ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
11 ივნისი, 2017


George Gordon Byron - On Leaving Newstead Abbey

ჯორჯ გორდონ ბაირონი - დამშვიდობება ნიუსტედის
სააბატოსთან


რატომ აღმართავ პალატებს,  ფრთოსანი დღეების პირმშოვ?
თუმც  დღესდღეობით იხედები შენი კოშკიდან,
მაგრამ სულ ცოტა ხანში დაქროლავს სამუმი და  იზუზუნებს
შენს დაცარიელებულ ეზოში. 
                                                ოსიანი 


შენს გალავანში, ნიუსტედო, ქარი თარეშობს,
დაბზარულია მამა-პაპის სახლის კედლები;
სადაც ვარდნარი ამშვენებდა ადრე გარემოს,
ახლა კონიოს და ნარშავის მოჩანს ეკლები. 

შენი ამაყი ბარონები მოსილნი ბექთრით,
პალესტინისკენ მიუძღოდნენ  საომრად მორჩილთ,
მწუხარე ნაშთად დაშთენილი ფარები გერბის,
ჟღარუნს ატეხენ გამჭოლავი ქარების ქროლვით.

მოხუცი რობერტ ვეღარ შეძლებს ქნარით,  სტრიქონით,
საბრძოლო ჟინი რომ აღანთოს მებრძოლთა მკერდში,
თვლემს ასკალონის კოშკის ახლოს ჯონ ჰორისტონი,
ვეღარ ატოკებს გახევებულ  ხელს მენესტრელიც.

ჰუბერტი, პოლი კრესის ველზე დაუფლავთ ერთად,
ინგლისის დაცვას შეეწირნენ, ედვარდის სკიპტრას,
ჩემო მამებო! ცხარე ცრემლით გიგლოვათ ერმა,
მემატიანემ კი შეგრაცხათ ორივე გმირად!

რუპერტთან ერთად თქვენც აღკვეთეთ ტახტის ღალატი,
ოთხი ძმის სისხლით გაიპოხა ველი მარსტონის,
სამშობლოს მცველნი აიღებენ თქვენგან მაგალითს,
დაადასტურეთ ერთგულება მეფე ბატონის!

შთამომავალი გეთხოვებით ჩემს გმირ წინაპრებს
და ვიდრე კერას მივატოვებ, დაგიდებთ აღთქმას,
მავალდებულებს თქვენი ხსოვნა, სახლში თუ გარეთ
გამბედაობას, თქვენნაირად სახელის განთქმას.

ცრემლი, რომელმაც დამიბინდა წასვლისას მზერა,
სევდამ მომგვარა განშორების, განა თავზარმა,
სურს თქვენს მემკვიდრეს წინაპრებთან გაპაექრება,
მათი დიდება მოსვენებას არ აძლევს რადგან;

ის თქვენს დიდებას, თქვენს დიად ღვაწლს დაეშურება,
სამარადჟამოდ არ შებღალავს ამ განთქმულ სახელთ,
იცხოვრებს მსგავსად და მსგავსადვე აღესრულება
და მტვრადქცეულ ნეშტს მამა-პაპის ნეშტებთან აზელს.


11 ივნისი, 2017 წ.



ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poemhunter.com/best-poems/george-gordon-byron-3/on-leaving-newstead-abbey/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები