ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: იუმორისტული
23 ივნისი, 2017


დედამთილური მარში

ნინო დარბაისელი

დედამთილური მარში
- - - - - -
(იუმორისტული ეტიუდი)

მოვდივართ დედამთილები,
დარდისგან დაფლეთილები!

ჯაფისგან დაქანცულები,
ენით - დაშნები, ცულები.

ამგვარ ყოფაში რა გაძლებს,
ვეღარ ვერევით პატარძლებს.

ჯერ რომ თავს იკატუნებენ,
მერე მთლად აიხტუნებენ.

ვერაფერს ვეღარ ვაწონებთ,
საქმე- მაგათიც აწონეთ!

ჩვენ - შვილის ბედი გვაფიქრებს,
რაში სჭირდებათ ყბედი ქმრებს!

უფროსის ვინ რა ისმინა!
ან დაულაგონ  ის ბინა,

ან მონატრული სადილის,
სოსისნაჭამი სად ივლის!
 
ან მოასვენეთ, დაღლილი
ჩვენი აზიზი ბიჭები,
ქვაზე გვაქვს თავი დახლილი,
უაზროდ რას იკრიჭებით!

,,არ ვიცით რა მოარჯულებს,
- გითქვამთ თავგამობრექილებს -
სხვის ანგელოზთა მსაჯულებს
თავის ეშმაკთა ვექილებს!"

ვერაფერს გამოგვაპარებთ
ჩვენ - ,,ეშმაკების ვექილებს",
ჩვენსას - ხელს ჩუმად ვაფარებთ,
თქვენ - გამხელთ გამოქექილებს.

თავს იქცევთ უსაქმურები,
ვინ - პაპიროსით, ვინ - ყავით,
ვერ გაძღებოდი ყურებით,
რა გოგოები ვიყავით!

ნეტავი, რას იპრანჭებით
მაგ გამომხმარი კანჭებით

ვერ ჩამოგყარეთ ჯორიდან,
ფეხიდან გაცვეთილები.
რა გენაღვლებათ, შორიდან
უთვალოს დედამ ტილები!

ჰოდა, აეგრე!  ამ ქარში
ჩვენც შევიყარეთ ამქარში.

დარჩით ხმაგაკმედილები!
მივიღეთ გაკვეთილები,
თქვენივე დაკვეთილები.
სათნონი და კეთილები,
მივდივართ დედამთილები,
მივდივართ დედამთილები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები