ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პროზა
12 ივნისი, 2017


გმადლობ! ნახვამდის

  მთელი ცხოვრება რაღაცას ვეძებთ, ვერ ვპოულობთ და მერე ვიღლებით ამ რაღაცით.
  მთვარე შეკიდულა ცის თაღის კიდეზე, ღრუბლის ფარდის მიღმა. მე იმ მთვარეში მელანქოლიას ვეძებ, ჩემსას თუ შენსას. ძალიან მკრთალია და ბუნდოვანი გავლებული ზღვარი, თვითონ ამ ღამის მკრთალი კონტურივით. რა თქმა უნდა - ვერ ვპოულობ და მერე ამ მთვარეში სახეებს ვეძებ და ნელ-ნელა ვხატავ და მგონი თვითონ მთვარესაც, შეკიდულს ცის თაღის კიდეზე, ღრუბლის ფარდის მიღმა.
  მერე ვეძებდით საკუთარ ოცნებებს, ნაფერებს ლოცვებთან. მაგრამ რატომღაც, თითქმის ყოველთვის, ვიგვიანებდით... და დახურულ კარს მიღმა, სიცარიელის უაზრო ბოდვებთან, გვეგონა საკმელი მიგვქონდა მგოსნებთან. ეს ასე არ არის. არ! არის.
  მერე გვეშინია და მივდივართ ჩვენს უსასრულობაში, რომ იქ დაველოდოთ აუხდენელს. სულ გვინდა და გვგონია, რომ სხვისთვის ვცოცხლობთ. არადა, მხოლოდ პირველადი შეგრძნებების გენიალურ სიმარტივეზე გახლართული ეგოიზმის ფესვები გულის პარკუჭებს ისე ეკვრიან... და ხუთავენ, რომ გვინდა დაველოდოთ, იმ უსასრულობაში - აუხდენელს. გინდა უამრავი ფერი ნახო და ამისთვის თვალებს ხუჭავ. სად არის ფერები, სად წავიდნენ. შავთეთრ ტელევიზორში გამოკეტილი დავრჩით. ამიტომ ხუჭავ თვალებს, რომ აქედან გავაღწიოთ, რომ ამ ყუთს თავი დავაღწიოთ. მაგრამ მე თუ შენ, ან ორივე ერთად, ისევ ვაგვიანებთ და როცა ზევით ავიხედავ, მთვარე, ღრუბლის ფარდის მიღმა მთვარე, ცის თაღის კიდეზე აღარ კიდია. იქ მზეა, რომელიც ყოველთვის ახალია... და ამიტომ, ნოსტალგიაში გადავვარდებით.

  არ მივედი, მივესვენე ღამის სიმუქეს. ყველა ძველი ქუჩა ფეხით ავიარე ბებერი ქალაქის. მიუცხოვა მგონი თბილისმა შენგან ხელნაკრავი. არც ერთ ქუჩას სიტყვა არ უთქვავს. არადა, ყოველთვის ვსაუბრობდით. რამდენ ფიქრს მივათრევდი. კინაღამ მტკვარში ჩამიცვივდა შუა ხიდიდან. ისევ შენ მიხსენი. სირცხვილით გალუმპული გავიძურწე. ძლივს შევაკოწიწე ფიქრის ნამტვრევები. ვერაფრით ამოგხსენი. თუმცა, არც არასდროს მიცდია. ყოველთვის, უბრალოდ, მიყვარდი. აი, ისე უბრალოდ და ძალიან მარტივად, როგორც ყველაფერი გენიალური და... მოვატანე ძლივს ტაძარს. ჩემი სასოება დავასვენე სამრეკლოზე. ისიც მდუმარია. „დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან“. არა, არ ვიყავი დაღლილი - გავერანებული. მოიცა, რას ვაკეთებთ! მგონი ჩემზე ზრუნავ, ჩემს იდილიას იცავ. გეფიცები, აზრზე არა ხარ სიყვარულის ანაბანასი. რა სასაცილოა შენზე ამის თქმა არა? ვიცი, მაგრამ თავი რაღაცით ხომ უნდა დავიცვა.
  დავწრიალებდი.
  ობოლის მთვარესავით შემოვრჩით ქაშუეთს მე და ერთი ხეიბარი მათხოვარი. ის მოწყალებას თხოვდა ღმერთს. ალბათ მე ვიყავი მაშინ მისი ღმერთი, რაც კი მებადა ყველა გავიღე. მე კი სიყვარულს ვთხოვდი ღმერთს - შენს სიყვარულს. შენ გთხოვდი, რადგან შენ ხარ ჩემი ღმერთი და შენი ტუჩების ნაცვლად ქაშუეთის კედლებს ვკოცნიდი. ცივი იყო ღმერთის სხეული და უგრძნობი. ვერ გავაგონე, ვერ ავუხსენი, ვერ გავაგებინე... ჰო, შენსავით და შემოვრჩით ქაშუეთს ობოლის მთვარესავით ორი მათხოვარი.
  ჩვენი სულებივით დაზაფრული გამთენიისას დუმდა რუსთაველი. ცამ წამოიტირა. შემცივდა. უშენობა როგორ...

  ქაშუეთთან გული დავაგდე. არ მომყვებოდა. მოვიგლიჯე და დავაგდე და თუ აქეთ გაივლი, ფეხს ნუ დააბიჯებ, გული იყო მაინც...

  გმადლობ! ნახვამდის... დასჯილი ბავშვივით მივდივარ შენგან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები