ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2017


  ჩამოტვირთვა

მიწის პოეტის მსხვერპლი

I

მიწის პოეტი იყო მამაჩემი,
კრიალოსანით ხელში,
კავით ხელში,
ხელში წერაქვით...
ყოველ გაზაფხულს ის თესდა ლოცვებს,
ყვავილებს, სიმინდს, ხორბალს და ხეხილს...
მიწის პოეტი იყო მამაჩემი,
პოეტი - გლეხი.
იცოდა მამამ მიწის ფასი,
მისი ცრემლით და მისი ოფლით მორწყული ბაღი
მუდამ ყვაოდა.
ხოლო მზის შუქზე სულ ბრწყინავდა ეზო,
სანახი,
კარგად იცნობდა სავსე მთვარეს,
ნახევარმთვარეს
და რგავდა ვენახს მთვარის კარნახით.
იცოდა მამამ ღვინის მადლი, იცოდა გემო,
მშობლების გამო სულ სხვა გზებს და ფიქრებს უსმინა,
თუმც ვერავინ ვერ დაასწრებდა სადღეგრძელოს თქმას
მამას, მუსლიმანს.
ის ახარებდა ჩვენს ეზოში
თითქმის ყველა ხილს,
მხოლოდ მსხალმა ვერ გაიხარა და სულ ამბობდა,
მსხვერპლს მოითხოვსო...
მწველ და უნაზეს - მზის სხივს ნაწნავში მოიმწყვდევდა
იმ დროს ვენახი
და ვსაუბრობდით, დუმბაძეზე,
"ხაზარულაზე".
მზის ამოსვლამდე იღვიძებდა მამა ყოველთვის,
სიმინდის მარცვლებს
ამოკრეფდა თხელი ვარცლიდან
და სანამ ირგვლივ მოაპნევდა ასი წლის ფოცხით,
მზისგან დაკოჟრილ, დამწვარ მიწას
ზურგს უვარცხნიდა.

II

"მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო,
ჰაუ რანაირად თენდებაო" - შეხე,
ვიტყოდი ლებანიძეს და მიპასუხებდა,
- შვილო, რიჟრაჟით ვერ გააოცებო გლეხებს...
მიწის პოეტი იყო მამაჩემი,
მისი ბელტივით დამსკდარი ხელებიდან ამოდიოდა შემოდგომა,
მის თითებს ჰქონდა ყურძნის სუნი და ფიჭის გემო,
ბრწყინავდა ეზო,
სექტემბრებით,
ვაზით,
ნიათით,
შემდეგ იწყებდა მამა ლოცვას,
მეც ვლოცულობდი...
და ხის ოდაში ეტეოდა - სახარება და აიათი...
მოჭრილი სიმინდის ორთქლით გაბრუებულ ჩიტებს ენკენისთვე
ფრთხილად მიჰქონდათ თბილი ქვეყნებისკენ.
მიწის პოეტი იყო მამაჩემი,
ყოველ გაზაფხულს ის იწყებდა წერას სულ რაღაც
ასიოდ წყრთაზე...
წერდა უფლისთვის,
წერდა თავისთვის,
ჩვენ გამო წერდა,
რომ წაგვეკითხა მიწის ლექსი მამის ხელებში,
რომ მოგვეყოლა თავად მამებს შვილებისთვის და
ეს პოეზია ყოფილიყო უპირველესი.
პოეტი იყო მამაჩემი!
მისი სიკვდილი არ ყოფილა საყოველთაო,
არც ტყე ტიროდა, არც ცა ქუხდა, არც გასცდენია -
პატარა სოფელს ეს სიკვდილი,
ცრემლი,
გლოვის ხმა,
მაგრამ მიწამაც აღიარა ალბათ პოეტად, -
ჩვენთან, ეზოში მსხლის ხემ მოისხა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები