ნაწარმოებები



ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2017


ჯონჯოლის ყვავილობა (ნინო დარბაისელი)

ნინო დარბაისელი

ჯონჯოლის ყვავილობა
- - -

აყვავილდება როცა ჯონჯოლი,
ვერ შეედრება მას ალუბალი.
ვარდისფერ-თეთრი  დგას ანაჟრჟოლი,
ჩიტებდასხმული ხე ტანდაბალი.
დაკიდებული ტოტზე ჯინჯილა -
კვირტებდამსკდარი და დაჯანჯული,
აყვავილდება როცა ჯონჯოლი,
აჟრიალდება გული ჯანჯალი.

ერთხანს ეს წყვილი მოვისაკლისე,
სადაც მხვდებოდნენ, შემხვდნენ იქ დილით,
შებერებიან ერთმანეთს ისე,
ვერ დააშორებს თავად სიკვდილი.
ჩამოლეული, ჩამდნარი თითქოს,
ბერიკაცს ისე შერწყმოდა ქალი,
ეყუჟებოდა იღლიის სითბოს,
ღიმილს ერთვოდა ღიმილი მქრქალი.
ღირს ამისათვის, ბევრიც დაითმოს,
ღირს ამისათვის დათმენაც ბევრი,
მზე ჩამავალი გაფენდეს სითბოს,
გეგებებოდეს ჩერო და ტევრი...
და არავისი არ არის ბრალი,
რომ ბევრჯერ მინას ვერა სჯობს ბროლი
და მიმცხრალ მზერას - თვალთა ბრიალი.
კრთის სიყვარულის უებრო ალი!
გვწალავენ წლები, ვწნილდებით მერე,
გრძნობას სხვაგვარი წვენი ერევა…
სიყვარულისთვის რაა სიბერე? -
გემოდქცეული მშვენიერება!

როცა ჯონჯოლი აყვავილდება,
აყვავილდება როცა ჯონჯოლი,
გამახსენდები და მომინდება,
დაუხარჯავი და დახარჯული
გიცქერდე ასე, ვით სატრფოს - მეტრფე,
და არა როგორც მტანჯველს - ტანჯული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები