ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: იუმორისტული
29 მაისი, 2017


ქეთ-ე-ვანური ამბავი

  მიყვარს ფეხით სიარული. უამრავ ადამიანს და საინტერესო ამბავს ვაწყდები ქუჩაში.
  იდეები გინდა?! - გადი ხალხში.
  პერსონაჟი გინდა?! - გადი ხალხში.
  გულის გადაყოლება გინდა?! - გადი ხალხში...
  საინტერესო და სასარგებლოა ქუჩაში სიარული, განსაკუთრებით მაშინ როცა სხვების ხასიათების გამოცნობა გიყვარს. მაშინაც, თუ მოდა და დიზაინი გიზიდავს. ქუჩაში ძალიან ბევრ რამეს ნახავ და გაიგებ. თუ ცუდად ხარ იმასაც მიხვდები, როგორ გაგიმართლა ცხოვრებაში, რომ შენ შენ ხარ და არა ვიღაც სხვა.
  საკუთარი თავის პოვნა თუ გინდა ადამიანს, ამაშიც კი დაგეხმარება ქუჩაში, ხალხში გასვლა. იქ მიხვდები როგორი არ გინდა რომ იყო და როგორად გინდა ყოფნა.
  გამიგრძელდა შესავალი...
  24 ნომერი ავტობუსით მიწევს ყოველდღე მგზავრობა. ამ ავტობუსს თუ გამიმართლა 10 წუთზე ნაკლები დრო უნდა ველოდო, ისე მაქსიმუმ ალბათ 24 წუთიც დამიცდია მისთვის. გაჩერებებზე უამრავ ამბავს ვაწყდები, რას აღარ ნახავ სულო და გული, ვის აღარ „გაიცნობ“, მოკლედ არ მოიწყენ ისეთი ამბავია.
  ერთ დღეს, ავედი 24-ში. რა თქმა უნდა გაჭედილი იყო. ერთ-ერთ გაჩერებაზე, შუა კარიდან ვიღაცამ მოხერხებულად გამოიკვლია გზა და ჩემს წინ, იმ წამს გათავისუფლებული ადგილი დაიკავა. გამიკვირდა ძალიან, ასე მისთვის როგორ გათავისულდა ადგილითქო, თან მხიარულად რომ გადაუარა თავზე სხვებს იმ ადგილის დასაკავებლად... გამოვხედე და რას ვხედავ... ამჯერად საოცრებათა შორის საოცარს გადავაწყდი, ენა რომ ვერ აღწერს და კლავიატურა რომ ვერ დაწერს (წავიდა ის დროს ამბების აღწერა კალმებსაც რომ უძნელდებოდათ).
  საოცარიიი... თვით სტილის და მოდის ცოცხალი განსახიერება: ქალი - მაკიაჟი, ქალი - მწვანე, დიდი პლასტმასის საყურე, ქალი - ჯვრები გულზე. ხმაა - რა ხმაა, მყვირალა, მჭექარე, ექო და მეხი. გამაჟრიალა რომ გავიგონე... და კილო? იმერეთი! ცოცხალი გენია! თვით ტემპერამენტი მეტყველებდა მისი პირიდან. პირველი რა თქვა თუ იცით?! - ჩამოსული ვარ იმერეთიდანო, ვანელი ვარო. თავი ფანჯრისკენ მივაბრუნე, ღიმილი არ შევიმჩნიე... თავადაც ვანელი ვარ, ოღონს სანახევროდ. ჰო, დედა მყავს ვანელი, მაგრამ... ვანელობა მემკვიდრეობითია და დედიდან გადადის. იცოდით?
  გზა დიდი გვქონდა წინ. ჩემმა საოცარმა გმირმა ჯერ ის მოყვა გლდანულაში რომ მიდიოდა ნათესავთან. თან არ ვიცი ზუსტად სად ცხოვრობსო და სიურპრიზად უნდა მივიდეო. გზას კითხულობდა და იმ ადამიანს ასახელებდა ხომ არავინ იცნობთო. სისხლის ბანკიდან მოდიოდა, არ ჩაიბარეს ჩემი სისხლიო. ისეთი გამხდარი იყო იმას იქეთ ექნებოდა სისხლი გადასასხმელი. სხვა ამბებიც ბლომად მოყვა. პუბლიკა კი დიდი ჰყავდა. ავტობუში ამოდიოდნენ და აღარ ჩადიოდნენ მგზავრები. მერე, სამსახურიც კი იშოვა იქვე ავტობუსში. ჩემს გვერდით და მის წინ მჯდომი ქალბატონიც ვანელი აღმოჩნდა (ოღონდ ის მამით ვანელი იყო) და სოფლის სახლისთვის მიმხედავი სჭირდებოდა. ნომრები გაცვალეს და აღმოჩნდა რომ ჩემს გმირს ტელეფონი „ვიბროზე“ ჰქონდა. გვერდზე სავარძელზე მიაწოდა გოგოს შინაურულად, გამისწორე ერთიო...
საოცარი! ხომ გეუბნებით საოცარი ვინმე იყო.
  დაპირებები, საქმიანობის შესაძლებლობები და კიდევ რამდენი უნარი აღმოაჩნდა ვერ წარმოიდგენთ. ყველამ გავიცანით ავტობუსში. დამსაქმებელი ქალატონი განსაკუთრებით კმაყოფილი ჩანდა და გეგმებს ადგენდა.
  მისი ცხოვრებაც კი მოვისმინეთ. გათხოვება არ მიხსენოთო. შვილები ჰყოლია თურმე მერე თქვა, დედამთილს ვაწყენინეო...
  სურათის გადაღებისგან ძლივს შევიკავე თავი, რომ მეთხოვა არ მეტყოდა უარს. უბრალოდ არ ჩავთვალე კარგ საქციელად...
  ... და მე მთავარი არ მითქვამს - პირში ერთი კბილი არ ჰქონდა, ჩავარდნილ ტუჩებზე კი წითელი საცხი ესვა...
  სილამაზის აღქმა ხომ ფენომენია და თან ინდივიდუალური. მთავარი მაინც ამ „აღქმით“ მიღებული ბედნიერებაა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები