ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2017


***(რაც არ გინდა ღმერთმა ნუ მოგცეს!)

რომელი გაურეცხავი ხილის ჭამა,
ან უმი ხორცის დაგემოვნება?!
აკრძალული სიყვარულია
თავბრუდამხვევი,
გულის ამრევი
და მატლის გამჩენი.
არამარტო სიჩუმეში,
ხმაურშიც,
გულისგამაწვრილებლად ყურისმომჭრელი
მათი ფუთფუთით.
თავისთავადი,
მაგრამ შენთვის,
გამაოგნებელი სითეთრით
და სისუფთავით გამორჩეული.
ასეთია მათი ბუნება -
უნდა შეგჭამონ!
შენ კი ცდილობ
ან გაიყუჩო ტკივილები,
ან გაუყუჩდე მათ
და ისე შეეჩვიო,
ვეღარ გრძნობდე იქამდე,
ვიდრე გატეხილი გულიდან,
მოულოდნელად არ დაგცვივდება
უკვე ჭუპრებად გადაქცეული...
შენ კი,
იმის ნაცვლად რომ გიხაროდეს,
ჭრილობას მეტად უხსნიდე პირს
და ცდილობდე დაცლას,
გამალებული იწყებ აკრეფას
და ხელის კანკალით მიგაქვს სახლამდე,
რომ დააბრუნო ჩვეულ ადგილას,
მერე იარებს,
თუნდაც პრიმიტიულად,
ოღონდ როგორმე შეუკრა პირი,
განა იმ იმედით რომ პეპლებად გადააქციო?
არა, უბრალოდ იმიტომ რომ ისინი შენია!
და კიდევ იმისთვის, რომ არ დაივიწყო,
ყველა ვისთვისაც სიკეთე გსურს ასე დალოცო:
რაც არ გინდა ღმერთმა ნუ მოგცეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები