ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
9 მაისი, 2017


ცის სახლი - 18. XXI საუკუნის ხიბლი

  XXI საუკუნის ხიბლი

  (გაგრძელება)

  მხატვარი გაიოზის სულიერი მხნეობით მოხიბლულმა (და თავადაც გამხნევებულმა) პაპარაცმა გადაწყვიტა, დამდეგი დღე „სულიერი მოღვაწეობისთვის“ დაეთმო; თუმცა მანამდე თავისი ცალთვალა ურიკით „ტაქსაობას“ გეგმავდა. დილით, საუზმის შემდეგ სასადილოში შეიცადა, სანამ იქაურობა დაიცლებოდა - ფანჯრიდან ხან ქუჩას გასცქეროდა და ხანაც, დარბაზში დარჩენილ პაციენტებს ითვლიდა. უცებ, „სიძეს“ მოჰკრა თვალი, რომელიც არ ჩქარობდა იქაურობის დატოვებას და თავისი დანაპირები გაახსენდა - მოკლეტარიანი ბარი უნდა ეშოვა, რომელიც „სიძეს“ საავადმყოფოში ქალ პაციენტთა განყოფილებამდე გვირაბის გასათხრელად ესაჭიროებოდა, რომ თავისი გულისწორი, წითელლოყება გოგო მოეტაცა; და საფიქრალს მიეცა, რათა დანაპირების შეუსრულებლობა მისთვის რაიმე დამაჯერებელი მიზეზით აეხსნა, მაგრამ „სიძემ“ პაპარაცი თითქოს ვერც შეამჩნია, მზერა „მუყაოს ყუთს“ მიაპყრო და მიუახლოვდა; ერთხანს ჩუმად დასჩერებოდა, მერე, იკითხა:
  - ძმობილო! - მიმართა პაპარაცს, -  ეს რა არის?!
  - ეს?
  - ჰო, ეს! - და საჩვენებელი თითი „მუყაოს ყუთს“ დააბჯინა.
  - შენი აზრით რა უნდა იყოს?
  - ჩემი აზრით... - მრავლისმეტყველი პაუზა ჩაურთო, - ტელევიზიააო, ამბობენ.
  - მართალი უთქვამთ, სხვა დანარჩენთან ერთად, ტელევიზიაც არის!
  - ვაა... - დოინჯშემოყრილმა ყუთს გარშემო შემოუარა, - მოკლე კაბიანი გოგოები მუშაობენ მასში?
  პაპარაცს გაეღიმა.
  - ძმობილო, გატყობ ვერ მიმიხვდი კითხვას, დაგიკონკრეტებ, უფრო სწორად, პირდაპირ გკითხავ: შიგნით სექსი არის?!
  პაპარაცმა ვერ მოიფიქრა რა ეპასუხა; თან უხერხულადაც იგრძნო თავი და გრძნობების დასაფარად, გულუბრყვილო კაცის გამომეტყველება მიიღო.
  - ეე, სანამ ამას აუხსნი... - ხელი ჩაიქნია „სიძემ“ და წელამდე „მუყაოს ყუთში“ შეფოფხდა, რათა გამოეკვლია მოიპოვებოდა თუ არა იქ „სექსი“; კედლები ხელით მოსინჯა, აქაოდა სიბნელეში რაიმე არ გამომეპაროსო... მაგრამ მალე იმედგაცრუებული უკან გამოძვრა.
  - იქ სექსი არ არის! - თქვა მან.
  პაპარაცმა არაფერი არ უპასუხა, იმდენად ურეაქციო იყო, თითქოს ვერც გაიგო მისი ნათქვამი.
  - ძმობილო, ნუთუ დაყრუვდი?! ჩემი სიტყვები არ გესმის! არა და, მკაფიო ქართულით გელაპარაკები!
  გარკვეული პაუზის შემდეგ პაპარაცმა მშვიდად უპასუხა:
  - ძმობილო, და ძმობილზე უსაყვარლესო, მართალია ქართულად მელაპარაკები, მაგრამ საუბარში უცხოურ სიტყვებს ხმარობ და ამიტომ, ცოტა არ იყოს, აზრის გამოტანა მიჭირს!
  - რომელია აქ უცხოური სიტყვა - სექსი?!
  - სწორედ ეგ!
  - ძმობილო, რას ბრძანებ - „სექსი“ თუ უცხოა ქართველებისთვის, როგორ გავმრავლდით ამდენი?!
  - კიდევ და კიდევ, ძმობილზე უსაყვარლესო, რასაც შენ „სექსს“ უწოდებ, ის უცხოელებმა სულ ახლახანს ჩანერგეს ჩვენს ცნობიერებაში! გამრავლებაო, რომ გაიძახი, გაიხსენე: წინათ საიდან მოვდიოდით ბავშვები - ზოგი წეროს მოვყავდით და ზოგსაც, კომბოსტოში გვპოულობდნენ!
  სიძე ჩაფიქრდა...
  - მართალი ხარ - ჩვენ ბავშვობაში სექსი არ იყო! სექსი ამერიკელებმა მოგვახვიეს თავს!
  - ევროპელებმაც! - კვერი დაუკრა პაპარაცმა.
  - ხო, ევროპელებმაც... თურმე რა ხდება... - უცებ თვალები გაუბრწყინდა, - ძმობილო, შენ კომბოსტოში გიპოვეს, თუ წერომ მოგიყვანა?
  - სიმართლე გითხრა, არ მახსოვს.
  - არც მე მახსოვს, მაგრამ ვგრძნობ, წეროს მოყვანილი ვარ - ფრენა მინდება ხოლმე...
  ის წავიდა, მაგრამ სასადილოს გასასვლელში შეჩერდა და ჩაფიქრებული კედელს მიეყრდნო; მერე, მობრუნდა, მუყაოს ყუთს მიუახლოვდა და პაპარაცის გასაგონად დამარცვლით წარმოსთქვა:
  - რაღაცეებში ამერიკელებს და ევროპელებს უნდა მივბაძოთ! მე გეუბნები შენ: ამას სექსი სჭირდება! - და „მუყაოს ყუთს“ კიდევ ერთხელ (დამაჯერებლად) დააბჯინა თითი.
  პასუხს არ დაელოდა, ისე წავიდა.

  „მუყაოს ყუთში“ შემძვრალი პაპარაცი იმავწამს თავის სამუშაო კაბინეტში აღმოჩნდა - „საუფროსო ყავას“ შეექცეოდა და თან, მაგიდაზე გაშლილ ჟურნალ-გაზეთებს ათვალიერებდა; ხელთ სწორედ ის გაზეთი მოხვდა, რომლის პირველ გვერდზე მის შესახებ ვრცელი სტატია გამოექვეყნებინათ; სათაურიდან ჩანდა, რომ სტატია კრიტიკული შინაარსისა იყო - „პაპარაცის მედროშეობით უკან, ბნელი წარსულისკენ!“ - საინტერესოა... - გაიფიქრა მან და კითხვას შეუდგა:

  „Lady & Gentleman, ჩემო ძვირფასნო, თქვენი მეხსიერების ფსკერიდან მინდა ამოატივტივოთ ერთი მილეული, თუმცაღა თავის დროზე ერთობ ფრთოსანი ფრაზა, რომელმაც თანამედროვე კაცის ცნობიერებაში არააქტუალურობის გამო ადგილი ვეღარ ჰპოვა და დაილექა; ძალიან მალე, (იქნებ თქვენს მიერ ამ წერილის გულდასმით ჩაკითხვისთანავეც), აღნიშნული ფრაზა ჩვენი მეხსიერების ფსკერიდანაც ამოიშლება, სრულ მივიწყებას მიეცემა(!); აი, ეს ფრაზაც - „სილამაზე იხსნის მსოფლიოს.“ - გახსოვთ ხომ... - (აქ პაპარაცს წერილის ავტორის ხითხითიც კი ჩაესმა ყურში.) - ასე მე 19-ე საუკუნის უწიგნურ თაობას მიაჩნდა. შედეგი? შედეგი ასეთია: ამ თაობამ XX-ე საუკუნეში ისე გადმოაბიჯა და გაუჩინარდა კიდეც ამაოებაში, ხსნას ვერ ეღირსა! მხოლოდ მათმა შვილებმა (ანუ, ჩვენმა თანასაუკუნელებმა, მაგრამ არა ჩვენმა და-ძმამ, არამედ ჩვენმა მამებმა და პაპებმა) გააცნობიერეს, რომ „სილამაზე“ პირობითი მცნებაა და მისი შესატყვისი მართებული სიტყვა „ეროტიკაა“ - ეროტიულობა! თუმცა კიდევ უფრო მოგვიანებით გაირკვა, რომ თურმე ეს სიტყვაც თავისი შინაარსით არ ყოფილა სრულფასოვანი, ანუ ის, რასაც „ხსნა“ მოაქვს! მხოლოდ კაცობრიობის სრულიად უკანასკნელმა, პროგრესულად მოაზროვნე თაობამ (ჩვენი თავი მყავს მხედველობაში, Lady & Gentleman, ვისაც სხვა ჩვენ „თანასაუკუნელთაგან“ განსხვავებით ცალი ფეხი XXI-ში გვიდგას), შევიცანით, რომ „ეროტიკა“ სრულყოფილების მხოლოდ წინა საფეხურია! დიახ, წინა საფეხური! ხოლო უკანასკნელი საფეხური, ანუ სრულყოფილება, რასაც ხსნა მოაქვს, ჩემო Lady & Gentleman, არც მეტი, არც ნაკლები - სექსია! თანაც, არა მდარე, ერთფეროვანი, არამედ აქტიური, აღვირახსნილი სექსი! ჩემი სიტყვების დასტურად, ერთ ასეთ მარტივ, თუმცაღა ძალზედ ცხოვრებისეულ მაგალითს მოვიყვან: ქალის მოსახიბლად დღეს აღარაა საკმარისი თუ მას ვეტყვით - „რა ეროტიული ხარო!“ აი, რა სურს მას მამაკაცისგან მოისმინოს: რა სექსუალურად გამოიყურები! დიახ, ჩემო Lady & Gentleman, ვიმეორებ - ის ჯადოსნური სიტყვა (თავისი პირდაპირი მნიშვნელობით), რომელსაც ადამიანები საკუთარი ყოფის გასაჰარმონიებლად ეძიებენ - სექსია!
  (თუმც ეს წერილი იყო, პაპარაცმა იგრძნო, თუ ავტორმა თავის წარმოდგენაში როგორ მიითვალა მკითხველის აპლოდისმენტი.)
  ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუცია, ანუ, ყველაზე უდიდესი მონაპოვარი, რაც კაცობრიობის ისტორიის ანგარიშზეა - „სექსუალური რევოლუციაა“, რომელიც ჩვენი საუკუნის 70-იან წლებში მოხდა! მივესალმოთ მას - Viva! Viva! და აი, ყოველივე ამის ფონზე პაპარაცი (ჩვენი დროის ვაიმედროშე) ცდილობს დაგვაბრუნოს არა მხოლოდ ბნელ მე-19 საუკუნეში, როცა უწიგნურნი ხსნას სილამაზეში ეძებდნენ, არამედ კიდევ უფრო უკან - პლატონისეულ ეპოქაში! „პლატონის მოძღვრება“ დღეს საბავშვო ანიმაციური ფილმის რომელიმე მეორეხარისხოვანი პერსონაჟის შესაქმნელადაც აღარავის გამოადგება(!), რადგან თანამედროვე ხელოვნება უპირობოდ უნდა იყოს გაჟღენთილი სექსით, ისტერიით, კივილით, შიშით! მეტს გეტყვით, თანამედროვე ხელოვნება გარკვეულ წილად უნდა ყარდეს კიდეც! წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელოვნება აღმოჩნდება პრიმიტიულ-ილუზიური! დიახ, პრიმიტიულ-ილუზიური!“ - (ციტატის დასასრული).
  (- ვაა, ეს ვინ ყოფილა... - აღმოხდა პაპარაცს და კითხვა განაგრძო.)
  ეს ვაჟბატონი (პაპარაცი) თავს რასაც გვახვევს, დღეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მოსათაფლადაც აღარ გამოდგება! უთქვამთ - „ყრმათა ბაგენი ჭეშმარიტებას ღაღადებენო...“ - ჰოდა, მოდით, დავესწავლოთ პატარებს - ჩავიხედოთ თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში, რითი ცხოვრობს ის, რითი ერთობა? ამისთვის საკმარისია მათი სათამაშოების სამყაროს გავეცნოთ: პინოქიოს, ექიმი აიბოლიტის (და სხვა მსგავს პერსონაჟთა) სიბრალული როგორღა უნდა ჰქონდეთ, როცა კარაბას-ბარაბასისა და ბარმალეის მრისხანება მათთვის აბუჩად ასაგდებია?! აი, რაც მათ იზიდავთ: სისხლის მღვრელი მანქანები - ტრანსფორმერი, ტერმინატორი, ჰალკი... და ასე შემდეგ. - ეს ბიჭუნების გემოვნებაა. მოდით ახლა გოგონების წარმოსახვით სამყაროშიც შევიჭვრიტოთ: აქ ზღაპრულ პერსონაჟთაგან არჩევანიც აღარ დარჩა, რადგან „სექსუალურმა ბარბმა“ სრული მონოპოლია მოიპოვა! დიახ, დღევანდელი „ბარბი“ აღარაა წარსულის მიამიტი თოჯინა, ის უკვე ჩამოყალიბებული „სექს-არსებაა“, რომელმაც ქალწულება დროს გაატანა! მეტს გეტყვით: სულ მალე ბარბს „სექს-ბომბის“ ამპლუაში ვიხილავთ!
  ჩემო Lady & Gentleman...“

  პაპარაცმა კითხვას თავი ანება; სტატიისთვის ყურადღება იქნებ არც მიექცია, რომ არა ერთი ფაქტორი - გაზეთის კოლეგია ირწმუნებოდა, რომ ქვეყნის წარჩინებულ ადამიანთა უმრავლესობამ წერილს სოლიდარობა გამოუცხადა. ფეხზე წამოდგა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა; დიდხანს იარა. მერე უცებ ერთ ალაგას შედგა და საკუთარ ჩრდილს, რომელიც კედელზე ილანდებოდა, პირქუში სახით მიმართა: - „ეს იმას ნიშნავს, რომ ცივილიზაციამ უკუათვლა დაიწყო!“ - ბოლთისცემა განაგრძო; თუმცა საკუთარ თავთან საუბარი აღარ გაუწყვეტია:
  - ნუთუ, ყველა ერთიანად გადაირია?! ან იქნებ, მართალნი არიან - მე დროს ჩამოვრჩი... რითი შეიძლება საზოგადოებას მოვაწონო თავი - ჩემს საავტორო ტელეგადაცემაში ვინმე ვაწამო, მოვკლა?! ასეთი კადრის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კაცი გავხდები! მაგრამ... - წუთით დადუმდა, ბოლთის ცემა არ შეუწყვეტავს, მრისხანება აღებეჭდა სახეზე. - ამის გარეშეც შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩემში არნახული სისასტიკეა ჩაბუდებული! დამფრთხალი კაცი რაში მარგია... ადამიანის პროტოტიპს დავბდღვნი - თოჯინა ბარბს! რატომ თოჯინა ბარბს?! თუ ეს ვინმეს აინტერესებს, პასუხი გაზეთში ჩემს შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული წერილის ავტორს ჰკითხოს! ჰა... ჰა... ჰა... - პაპარცმა ისე ჩაიცინა, როგორც ეკრანიდან ფანტომასი იცინის.

  რა თქმა უნდა, ეს პაპარაცის ხუმრობა იყო და ჭკუიდან სულაც არ გადასულა, მაგრამ იმდენად გაახალისა თავისმა როლმა, რომ გადაწყვიტა სიუჟეტი დამაგვირგვინებელ ფინალამდე განევრცო - მხატვრულ ფილმად ექცია, სადაც თავად იქნებოდა სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი და მუსიკალური გამფორმებელიც კი! (ხო, მუსიკალური გამფორმებელიც, რადგან ერთი მელოდია აჰკვიატებოდა და გულში უწყვეტად იმეორებდა...). რაც შეეხება მსხვერპლს - „დასაბდღვნელად განწირულ ბარბს“, ის არა მისი წარმოსახვის ნაყოფი იქნებოდა, არამედ რეალურ თოჯინას ჩაიგდებდა ხელში.

  მუყაოს ყუთიდან გამომძვრალ „მრისხანე“ პაპარაცს გარემო ძალზედ „ფერადი“ ეჩვენა. წელში გაიმართა და ორი თითი პიჯაკის ჯიბეში ისე ჩაიყო, თითქოს იქ შავი სათვალე ედო... ამოიღო ჯიბიდან ის არარსებული (წარმოსახვითი) შავი სათვალე და თვალებზე იმ აზრით დაიბნია, რომ სამყარო დაიბინდებოდა, მაგრამ ამაოდ - „წარმოსახვითი სათვალის“ მეშვეობით „ფერადმა სამყარომ“ ელფერი არ შეიცვალა. რა გაეწყობოდა, მან აღიარა, რომ სათვალე (ისევე როგორც თოჯინა) სიუჟეტში რიალური უნდა ჩაესვა, ანუ, თოჯინასთან ერთად სათვალეც საყიდელი გაუხდა.
  სასადილო დარბაზში იმ ეტაპზე აღარაფერი ესაქმებოდა და „საყიდლებზე“ გასწია; კიბე ჩაიარა, ეზოში გავიდა - ცდილობდა შემხვედრთათვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო; შეუმჩნეველი იმიტომ, რომ მორგებულ როლს ასეთი ქცევა მიესადაგებოდა... ალაყაფის კართან ნაბიჯს უკლო, არე-მარე დაზვერა - გასასვლელს უზურგო სკამზე მჯდომი ღიპგადმოგდებული გოგია იცავდა; პაპარაცმა იცოდა, რომ ეს ასე იქნებოდა, მაგრამ სახეზე მაინც უკმაყოფილება დაეტყო... გოგია მას განა ქუჩაში არ გაუშვებდა, უბრალოდ, პაპარაცს, ხომ ვთქვით, როლი ჰქონდა ასეთი - შეუმჩნეველი უნდა დარჩენილიყო!
კედელს ამოეფარა და გოგიას ყურადღების მისაქცევად ქვის კენჭი ისეთი მიმართულებით ისრილა, რომ ის გასასვლელიდან გამოეტყუებინა. კენჭი შუშას მოხვდა და მყიფე ხმა გამოსცა. გოგიამ ყურები ცქვიტა, მაგრამ ფეხზე არ წამოდგა. პაპარაცმა ხელმეორედ ისროლა კენჭი. გოგია არც ამჯერად დაიძრა ადგილიდან. მესამე მცდელობამ ნაყოფი გამოიღო - ის ძუნძულით გამოგორდა ხმაურის მიმართულებით, გაიხედ-გამოიხედა და საეჭვო რომ ვერაფერი ნახა, შეიგინა და თავისი ადგილისკენ გასწია. სწორედ იმ დროს პაპარაცს შეეჩეხა, რომელმაც ვერ მოასწრო ალაყაფის კარში მალულად გაძრომა:
  - ეე, ეს შენა ხარ?!
  - არა, მე არა ვარ! - ისე იუარა პაპარაცმა, თითქოს საკუთარი თავი ვერ შეიცნოო.
  - გარეკე, თუ რა არის?!
  - შესაძლოა იმან გარეკა კიდეც, ვინც შენ გგონივარ... მაგრამ მე, ვიმეორებ, მე არ ვარ(!), და აქედან გამომდინარე, არ გამირეკავს!
  - ეჰე... - საჩვენებელი კოტიტა თითი საფეთქელთან დაიტრიალა გოგიამ.
  პაპარაცმა მას ცივად აუარა გვერდი და გზა განაგრძო; დიდი ბაზრობისკენ აიღო გეზი, რომელიც ქალაქის გულს ავთვისებიანი სიმსივნესავით შეზრდოდა; იქ ყველა სახის ახალ საქონელთან ერთად ძველმანი ნივთებიც იყიდებოდა; ფასიდან გამომდინარე, სათვალეს ახალს იყიდდა, ხოლო თოჯინა-ბარბს - მეორადს.

  ბაზრობაზე ათასი რჯულის ადმიანი ირეოდა... პაპარაცმა ფული შარვლის ჯიბიდან პიჯაკის შიდა ჯიბეში გადაიტანა, რომ ვინმეს არ მოეპარა... აი, ის გაუსწორდა ბაზრობის ნაწილად ქცეულ სკვერს, სადაც დიდი აკაკის ძეგლი იდგა, ძეგლი, რომელიც მხატვარმა გაიოზმა თავის ფანტაზიაში არსებულისგან განსხვავებული - ღრმა დეპრესიაში ჩაძირული დახატა - „ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო; ერთი მათგანიც რომ გაწყდეს, მაშინვე უნდა შველაო...“ - სიმებისა რა მოგახსენოთ და, სკვერის „ოკუპანტ გარემოვაჭრეებს“ ძეგლითვის ყოველი მხრიდან თოკები გამოებათ წვიმისგან დასაცავი ლურჯი ბრეზენტის დასაჭიმად; ასე და ამგვარად, დიდი აკაკი თავისივე სახელობის სკვერში პაპარაცს დატყვევებული დაუხვდა. სამძიმრის სათქმელად ძეგლს წინიდან შემოუარა... მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძეგლი ბაზრობას ვერ გაეტეხა - აკაკი ისეთივე ღრმა, მედიდური, ჩონგურ-მომარჯვებული დაუხვდა! ქედი მოიხარა მის წინაშე და გზა განაგრძო. თავდაპიველად სათვალეების რიგს მიაშურა; პირველივე სტენდზე გამოფენილი სათვალეებიდან ერთი (კუპრივით შავი) შეარჩია და ფასი იკითხა.
გაბღენძილმა, შავ სამოსში გამოწკეპილმა ვაჭარმა პაპარაცი, მისი ჩაცმულობიდან გამომდინარე, უტიფრად აათვალ-ჩაათვალიერა და თავიდან მოიცილა:
  - ძვირია...
  ცივად გაეცალა ამ კაცს და რამოდენიმე სტენდს ბრმად ჩაუარა; სათვალის გარდა ახლა ვაჭრის პიროვნული ღირსებით შერჩევაც დაიწყო... მაგრამ სანამ ასეთს იპოვნიდა, ერთმა მათგანმა თავად გამოირჩია იგი - დაბალი, სუსტი, ერთი შეხედვით უბრალო კაცი ჩანდა, მაგრამ თვალები ეშმაკური ჰქონდა და ტუჩებიც, წვრილი და დამცინავი; წინ გადაუდგა:
  - უფროსო, სახეზე გაწერია კაი სათვალეს ეძებ! დიდი არჩევანი მაქვს - ძვირიან მოდელს იაფად მოგცემ! პირველი ხელი ვარ - საქონელი უცხოეთიდან თავად ჩამომაქვს!
  პაპარაცი ბედს მიენდო... ერთი ძველმოდური, პლასტმასის კუპრივით შავი სათვალე შეარჩია.
  - ოო, გემოვნება სერიოზული გქონია! - წამოიძახა ვაჭარმა, - ეს, ჩემო ძმაო, უნივერსალური სათვალეა - როგორც ტურისტს, ისე მაფიოზსაც გამოადგება! გინდა მზეში იხმარე, გინდა ჩრდილში, გინდ დღისით და გინდაც, ღამთ - ამ კუთხით შეზღუდვა არ გააჩნია. სახე მაჩვენე... - და პაპარაცის უხერხულობის მიუხედავად, სათვალე მოარგო; თან სარკეც მიაჩეჩა, - აჰა, ხომ ვთქვი - ეს სათვალე შენზე ზედგამოჭრილია; ნაღდი ჩიკაგოელი მაფიოზი ხარ! ათ ლარად მოგცემ...
  პაპარაცი სათვალის ყიდვას ხუთი ლარის ფარგლებში გეგმავდა; ვაჭარმა იგრძნო ეს და ოთხი ლარის დაკლებით (ექვსად) მიჰყიდა. ისე დასცილდა ამ კაცს, სათვალე არ მოუხსნია - ნავაჭრით კმაყოფილი დარჩა; კომპლიმენტმა განსაკუთრებით გაახალისა, რომელიც ყურიდან არ სცილდებოდა - „ჩიკაგოელი მაფიოზი ხარო!“ აღსანიშნავია ის, რომ სათვალემ მის იმიჯში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა - თვალში საცემი კაცი გახადა, (რაც მის მორგებულ როლთან - შეუმჩნეველი რომ უნდა ყოფილიყო, შეუსაბამო იყო), მაგრამ პაპარაცმა ამ გარემოებას ყურადღება არ მიაქცია, რადგან ჩათვალა, რომ გამვლელის მზერა სათვალის ფარგლებს ვერ გასცდებოდა და თავად, ამ თვალში საცემი სათვალის მიღმა, შეუმჩნეველი დარჩა, სწორედ ისე, როგორც სალვადორ დალი თავის პიროვნებას აპრეხილი ულვაშების მეშვეობით მალავდა - ვინ გაიარა, კაცმა თუ ქალმა? ვერ შევამჩნიე, მუქი სათვალე კი უეჭველად ეკეთა! თუმცა სათვალის მთავარი ღირსება მაინც ის იყო, რომ მისი მეშბეობით „ფერადი სამყარო“ დაიბინდა, ხოლო დაბინდული ერთობ უსუსური გამოჩნდა, და ამის ფონზე, პაპარაცმა იგრძნო, თუ მასსა და სამყაროს შორის იქამდე არსებული პროპორციის ზღვარი თავის სასარგებლოდ რაოდენ გადმოიხარა, ანუ - „მრისხანე პაპარაცი“ ახლა მეტად ძლიერი და სახიფათო პიროვნება გახდა. სახიფათო ყველასთვის, (ბარბზე აღარაფერს ვამბობთ...), სახიფათო თუნდაც იმ სათვალეებით მოვაჭრე გამოწკეპილი მუტრუკისთვის, რომელმაც წეღან ის პასუხის ღირსი არ გახადა. თუმცა ამ უკანასკნელს პაპარაცმა მხოლოდ ის აკმარა, რომ უკანა გზობაზე, როცა გვერდით ჩაუარა, ირონიით გადახედა და ჩაიცინა.
  სანამ იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ძველმანი ნივთები იყიდებოდა, ახალი სათამაშოებით დახუნძლულ რიგში მოუწია გავლა, და თუმც დახლებისთვის რიგიანად არ შეუხედავს, აქეთ-იქიდან შემოესმა დამფრთხალ ბარბთა მითქმა-მოთქმა და გადაძახილი, რომელმაც მას რატომღაც ფოთოლთა შრიალი გაახსენა - ერთ „ფოთოლს“ ნაადრევად მოსწყვეტდა ხეს... ოღონდ „ფოთლებმა“ არ იცოდნენ, თუ არჩევანს რომელ მეთგანზე შეაჩერებდა; ეს თითოეულის ავი წინათგრძნობა იყო. მალე მეორადი სათამაშოების გასაყიდი კუთხეც გამოჩნდა; იქ არჩევანი დიდი არ იყო, (პაპარაცმა სულ ოთხი ბარბი დააფიქსირა), მაგრამ ერთმა მათგანმა, ჩაცმით, იერით, კანის, თმისა თუ თვალების ფერით, პაპარაცი მოხიბლა, მოხიბლა იმ ხიბლით, რომელიც მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოებისას ეუფლება.
  - რა ღირს თოჯინა-ბარბი?
  - მაგ ბარბს თხუთმეტს ვაფასებ... შემიძლია, თოთხმეტად მოგცე.
  თოთხმეტი ლარი მაქსიმუმი იყო იმისა, რისი გადახდაც პაპარაცს შეეძლო, და ეს დამთხვევა ისე ენიშნა, მეთხუტმეტე ლარი რომ სდებოდა ჯიბეში, თავისი მიამიტი ბუნებით იმასაც დაამატებდა.
  - ინებეთ თოთხმეტი ლარი.
  ბარბი გამოართვა - ბაგა-ბუგისგან გული ლამის ამოუვარდა... ალბათ, ბარბისაც. ეს იყო მოძალადისა და მსხვერპლის პირველი ფიზიკური შეხება, შეხება ნაზი, ალერსიანი, რომელიც ერთისგან მეორის მახეში მოთაფლულ შეტყუებას წარმოადგენდა. ის, რაც მათ შორის დაიწყო, პაპარაცს უკანასკნელ წვრილმანამდე გათვლილი ჰქონდა, ხოლო ბარბისთვის ეს ბუნდოვან სიზმრად იქცა. არავითარი წინააღმდეგობის გაწევა - სუსტი არსება ჯალათს ყელს თავისი ნებით უშვერდა... რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს, ბარბის პაპარაცისადმი სრულმა მინდობამ, მთელი ეს პროცესი სიყვარულის, შიშისა და მრისხანების ჰარმონიულ თანაფარდობად აქცია, თითქოს რაღაც მელოდიაც გამოისმოდა მასში, მელოდია - ნაზი და შემზარავი, ხავერდოვანი და სისხლივით სველი... უმწეო ბარბი მან პიჯაკის კალთის ქვეშ შემალა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „მსხვერპლმა“ დღის სინათლე უკანასკნელად ნახა!
  საავადმყოფოსკენ გასწია - როგორც კი ბარბს „სტუდიაში“ მოიხელთებდა, საქმეს აუჩქარებლად შეუდგრბოდა: ჯერ სამოსს გახდიდა... უფრო სწორად, შემოახევდა! შემდეგ, კისერს მოუგრეხდა... არა, კისრის მოგრეხვამდე, ხელს ამოუგდებდა! შემდეგ, ფეხს! სხვა ნაწილებსაც დაუზიანებდა, და ბოლოს, მსხვერპლის სრული ლიკვიდაციის შემდეგ, ქვეყნის წარჩინებულ ადამიანთა იმ უმრავლესობას, ვინც მისი გამკრიტიკებლის პოზიცია გაიზიარა, ფანტომასის სიცილით გაუცინებდა - ჰა... ჰა... ჰა...

  საავადმყოფოში სადილი დამთავრებული დაუხვდა და სასადილო დარბაზი თითქმის ცარიელი იყო; იმ რამოდენიმე პაციენტთაგან, რომელნიც ჯერ კიდევ იქ ირეოდნენ, ისეთი არავინ იყო, ვინც ხელს შეუშლიდა და პაპარაცი პირდაპირ საქმეზე გადავიდა: „მუყაოს ყუთში“ შეძვრა; შესასვლელი ისე ჩახერგა, რომ შიგნით დღის სინათლეს არ შეეღწია; გაინაბა, ჰაერი ღრმად ჩაისუმთქა და ამოსუმთქვისთანავე ტელესტუდიაში აღმოჩნდა, თავის საავტორო გადაცემაში -  „ბაგ-ბუგ, ბაგ-ბუგ...“ - გამოისმოდა მისი მკერდიდან. ახლა დრო დადგა ბარბის გულის მდგომარეობა გამოეკვლია - შიშისგან გახევებულს საჩვენებელი თითი კაბის ქვეშ (მკერდის არეში) ცივად შეუცურა... მაგრამ სანამ მისი კარდიოლოგიური მდგომარეობა გამოიკვლია, სხვა ემოციამ მოიცვა - ბარბს სხეული რაღაც განსაკუთრებული, ადამიანის კანის მსგავსი ქსოვილისგან ჰქონია დამზადებული, გარდა ამისა, თითის წვერზე წამოედო ორი ფაფუკი ბორცვი პაწაწინა წაწვეტებებით. რაღა დავმალოთ და, სისასტიკის ნაცვლად პაპარაცი „უადგილო“ გრძნობამ მოიცვა - საკუთარმა ბიოლოგიურმა სხეულმა შეახსენა, რომ იგი მამაკაცია, და ალბათ, ბარბისთვის ხელი რომ არ გაეშვა, საქმეს სამარცხვინოდ დაასრულებდა... იძულებულმა „ბარბის დაბდღვნის“ პროცესი გადადო - გადაცემაში რეკლამა გამოაცხადა... მაგრამ მოგვიანებით, როცა სიუჟეტის სცენარის მიხედვით გაგრძელება სცადა, იგივე დაემართა - „სექსუალური ბარბი“ მის გონებას ამურის ისარივით ჩაესო და აღარ მოეშვა. სხვა გზა არ დარჩა პაპარაცს, თუნდ ეს გადაცემის ჩაშლის ფასად დაუჯდებოდა, „მაცდური ბარბი“ სტუდიიდან უნდა გაეძევებინა! „მუყაოს ყუთიდან“ გამოძვრა და სასადილოს ყველაზე შორეულ წერტილში, სადაც დაშლილი სკამების ფრაგმენტები ეყარა, ბარბი ღრმად დაფლა.
  უკან დაბრუნდა; მის წარმოსახვაში მუყაოს ყუთი ჯერ კიდევ „ტელესტუდია“ ოყო, მაგრამ „ტელეგადაცემაზე“ გაძღოლა ვეღარ შესძლო. იმიტომ ვერ შესძლო, რომ „დამარხულმა ბარბმა“ საფლავიდან არ მოასვენა: თუ აქამდე თვითონ ესხმოდა თავს, ახლა იმან შემოუტია - თვალწინ ედგა, ფანტაზიის უნარი დაუქვეითა! მისგან თავის დაღწევის ამაო მცდელობის შემდეგ, გამძვინვარებული პაპარაცი ყუთიდან გამოიჭრა, ამოთხარა ბარბი, ფეხში წაავლო ხელი და ფანჯრიდან საავადმყოფოს გარეთ, ქუჩაში მოისროლა! ის იყო, ფანჯარას უნდა მოსცილებოდა, რომ სატვირთო მანქანის ავისმომაწავებელი გრუხუნი შემოესმა, რომელიც ასფალტზე გაშხლართულ ბარბისკენ მოემართებოდა; ბორბლების ტრაექტორია შორიდანვე გათვალა პაპარაცმა - სატვირთო მანქანამ ბარბი გაჭყლიტა, ცომივით გააბრტყელა! „ტრაგიკული შემთხვევა გზაზე...“ - წაიჩურჩულა თავისთვის და როგორც ექსპერტ-კრიმინალისტებს სჩვევიათ, (თავის წარმოდგენაში) თეთრი ზოლის  შემოტარებით, გვამის მდებარეობა დააფიქსირა. ეს იმდენად შთამბეჭდავი სურათი იყო, რომ მოიმარჯვა თავისი უხილავი ფოტოაპარატი და - „ჩხაკ-ჩხუკ!“ - კადრი დააფიქსირა; ოღონდ, ფოტო არა პირად კოლექციაში დაიტოვა, არამედ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაუგზავნა. ამის შემდეგ, ორი თითით სათვალე სახიდან მოიხსნა და ისიც ქუჩაში, „ლიკვიდირებული ბარბის“ მიმართულებით მოისროლა.
  „ფილმის დასასრული“ -
  - (უკანასკნელ კადრს მიაწერა და უკვე კადრს მიღმა, ფანტომასის სიცილით ერთხელაც გაიცინა) -
  ჰა... ჰა... ჰა...


  P.S. მოგვიანებით ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ „პაპარაცმა XXI-ე საუკუნეს გადაალაჯა“! გაურკვეველია, რა იგულისხმეს ამაში, მითუმეტეს, რომ ამ „მოსაზრების“ პირველსახე ვერსია კიდევ უფრო სიღრმისეული იყო _ „პაპარაცმა XXI-ე საუკუნეს გარდიგარდმო გადაალაჯა“!

  გაგრძელება იქნება

  ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები