ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2017


ნია, ან ნოი, ნიუც შეიძლება....

წვიმდა, გარესამყარო შიშის, უნდობლობისა და უმეცრების სურნელით იყო გაჟღენთილი. ეს სურნელი ყველგან იგრძნობოდა მეტროშიც, მიკროავტობუსებში და უთავბოლოთ მოლაპარაკე ორდიპლომიან, მაგრამ მაინც  ტაქსისტის მანქანაშიც. იმ დღესაც, როგორც ყოველთვის, ნია, ან ნოი, ნიუც შეიძლება, ანთებულმა და რაღაც არაორდინალურის გაკეთების სურვილით შეპყრობილმა გაიღვიძა, მოემზადა, ისაუზმა….უცნაური და ამოუხსნელი ფიქრებით ტვინგაჭედილი გავიდა ოთახიდან და უკიდეგანო კიბეებზე ყურსასმენებგარჭობილი დაეშვა არაფრისმთქმელი და მოსაბეზრებელი ლექციების მოსასმენად. ყურადღებას არ აქცევდა მეზობლებს რომლებიც მასთან ერთად დაეშვნენ უსასრულო,ფიქრებით შეთითხნილ სამყაროში. ყურსასმენებიდან კი აფრიკელი შამანების მიერ ღმერთებისათვის მიძღვნილი მუსიკის ხმა ოდნავ, მაგრამ შესაგრძნობად გაისმის..

გაჩერებაზე დადგა, ყოველთვის ტრანსპორტის მოსვლამდე 15-20 წუთით ადრე გამოდის სახლიდან და ადამიანებს ათვალიერებს. ათვალიერებს თავიდან ფეხამდე, არცერთ წვრილმანს არ ტოვებს, უნდა მის ფიქრებსა და მის ცხოვრებას ჩაწვდეს, მაგრამ არასდროს არ გამოსდის. რაღაც უხილავი ძალა ბლოკავს  და უკან უბრუნებს გამოტყორცნილ ენერგიას. შამანების მუსიკა ისევ გაისმის… ავტობუსი მოვიდა, როგორც ყოველთვის ისევ ბოლოში, ფანჯარასთან დაჯდა და ფანჯრიდან დაიწყო უფერული ქალაქის თვალიერება იმ იმედით, რომ სადმე მაინც გამოანათებდა რომელიმე მოკვდავი…უხილავი, მაგრამ მისთის კარგად ნაცნობი ენერგიით.

3 საათი ლექციებზე, ლექციებზე რომელიც საერთოდ არ აინტერესებს, მას საერთოდ არ აინტერესებს არაფერი, მხოლოდ მისი ენერგიის და ქვეცნობიერის მალულ კუთხეში მიგდებული სურვილების ამოფრქვევა სწყურია… მაგრამ მარტოს ამის გაკეთება არ უნდა და არც შეუძლია, გვერდით ვინმე სჭირდება, ვინმე ისეთი რომელიც გაუგებს, რომელთანაც ნებისმიერ თემაზე ისაუბრებს ყველანაირი მორიდების გარეშე, რომელთან ერთადაც დალევს და თავის ფიქრებსა და აზრებს გაუზიარებს… ასეთი ადამიანი კი არც უკანა გზაზე მიკროავტობუსში ფეხზე დგომის დროსაც არ ჩანს, შეიძლება იმიტომ რომ ფანჯარასთან შედარებით ძალიან მაღალია…რომც გაიხედოს ალბათ მაინც არ გამოჩნდება… ყურსასმენიდან შამანების შეძახილები ისევ გაისმის, მუსიკა მას ისე ავსებს როგორც ადამიანის ფორმის ჭიქაში ნელნელა ჩასხმული მარტინი, ან სულაც არაყი, ჩვეულებრივი მაღაზიის არაყი , ან სულაც მიყრუებული დასავლური სოფლიდან ჩამოტანილი, ზახარიჩის მიერ ნატურალურად და ბუნებრივად დამზადებული კარალიოკის ჭაჭა….

ნიამ, ან ნოიმ, ან თუნდან ნიუმ ფიქრები ამ დღესაც, როგორც ყოველთვის, ვერავის გაუზიარა, ფიქრები ისევ ფიქრებად დარჩნენ, სადღაც ტვინის ფარულ, სულ ბოლო რიგებში უსულოდ მიგდებული.  მას პატარა პოსტერებით აჭრელებულ სახლში, ფანჯარასთან ბევრი ბალიში უყრია, ყველა ნაცრისფერი და ერთნაირი დიზაინისაა, ერმთანეთისგან ვერ გაარჩევ… ერთერთზე მოთავსდა,მუხლებზე ჰარუკი მურაკამის ,,ნორვეგიული ტყე”  დაიდო და თბილისიდან, ნელი, ძალიან ნელი ფრენით ტოკიოს გარეუბნებში გადაინაცვლა.. თუმცა ყველაფერი ისე არაა როგორც უნდა იყოს… ჰმ… ყავა, ყავა 5 წუთში იქნება, ზუსტად 5 წუთში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები