ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ც ი გ ა ნ ი
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2017


ციგანი 10

  ბოლო დროს სულ დავიკარგე. ვეღარც წინ წავედი, ვეღარც უკან დავიხიე. ვცდილობდი, მაგრამ მაინც ერთ ადგილს ვტკეპნიდი, ამაოდ ვფართხალებდი. მინდოდა შეუმჩნეველი გავმხდარიყავი, ან სადმე გავქცეულიყავი და დავმალულიყავი. დაპატარავება და გაქრობა მინდოდა. ხანდახან იმასაც ვფიქრობდი, ადამიანებზე მეტად ბედნიერები ცხოველები არიან მეთქი. მათ არც პრობლემები აქვთ და არც ვალდებულებები. არიან თავისთვის და როგორც უსწორდებათ ისე ცხოვრობენ. ხანდახან მართლა მინატრია რომ ცხოველი ვყოფილიყავი და სადმე უღრან ტყეში ჩემთვს მარტოს მეცხოვრა. მაინც მარტო ვიყავი და მაინც ცხოველივით ვცხოვრობდი და რაღა განსხვავება იყო...
  ბანკის კართან ვიდექი და სიგარეტს ვეწეოდი. პარასკევი საღამო იყო. მართალია ჩვენ შაბათსაც ვმუშაობდით, მაგრამ პარასკევ საღამოს მაინც სხვა მუღამი ჰქონდა. ნინო და ნათია ერთად გამოვიდნენ, ის იყო დამშვიდობებას აპირებდნენ რომ შევთავაზე, სადმე ერთი-ორი ჭიქა ხომ არ დაგველიათქო. ნინომ კარგი აზრია მაგრამ ქმარი და შვილები მელოდებიანო. სოფო ჯერ ისევ ბანკში იყო, ნათია გავაჩერე მოდი სოფოც წავიყვანოთ და სადმე წავიდეთთქო. სოფოს შეყვარებულთან ჰქონია შეხვედრა დაგეგმილი. მოკლედ მე და ნათია დავრჩით. შემომხედა, შევხედე, გავიფიქრე ნეტავ რას იზამსთქო. მხრები აიჩეჩა, ჩემგან ელოდა პასუხს, ხოდა მეც არ დავაყოვნე და ვუთხარი, მე და შენ წავიდეთ სადმე დავსხდეთ და ერთი ჭიქა დავლიოთთქო. უარი არ უთქვამს. ბედად თავისი მანქანაც ჰყოლია. მოკლედ გამიმართლა. 15 წუთი დამიცადე ბოსს სალაროს გადავაბარებ და წავიდეთთქო ვუთხარი.
  როგორც ყველა გოგოს მასაც „უცხვირპირო“ ნისანი ჰყავდა. მანქანაში რომ ჩავჯექით, პირველი რაც გააკეთა, ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა. მინი კაბა ბარძაყებზე ზემოთ აიწია და მოხერხებულად მოეწყო. თვალი გამექცა მუხლისთავებისკენ. უჰ... ისედაც გიჟად ვიყავი კიდევ ეს მინდოდა?! რას მიშვები ნათია?! გულში გავიფიქრე, მაგრამ როგორ შევიმჩნევდი რამეს. არა, არაფრით არ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო ჩვენს შორის. სამსახურეობრივი რომანიღა აკლდა ჩემს პრობლემებს.
  სანამ სადმე შევალთ უნდა გამოვიცვალოო მითხრა. რავიცითქო მხრები ავიჩეჩე, რას წარმოვიდგენდი რა ჰქონდა ჩაფიქრებული. მანქანა გააჩერა უკანა სავარძელზე გადაჯდა და გაიხადა. ღმერთო ეს რა იყო. ერთი თვალი რომ გამეპარა და მივხვდი რასაც აკეთებდა გული კინაღამ წამივიდა. სისხლი ჯერ თავში ამივარდა, მერე ნაკადი ქვევით ჩამოვიდა და პირდაპირ ფეხებს შორის დამიარა. გავხურდა, დამცხა, სუნთქვა ამიჩქარდა. ვაიმე... რას მიშვება ეს ქალი, გავიფიქრე და მანქანიდან გადასვლა დავაპირე, ისე ვიყავი გაბუჟებული და სურვილისგან ანთებული ადგილიდან ვერ დავიძარი. მოხერხებულად მალევე გამოიცვალა ნათიამ, ეტყობოდა ხშირად აკეთებდა ამას. კეტები ამოიცვა, თასმები გაიბანტა და ისევ საჭესთან დაბრუნდა.
  ალმურმოდებული სახე მისკენ მივაბრუნე. ჯინსის ბრიჯი და წითელი ბრეტელებიანი მაისური ჩაეცვა. ლიფი გაეხადა. ღმერთო ჩემო ეს რა იყო. ორი მოზრდილი ფორთოხალი ღვედის ქამრის აქეთ-იქიდან ამობურცულიყო და ჩასაკბეჩად მიწვევდა. ვგრძნობდი ოფლი როგორ მასხამდა. ის იყო საფეთქელზე ჩამოჟონვას აპირებდა რომ სასწრაფოდ ხელი მოვისვი, ნათიას არაფერი შეემჩნია.
  ოხ, ნათია, ნათი, ნათი, ნათია... შენ ვინ ყოფილხარ, როგორი თავშეკავებული მეგონე და თურმე რამდენი შეგძლებიათქო გულში ვფიქრობდი. ოხ როგორ მძულდა ჩემი თავი, იმ მომენტში რომ მოქმედება არ შემეძლე. ღმერთო რატომ მსჯი ასე მეთქი ვბრაზობდი ჩემთვის...
  ერთ-ერთ ბართან გააჩერა ნათიამ მანქანა. მე ცოტა დამშვიდებული, მაგრამ ჯერ საბოლოოდ გონს მოსული არ ვიყავი. ყველაფერზე თავს ვუქნევდი. სულ ერთი იყო სად წამიყვანდა. მთავარი იყო იმ მანქანიდან გადავსულიყავი და მისი კისრიდან წამოსულ ოხშივარს ცხვირში ღიტინი არ დაეწყო ჩემთვის.
  წინ ნათია მიდიოდა, წითელ მაისურში გამოწყობილი, მე კი კორიდის ხარივით ლამის ენაგადმოგდებული მივყვებოდი უკან. ბართან მივედით და იმის მაგივრად რომ მე მეკითხა მისთვის რას დალევდა, მან მკითხა მე რას დავლებდი. რაც შეიძლება მაგარი და ცივი უნდა დამელია. თავის შეკავება რომ ვერ შემძლებოდა, სასმელისთვის მაინც დამებრალებინა. ისიც ვიცოდი, მშიერზე რომ დავლევდი უცებ დამათრობდა. მაინც წყალწაღებული ვიყავი იმ საღამოს და ბარებ ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო და შოტლანდიური ვისკი შევუკვეთე, გაუზავებელი, ყინულებით. ნათიამ თავისთვის მარგარიტა შეუკვეთა...
  მაგიდას სად ვნახავდით, პარასკევ საღამოს გადავსებული იყო ბარი. ჩვენი ჭიქებიანად ბარის მაგიდის ბოლოსკენ ჩავიწიეთ. საუბარს აზრი არ ჰქონდა, მაინც არ გვესმოდა. ვსვამდით და ჩუმად ვუყურებდით ერთმანეთს. კიდევ თითო დავამატოთ და დავიშალოთ თქო ყურში ჩავძახე ნათიას. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. წავედი და სასმელი მოვიტანე. ის ჭიქებიც გამოვცალეთ. რა დაშლაზე იყო საუბარი ისეთი მუსიკა უკრავდა და ისეთი გარემო იყო თავისთავად გვეცეკვებოდა. ასე აღმოვჩნდით საცეკვაო მოედნის შუაში. ვიცეკვეთ და რა ვიცეკვეთ... ეს ჩემი ბანკის თეთრი „უმიფორმა“ ლამის შემოვიხიე და წელს ზემოთ შიშველმა ვაბზრიალე და ვაბზრიალე ნათია. კისკისებდა და კისერზე მეხვეოდა. ის ბრეტელებიანი წითელი მაისური თითქოს ზომაში დაპატარავდაო, ჭიპი და მის ზემოთ ნეკნებამდე შიშველი ადგილები უშანდა. მეც წელზე მალი-მალ ვხვევდი ხელს და შიშველ კანზე ვეხებოდი.  რა რბილი კანი ჰქონდა და რა სუნი ასდიოდა, გავგიჟდი კაცი...
  ცხოვრებაში ამდენი არ მიცეკვია. გავსავათდი, ნათიას კი დაღლაც კი არ შეტყობია. ვახ როგორ შევცდი ამ გოგოს გამოცნობაში თქო ვფიქრობდი. ჩემი იყო იმ საღამოს ფაქტიურად, მაგრამ არა... ნასვამიც კი ვაკონტროლებდი თავს. ეს რა ჭირი მჭირს, ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც საჭიროა და არა იმას რისი გაკეთებაც მინდა...
  მოკლედ ჩახვეულ-ჩაგრეხილები გამოვედით მე და ნათია ბარიდან. ტაქსით წავიდეთ ორივეთქო შევთავაზე. არა ჩემი მანქანით წავიდეთ მე წაგიყვანო. არა შანსი არაა თქო. მეტს ნამდვილად ვერ გავუძლებდი. ამიტომ მივიყვანე მანქანასთან ჩავსვი და სასწრაფოდ ჩავხტი ტაქსიში. ბარის ტერიტორიას რომ მოვშორდი შვებით ამოვისუნთქე.
ნაცემ-ნაბეგვი ძაღლივით მივლასლასდი სახლში. წყლის გადავლების თავიც კი არ მქონდა. გავიხადე და დავემხე ლოგინზე.
  დილას საშინელმა თავისტკივილმა გამაღვიძა. რა დავლიე ასეთი, თავი ერთი ტონა მეგონა რომ მქონდა. აბაზანამდე ლამის ოთხით მივედი. შევეყუდე ცხელ დუშს და აშკარად ვგრძნობდი რომ გული მიმდიოდა. მერეღა გამახსენდა რომ წინა დღის სადილის მერე ლუკმა არ ჩამსვლოდა პირში. ჩავიმუხლე, ვანის ფსკერზე დავჯექი და ცხელი წყლის ნაკადს ზურგი შევუშვირე. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე. სულ მეკიდა სამსახურში დავაგვიანებდი თუ საერთოდ არ წავიდოდი. ცუდად ვიყავი...
  მგონი ჩამეძინა კიდეც. ძალები მოვიკრიბე და გამოვედი აბაზანიდან. სამზარეულოს უწესრიგობას ზიზღით მოვავლე თვალი. საჭმელი რა თქმა უნდა არაფერი მქონდა. მაცივარიც ცარიელი ცელოფნებით და თეფშებით იყო სავსე. მაცივრიდან ჭამა ბავშვობიდან ჩვევად მქონდა და ვერ მოვიშორე. გამოვაღებდი ხოლმე მაცივრის კარებს ვიდექი და იქვე ვჭამდი. ასე რჩება ცარიელი თეფშები, ქილები და ცელოფნის პარკები მაცივარში. მერე მოვიყვან დამლაგებელს და მიალაგებსთქო ვბუტბუტებდი. საშინელება ხდებოდა ჩემს სამზარეულოში.
  დროის შეგრძნება სულ არეული მქონდა. ჩავიცვი და გამოვედი სახლიდან. გზად ვაპირებდი მაღაზიაში შევლას და რამის ყიდვას, მაგრამ მარკეტი დაკეტილი დამხვდა. დილის რვა საათი ყოფილა. ვიცოდი თონე იქნებოდა ღია და იქით გადავუხვიე. ახალი გამომცხვარი, ცხელი ხაჭაპური დამხვდა. ორი ხაჭაპური და ორი ლობიანი ვიყიდე, ასე მეგონა მთელ თონეს შევჭამდი. გამოვბრუნდი და მეტროსკენ ჭამა-ჭამით გავემართე. მეტროს კართან ახლოს ბორდიურზე ჩემი ციგანი მეგობარი იჯდა. დამინახა და გამიღიმა. მეც გავუღიმე. მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი. პარკი გავუწოდე, ამოიღე რომელიც გინდა მეთქი. ლობიანი ყვარებია. ვისხედით ორნი და ვილუკმებოდით. გამვლელები გაკვირვებულები გვიყურებდნენ. მე უფრო ვიდრე მას.
- გუშინ არ გამოჩენილხარ. - მითხრა მან.
- გუშინ სამსახურიდან თანამშრომელთან ერთად წავედი დასალევად. გვიან დავბრუნდი.
- უბანში ლუდს სვამდნენ ბიჭები და გამიკვირდა შენც რომ არ იყავი.
- აღარ ძმაკაცობენ ეგენი ჩემთან.
- რატომ? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ციგანს.
- რავი... ვალი მაქვს ერთი ტიპის და სანამ არ გადავიხდი არ იძმაკაცებენ ჩემთან.
- ეგ რა შუაშია?
- სირები არიან ძმაო, რა გითხრა აბაა...
- ვისი ვალი გაქვს, ბევრი?
- ათი. ერთი ტიპია „ბუჩო“ ქვია.
- ვიცი ეგ „ბუჩო“ და მაგისი „პადელნიკი“ „ბონი“.
- ხო ეგ „ბონიც“ საქმეშია.
- არ ღირს მაგათთან საქმის დაჭერა.
- აწი კაი დროსია. გადავიკიდე უკვე.
- ძმაკაცები რა შუაში არიან?
- ეს „ბუჩო“ მიჩალიჩებს, მსჯის რა. სანამ ფულს არ მოიტან ძმაკაცი არ გეყოლებაო და მისრულებს. ბიჭებიც არ ეწინააღმდეგებია. ჩემი მანქანა წაიყვანეს და არ მიბრუნებენ. მე კიდევ ვერ ვშოულობ ფულს.
- ეგ „ბუჩო“ ბევრ უბანს აკონტროლებს. „შნირები“ ჰყავს და სასტავები ემორჩილებიან.
- ხო, ვიცი. მაფიაა მოკლედ რა.
- ქუჩაა რა... ცოტა ხნის წინ არ იყო მასეთი პონტები, ახლა მშვიდად ვეღარ იქნები.
- მე კიდევ ამ „ბუჩოს“ მთელი პარტია მოსაწევი ავახიე სამი წლის წინ. ხოდა სასჯელს მიმზადებდა. მანქანა წამართვა. ფულს მთხოვს, მერე მანქანასაც დაიტოვებს ალბათ. მე კიდევ ვერაფერს ვაკეთებ.
- რას ქვია მოსაწევი აახიე?
- სამი წლის წინ იყო. ბიო შემოვიდა. პლანივითაა ოღონდ ქიმიურია. მაშინ ტესტები არ იყო მაგისი და ანალიზში არ ჩანდა. მაგარი კაიფი მოქონდა. მაგრამ იმენა ბომბი იყო. ნელა კლავდა. ხოდა ავიტაცეთ ეგ ბიჭებმა. მაგარი ბუმი იყო მაშინ მაგაზე. ინტერნეტით ვყიდულობდით. ფულს ვრიცხავდით და საქონელს სადმე მიყრუებულ ადგილზე გვიდებდნენ. მივდიოდით, ვეძებდით და ვიყოფდით მერე სასტავი. ერთ დღესაც შევიკრიბეთ, ავაგროვეთ ფული და გავედით მომწოდებელზე. „ბუჩო“ აგვარებდა საქმეს. 12 კაცი ვიყავით, წავედით სამი მანქანით. სადღაც გარეუბანში რომელიღაც კვარტლის მეშვიდე კორპუსში დაგვიდეს ვითომ. მივედით ვეძებეთ არ იყო. მერე „ბუჩომ“ შანსი არაა იქნება და მოვძებნოთო. გავიშალეთ ბიჭები და დავუწყეთ ძებნა.
- კორპუსებში ეძებდით?
- ხო. კორპუსებში დებდნენ ხან სად, ხან სად. ხან ქაღალდი იყო დაკეცილი. ხან კი ასანთის კოლოფი. მოკლედ ძებნა ცალკე თემა იყო. ზუსტ მისამართს თითქმის არ იძლეოდნენ, რომ პოლიცია არ მისულიყო, რაღაც მინიშნებები იყო და მერე ვეძებდით ხოლმე. იმ დღესაც მთელი დღე ახლომახლო კორპუსებში ვეძებეთ და არსად იყო. მერე მე მოვიფიქრე მე-17 კორპუსი იქნებოდა. მე-7 კორპუსი ხომ მოგვწერეს, ხოდა ვიფიქრე მეტი შანსი იყო, მე-17 -ში ყოფილიყო. წავედით მე, შოთა და დათკა. ზუსტად მითითებულ სართულზე ვიპოვე. ჩამოვედი მანქანაში და ბიჭებს ვუთხარი, იქ რაღაც არის მეთქი. ისეთი პონტი შეიძლება გაჩითულიყო რომ მე ვიყავი მიმწოდებელი, რადგან მარტომ ვიპოვე და არავინ მყავდა ვინც დაამტკიცებდა, რომ ჩემი დადებული არ იყო. მივედით სამივე და ავიღეთ, მაგრამ მე გადავწყვიტე არაფერი გვეთქვა. თავიდან ბიჭები წინააღმდეგები იყვნენ, ბოლოს მაინც დავიყოლიე და სამზე გავიყავით მთელი ბიო. იმდენი იყო, დავიხოცეთ კინაღამ. მთელი ორი თვე სიგარეტი არ მომიწევია მაგის გარეშე. სულ გაბუჟებული დავდიოდი.
- რანაირია ეგ ბიო?
- შავი ფხვნილია, წვრილად დაფხვნილ მიწას გავს. ძალიან ცოტაა საკმარისი და მაგარი კაიფი მოაქვს. სიგარეტში თუთუნს ვამატებდი ცოტას და ისე ვეწეოდი. ბომბია მოკლედ. დეპრესიას და სუიციდის მიდრეკილებას იწვევს. ლომკა და დამოკიდებულება არ აქვს, მაგრამ ფსიქიკას ანადგურებს ძალიან. მოკლედ, დათკა დაისტრესა და ერთ დღესაც „ბონის“ უთხრა. „ბონიმ“ „ბუჩოს“ მოახსენა და დამადგნენ.
- წაგართვეს?
- არა, სადღა იყო. უკვე მოწეული მქონდა. მაგათმა ალბათ ერთი წლის მერე გაიგეს. ხოდა რაღა აზრი ქონდა, არაფერი ეშველებოდა. მაშინ დამემუქრა „ბუჩო“ შენი დროც მოვაო და დამელოდეო. მეც ველოდებოდი. ხოდა ახლა მოვიდა ეტყობა ეგ დრო.
- რას აპირებ?
- არაფერს.
- რომ მოგკლან?!
- მერე, რა ჩემს ფეხებს მიიღებენ?!
- ეგენი არაფერზე დაიხევენ უკან.
- ახლა ჯერ მიჩალიჩებენ. ჩემს მიჩმორებას ცდილობენ, მერე რომ გავსწორდებით ალბათ მაგათი შნირი გავხდები. ეგ აქვთ ჩაფიქრებული უეჭველი, მაგამ ვერ მივართვი. მაგარი მკიდია.
- ცუდ დღეში ყოფილხარ ძმაო.
- ყველაზე გულსატკენი იცი რა არის?! - ვუთხარი და წასასვლელად ფეხზე წამოვდექი, - ეს ბიჭები, მთელი ბავშვობა რომ ერთად გავატარეთ და ამ სტადიონზე გავიზარდეთ, თურმე არ ყოფილან ჩემი მეგობრები და ვიღაც ნაბიჭვარ „ბუჩოს“ ანაცვალეს ჩემი თავი. რა ვიცი ძმაო, იქნებ ასეც ჯობდა. წავედი თორემ ვაგვიანებ. - ისიც ადგა და მეტროსკენ ერთად წავედით. ერთი ხაჭაპური და ერთიც ლობიანი შეჭმული მქონდა უკვე ამ საუბარში. ისეთი სავსე ვიყავი, აღარ მეგონა თუ როდესმე კიდევ მომშივდებოდა. ერთი ცალი ხაჭაპურიღა იყო დარჩენილი პარკში. გავუწოდე ციგანს, დაიტოვე მეთქი. ჯერ იუარა, არ მინდაო.
- შენ არ გინდა, შენს დას წაუღე, ნუ გადამაგდებინებ თუ ჩემი ძმა ხარ?! - გაეცინა და გამომართვა. სწრაფი ნაბიჯით გავშორდი. მერეღა გამახსენდა მინდოდა მეკითხა რას ნიშნავს „ნანე ცოხა“... მოვიხედე გავძახებთქო გავიფიქრე, მაგრამ ისიც მიდიოდა და შორს იყო. მთელი კვირა აკვიატებული მქონდა ეს „ნანე ცოხა“ და სულ მავიწყდებოდა რომ მეკითხა მისი მნიშვნელობა.
ესეც ორი კვირა მიიწურა. მე ისევ არაფერი მქონდა მოგვარებული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გუკა ვულოცავთ დაბადების დღეს