ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2017


იები (მამას) (ლექსების გამოფენა 2017)

ჩვენ სახლში არ იდგა მახშვის სკამი,
არც ფეხზე წამომდგარს გეგებებოდით ოთახში შემოსულს,
არც მაინცადამაინც კანონის ძალა ჰქონდა შენ სიტყვას,
იმიტომ, რომ არასოდეს გვიგრძვნია დიდ-პატარაობა ჩვენ შორის,
არც ის, რომ არსებობდა  ზღვარი,
რომლის იქით გადასვლა გვეკრძალებოდა.
სამაგიეროდ:
ყოველი წლის რვა მარტს ფერდობებიდან ამოგქონდა იები ჩვენთვის...
დაკრეფილი არამც და არამც -
ფესვებიანად ამოგქონდა
და მერე ამ იებს ეზოში რგავდა დედა
და ეზო გაზაფხულობით მართლა ჰგავდა იებიან ფარდაგს,
რომელსაც ფეხს ვერ დაადგამდი, ვერ შეკადრებდი,
ისე ფაქიზად ლამაზი იყო...
და ახლა, როცა ფესვებიანი იები არავის ამოუტანია ფერდობიდან
და ფარდაგიც გახუნდა თითქოს,
მე ვხვდები, როგორ იქცა იების სამოსახლოდ ჩემი სხეული
და ნეკნი კი არადა,
ევა კი არადა,
ქალი კი არადა,
იები ვყოფილვარ -
შენი მოტანილი ყვავილებიდან ამოსული იები,
შენი ხელების სუნი რომ გამოჰყვა,
შენი სულის დარი სული და
საზღვრების წაშლისადმი დაუოკებელი მიდრეკილება.
.........................................................................................
ჩვენ სახლში არ იდგა მახშვის სკამი,
არც ფეხზე წამოდგომით გეგებებოდით ოთახში შემოსულს,
არც შენ სიტყვას ჰქონდა მაინცადამაინც კანონის ძალა...
სამაგიეროდ,
შენ ხელებს ჰქონდა იების სუნი
და ეზო ჰგავდა ულურჯეს ფარდაგს,
ფეხის დადგმას რომ ვერ შეკარებდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები