ნაწარმოებები



ავტორი: ლექსო ლობჟანიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 ივნისი, 2017


ოთარიდან რეზომდე და პირიქით

                                                                                              ოთარიდან რეზომდე და რეზოდან ოთარიმდე

და სიგარეტი სველი და შავი
მკვდარი მწერივით მეჭირა ხელში.

ო.ჭილაძე

და შენი ხელი, გამხდარი ხელი,                                                                                                   
მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში.

რ.ამაშუკელი


ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ პოსტმოდერნიზმი თანამედროვე კულტურული კონტექსტია, რომლის პროდუქტებიც თავად ვართ. ჟანრის კანონი გვკარნახობს, რომ ადამიანმა ისტორიული ევოლუცია შეწყვიტა. ამ პროცესებმა, რასაკვირველია, ლიტერატურაშიც შეაღწიეს და  გამორიცხეს კიდეც იმის შესაძლებლობა,რომ მწერალს რაიმე ახლის, პროგრესულის თქმა შეუძლია. ამგვარად, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ავტორს მხოლოდ და მხოლოდ წარსულის განსხვავებული ინტერპრეტირება შეუძლია, მაგრამ ამ ყველაფერმა ლიტერატურათმცოდნეებსა და  კრიტიკოსებს საკმაოდ დიდი თავსატეხი გაუჩინა, გამომდინარე იქიდან, რომ მაქსიმალურად შეიზღუდა ამა თუ იმ მწერლის პლაგიატიზმში დადანაშაულება. სწორედ ასეთი პრობლემა გაჩნდა ცოტა ხნის წინ ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, სადაც ერთ–ერთი კონკურსის გამარჯვებულის, ოთარ ფალიანის, ლექსმა „აჰმედ რაქამი“  აშკარა მსგავსება გამოავლინა რეზო ამაშუკელის ლექსთან  „ჩაიხანა“. დღესდღეობით ამ საკითხზე პოლემიკა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტუალურია. სხვა ყველაფერთან ერთად,  ეს ფაქტი ეხება იმ ჟიურის რეპუტაციას, რომელსაც ქართველი მკითხველი ყველაზე მეტად ენდობა. იმისათვის, რომ  პასუხი გაეცეს  იმ ბუნდოვან  შეკითხვებს, რომლებიც ამ თემის გარშემო ტრიალებენ, აპრიორი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ ლექსი „აჰმედ რაქამი“ და ეტაპობრივად შევხედოთ მას, როგორც პოსტმოდერნისტულ ტექსტს და როგორც პლაგიატიზმს.
  უნდა აღვნიშნოთ, რომ ფილოსოფიისა და ლიტერატურის ისტორია სერიული მკვლელია. ის თანდათან კლავს ისეთ  საკრალურ ფიგურებს, როგორებიცაა: ღმერთი,  ავტორი,  მკითხველი და თუ დავსვამთ კითხვას : „არის თუ არა აქ ვინმე ცოცხალი?“  ლექსო დორეული აუცილებლად გვიპასუხებს, რომ ეს ტექსტია. ამგვარად,  მეც გავითვალისწინებ ამ ისტორიულ სასაფლაოს და ისე შევუდგები ტექსტის ანალიზს.

აჰმედ რაქამი, როგორც პოსტმოდერნისტული ტექსტი

    ლექსზე დავამ, როგორც აღვნიშნეთ,  სოციალურ ქსელში ფართო არეალი მოიცვა. ოპონენტებმა არგუმენტებად სხვადასხვა ცნების აქტუალიზაციაც კი დაუშვეს. ერთ მხარეს ლიტერატურა განიხილებოდა, როგორც ინტერტექსტუალობა, მეორე მხარეს კი საუბარი პროტოტიპზე იყო. ეს ორივე წმინდად პოსტმოდერნისტული ხასიათის მატარებელია.  ჯონათან ქალერი ხსნის, რომ  ნაწარმოები  სხვა ტექსტების გვერდით და სხვა ტექსტებს შორის არსებობს და მათდამი დამოკიდებულება უყალიბდება, ამგვარად  ხდება იგი ინტერტექსტუალური. პროტოტიპი კი განიხილებოდა არა როგორც რეალურ პიროვნებაზე „დაშენებული“ ლიტერატურული პერსონაჟი, არამედ ლიტერატურულ პერსონაჟზე „დაშენებული“ ლიტერატურული პერსონაჟი (აბდულახმანზე აჰმედ რაქამი).                               
  მე საერთოდ გავემიჯნებოდი ამ კონკრეტული ლექსის პოსტმოდერნისტულ საფუძველზე  განხილვას, რადგან  მისი ზედაპირული წაკითხვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ  დავინახოთ, რამდენადაა  ტექსტი კონტექსტიდან ამოვარდნილი და სრულიად შემთხვევით მოხვედრილი დროში, სადაც ეკოსეული ჰიპერრეალობა და ბოდრიარისეული სიმულაკრები მეფობენ.  თუ  ბრენ ნიკოლს დავუჯერებთ, პოსტმოდერნიზმი გვთავაზობს ირეალურ რეალობას. მკითხველი უნდა განიცდიდეს სიყალბეს, როგორც რეალობას და რეალობას, როგორც სიყალბეს. „აჰმედ რაქამი“ კი ვერ ქმნის მთავარს, ფალსიფიცირებულ სივრცეს. თავი რომ დავანებოთ ავტორის პოეტურ სისუსტეს, თემატიკა არათუ ყალბი, არამედ ისეთი რეალობაა, რომელიც  ისტორიული მოცემულობიდან გამომდინარეობს. მხარეებს ავიწყდებათ კიდევ ერთი,  რომ  პოსტმოდერნისტულმა ტექსტმა შეფარვით უნდა გვიკარნახოს, თუ რომელი ეპოქის კონცეპტებს ატარებს  და  ისტორიის რომელ  სინქრონიულ  მდგომარეობაზეა აგებული, მაგრამ  „აჰმედ რაქამის“, როგორც პოსტმოდერნისტული ტექსტის განხილვისას, ვაწყდებით  იმ წინაღობას, რომელსაც  ავტორის  ენობრივი არასტანდარტულობა ჰქმნის. ცალსახად,  არქაიკული  პოეტური ლექსიკის  მიზანი ისაა, რომ ნათქვამს მხატვრულობა შესძინოს, მისცეს ექსპრესიულობა და სიმკვეთრე; არა მხოლოდ  ხედავდეს საგანს, არამედ გრძნობდეს და განცდიდეს მას (ჰეგელი),  სხვა მხრივ კი შექმნას ალტერნატიული, მხატვრული რეალობა და განწყობა, რომელიც მაქსიმალურად მიმსგავსებული იქნება აღსაწერის მდგომარეობასთან.  ტექსტში ვაწყდებით  ბრუტალურ მცდელობებს იმისა, რომ შეიქმნას  განზომილება, რომელიც ისტორიულ  სამხრეთ საქართველოს მოგვაგონებს, მაგრამ ნაწარმოების კითხვისას მკითხველს მალევე ხვდება მუსიკალური პანღური, კერძოდ, სიტყვა „პარტიზანის“ წაკითხვისას. იგი ტაო–კლარჯეთიდან პირდაპირი რეისით უკან გვაბრუნებს იმ რეალობაში, რომელმაც უკვე დიდი ხანია გადაიაზრა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს უტოპიურობა.  ამდენად, ანაქრონიზმი მკითხველს ფრედერიკ ჯეიმსონისეულ ვესტიბილიუმში მოამწყვდეს, სადაც, მისი თქმით, ინდივიდი ორიენტირებას ვერ ახერხებს.  მართლაც, მკითხველი  კარგავს რეალობის შეგრძნებას, ხდება დეზორიენტირებული, რადგან მას უჭირს გაარჩიოს ერთი მოცემულობა, სადაც აღმოსავლური პათოსია, მეორისგან, სადაც  თბილისის ყველაზე პრესტიჟული კაფედან გამოსული ყავის არომატი დგას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ რთულია  ავტორი მიჰყვეს იმ ენობრივ სტანდარტს, რომელიც ამოირჩია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ორი ფაქტორი:  1) „იგი პოეტურია იმის წყალობით, რომ ენას ეკუთვნის და ენის თვისებიდან გამომდინარეობს“ – ამბობს გრინცერი და მართლაც, პოეტის ოსტატობა განუყოფელ მთლიანობაშია ინდივიდუალურად  დახვეწილ ენასთან და 2)  რაც მთავარ პრობლემად მიმაჩნია, ამ ლექსში 900 ლარია გადახდილი და მადლობა ღმერთს, რომ წინა ხელისუფლება არაა, თორემ ეს ლექსი 1200 ლარი ეღირებოდა და ფასის მომატებასთან ერთად ჩემი გულის ტკივილიც მოიმატებდა.

აჰმედ რაქამი, როგორც რემინისცენცია
 
    რემინისცენცია ლიტერატურული კატეგორიაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ფსიქოანალიზთან. ერთი შეხედვით, ის გულისხმობს, რომ ლიტერატურულ ტექსტზე იგრძნობა სხვა რომელიმე ტექსტის გავლენა,  მაგრამ ჩვენი საქმე არ არის ამ ლექსების ზედაპირული მიმოხილვა, რადგან ლიტერატურათმცოდნეობის ისტორიამ ბევრი ისეთი ფაქტი შემოგვინახა, სადაც არათუ ავტორები, არამედ მათი ტექსტები დამოუკიდებლად  ემთხვეოდნენ ერთმანეთს.  ეს ფენომენი მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ყოველთვის არსებობდა „უნივერსალური ფსიქოლოგია“, რომელიც ერთი და იმავე ენით, სტილითა და მუსიკით წერს ლიტერატურას. ზედაპირული მტკიცება იმისა, რომ  „აჰმედ რაქამის“ ენა,  რეზო ამაშუკელის ლექსის  ასიმილირებული ენაა, მიგვიყვანს იმ კაპიტალისტურ  მდგომარეობამდე, სადაც  ენა მხოლოდ და მხოლოდ რეზო ამაშუკელის საკუთრებაშია.  ასეთ მიდგომას ადვილად გავაბათილებთ, თუ ფერდინარდ დე სოსიურის მსჯელობის ხაზს გავყებით. მისი აზრით, ენა ინდივიდთან მიმართებაში იმპერატიულია, რადგანაც იგი სოციალური მოვლენაა, სოციალური მოვლენის პრივატიზება კი შეუძლებელია.                                                         
  რაც შეეხება სტილს, შეიძლება ითქვას, ამაზე პოლისემიური ტერმინი არ არსებობს ლიტერატურათმცოდნეობაში, მაგრამ, რადგანაც მოსაზრებების მტკიცება და არგუმენტების მოყვანა ჩემზეა, შემოგთავაზებთ იმ ნაივურ გაგებას, რომელიც ფეტიშამდეც კია დაყვანილი. არისტოტელე „რიტორიკაში“ წერს: „ პოეტები, რომლებიც ჩვეულებრივ საგანზე ლაპარაკობენ, როგორც ჩანს, სახელს თავისი სტილის მეშვეობით იხვეჭენ“. ამის მარტივი დეფინიცია შეგვიძლია ასე წარმოვადგინოთ, რომ სტილი არის ინდივიდუალური მეთოდიკა, რომლითაც ლიტერატურულ ტექსტს ვუდგებით. თუ რამდენადაა ინდივიდუალური ოთარ ფალიანის სტილი, სხვა საკითხია, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სივრცე, რომელზეც ეს ტექსტი იწერება,  მარგინალურია. იგი არ აძლევს მწერალს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა  ლიტერატურული სტილით ან ფორმით იმოქმედოს. ვგულისხმობ იმას, რომ  ამ კონკრეტული სივრცისთვის პოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ სტილისტიკური პლურალიზმი ვერ შედგა.
  მესამე და, ალბათ, მთავარი ფაქტორი ეს არის ტექსტის მუსიკა,  ანუ მეტაპოეტური ხმა. ლაკანის ფსიქოანალიზი მოიცავს ისეთ ტერმინს, როგორიცაა „ხმის ენიგმატური განზომილება“. ამ უკანასკნელს განიხილავენ, როგორც ყველაზე მეტად დაკავშირებულ ფენომენს მეხსიერებასთან, რომელსაც არ შეუძლია დაივიწყოს  ორიგინალი/დედანი. ვფიქრობ, სწორედ ეს შემთხვევაა ჩვენი კრიტიკის ობიექტთანაც. მკითხველს, რომელსაც „ჩაიხანა“ უფრო ადრე წაუკითხავს,  აუცილებლად გაიგებდა „აჰმედ რაქამის“ კითხვისას  ორიგინალ ხმას, რომელიც სინამდვილეში რეზო ამაშუკელის ხმაა და თან არც ისე სასიამოვნო.
    ის, რომ ენა სოციალურია  და  სტილისტიკური პლურალიზმი არ გვაქვს, არ გამორიცხავს, რომ ლექსი პლაგიატორულია.

აჰმედ რაქამი, როგორც პლაგიატიზმი
   
ზოგადად, ტექსტი პლაგიატიზმია, ერთი მხრივ, მაშინ თუ ის აშკარად იდენტურია, მეორე მხრივ კი მასზე  არგუმენტაცია უფრო ფილოსოფიური ხასიათიაა, ვიდრე მეცნიერული. მიუხედავად იმისა, რომ ოთარის მთლიანი ლექსი  რეზო ამაშუკელის დაშლილი ფაზლია, ვფიქრობ, მთავარი, რამაც მკითხველს „ჩაიხანა“ გაახსენა, არის ის აღმოსავლური პათოსი, რომლითაც “აჰმედ რაქამია“ დაწერილი. საერთოდაც, საქმე არც ისე სერიოზულად მგონია, როგორადაც ზემოთ ვისაუბრე. თუ ჩვენ  ,,Shazam“-ით ვიხელმძღვანელებთ ოთარ ფალიანის ლექსის კითხვისას, პირველივე ეპითეტზე  პროგრამა „ჩაიხანას“ ამოაგდებს:

,,გაყვითლებული სათირა“ – წერს რეზო ამაშუკელი.                                                             
,,გაყვითლებული სათითით“ – არაფრით ჩამორჩება ოთარი. 

ან ცოტა გაუჭირდებოდა იდენტიფიკაცია, მაგრამ ერთ–ერთ იმ პასაჟზე მისვლისას, სადაც პერსონაჟთა პორტრეტები თითქმის იდენტურია, აუცილებლად წამოიძახებდა: 
-Heureka!

იხ.  „ღაწვზე ნაჩეხი ატყვია ჩხუბში მოქნეულ დანისა“
შდრ. „შუბლი ვერცხლივით უელავს,  ერთ დროს წათლილი დანაზე“

  ტრადიციულ  შედარებას რომ მივყვეთ, პირველივე მსგავსებას შევხვდებით  ვერსიფიკაციაში. მისი შინაგანი ორგანიზაცია დამყარებულია ისეთ რიტმულ–ინტონაციურ მოდელზე, რომელზეც „ჩაიხანაა“.  ამასთან ერთად,  ვისაც დათვლა არ ეზარება, მარტივად გაიგებს, რომ ტაეპები 8–8 მარცვლიანია.  გამჭრიახი ყური და თვალი მსგავსებას, აგრეთვე,  მოისმენს და დაინახავს ლექსის ფონიკაში, კერძოდ , ალიტერაციაში:
„უკიდებს ჩილიმს, ჩეფირობს და მეჩეთურა ჩაიდანს“ – აჰმედ რაქამი
„ჩახუთულ ჩაიხანაში მოხუცი აბდურახმანი“. – ჩაიხანა
ჩხ, ჩხ, ჩხ, ჩხ – აი, თურმე რას უგრძნობდა გული მატარებელს, რომელსაც ბათუმისკენ მივყავდი.

რაც არ უნდა დიდი ლექსიკური მარაგი ჰქონდეს მკითხველს, მისი ყურადღება ავტომატურად შეჩერდება ისეთ სპეციფიკურ სიტყვებზე,  როგორებიცაა: „კრიალოსანი“, „ნოხი“, „თარი“  ან ამ კონტექსტში სემანტიკურად  აღსანიშნავ „აღმოსავლური“-ზე.  ან, სულაც, სიტყვა  „ნაიბი“.  ამ რაოდენობის მსგავსებებიდან  გამომდინარეობს, რომ  „აჰმედ რაქამი“ „ჩაიხანას“ დაშლილი  ფაზლი მგონია და აბსურდულად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ მარგინალიზებული სივრციდან, სადაც ენის, სტილისა და მუსიკის ეკლექტიკა ვერ შედგა. ვცადოთ ციტირება:
„ვით ქარვის კრიალოსანი“ – ჩაიხანა.                                                                                                 
„ასხმული კრიალოსანი“ – აჰმედ რაქამი.
,, – მე კი ვზი ნოხზე ინახით“ – ჩაიხანა                                                                                             
„ნოხზე იპნევა მძივები“ – აჰმედ რაქამი
„ – თარიც მეამა ფარსულიც“ – ჩაიხანა                                                                                                           
„ჟღარუნობს თარი სამხმებად“ – აჰმედ რაქამი
„აღმოსავლური სურათი“ – ჩაიხანა .                                                                                                                     
„აღმოსავლური ყისმათი“– აჰმედ  რაქამი.
„არც ნაიბი ვარ არღუნის“ – ჩაიხანა                                                                                                         
„ერთდროს ყინჩლარის ნაიბი“– აჰმედ რაქამი.

უნდა გამოვყოთ სიტყვა „ყინჩლარი“ , რომლის მნიშვნელობა მხოლოდ ოთარ ფალიანმა, ლევან ღვინჯილიამ და  იმ პირველყოფილმა ადამიანმა იცის, რომელსაც სულ შემთხვევით წამოსცდა ამ ასოთა კომპლექტი.

  ლექსების  ოდნავ  სიღრმისეულად გაცნობის შემდეგ  ჩვენ  დავინახავთ, რომ მათ, პროტაგონისტებთან ერთად, ქრონოტოპიც კი საერთო აქვთ.  მოქმედება ორივეგან ვითარდება დაკარგულ ტერიტორიაზე, რომელზეც ხანში შესული ადამიანები ცხოვრობენ: 

„მოხუცი აბდურახმანი“ – ჩაიხანა                                                                                                                   
„რაც თავი ახსოვს აქ არის“ – აჰმედ რაქამი

სამწუხაროა, რომ  ოთარის ლიტერატურული ფანტაზია ვერ სცილდება რეზოს ლექსში გამოყენებულ  გეოგრაფიულ არეალს და ქალაქი დმანისი ორივე ტექსტში გვხვდება, ოღონდ ერთ–ერთი მარნეულთან ერთად:

„დმანისელ თათარს ვამგვანე“  – ჩაიხანა                                                                                             
„მარნეულთან და დმანისთან“ – აჰმედ რაქამი
 
უფრო მეტად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ლექსის დასასრულსაც ვერ მოვინელებთ  გემრიელად,  რადგან შეუძლებელია არ გაგვახსენდეს დიმიტრი ბახუტაშვილი:                                       

„ვაი, თუ აღარ გჭირდები, ვაი, თუ გაგისულერთდა“ – წერს დიმა                                                           
„ ვაი, თუ ფეხი ამტკივდეს, ვაი, თუ ფეხი დამიცდა“ – არ აყოვნებს ოთარი

  მთლიანობაში ლექსი „აჰმედ რაქამი“ არ არის  ორიგინალური თემატიკისა. არც თუ ისე შორეული წარსულიდან  ჩვენ შეგვიძლია ზურაბ გორგილაძე გავიხსენოთ,  თანამედროვეებიდან  კი ბატონი რეზოს, ამჯერად გეთიაშვილის, „გოქსუ“. მოგვიანებით ამ თემატიკაზე დაწერილ ლექსთა ნუსხას როინ აბუსელიძის „ეფენდი“ ემატება, რომელიც ამავე ენობრივ კლიშეებში მოთავსდა და დღეს ლიტერატურულ ასპარეზზე ვხედავთ ბატონი ოთარ ფალიანის ლექსს „აჰმედ რაქამი“.

    თქვენ უკვე კარგად იცით, რომ ღმერთიც, ავტორიც, მკითხველიც, თურმე ჟიურიც  და ოთარ ფალიანიც მკვდრები არიან. გამონაკლისი არც მე (ამ ტექსტის ავტორი) ვარ და, შესაბამისად, მეც სიკვდილი მიწევს, უნდა დაგტოვოთ.

ლექსო  ლობჟანიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები