ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
19 მაისი, 2017


ცის სახლი -19. ივანიჩი

  ივანიჩი

  (გაგრძელება)

  დილით, სანამ პაპარაცი „სატაქსაოდ“ გაემართებოდა, ერთხანს საავადმყოფოს ეზოში შეიცადა - ურიკა იმ ადგილას შეაყენა, სადაც „ივანიჩი“ (მთავარი ექიმის მოადგილე) თავის ავტომობილს აჩერებდა; ურიკაში ჩაწვა, ხელები თავქვეშ ამოიწყო და ცაზე მცურავ ღრუბლებს მიადევნა თვალი. მალე „ივანიჩიც“ გამოჩნდა - ვერცხლისფერი ოპელი მოსახვევში ისე შემოაგრიალა,  ურიკაში მონებივრე პაპარაცი ლამის ბორბლებქვეშ მოიქცია; შეშინებული ავტომობილიდან გადმოხტა:
  - აქ რას აკეთებ?!
  - გელოდები!
  - მეე? - გაიკვირვა, თუმცა იმავწამს მიხვდა რაშიც იყო საქმე, - ალექსი ჩამოვიდა?!
  - ჩამოვიდა.
  - სადაა?!
  - აი, მისი ტელეფონის ნომერი; იცის რომ დაურეკავ.
  ივანიჩმა ქაღალდს დახედა.
  - ეგ ნომერი მიწერია... მადლობა! - ხელი თბილად ჩამოართვა პაპარაცს, - ჩემი თხოვნა მინდა შეგახსენო: ეს ამბავი ჩვენ შორის უნდა დარჩეს!
  - დარჩენილია.

  ტელეფონმა იმ დროს დაიწკრიალა, როცა ალექსი სახლიდან გასასვლელად ემზადებოდა, ოთახში შებრუნდა:
  - გისმენთ!
  - ბატონო ალექს, საავადმყოფოდან გაწუხებთ, მთავარი ექიმის მოადგილე ვარ, თქვენ მე „ივანიჩად“ მიცნობთ.
  გარკვეული პაუზის შემდეგ, ალექსმა ცივად უპასუხა:
  - რა საქმე გაქვს ჩემთან?!
  - საკითხი, რამაც თქვენთან დარეკვა გამაბედინა, ზოგადად საავადმყოფოს ეხება, მაგრამ ის ჩემთვის იმდენად პირადულია და მნიშვნელოვანი, რომ მუხლმოდრეკით გთხოვთ, შემხვდით!
  ივანიჩის ასეთმა შიშველმა ტონმა ალექსი გააღიზიანა და იმავდროს, მოალბო კიდეც.
  - შემხვდებით? - საწყლად გაისმა ყურმილში განმეორებითი თხოვნა.
  - პაპარაცის ხათრით შეგხვდები... დაახლოებით ორმოც წუთში ვაკეში, პარკის ცენტრალურ შესასვლელთან მივალ.
  - მადლობელი ვარ.
  ალექსი ივანიჩს არ ენდობოდა და პროვოკაციისაგან თავის დაზღვევის მიზნით შეხვედრა ხალხმრავალ ადგილზე განზრახ დაუთქვა, სადაც პირადი საუბრისთვის განმარტოების საშუალებაც იყო. მისვლა დააგვიანა...  მოთმინებადაკარგული ივანიჩი ბოლთას სცემდა და რომ შეამჩნია, შეეგება; თუმცა ხელის გაწვდა ვერ შეჰბედა, მხოლოდ თავის დაკვრით შემოიფარგლა... პარკში შევიდნენ - ალექსმა მყუდრო ადგილი შეარჩია, სადაც ორი გრძელი მერხი ერთნანეთის სიახლოვეში, პირისპირ იდგა, რომ მოსაუბრე გულწრფელობაში მზერით ეკონტროლებინა.
  - ბატონო ალექს, მადლობა, რომ შეხვედრის პატივი დამდეთ! მე ახლა ისეთ დეპრესიულ მდგომარეობაში ვარ, მცირეოდენი მხნეობა რომ მქონდეს, ცხოვრებას თვითმკვლელობით დავასრულებდი!
  ივანიჩს თვალები ძირს ჰქონდა დახრილი... მისი შემყურე ალექსი, ცოტა არ იყოს, შეცბა, მაგრამ იქ სხვა განწყობით იყო მისული და მრისხანებამ ასე უცბად ვერ გადაუარა; მხრები აიჩეჩა.
  - მე უნდა გიშველო რაიმეთი?!
  - თქვენი გადასაწყვეტია...
  ალექსმა ახლა კიდევ უფრო მკაფიოდ აიჩეჩა მხრები.
  - მოდი, ასე ვქნათ, სანამ რაიმეს მეტყოდე, ამიხსენი: პაციენტთათვის განკუთვნილი ტელევიზორი მთავარი ექიმის კაბინეტში როგორ აღმოჩნდა?!
  - ტელევიზორს ექიმი დააბრუნებს! დარწმუნებული ვარ, იმ მიზნით არ წაულია, რომ პირად საკუთრებაში დაეტოვა. მართალია, ფუფუნების სგნები უყვარს, მაგრამ ისინი მალე ბეზრდება, უფრო სწორად, ახლით ანაცვლებს - რამოდენიმე დღეა, რაც თქვენი შემოწირული ტელევიზორი კაბინეტში აღარ უდგას, სადღაც გადაიტანა; ხოლო ის ძველი, რომელიც მე მომაბარა, არ წაუღია; როგორც სჩანს, კიდევ უფრო ძვირადღირებულით ჩანაცვლებას გეგმავს - პლაზმური ტელევიზორები გაყიდვაში გამოსულაო, ახსენა... ეგ ისეთი კაცი არაა, რომ კარიერა რაიმე ნივთს შესწიროს! ტელევიზორის მიტაცების ფაქტი არ უდასტურდება, თუნდაც იმის გამო, რომ ამ ნივთის დარბაზში მსგავსი სახით დატოვება დაუშვებელი იყო - ელექრტომოწყობილობაა და თანაც, მსხვრევადი; ფსიქიური აშლილობის მქონე პაციენტთაგან სპეციალურ, არამსხვრევად მინიან კარადაში უნდა იყოს დაცული! გარდა ამისა, უნდა მომხდარიყო ტელევიზორის საავადმყოფოს ბალანსზე აღრიცხვაც; ეს ბუღალტრელი ფორმალობაა. ჩემი აზრით, ტელევიზორის მიტაცების ისცენირება მან თქვენ გასაღიზიანებლად მოაწყო, მასთან შეუთანხმებლად რომ ჩაერიეთ საავადმყოფოს ცხოვრებაში.
  - მოიცა! - აღშფოთდა ალექსი, - მაგ იდიოტის გარეშე საავადმყოფოში ბუზი ვერ გაფრენილა! უნდა შევეგუო იმას, რომ პაციენტები ტელევიზორის გარეშე დარჩებიან?!
  - არა, ასე არ არის. ტელევიზორი პაციენტებს დაუბრუნდებათ, როგორც კი შესაბამისი (დამცავი) კარადა დაიდგმება დარბაზში. ასეთი კარადა საავადმყოფოში გვაქვს, მაგრამ ზომით მცირეა, დიდი გაბარიტების მქონე ტელევიზორი მასში ვერ ჩაეტევა; ახლის დამზდებაა საჭირო.
  - ვინ უნდა დაამზადოს ახალი, პაციენტებმა?! - დამცინავად იკითხა.
  - კარადის დამზადების ხარჯი საავადმყოფომ (ანუ ჯანდაცვის სამინისტრომ) უნდა გასწიოს; წესით ასეა...
  - რეალურად ეს არ მოხდება!
  - კარადა უკვე მზადაა.
  - ვინ დაამზადა? სად არის?
  - ჩემს ნაცნობ დურგალთან დგას, სახელოსნოში; დამზადებისა და ტრანსპორტირების ხარჯი გადახდილია; თქვენ, თქვენი სახელით (ან ვინმეს სახელით),  უნდა შემოიტანოთ ის საავადმყოფოში!
  - მე რატომ უნდა შემოვიტანო?! ფული ვინ გადაიხადა?!
  - ფული მე გადავიხადე, მაგრამ საავადმყოფომ (ანუ მთავარმა ექიმმა) არ უნდა შეიტყოს ამის შესახებ!
  - ვერ გავიგე... ვერაფერი ვერ გავიგე! დავიჯერო, ჩვენი შეხვედრის შესახებ საავადმყოფოს მთავარი ექიმი არ არის ინფორმირებული?!
  - ინფორმირებული არ არის!
  - ანუ, თქვენ ორნი მე სხვადასხვა გუნდის მოთამაშედ უნდა აღგიქვათ!
  - მე მოთამაშე არ ვარ...
  - შენც გარეული ხარ იმ სიბინძურეში, რომელიც საავადმყოფოში ხდება! რომ ამბობ, ეგ ტიპი ტელევიზორის საქმეში სუფთააო, მის სხვა ცოდვებზე რას იტვი?!
  - მე არ ვამბობ, რომ ტელევიზორის საქმეში სუფთაა, უბრალოდ, ამ კუთხით მას იურიდიულად ვერ მოედავებით. დანარჩენ საქმეებშიც, როგორც ამ უკანასკნელში, ყველაფერი „მიფარცხული“ აქვს. მის „სხვა ცოდვებში“ თქვენ პირველ რიგში საავადმყოფოს სასადილო ფართის ავტოპროფილაქტიკაზე მიქირავებას იგულისხმებდით - იჯარა კანონიერადაა გაფორმებული; ხოლო იქ არსებული უკანონობა უხილავია; იჯარის თანხის მინიმალური ნაწილი საავადმყოფოს ოფიციალურად ერიცხება; ხოლო დარჩენილი არაოფიცილური ჩასდით ჯიბეში; ვინ აღიარებს ამას?! ეგ კაცი ყველაფერში წინდახედულებას იჩენს, შეუძლებელია მისი დამარცხება; განა რაიმეს წარმოადგენს, უბრალოდ, ქვეყანაში არსებულ სისტემაზე მორგებული ჭანჭიკია, ასე ვთქვათ, „უხარვეზოდ“ მუშაობს, და ამის ხარჯზე, თავად სისტემა არ ინებებს მის შეცვლას!
ალექსს ჩაეცინა, ოღონდ ეს უფრო სიმწრის სიცილი იყო; სათქმელი ბევრი ჰქონდა და ვერაფერი თქვა... ივანიჩმა განაგრძო:
  - ამასთანავე, ბოღმა კაციცაა - სავარაუდოდ, თქვენზე გაგულისებული, პაციენტებზე იძიებს შურს...
  აქ კი ვეღარ მოითმინა ალექსმა, ლამის ქეჩოში სწვდა მოსაუბრეს:
  - შენი მიზანი ჩემი დაშოშმინებაა, რომ საკუთარი ტყავი გადაირჩინო!!!
  ივანიჩმა მწარედ დააქნია თავი:
  - ეს ასეა! მთავარმა ექიმმა ეჭვი აიღო, რომ მე თქვენ სასადილოს „გაპროფილაქტიკების“ ისტორიაში გაგარკვიეთ; გვითვალთვალებდა, ან გამოგვაყოლა ვინმე... ამას ახლა აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
  ალექსი ზიზღით შესცქეროდა მას, მაგრამ ცრემლმა, რომელიც ამ კაცს თვალზე მოადგა, გაურკვევლობაში ჩააგდო; გადაწყვიტა ბოლომდე მოესმინა მისთვის.
  - ჩემს თავზე უნდა მოგიყვეთ ის, რაც აქამდე არავისთვის გამიმხელია: ლაჩარი ვარ, კაცი, რომელიც დღემდე ცოლსა და სიდედრს ფეხსაცმელს ვუწმენდ! ყოველივე ადამიანური ღირსება ისე დავკარგე, რომ ვეღარც კი ვბედავ მის დაბრუნებას! წარმოშობით სოფლელი ქალაქს დავხარბდი - ჩასიძების მიზნით ასაკით ჩემზე უფროსი ქალი შევირთე ცოლად; არ მყვარებია... მაგრამ იმან კიდევ უფრო ადრე მომიძულა, თავზე დამაჯდა - ჯერ დედამისის ლაქიად ვიქეცი, შემდეგ, მისი! როგორც თავიდან მიმიღეს მეორეხარისხოვან ადამიანად, ბოლომდე ასეთად დავრჩი. არადა, ოჯახში ფულის შემტანი მხოლოდ მე ვარ. შვილი არ გამიჩინა, ერთი მოჰყვა პირველი ქმრისგან, გოგო - პატარას ვუყვარდი, მაგრამ როცა წამოიზარდა, ისიც იმათნაირი გახდა, აბუჩად ამიგდო. ერთადერთი საშუალება, რითიც თავს ვიცავ, (თუ კი ამას თავდაცვა ჰქვია), ლაზღანდარობაა, ყველაფერს ხუმრობის სახეს ვაძლევ. სამსახურშიც ხომ მნახეთ, უფროსის ლაქია ვარ. მეგობარი ვერ შემიძენია იმის შიშით, რომ მის წინაშე ჩემი სათაკილო მდგომარეობა გამომზეურდება. რა ვქნა, სად წავიდე, ჩემნაირები ცხოვრებას ვეღარ იწყებენ თავიდან. ახლა სამსახურიც თუ დავკარგე, არ ვიცი რა მეშველება. სიცოცხლე მტანჯავს, მაგრამ მასზე უარის სათქმელად არ მყოფნის მხნეობა!
ხანგრძლივი (და მძიმე) დუმილი ჩამოწვა.
  - მხნეობა... მეტნაკლებად ყველა ადამიანს აქვს; შეეცადე გაქექო შენი სული და მას გადააწყდები. ოღონდ, ის სუიციზმის განსახორციელებლად კი არ უნდა გინდოდეს, საკუთარი პიროვნების მოწესრიგებისთვის უნდა გამოიყენო! შენი მდგომარეობიდან გამომდინარე დათმობაზე წავალ, მაგრამ ეს ტელევიზორის ხარჯზე არ იქნება - დამცავ კარადას ხვალვე გადავიტან საავადმყოფოში!
  - მადლობა, თანაგრძნობისთვის... - ცრემლი ლოყაზე ჩამოუცურდა.
  ალექსმა მას მხარზე ხელი ჩამოადო და პირველად მიმართა სახელით:
  - ივანიჩ, წამო ეხლა მე და შენ რამე დავლიოთ, გეპატიჟები!
  - მადლობა! - თვალებგაბრწყინებულმა წამოიძახა, - ნება მომეცით, მე დაგპატიჟოთ!
  - არა, მე დაგასწარი...

  ალექსი და ივანიჩი იმ დღეს გვარიანად გამოთვრნენ.

  გაგრძელება იქნება

  ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები