ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2017


ორნი ( ცერცვისტოლა ამბავი)

ორნი
    ალბათ  შეუმჩნევლად უნდა ცხოვრობდე ადამიანი,  როგორც გაზაფხულზე ფანჯრიდან დანახული შუშტყემლების  ყვავილობა. თვალსა და ხელს  შუა რომ  დაიკვირტება, დაიყვავილებს ,  მერე გახედავ და  უკვე მურმურით  ჩაუვლია კიდეც გაზაფხულს,  გადაჰყოლია კიდეც  დროს ვინ იცის სად. მქრქალად უნდა აჩნდეს შენი ნაფეხურებიც  მიწას ხელისგულებზე. ადამიანი მოგყვებოდეს, გხედავდეს და ვერცა გხედავდეს, უჩუმარი უნდა გქონდეს სუნთქვაცა და კვნესაც.
      მას შემდეგ რაც ყველანი ბარში გადასახლდნენ, მარტო დარჩა იმ სოფელში გვრიტა თავისი უშვილო ცოლის საფლავით, ორი სული დეკეულითა  და კუდა ძაღლით. მისი სახლის მოპირდაპირე მხარეს, მთის ფერდობზე, გაღმა სოფელშიც ერთი ნაყვავილარი სახის -  ჩოფურა კაცი ცხოვრობდა, იქნებოდა სამოცდაათიოდე წლისა.
დილანედლზე მიიტანდა გვრიტა ხელს პირთან  და მთელი ხმით გადასძახებდა:
-ე-ჰე - ჰე -ი-ი, ჩოფურაო!
დილანედლზე მოიჩრდილავდა ჩოფურა ხელს და მთელი ძალით უპასუხებდა :
-ჰო-ჰო-ჰო-ი-ი, გვრიტაო!
სულ ეგ იყო მაგათი ხმიანობა, მაგათი საუბარი.
ხანდახან  გადაიცვამდნენ კიდეც  მურასა ტანისამოსს, ან ერთი და ან მეორე.  ან ერთი გადავიდოდა გადაღმა, ან მოერე გადმოვიდოდა გადმოღმა. გასტეხდნენ მურასა პურს, მურასა ქადებს, შესვამდნენ მურასა ღვინოს, დაილოცებოდნენ, ამოისუნთქავდნენ, ჩაისუნთქავდნენ და ან ერთი გაუყვებოდა მერე  რაცრაცით თავისი სახლისაკენ ბილიკს, ან - მეორე. ასე იყო  გვიან შემოდგომამდე. სანამ თოვლეთში არ ჩაიკარგებოდა ხოლმე იმათი სახლ-მიდამო. ზამთარში კი დრო დგებოდა, თითქოს ჟამი აღარ მიმდინარეობდა, ბაწარა, გრძელი,  ჟამუჟამო ღამეები იდგა და იდგა.
ხან ერთი ჩააწობდა ხარჩოში ხმელ პურს, ხან მეორე მოლოღნიდა ძაღლაპურას. ერთმანეთისასაც  ლამფის სინათლით ხვდებოდნენ, თუ ლამფა ენთო ცოცხალი იყო...თუ არა და ... ვაი, და ლამფა არ დაენთო ?!
          ალბათ  შეუმჩნევლად უნდა ცხოვრობდე ადამიანი, უჩუმარობდე.  ჰგავდე  გაზაფხულზე ფანჯრიდან დანახული შუშტყემლების  ყვავილობას. თვალსა და ხელს  შუა რომ  დაიკვირტება, დაიყვავილებს ,  მერე გახედავ და  უკვე მურმურით  ჩაუვლია კიდეც გაზაფხულს,  გადაჰყოლია კიდეც  დროს ვინ იცის სად. მქრქალად უნდა აჩნდეს შენი ნაფეხურებიც  მიწას ხელისგულებზე. ადამიანი მოგყვებოდეს, გხედავდეს და ვერცა გხედავდეს,  ყუჩი უნდა გქონდეს სუნთქვაცა და კვნესაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები