ნაწარმოებები



ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
11 ივნისი, 2017


მციოდა და გავთბი

  ( იწერება მიროს ნებართვით)


სტუდენტი ვიყავი, როცა პირველად ვნახე, მეგობრის დაბადების დღეზე.
შემთხვევით შემოირბინა, ანის  ყვავილები მოართვა, ბოდიში მოიხადა და  მალე წავიდა.
მადლობა, მირიანო_ ანიმ უთხრა.
ეს სახელი  გაგონილიც მქონდა და  ნაცნობებიც მყავდა, მაგრამ ის ბიჭი მირიანად ვერ აღვიქვი და გულში მაშინვე მირო შევარქვი.
უცნაურია,  დაინახავ,  აგეფურჩხნება გული და  ... იწყება გაუთავებელი  ფიქრები.
არანაირი მიზეზი არ მქონდა მისი შეყვარების, მაგრამ შემიყვარდა.
ამას სიყვარულიც არ ერქვა, ამ დროს ამბობენ ხოლმე, გულში ჩამივარდა.
ორი თვე ისე გავიდა, არსად შემხვედრია.მე კი მასზე მეფიქრებოდა და მეფიქრებოდა.
ანისთანაც იშვიათად ვახერხებდი  მისვლას.
ერთხელ  გავბედე და ვკითხე:
_ის ბიჭი, მგონი მირიანი...
კითხვა დამთავრებული არ მქონდა, რომ მიპასუხა
_ჩემი ყოფილი კლასელია.
_კლასელი? ჰმ.  ჰაა, ჰჰჰ- ამებლუჟა ენა.
_ჰო
_ ანუ კლასელი
_რას ჩამაცივდი_ გამომხედა და  სიცილი დაიწყო.
_პროსტა გკითხე, გუშინ ვიღაც გოგოსთან ვნახე და გამახსენდა_ ვიცრუე.
_შეყვარებული ყავს ჰო...
    ისეთი  გრძელი ჰოოო გამოუვიდა...მეტკინა
არა  ტკენა არაფერ შუაშია, იმედგაცრუება  შემიხტა  გულში.
_იცი? ბათუმელია
_მართლა? - გამეხარდა.
ყოველ ზაფხულს ბათუმში  ჩავდიოდი, დეიდასთან. ამის  გამო რაღაც  პროცენტები  ერთბაშად გაიზარდა.


მიროს  უცნაური თვალები ჰქონდა, სევდისფერი
გაღიმებისას ნაპერწკლები ცვიოდა
საუბრისას კი ლოყა  ლამაზად ეჩვრიტებოდა
კანქვეშ ლურჯი ვენები უჩანდა...
ამას მერე მივხვდი, როცა მისი    გავხდი, მანამდე კი მხოლოდ თვალები მიყვარდა...
სევდიანი და ლამაზი თვალები.
ყველას გაუკვირდება, როცა მხოლოდ თვალებს შეიყვარებ, მით უმეტეს ჩემნაირი გოგოსაგან,

  დროს ვერ დავკარგავდი,  უცნაური განცდები უნდა გამომეყენებინა და "მემოქმედა."
"მოქმედებაში"  უსიამოვნო რამეს ნურავინ იფიქრებს, "მოქმედება" ნიშნავს თვითგამორკვევასაც:

კითხვა პირველი: რა ვიცოდი მის შესახებ?
პასუხი: არაფერი,  წვრილმანების გარდა...
კითხვა მეორე: რატომ მიზიდავდა?
პასუხი მეორეც და მეათეც:
არ ვიცოდი, პასუხი არ მქონდა.
კითხვა მეთერთმეტე:  რას მოველოდი?

პასუხი: ბევრს !!!

მიზიდავდა,  მეფიქრებოდა, ინტერესში მაგდებდა ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი.
ამდენი კითხვებისგან თავბრუ რომ დამეხვა, ანის ნომერი ვთხოვე,
ნომერი მომცა, მაგრამ  მუდმივად გამორთული ნომერი აღმოჩნდა, რაც დიდი ალბათობით, გამოცვლილ ნომერს ნიშნავდა.
მეტად ნომრის ძებნას თავი დავანებე და ძებნა ისე  დავიწყე.
ორჯერ მივედი იმ  ინსტიტუტთან, სადაც ვიცოდი, რომ სწავლობდა.
ვერ  შევხვდი.
მერე სადარბაზოსთან დავდექი რამდენჯერმე და ვერც მაშინ გადავაწყდი.
ამასობაში ორი თვე გავიდა, და ვნახე იქ, სადაც ყველაზე მეტად არ ველოდი.
მეგობრებთან ერთად  ყინწვისში წავედით და მირო და მისი მეგობარი ბიჭი  ერთად შემომხვდნენ წინ.

მან კარგად ვერც მიცნო, მე მაინც გამოველაპარაკე და თავი გავახსენე.
უხერხულად გაიღიმა და მადლობა  მითხრა...
მე  მივეძალე, ვეცადე საუბარი გამეგრძელებინა...მან კი ბოდიში მომიხადა და  გზა გააგრძელა.


ეჰ

წამოვედით სახლში, მაგრამ  დამინაღვლიანდა გული.

მეასე კითხვა რომ დავუსვი საკუთარ თავს, როდის დაანებებ მასზე ფიქრს თავსთქო, ანიმ დამირეკა:
_მირიანმა დამირეკა და შენზე  მკითხა, სადმე  შეხვდიო?
დაწვრილებით მოვუყევი, როგორ  გადავეყარე ყინწვისის გზაზე...
_შენზე მითხრა, ფრესკიდან გადმოსულს გავდა და ძალიან დავიბენიო...
_ჰაააა?? ---  ამიჩხრიალდა გულში,
_ჰო, გოგო, ნომერი მთხოვა შენი.
_ არ უთხრა!!!_ მკაცრად გამომივიდა ნათქვამი, ისე რომ ანისაც გაუკვირდა.
_რატომ?
_არა მეთქი._ჩემი თავისგან მიკვირდა ასეთი  მკაცრი გადაწყვეტილება.
_ კაი, არ დაგაძალებ_აფხუკუნდა ტელეფონში.
_ჰოდა ეგრე!
_არ მივცემ , რა დაგემართა.

ტელეფონი გავუთიშე და სრულიად სერიოზულად დავფიქრდი:

_ ეს ბიჭი თუ ჩემი ბედია, კიდევ შემხვდება და მესამედ თუ შემხვდა,  მერე დავუახლოვდები- დავპირდი ჩემ თავს. 



ღმერთო, ეს რა დავუთქვი ჩემს თავს, მესამედ კი არა, ვაითუ მეორედაც არ შემხვდეს  არსად!

ლოდინად მიღირდა...

ხანდახან ლოდინი სიყვარულზე უფრო ტკბილიაა...

(გაგრძელება იქნება)















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები