ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
29 მაისი, 2017


ცის სახლი - 21. ცის სახლი

  ცის სახლი

  (გაგრძელება)

  უცხოელ მედიკოსთა დელეგაციასთან დასახვედრად მზადება ქ. თბილისის # იქს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთი დღით ადრე, დილაუთენია დაიწყეს; კარანტინთან გაიგივებული მდგომარეობა გამოცხადდა, რომ ტერიტორიაზე ვინმე „უცხოს“ არ შეეღწია და იმ „ტურისტებად“ წოდებულ პაციენტებსაც არ დაეტოვებინათ იქაურობა, ვისაც ლუკმა-პურის საშოვნელად (თუ სამათხოვროდ) საავადმყოფოს მიღმა ხეტიალის უფლება ჰქონდა. ამ უკანასკნელთა საავადმყოფოში შეკავება, პაციენტთა სრული კორპუსის ჰიგიენური მოწესრიგების მიზნით მოხდა - აბანო და სამრეცხაო აათუხთუხეს... ასევე, შრომისუნარიანი პაციენტები სანიტრებს ტერიტორიის დასუფთავებაში უნდა დახმარებოდნენ. დელეგაციის დასახვედრად ასეთი უპრეცენდენტო მზადება იმიტომ მოეწყო, რომ სტუმრები მსოფლიო მედიკოსთა ერთ-ერთი უმძლავრესი კავშირის წარმომადგენელნი იყვნენ და საავადმყოფოს ხელმძვანელობა, როგორც წესი, მათგან მსუყე ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდა.

  საუზმის შემდეგ, ვახტიორ გოგიას მიერ მედგრად დაცულ ალაყაფის კარს პაპარაცი შტვენა-შტვენით მიუახლოვდა.
  - ვა, გოგი ეს რა მყარად ჩაგირაზია ალაყაფის კარი, მტრის შემოტევას ელი?!
  - მიდი, გაიარე...
  - გამიღე კარი და გავივლი.
  - სად გაივლი?!
  - აი, ამ ჩარაზულ კარში.
  - ვერ გაივლი!
  - რატომ?
  - კარანტინია!
  - კარანტინი? თავს ეპიდემია დაგვატყდა?!
  - არ გაგიგია, ხვალ უცხოელი დელეგატები მოდიან!
  - დელეგატები კი არა, დელეგაცია!
  - ჰო, დელეგაცია, ერთი მაგათი დედაც... მე რას მომიტანენ?!
  - გოგი, უნდა გამიშვა, საქმე მელოდება - დასრულებული ობიექტიდან დაუსრულებელ ობიექტზე მორჩენილი ქვიშა გადამაქვს; გუშინ მთელი დღე ვიმუშავე, ორი საათის საქმეღა დამრჩა.
  - წადი რა, ძმაო, შენი გულისთვის სამსახურს დავკარგავ!
  - ჰოო, სამსახურს მოფრთხილება უნდა... ბევრს გიხდიან?!
  - არ გამაბრაზო...
  - იმიტომ გკითხე, რომ ქრთამის მოცემას ვაპირებ!
  გოგია მოლბა...
  - ერთ პაჩკა სიგარეტს მოგიტან!
  - უცხოურს?
  - Marlboro-s!
  - „ტაჩკიანად“ ვერ გაგიშვებ, შეგვამჩნევენ!
  - ურიკა იქაა, „ობიექტზე“ დავტოვე.
  - კარგი, სანამ არავინაა, სამორიგეო ოთახის გავლით გადი. - წარბებს ქვემოდან არე-მარე დაზვერა, - შორს თუ მიდიხარ, იცოდე, წვიმა მოგისწრებს, ხედავ როგორ მოიღრუბლა! - კარებში გასულს მიაძახა.
  - აქვე მივდივარ, განთიადის ქუჩის ბოლოში! წვიმა იმას მოუსწრებს, ვისაც დასველების ეშინია...
  - მალბოროო და მალბორო... - წაიღიღინა გახალისებულმა გოგიამ და წარბებს ქვემოდან, არე-მარე კიდევ ერთხელ დაზვერა.

  დილის თათბირის დამთავრებისთანავე განხორციელებული „ჩამოვლის“ შემდეგ, მთავარმა ექიმმა მითითებათა გაცემა კაბინეტიდან განაგრძო; ამისთვის შიდა ქსელის ტელეფონი გამოიყენა, რომელიც იმ „ნათელი დროიდან“ მოყოლებული ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა საავადმყოფოს პატივაყრილ სივრცეში. გარდა ამისა, მან ხელქვეითთაგან ექიმი გენადი გამოირჩია, (იგივე გენო), ვისაც დაავალა სტუმრების მისაღებად გაწეული სამუშაოს უშუალო კონტროლი; (გულში ჩადებული წყენის შემდეგ, ივანიჩი, თავისი მარჯვენა ხელი, ამ პიროვნებით ჩაანაცვლა). სწორედ გენადმა შეაღო მისი კაბინეტის კარი და სავარძელში მონებივრეს პირისპირ, სკამზე მოწიწებით ჩამოჯდა.
  - აბა, ახალს რას იტყვი გენადი?!
  - პატივცემულო, ყველაფერი რიგზეა; ვიმედოვნებ, ხვალ სტუმრებს სათანადოდ დავხვდებით! მუშაობა ღია ზონის დასუფთავება-მოწესრიგებით დავიწყეთ, რომ გაწვიმებამდე მოვასწროთ; დახურელ სივრცეს მერეც მივხედავთ!
  - ჰო, ეს ამინდი რა მოულოდნელად აირია, მცირე ხნის წინ ცაზე ღრუბლის ნასახი არ იყო!
  - ღრუბელი ქარმა მოიტანა.
  - ქარიც არ იყო... გადაგვარდა ბუნება!
  გენადმა კვერი დაუკრა.
  - სხვა რა გზაა, უნდა გავუმკლავდეთ „ბუნების რისხვას“!
  გენადმა განმეორებით დაუკრა კვერი.
  - ამბობ, სტუმრებს სათანადოდ დავხვდებითო, შენ იცი, იმედი არ გამიცრუო! ერთგული ხალხი მჭირდება... ხომ ნახე, გუშინ ივანიჩმა რა გამიბედა, მაგ ყურმოჭრილმა მონამ?!
  - თქვენი კეთილგანწყობა აუვარდა თავში...
  - არარაობიდან კაცად ვაქციე, ფაქტიურად, მეორე პირი იყო საავადმყოფოში... გუშინდელ დღემდე!
  - დაითხოვთ საავადმყოფოდან?
  - არა, ეგდოს... პალატის ექიმის სტატუსით!
  ტელეფონმა დაიწკრიალა.
  - ჰო, გახლავარ... აა, ოთარისგან... გამახარეთ... დატოვეთ მიმღებში, მოაკითხავენ!
  ყურმილი დაკიდა.
  - გენო, შენთან დასამალი არაფერი მაქვს - ერთი კეთილი კაცისგან უანგარო ძღვენი მივიღე, ახალი თაობის ტელევიზორი; ეს წუთია მიმღებში დატოვეს, გაუწიე ორგანიზება, რომ ის ჩემთან ზედმეტი აფიშირების გარეშე ამომიტანონ; განა ვინმესგან რაიმე მაქვს დასამალი, უბრალოდ, ხომ იცი, კაცის თვალი შურიანია!
  - ახლავე, პატივცემულო.
  რამოდენიმე წუთში, ექიმი გენო „პატივცემულის“ კაბინეტში, თუმცაღა ბრტყელი, მაგრამ ძალზედ მოგრძო და განიერი (მოუხელთებელი) ყუთით ხელში შეფოფხდა.
  - მარტომ როგორ ამოიტანე?
  - უფრო დიდ ყუთსაც მოვერეოდი...
  „პატივცემულმა“ მას გაუღიმა.
  - საოცარია, ამხელა ტელევიზორი და ასეთი ბრტყელი!
  - პირველად ხედავ? - „პატივცემულს“ ჩაეცინა. - ახლა შენ აქ მომიყვანე ლექტორი, ჩვენი პაციენტი!
  - ლექტორი... ის ვინც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადმოიყვანეს?!
  - სწოეწდ ეგ, ხომ არ გეშინია მისი?! ვიღაც შემოჰკვდომია...
  ნიშნად იმისა, რომ მისი არ ეშინოდა, გენომ გაიღიმა.
  - უნიჭიერესი კაცია, უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს კითხულობდა - ტელევიზორის ფუნქციებში გამარკვევს. რა იყო, სახეზე გატყობ, რაღაცაში დაეჭვდი!
  - თქვენს ადგილას მე მაგ კაცს არ ვენდობოდი; დაზუსტებით ვიცი, რომ მან პაციენტთათვის განკუთვნილ ახალ ტელევიზორს გაფუჭებამდე რაღაც უჩხიკინა!
  - ჩემო გენო, შენ რაც იცი, ის მეც ვიცი... ეგ ტელევიზორი გაფუჭებული არ არის; ლექტორს ერთ წუთში შეუძლია აამუშაოს; და ასეც უნდა მომხდარიყო, რომ არა ის იდიოტი ივანიჩი - ტელევიზორს ავამუშავებო... ჰოდა, აამუშაოს, იწვალოს, ახია მასზე!
  ტელეფონმა ისევ დაიწკრიალა.
  - ჰო, რა ხდება?! - გამომეტყველება „პატივცემულს“ ერთბაშად შეეცვალა, - რაა?! - დაიღრიალა, - უნიფხვო პაციენტებს ვერ გამკლავებიხართ!
  ყურმილიდან გადმოფრქვეულმა სასოწარკვეთილმა ხმამ გენოს ყურამდეც მიაღწია; „პატივცემული“ გაფითრდა.
  - რას ამბობ, დანებით შეიარაღებულებმა ბარიკადი აღმართეს?! სამზარეულოში გამოკეტილი მზარეული ცოცხალია თუ მკვდარი, არ იცით?! - დაბნეულობისგან ყურმილი ძირს ჩამოუცურდა და რამოდენიმე წამს გახევებულმა დაჰყო, - ხო, მოვდივარ... მაგრამ ჩემი გამოჩენა მათ მეტად გააღიზიანებს! გენო, სასწრაფოდ სასადილოში გაჩნდი, ვითარება კონტროლზე აიყვანე! შემოგიერთდებით... ეს რა ჯანდაბა დამატყდა თავს!!!
  - პატივცემულო, თუ ასე მწვავედაა საქმე, პოლიცია გამოვიძახოთ, ცრემლსადენი გაზი აქვთ, რეზინის ტყვიები...
  - რას აბობ, კაცო, რა გაზი, რის ტყვიები - მთელი ცხოვრების მანძილზე ნაკოწიწები კარიერა ერთ წუთში გავაცამტვერო?! წადი, რაიმეს მოვიფიქრებ!
  გენომ კაბინეტი დატოვა; „პატივცემული“ ტელეფონს მიუბრუნდა:
  - რამ გამოიწვია ბუნტი?!
  ყურმილი კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა ყურზე.
  - ყუთი?! რა ყუთი, ტელევიზორი ხომ დავუბრუნეთ... ვერ გავიგე...
  წელში ისე მოიხარა, შუბლით ლამის მაგიდას შეეხო.
  - აა, ის აჩონჩხილი მუყაოს ყუთი, რაშიც ტელევიზორი იდო... აქამდე არ გადაგიგდიათ?!
  ფეხზე წამოდგა, ბოლთის ცემა სცადა, მაგრამ ტელეფონის ხაზმა არ გაუშვა, სავარძელში მოწყვეტილი ჩაეშვა.
  -  სულ იმ წყეული ფოტოგრაფის ბრალია...

  ვითარება სასადილო დარბაზში არ აღმოჩნდა ისეთი კრიტიკული, როგორც ეს ექიმ გენოს ეგონა - „ბარიკადი“ წარმოადგენდა ხუთიოდე წაქცეულ, ერთმანეთის გასწვრივ ჩალაგებულ მაგიდას, რომლის მიღმაც მდგომ პაციენტებს ცოცხალი ჯაჭვი შეეკრათ; რაც შეეხება მათ საბრძოლო აღჭურვილობას, დანა მრთლაც ეჭირა ერთ პაციენტს, ბუდულაის, და კიდევ რამოდენიმეს, ხელკეტმოღერებულ სანიტართაგან თავდასაცავად, დამტვრეული სკამის ფრაგმენტები ეპყრათ ხელთ. ყველანი იქ იდგნენ, ვისაც კი „მუყაოს ყუთთან“ მცირეოდენი შეხება ჰქონია - მხატვარი გაიოზი, მეცნიერა, იასონი, სიძე, კომანდო და სხვები. ამბოხთან დაკავშირებით, კიდევ ერთმა გარემოებამ არ გაამართლა ექიმი გენოს მოლოდინი: „ბარიკადში“ ვიღაც სანიტარი ისე თავისუფლად გადაადგილდებოდა, თითქოს ერთ-ერთი პაციენტთაგანი იყო.
  - ვინაა ის სანატარი, იქ როგორ შეაღწია?! - იკითხა მან.
  - ნიკოა, მაგას პაციენტები თავისიანად თვლიან...
  - ჩვენ ვისიანად გვთვლიან?!
  სანიტარმა, ვისაც ჰკითხა, პასუხად მხრები აიჩეჩა. გენო მიუახლოვდა „ბარიკადს“ და ნიკო გამოიხმო; ხმაურში ძლივს გააგონა; თანაც, მის დანახვაზე ნიკომ აშკარად წაუყრუა.
  - რა ხდება?!
  - „მუყაოს ყუთს“ არ თმობენ პაციენტები!
  - რას ქვია არ თმობენ, მაგათ ვინ ჰკითხავს?! მაგ „ქაღალდის გოვის“ გარდა აქედან კიდევ ბევრი რამაა გასატანი და გადასაყრელი!
  - „ყუთის“ გადაგდება არ შეიძლება!
  - ვითომდა რატომ, რას მალავენ შიგნით?!
  - რა უნდა დამალონ?!
  - რა ვიცი, ალბათ რაღაცას მალავენ!
  - „სიხარულს“ მალავენ, რომელიც შენ გინდა წაართვა!
  - წესიერად მელაპარაკე, მე ექიმი ვარ!
  - მე ვიცი, შენ ვინც ხარ...
  - მარტო ცნობა არაა საკმარისი, ჩემს მითითებებს დაემორჩილე!
  - მომწყდი თავიდან!
  - ამას როგორ მიბედავ?!
  ნიკომ ხელი ჩაიქნია და ბარიკადში დაბრუნება სცადა; ექიმი გენო წინ გადაუდგა.
  - მზარეული რა მდგომარეობაშია?!
  - თავს მშვენივრად გრძნობს, სამზარეულოში შეიკეტა - არ შემაწუხოთო!
  - აბუჩად მიგდებ?!
  - სიამოვნებით ცხვირპირსაც ამოგინაყავდი, იმიტომ, რომ ქურდი ხარ - მიცვალებულ პაციენტს ჩუსტები გახადე და გარემოვაჭრეს ათ ლარად ჩააბარე! ვერ უარყოფ, მე გამოვიკვლიე ეს და მოწმეც მყავს!
  გენო დაიბნა, თუმცა ყვირილი განაგრძო:
  - როგორ მიბედავ?! დღეიდან შენი ფეხი აღარ იქნება საავადმყოფოში!
  - ქურდი ხარ!
  - მე შენ გიჩივლებ!
  - უნდა მიჩივლო, მაგრამ ამას ვერ იზავ, რადგან უსინდისო ხარ!
  ნიკომ სანიტრის ხალათი გაიხადა და სახეში მიახალა გენოს; გასასვლელისკენ გაემართა. კიბეზე ჩასვლისას, წინ აქოშინებული ივანიჩი შეეჩეხა:
  - ნიკო, პაპარაცი სადაა, ვერ მიპოვია?!
  - საავადმყოფოში არაა.
  - აბა, სადაა?!
  - „სატაქსაოდ“ იქნება გასული.
  - დღეს პაციენტები საავადმყოფოდან გარეთ არ გაუშვიათ!
  - პაპარაცი პაციენტია?!
  - არა, ის არ არის პაციენტი...
  - ვახტიორ გოგიას ჰკითხე, ეცოდინება მისი ამბავი.
  ივანიჩი ძუნძულით გაემართა თავისი „ოპელისკენ“, რომელიც საავადმყოფოს ეზოში გაეჩერებინა. ამინდი წუთიერად უარესდებოდა, შავმა ღრუბელმა მიდამო ისე დაბურა, მზის დაბნელებას ჰგავდა, და უკვე, ჭექა-ქუხილიც გაისმა ცაში; ერთი ისეთი დაიგრუხუნა, (აფეთქებას უფრო ჰგავდა), ივანიჩმა ირგვლივ მიმოიხედა, მეხი სად ჩამოვარდაო; ძუნძულს უმატა, მიაღწია ავტომობილს, დაქოქა და ალაყაფის კარს მიაწყდა.
  - გოგია, ვიცი, პაპარაცი შენ გააპარე, არ გაგცემ, მითხარი რომელი მიმართულებით წავიდა?!
  - მე... - უნდა ეუარა, მაგრამ მიხვდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, თანაც, სასადილოში დატრიალებულ ამბავს მის ყურამდეც მიეღწია და დაფეთებულმა პაპარაცის დანაბარევი სიტყვა-სიტყვით გაუმეორა - განთიადის ქუჩის ბოლოში დასრულებული ობიექტიდან დაუსრულებელ ობიექტზე მორჩენილ ქვიშას ეზიდებაო...
  - ჭიშკარი გააღე!
  სიჩქარეში, უფრო კი დაბნეულობით, ივანიჩმა ალაყაფის კარს მანქანა ისე მიაბჯინა, რომ გამოღებისთვის საჭირო მანძილი ჩახერგა და მერე, უკან დაწევა მოუხდა;
დაძვრისას საბურავები დააწუილა. იცოდა განთიადის ქუჩა სად იყო, მაგრამ ისე ღელავდა, რომ სხვა მიმართულებით წავიდა და კინაღამ საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს შეასკდა. ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწია საჭირო ადგილს და პაპარაცს, რომ იტყვიან, სულზე მიუსწრო - ქვიშის გადაზიდვა დაემთავრებინა და სხვა საქმეზე გავლას გეგმავდა; ჩაისვა მანქანაში და საავადმყოფოსკენ გააქანა; გზაში აუხსნა, რაშიც იყო საქმე.

  სასადილოს კიბეებს პაპარაცი სირბილით აუყვა, ივანიჩი ცოტათი  ჩამორჩა, მაგრამ დარბაზის შესასვლელში ერთმა გარემოებამ ორთავე შეაფერხა - იქ, საავადმყოფოს მთავარი ექიმი ატუზულიყო და ნახევრად მიხურული კარის ჭრილიდან დარბაზს უმზერდა; ისეთი შეშინებული იყო, რომ ზურგს უკნიდან მომდგარი ორი ადამიანი ვერ შეამჩნია.
  - უკაცრავად, უნდა გაგვატაროთ! - უთხრა პაპარაცმა.
  „ატუზული“ შეკრთა, უფრო კი, დაიბრნა, რადგან ასეთ მდგომარეობაში წაუსწრეს და დარცხვენილი განზე გადგა. დარბაზში შესულ პაპარაცს პაციენტები ყიჟინით შეხვდნენ, „ბარიკადი“ გაუხსნეს; ბუდულაიმ მას საქმის არსი აუხსნა:
  - ამბოხს მე ვმეთაურობ, მაგრამ რადგან შენ შემოგვიერთდი, მეთაურობა გადაიბარე!
  პაპარაცთან მაშინვე ერთი გამხდარი, თვალებამღვრეული პაციენტი მიიჭრა:
  - მეთაურო, ექიმებმა კითხვა არ იციან - „ობიექტს იცავს დაცვის პო-ლი-ცი-ა!“ - მუყაოს ყუთზე მარკერით დატანებულ წარწერას თითი გადაატარა, - ციხეში ჩასვავენ მაგ უპატრონოებს!
  - სიცოცხლის მიწურულს, როგორც იქნა, გავმხიარულდი... - გულიანად გადაიხარხარა მხატვარმა გაიოზმა, - მე ბრძოლით დავიცავ „პაპარაც-ცენტრს“! - და საჩვენებელი თითი „მუყაოს ყუთს“ დააბჯინა.
  - უნდა ვიბრძოლოთ! - დამტვრეული სკამის ფეხით მეცნიერამ ჰაერი მრისხანედ გააპო, - „ცენტრის“ დაცვით, მეცნიერებას გაუპატიურებისგან ვიხსნი!
  - ვიბრძოლოთ! ვიბრძოლოთ! - ყიჟინა მორთეს დანარჩენებმა.
  მდუმარე პაპარაცი ბუდულაის ხელში მოელვარე დანას დასჩერებოდა.
  - ეს დიდი დანა, თუ არ ვცდები, ერთხელ ჩვენ დავაბრუნეთ სამზარეულოში, მათხოვე... - დანა ისე გამოართვა, კაცი იფიქრებდა, მალევე უკან მისცემსო.
  - სამზარეულოში სხვა დანებიცაა, მაგრამ მზარეულმა კარის შიგნიდან ჩაკეტვა მოასწრო, მიბრძანე და შევამტვრევ კარს!
  - მზარეული მოვკლათ! საჭმელს არ გვაჭმევს! - დაიყვირა ვიღაცამ.
  - „მახვილით მოსული, მახვილით მოკვდება“, ნათქვამია... ამიტომ ბასრი ნივთები ჩვენ არ გვჭირდება, დავუბრუნოთ ის მზარეულს! - ჩაკეტილი კარის ქვედა ჭრილიდან დანა სამზარეულოში შეაცურა, - ჩვენ შეგვიძლია „მუყაოს ყუთიც“ დავთმოთ, რადგან მის ნაცვლად ავღმართავთ დიდ, ნათელ, ავი თვალისთვის უხილავ სახლს, სადაც ყველანი ერთად ბედნიერნი ვიქნებით!
  - დიდ, ნათელ სახლს? - ჰკითხა იმ პაციენტმა, ვინც „წერა-კითხვის უცოდინარ მედ-პერსონალს“ ციხეში მოხვედრა უწინასწარმეტყველა.
  - ჰო, დიდს და ნათელს!
  - როგორს? - ისევ ჰკითხა; და მაშინვე ვიღაცამ მუჯლუგუნი ჰკრა:
  - ვერ გაიგე, რომ გითხრა - დიდს და ნათელსო!
  - ცისფერი იქნება? - ისევ მან ჰკითხა.
  - ცისფერი იქნება!
  - წითელი ლენტებით მოვრთავთ?
  - წითელი ლენტებით აუცილებლად მოვრთავთ!
  - ცის სიმაღლის იქნება?
  - ძალიან მაღალი იქნება, ცას მისწვდება!
  - ესე იგი, ცაში ვიცხოვრებთ!
  - ხო, ცაში ვიცხოვრებთ... - ბუდულაის მიუბრუნდა, - წამოდი, „ცის სახლის“ დაგეგმარებას შევუდგეთ! - ხელმკლავით გასასვლელისკენ წაიყვანა.
  გზა დაუთმეს; ექიმებმა და ხელკეტმოღერებულმა სანიტრებმაც კი დაიწიეს უკან; დარბაზის კარებში წინ ბუდულაი გაატარა, თვითონ წამით შეყოვნდა, ზურგს უკნიდან გამოიხედა, იქიდან ბარიკადის ორივე მხარე ხელის გულივით სჩანდა, მოიმარჯვა თავისი უხილავი ფოტოაპარატი და - „ჩხაკ-ჩხუკ“, კადრი დააფიქსირა.
  - მადლობთ, სურათი გადაღებულია; ახლა შეგიძლიათ დაიშალოთ...
  კარებში გავიდა.
  მალე, უკან ერთი პაციენტი მიჰყვა, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე და რამოდენიმე წუთში, დარბაზი პაციენტებისგან დაიცალა; ის უკანასკნელი პაციენტიც, რომელსაც ფიზიკური გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, ივანიჩის დახმარებით დანარჩენებს მიჰყვა, ეზოში ჩავიდა, სადაც გაავებული ცა სადაცაა ჩამოიქცეოდა.

  მიუხედავად მედპერსონალთან საბრძოლო პოზიციის დათმობისა, პაციენტებმა თავი დამარცხებულად არ იგრძნეს, პირიქით, „ცის სახლის“ აღმართვის ჟინით შეპყრობილებმა ცოცხალი ჯაჭვი ახლა ეზოში შეკრეს, იმ შემზარავი ჭექა-ქუხილის ქვეშ, რომელიც ქვეყანას დაქცევით ემუქრებოდა. ქარმა იმძლავრა, გრიგალში გადაიზარდა და ქარბორბალა წარმოშვა; თუმცა, ქარბორბალა არ აღმოჩნდა ისეთი სიმძლავრის, რომ ადამიანისთვის რაიმე ევნო, ის უფრო სიმბოლური დატვირთვის სანახაობად იქცა - ხმელი ფოთლებისა და მიწის მტვრის ღრუბელი პაციენტთა თავზე შეკრიბა და სპირალური ბრუნვითა და შხუილით ცაში გატყორცნა, თითქოს მიწა და ცა ერთმანეთს შეაერთაო. ამ შთამბეჭდავმა მოვლენამ პაციენტებს მხნეობა შეჰმატა და „ცის სახლის“ აღმართვის ჟინი (და იმედიც) გაუძლიერა; თანაც, უჩვეულო სანახაობათა ციკლი ამ უკანასკნელი მოვლენით როდი ამოიწურა: ქარბორბალას დაცხრომის შემდეგ,  გრიგალმა იკლო, ჯერ ქარში გადაიზარდა, შემდეგ, სრულიად ჩადგა; მძიმე, საავდრე შავი ღრუბელი ისე შეთხელდა, რომ მიწას ერთი წვიმის წვეთი არ დასცემია - ირგვლივ ინათა.
  - ძმებო, ცა გაიხსნა! - უეცრად, ვიღაც პაციენტს მთელი ხმით აღმოხდა.
  ყველამ ცისკენ აღაპყრო მზერა - საავადმყოფოს თავზე ღრუბელი წრიული ფორმით კიდეებისკენ გადაყრილიყო და ლაჟვარდოვან ცაზე უჩვეულო, მოციმციმე მნათობი კიაფობდა, მზის ზომის, მაგრამ არა მასსავით თვალის მომჭრელი. ამ უჩვეულო მნათობს მალე კიდევ ორი ანალოგიური მნათობი შეემატა და მათ ერთმანეთს შორის სრიალი იწყეს. ასე გაგრძელდა დიდხანს, სანამ ღრუბლის უკანასკნელი ნაგლეჯი არ გაიწოვა ციდან.

  მედპერსონალი სასადილოს ფანჯრებიდან დამფრთხალი შესცქეროდა ცაზე გამოსახულ სასწაულს - „ცის სახლს“, და ვერ მიმხვდარიყვნენ თუ ის რას ნიშნავდა, რადგან ეს სასწაული მათ არ ეკუთვნოდათ.


                                              დასასრული


                                                                                                            ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები