ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
26 მაისი, 2017


ცის სახლი - 20. ტელევიზორი

  ტელევიზორი

  (გაგრძელება)

  ალექსი დილიდან შეუდგა ტელევიზორის დამცავი კარადის საავადმყოფოში გადატანის საქმეს; ივანიჩის დარიგებით მოქმედებდა და ყველაფერი მარტივად მოგვარდა - კარადით დატვირთული საბარგო მანქანა საავადმყოფოს ცენტრალურ შესასვლელს მიადგა: მძღოლმა მანქანაში შეიცადა, ის იმავდროს ხელოსანიც იყო, წაქცევისგან დასაცავად, კარადა იატაკზე მყარად უნდა დაეკრა; ალექსი ადმინისტრაციულ კორპუსში შევიდა, ოციოდე წუთი დასჭირდა ნებართვის გამოსათხოვად და იქიდან გამოსულმა, როცა საავადმყოფოს ეზო ალაყაფის კარის მიმართულებით გადაჭრა, სადაც მძღოლი ელოდებოდა, სასადილოს შესასვლელთან თავმოყრილ პაციენტებს მოკრა თვალი; შეეტყოთ ტელევიზორის „დაბრუნების“ ამბავი და დიდი ზარ-ზეიმი ჰქონდათ; იქ რამოდენიმე მედპერსონალის წევრიც იდგა, რომელთა შორის აქტიურობით სახეგაბრწყინებული „ივანიჩი“ გამოირჩეოდა; მან როგორც კი შენიშნა ალექსი, თავდაკვრით მიესალმა, ოღონდ ეს სხვებისგან მალულად მოიმოქმედა; მალე, კარადით დატვირთული ავტომობილიც მიადგა იქაურობას, პაციენტები გარს შემოეხვივნენ და ყიჟინა მორთეს; მათი დახმარებით მძღოლმა კარადა ძარიდან მიწაზე ჩამოდგა.
  - ეე, შიგ ტელევიზორი არ დევს! - წამოიყვირა ერთმა პაციენტმა.
  - ნუ გეშინია, ჯერ კარადას მივუჩენთ ადგილს და ტელევიზორს შიგ მერე ჩავდგამთ! - დაამშვიდა ივანიჩმა.
  ერთობლივი ძალით აიტანეს კარადა შენობის მეორე სართულზე, სასადოლო დარბაზში, ადგილი მიუჩინეს და ხელოსანი მის იატაკზე დაკვრას შეუდგა; ალექსი ამ დროს განზე იდგა და მზერით პაპარაცს ეძებდა, ერთი-ორს ჰკითხა კიდეც მისი ამბავი, მაგრამ ამაოდ, დილიდან ის არავის ენახა; თვალი ერთთავად შემოსასვლელისკენ გაურბოდა, იმის იმედით პაპარაცი შემოაბიჯებსო... და აი, უეცრად, პაპარაცის ნაცვლად დარბაზის უკიდურეს კუთხეში „ბუდულაის“ მოჰკრა თვალი; (ეს ის პაციენტი იყო, რომელმაც თავისი თავი ტელევიზორის მცველად გამოაცხადა, და ამის კვალობაზე, მედპერსონალთან დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა.); მივიდა მასთან:
  - გამარჯობა! ალბათ, მიცანი...
  - მე შენ გიცნობ - ღმერთკაცი ხარ! ტელევიზორის დაცვა დამავალე! მაგრამ მე ვერ დავიცავი... - თავი დახარა.
  ალექსი დაიბნა, თუმცა პასუხი თავისით მოადგა ენაზე:
  - არა, რას ამბობ, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ! ეგენი მეც წამართმევდნენ ტელევიზორს! - ხელმკლავით კარადასთან მიიყვანა, - შენი ნებართვით „ტელევიზორის მცველად“ დღეიდან ეს კარადა დავნიშნოთ!
  - ბუდულაი კარადის მცველი იყოს! - წამოიძახა ვიღაცამ.
  სიცილი გაისმა, მაგრამ ყველამ იგრძნო, რომ ბუდულაი „კარადის მცველობას“ არ ითაკილებდა, პირიქით, თუ დაავალებდნენ, სიხარულით დასთანხმდებოდა, და სანამ ალექსი ამ მოსაზრებას მკაფიოდ მიემხრობოდა, ივანიჩს გახედა - ამით საავადმყოფოს განაწესი ხომ არ დაირღვევაო.
  - რატომაც არა, იყოს ბუდულაი კარადის მცველი! - თქვა ივანიჩმა.
  „ბუდულაიმ“ საქმიანი კაცის იერით კარადას გარშემო შემოუარა...
  ამასობაში ხელოსანი საქმეს მორჩა, წამოდგა და თავისი ნახელავის შესაქებად, იქვე მდგომ ერთ ბრგე პაციენტს მიმართა:
  - აბა მიდი, თუ მაგარი ხარ წააქციე!
  - რატომ უნდა წავაქციო?! - გაიკვირვა ამ პაციენტმა და განზე გადგა.
  - ისე, გითხარი... - იუხერხულა ხელოსანმა, რადგან პაციენტი საკითხს მასზე გონივრულად მიუდგა.
  - ტელევიზორი სადაა?!
  - როდის მოიტანენ?!
  - „ბოივიკი“ ჩართეთ!
  - სიყვარულზე ჯობია!
  - დაწყნარდით, მოაქვთ ტელევიზორი! - ივანიჩმა პაციენტები დააშოშმინა.
  ტელევიზორი დარბაზში სანიტრებმა შეიტანეს, მაგრამ პაციენტებმა მასთან სათანადო სიხარულით შეგებება ვერ შესძლეს, რადგან ტელევიზორს წინ საავადმყოფოს მთავარი ექიმი შეუძღვა, პიროვნება, რომლის მიმართ ისინი შიშსა და სიძულვილს განიცდიდნენ; თანაც, „ექიმი“ უგუნებოდ იყო, თვალებს ხვლიკივით აცეცებდა. მისმა გამოჩენამ სხვებზე მეტად ალექსი დათრგუნა - როგორც სრულიად უცხოს, ან უფრო, არარაობას, ისე ჩაუარა გვერდში და იქვე, მისგან ზურგშექვევით დადგა; კარადისთვის თვალი არ შეუვლია... ალექსმა იგრძნო, რომ ეს კაცი მის პროვოკაციაზე წამოგებას შეეცდებოდა; ამის შესახებ ივანიჩისგან იყო კიდეც გაფრთხილებული.
  - ფრთხილად, ფრთხილად... - ტელევიზორის კარადაში შედგმისა და ჩართვის პროცესს ხელოსანი ხელმძღვანელობდა.
ალექსმა მხარზე გადაკიდული ჩანთიდან მცირე ზომის ვიდეოკამერა ამოაცურა, რომელიც იმ დღეს ფოტოკამერის ნაცვლად გამოიყოლა; კარადაში შედგმულ ტელევიზორს იმ კუთხიდან შემოუარა, რომ მის ფონზე მთავარი ექიმის სილუეტი (ანუ მისი ქცევა) დაეფიქსირებინა და გადაღება დაიწყო. მთავარმა ექიმმა როგორც კი ეს შენიშნა, გვერდში მდგომ ექიმს რაღაც ჩასჩურჩულა, ხოლო ის ალექსს მიუახლოვდა და სთხოვა, გადაღება შეეწყვიტა, რადგან საავადმყოფოს ტერიტორიაზე მსგავსი რამ იკრძალებოდა. ალექსმა კამერის გამორთვის ისცენირება გაითამაშა, ძირს დაუშვა და გადაღება მალულად განაგრძო. მთავარმა ექიმმა ალექსს პირველად შეავლო თვალი და ირონიულად ჩაიღიმა. ალექსს ძარღვებში სისხლი აუდუღდა, მაგრამ ეს დუღილი ივანიჩის საბრალო გამოხედვამ როგორღაც გაანელა; ამ უკანასკნელს მათი ურთიერმტრული განწყობის არცერთი ნიუანსი არ გამოჰპარვია.
  - მზადაა! - თქვა ხელოსანმა და ჩამრთველ ღილაკს საზეიმოდ თითი დააჭირა.
  მაგრამ ტელევიზორი რატომღაც არ ჩაირთო; განმეორებით დააწვა ღილაკს, მესამედ, მეოთხედ, მაგრამ ამაოდ, ცდამ შედეგი არ გამოიღო.
  - ნუთუ, ძაბვა არ მოდის... - ჩაილაპარაკა და ინდიკატორით გადაამოწმა, - მგონი, ტელევიზორი არ მუშაობს... ჰო, დაზიანებულია!
  სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა.
  - ესეც თქვენი ტელევიზორი... - დამცინავად ჩაისისინა მთავარმა ექიმმა.
  - რა უქენი ტელევიზორს?! - თავი ვეღარ შეიკავა ალექსმა, მთავარ ექიმზე გაიწია.
  - მე მომმართავთ? - არაბუნებრივი სიმშვიდით შეიცხდა ექიმმა.
  - შენ, აბა ვის, ჩემი თვალით ვნახე, კაბინეტში გედგა!
  - თქვენ ხმას უწევთ, ეს შეურაცხმყოფელია ჩემთვის! ასევე უნდა მიგითითოთ, რომ როცა თქვენობით მოგმართავენ, ვალდებული ხართ თქვენც იმავე ფორმით მიმართოთ! რაც შეეხება ტელევიზორს, არც კი მიცდია მისი ჩართვა; კაბინეტში იმ მიზნით შევიტანე, რომ სხვა უკეთესად დაცული ადგილი საავადმყოფოში არ მეგულბა!
  მოთმინების ფიალა ალექსს ისე აევსო, ქმედებაზე კონტროლი დაკარგა; მთავარ ექიმს ყელში უნდა სწვდომოდა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმისთანავე წინ ივანიჩი გადაუდგა, მისმა სიტყვამ შებორკა და იმავდროს, გონს მოიყვანა, რომელიც ამ უკანასკნელს მთელი დარბაზის გასაგონად აღმოხდა:
  - მე ავამუშავებ ტელევიზორს! რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს ეს, ავამუშავბ! მეზობელს ტელეტექნიკის შესარემონტებელი ატელიე აქვს, ხვალ დილითვე გამოვაგზავნინებ ხელოსანს!
  - ჯიგარი ხარ ივანიჩ! - წამოიძახა ერთმა პაციენტმა; მას დანარჩენებიც აყვნენ, _ ჯიგარი ხარ, ჯიგარი!
  - ხვალ დილიდანვე... - ივანიჩის ინიციატივით გაკვირვებულმა მთავარმა ექიმმა ირონიულად გამოსცრა კბილებში.
  ივანიჩი თავდაპირველად შედრკა, მაგრამ მერე მხნეობა მოიკრიბა:
  - დიახ, ხვალ დილიდანვე!
  - მაშ, დილიდანვე, არა... - თითქოს საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
  თანხმობის ნიშნად ივანიჩმა ამჯერად თავი დააქნია. მთავარი ექიმის სახეზე აღბეჭდილი ირონია თანდათან მრისხანებაში გადაიზარდა; მან ლამის დაიღრიალა:
  - ხვალ საავადმყოფოს კარი გარეშე პირთათვის, მათ შორის შენი ხელოსნისთვის, დახურულია, რადგან უცხოეთიდან დელეგაციას ველით და მთელი დღე მოსამზადებლად გვჭირდება!
  - კარგით, ზეგ იყოს! - გულუბრყვილოდ აღმოხდა ივანიჩს.
  - ზეგ დელეგაციას ვმასპინძლობთ, სულელო!
  - მაზეგ მოვიყვან ტელევიზორის ხელოსანს!
  მთავარმა ექიმმა იგრძნო, რომ ივანიჩს ვეღარ გასტეხდა, თანაც შეამჩნია, ალექსი კამერით გადაღებას აგრძელებდა და გაცეცხლებულმა იქაურობა დატოვა.

  - მე ავამუშავებ ტელევიზორს! რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, ავამუშავებ! ეს მე ყველაზე მეტად მჭირდება...

  გაგრძელება იქნება
  ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები