ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2017


სიზმარი

                                   
საოცარ ბაღში ვსეირნობდით.  ვკრეფდი ყვავილებს, -                         
თმაში ვიწნავდი გვირილების  ფრთათეთრა ფანტელს,                     
ბევრს არა ოღონდ... რამდენიმეს... ათ ცალს... ან თხუთმეტს.       
ყველა უჯრედით განვიცდიდი ვნების ჟრუანტელს.

როგორ ვცდილობდი, უსაშველოდ მოგწონებოდი.
თეთრ გვირილებით მოჩითულმა, ავწიე თავი...
მეგონა, სხივი დამხვდებოდა თაფლის თვალებში.       
სულ ცოტა სითბო მჭირდებოდა ნაზამთრალ ყვავილს...             
სითბოს ვეძებდი... ვეძებდი და... ვერ ვპოულობდი! –   
ვერ მივხვდი, საით მიცურავდა ცხოვრების ნავი.

და... მლაშე ტბაში ჩაიძირა ჩემი თვალები!...                               
მლაშე ტბა ცრემლით ივსებოდა, როგორც თასი და                   
ბოლო წვეთამდე რომ შეივსო, გადმოწანწკარდა                         
ისე, ვით ღვინო მოწანწკარებს სავსე თასიდან.                             

თავი ჩავღუნე...  „მაპატიე“ - ჩავიჩურჩულე...                               
აღარ მინდოდა  იმ თაფლისფერ თვალთა  დანახვა,
რომლებშიც მხოლოდ „სულერთია“ ირეკლებოდა!
შიგ გულში ვგრძნობდი ბეჭის მხრიდან დაცემულ ლახვარს!                       

გავშორდი... ნაბიჯს მოვუმატე... უფრო!...  და  უფრო!...
საით მივრბოდი?! ვინ მელოდა იმ ბაღის გარეთ?!                         
ან ამოვარდნას რად ცდილობდა გული ბუდიდან?
ან  ვინ  აწეწა  სული ჩემი, მუდამ მღელვარე?

აი, კედელიც... და ჭიშკარი  სადღაა, ნეტა?!                                       
გარეთ რომ გავალ,  იქნებ გულმაც იპოვოს შვება?!                         
ხელისცეცებით ვამოწმებდი ბაღის გალავანს.                                 
(მეგონა,  კედელს არ უნდოდა ჩემი გაშვება!..)                                 

„ალი ბაბა ვარ?!“  - ზღაპრის გმირი მეგონა თავი:
„სეზამ, გაიღე!“  - ვიყვირე  და...  თავად  გავოგნდი, -
გ ა მ ო მ ე ღ ვ ი ძ ა!
ჩემს ტუმბოზე მდგარ  თეთრ ლარნაკში
დიდი, ფრთათეთრი გვირილები  ყელყელაობდნენ!

12.04.2017


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები