზე ძლიერია, დედა ყველაზე ლამაზი და საყვარელი, ბებია ყველაზე თბილი (და ისიც, საყვარელი), ხოლო უმცროსი და (ან ძმა), ყველაზე „კაპარჩხანა“ ბავშვებს შორის. - აქ გაიოზმა მოკლე პაუზა გააკეთა; მოგონებამ სახეზე ღიმილი აუთამაშა. - მშვიდი, მოსიყვარულე ოჯახი გვქონდა; მდიდრები არ ვიყავით; თუმცა, სიღარიბეც შორს იყო ჩვენგან - ოთხოთახიანი ბინა მშობლებს გემოვნებით მოეწყოთ; მის სისუფთავესა და კოპწიაობაზე ბებია ზრუნავდა; ხელმარჯვე ქალი იყო და ფანტაზიასთან ერთად, დახვეწილი გემოვნებაც ჰქონდა - ფარდას ფოჩებს მიაკერებდა, სუფრას რაღაცას მიაქარგავდა, და კიდევ ვინ იცის, რითი აღარ ამშვნებდა სახლს. ბინის მრავალრიცხოვანი „მორთულობიდან“ ერთზე შევჩერდები - მადის ამღძვრელი ვაშლებით სავსე ბროლის ლარნაკი სასტუმრო ოთახში ოვალურ მაგიდაზე იდგა. ეს ვაშლებიანი ლარნაკი ლამის, ჩვენი ოჯახის სავიზიტო ბარათი იყო... თუმცა ჩემ ინტერესის სფეროს არა ვაშლები, არამედ ლარნაკი წარმოადგენდა - დავაცარიელებდი და ფანჯარასთან მზეს ვუშვერდი, რომ მასში არეკლილი სხივის ნაირფეროვნებით დავმტკბარიყავი; სხვათა შორის, თუ მზიანი დღე არ იდგა, ლარნაკი ნათურის სინათლეზეც კარგად ბრწყინავდა. რას აღარ ვიმიზეზებდი ამ ჭურჭლის ხელში ჩაგდების მიზნით - თითქოს და, მასში ჩალაგებული ვაშლები მეტად მეგემრიელებოდა, ვიდრე კარადიდან მოწვდილი... და კიდევ სხვა ათას რამეს. მაგრამ ბებიას გაცურება იოლი არ იყო; მიკრძალავდა ლარნაკით თამაშს, და სრულიად სამართლიანადაც, რადგან ერთხელ ის ხელიდან გამივარდა და გატყდა! როცა გატეხილი ახლით ჩაანაცვლეს, რაღაც ხანს თავი შორს მეჭირა მისგან - ვინანიებდი დანაშაულს... მაგრამ, დიდხანს ვერ გავძელი ასე და ახალ ლარნაკსაც შევაჩვიე ხელი; ის თავის წინამორბედზე მეტად ბრდღვიალა აღმოჩნდა... ჰოდა ერთხელაც, აღნიშნულ თემაზე ბებიასთან მორიგი დაპირისპირების შემდეგ, როცა ის სახლიდან გავიდა, პროტესტის ნიშნად, ლარნაკში ჩალაგებული ყველა ვაშლი სათითაოდ ჩავკბიჩე!
  როცა გავისაზრე რა ჩავიდინე, რომ ამისთვის დავისჯებოდი, კვალის დაფარვა ვცადე - ლარნაკში ჩაბრუნებულ ვაშლებს ნაკბეჩი ქვემოდან მოვუქციე და თავი ისე დავიჭირე, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ჩემმა „სიმშვიდემ“ დიდ ხანს არ გასტანა; თურმე, ჩემი უმცროსი და მითვალთვალებდა და დამაბეზღა - დედაჩემის რეაქცია ბუნდოვნად მახსოვს, მამის, კიდევ უფრო ნაკლებად; თუ კი რაიმე მნიშვნელოვანს დავაშავებდი, ისინი ყურის აწევით, ან კუთხეში დაყენებით მსჯიდნენ; სხვა შემთხვევაში, მტუქსავდნენ. ალბათ, რაღაც სახით დამსაჯეს კიდეც... აი, ბებიას რეაქცია კი, სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში - არაფერი უთქვამს, არც შეიმჩნია, (გამიკვირდა მისგან - ვაშლებიანი ლარნაკი ხომ მისი „შემოქმედება“ იყო), მაგრამ მოგვიანებით, როცა ყველაფერი დამთავრებული მეგონა, ვაშლები ლარნაკში ჩააბრუნა, ოღონდ, ნაკბეჩით გამოსაჩენი მხრიდან და იმ დრომდე დატოვა ასე, სანამ მათ სიდამპლე არ შეეპარათ!
  მთელი ეს ზემოთ თქმული ისტორია ჩემს ნამუშევარში მთავარი სულაც არ არის - მე მხოლოდ ლარნაკში ჩალაგებული ვაშლები დავხატე, და თანაც, საღი, ჩაუკბეჩავი ვაშლები; ფაქტიურად, ნატურმორტი შევქმენი. ოღონდ, ის არა იმ ფერებში გადავწყვიტე, როგორშიც ახლა შემიძლია აღვიქვა, არამედ ბავშვის ხედვით ფოკუსირებული დავხატე - ბროლის ლარნაკი, მზის ლარნაკი გახდა; მაგიდაზე გადაფარებული სუფრა, ცისარტყელას ფერები; ხოლო სხვა დანარჩენი, რაც კი რამ უკანა პლანზე მოსჩანს, აყვავებული გაზაფხულია - ფერთა ზეიმი!
  გაიოზი დადუმდა, სურათის შეფასების მოლოდინში, მოსაუბრეს დაუთმო სიტყა.
  - მე ვფიქრობ, - დინჯად წამოიწყო პაპარაცმა, - შენ სურათი სრულყოფილად შეგნებულად არ წარმოაჩინე - თუ კი ვაშლები დახატე, იმ ფერთა ზეიმში, რომელიც ტილოზე სუფევს, რატომ დაფარე მათი ფერი - ვაშლები რა ფერისაა?
  - ვაშლები... - ჩუმად გაიმეორა გაიოზმა, - თეთრია.
  - თეთრი?
  - ხო, იმდენად თეთრი, რომ შუქ-ჩრდილი თითქმის არ გააჩნიათ.
  - რას ნიშნავს ეს?
  - ნახატს სახელად „ლეიკემია“ დავარქვი.
  პაპარაცმა შეიკავა ის კითხვა, რომელიც ამ სიტყვასთან ასოცირებით ამოუტივტივდა და დაელოდა, მოსაუბრეს მის ჩაურევლად დაესრულებინა აზრი.
  - ჩემი სისხლის ანალიზის პასუხი მოვიდა - მწვავე მიელობლასტური ლეიკემია მჭირს.
  სიჩუმე ჩამოვარდა, მძიმე, უხერხული სიჩუმე, რომელიც პაპარაცმა არცთუ წარმატებით გაფანტა:
  - ლეიკემია განკურნებადია...
  - კარგი რა - დღეები დამრჩა... - გაიცინა გაიოზმა, - დავისვენებ - ხელოვანი კაცისთვის ცხოვრება ტვირთია! ჭიქას მოკიდე ხელი, ჩემი მდგომარეობა ავღნიშნოთ!
  - ავღნიშნოთ... - გაიმეორა პაპარაცმა, - ღმერთმა გაგაძლიეროს! მთავარია არა ის, თუ ადამიანი ამ ქვეყნიდან როდის გავა, არამედ ის, თუ როგორ (ანუ, რითი) გავა.
  - ვიცი, რასაც გულისხმობ... გაკვირდებოდი და ვფიქრობდი: რა არის ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? და მივხვდი, მართალი ხარ - სანამ ეს ხელგვეწიფება, სული უნდა გადავირჩინოთ! მე გადავდგი ამ მიმართულებით ნაბიჯი... მომიხსენიე, როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები!
  - არავინ იცის ამ ქვეყნიდან ვინ ვისზე ადრე გავა. რაც შეეხება მოხსენიებას, მოდი, ერთმანეთი მოვიხსენიოთ ყოველთვის, სადაც ვიქნებით.
  - კარგი, შევთანხმდით.
  და პირობაზე ბეჭდის დასმის ნიშნად, ერთმანეთს სიყვარულით გადაეხვივნენ.

  (გაგრძელება იქნება)
  ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები