ნაწარმოებები



ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2017


ფუსტი

      ფუსტი
                  ვუძღვნი ბაბუის ხსოვნას
ის ღამე,                                                                                                                                                                                                                               
არ ყოფილა განსაკუთრებული,- 
ბაბუის მონათხრობი,
ამას ადასტურებს;
აივანზე გაუთელავს მღელვარება,
იმედს გზა ჰქონია გაზაფხულებული,
მაგრამ დრო შეგუბებულა ტბორედ,
,,ცხენშურიც’’  გატრუნულა ხევში,
ხათრით რომ დაურქმევიათ მდინარე;
ბუხარში შებოლილ სულგუნს მსგავსებია მთვარე;
თუმცა, ის ღამე,
მაინც არ ყოფილა განსაკუთრებული ...
ბაბუა ტყუილს არასდროს ამბობდა,
არც დაფიცება უყვარდა ...
მთლად რომ დაუტკეპნია მოლოდინი
და თრითინის სტვენას, გული გაულევია,
სიცოცხლის სუნთქვა შაუბერავს ჩემთვის,  უფალს!-
,,ბიჭი დაიბადაო! ...
იმერელი ბიჭი! ... სვანეთში!’’- ბებია-ქალს უთქვამს:
,,გილოცავო, მახვში!’’
,,სვანის გერშით გავზრდიო, შვილიშვილს!’’- 
ბაბუას  ნიკოლოზისდროინდელი
,,ბერდენი’’  დაუცლია აივანზე ...
არასდროს ამბობდა ტყუილს,
არც დაფიცება უყვარდა ...
,,დიდი დათვის’’ შვიდი ვარსკვლავია
ამის მოწმე ...
საგვარეულო კოშკის ნადვრიტალზე,
სანთელი აუნთია მახვშის,
კიდევ ერთი ბიჭი შეემატა,
განძისმცველთა ოჯახსო!’’ -  წინაპართათვის მიუხარებია;
ფუსტები ყოფილან ჩემი წინაპრები -
განძის მცველები;
კოშკი ბოლშევიკებს ჩამოუქცევიათ
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ,
ათას ცხრაას ოცდაორ თუ ოცდასამ წელს,
დევ-კაცების ნაგებ ლოდებს,
ამონალი დაუდეს,
ქვები  ,,კანტორის ასაშენებლად წაიღეს თურმე?! ...
ცუდი  კაცები  ყოფილან ბოლშევიკები,
სი მარე!’’-
ფუსტი იყო ბაბუაჩემი -
განძის მცველი,
ტყუილს არასდროს ამბობდა,
არც დაფიცება უყვარდა ...
. .
ის ღამე,
არ  ყოფილა
განსაკუთრებული! ...
თბილისში დაიბადე, რომელიღაც კლინიკაში;-
მთვარე არ ჰგავდა შებოლილ სულგუნს,
მღელვარება არ გამითელავს აივანზე,
არ დავლოდებივარ იმედის გაზაფხულებას,
სავარძელში მოვკალათდი კომფორტულად,
ბიჭი დაიბადებოდა,  ვიცოდი! ...
იმერულ  ოჯახში გაჩნდებოდა,
პირველი გურული შვილიშვილი;-
მაინც მოგვახარეს შენი დაბადება,
შამპანური დავსხლიტე სკვერში ... 
მე,  ფუსტი არა ვარ
და ტყუილსაც ხშირად ვამბობ;
დედის დაფიცებაც მიყვარს! ...
კოშკის ნადვრიტალიც არ გამაჩნია,
არც განძი მოუბარებია ვინმეს.
სვანურად საუბარიც დამავიწყდა,
,,ცუდი კაცების’’ ცხოვრებასაც გავუსინჯე გემო,
მე,  ფუსტი არა ვარ
და ტყუილსაც ხშირად ვამბობ;
დედის დაფიცებაც მიყვარს,
,,დიდი დათვის’’ შვიდ ვარსკვლავს
ვერ დავიმოწმებ,
მაგრამ სიტყვის- კაცი მეთქმის! ...
სამყაროს მბრძანებელმა,
,,განძის მცველად’’  დამადგინა! ...
ფუსტის გერშით გაიზრდები!  ...
ტყუილს არასდროს იტყვი,
არც დაიფიცებ!
,,ცხენშურის’’  წყლითაც დაგარწყულებ,
,,ლამარია’’  დაიცავს შენს რწმენას, 
,,დიდი დათვის’’ შვიდი ვარსკვლავია მოწმე!
სხივთა ტორებით,
ზეცას ჩაჭიდებული შვიდი ვარსკვლავი,
საგვარეულო  კოშკის ნადვრიტალიდან რომ მოჩანს! ...
მე,  ფუსტი ვარ!
განძის მცველი!
ჩემი წინაპრებიც ფუსტები იყვნენ!
ტყუილს არ  ვიტყვი!
არც დავიფიცებ!





                                                                                                                                                                                                                                           





       


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები