ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თემური მაკარაძე
ჟანრი: პროზა
12 ივნისი, 2017


ცალმხრივი წერილი


    ვზივრ ფანჯრის წინ და ვუყურებ გზას, რომელზეც არასოდეს გაივლი. ისე შორი ხარ, წარმოსახვითაც კი არ შემიძლია დავინახო როგორ მოდიხარ. არადა როგორი მშვენიერი წამი იქნებოდა, როცა ჩვენი ეზოდან რამდენიმე წუთით გახვიდოდი, მე კი უკან გამოყოლილი მზერით გეტყოდი - მომენტრები. დაბრუნებული კი ჩემს თვალებში წაიკითხავდი - მიყვარხარ.
    დიახ, ყოველ წამს შენს სიყვარულზე ვსაუბრობ. ამ სიყვარულს ვერ დაარქმევ ხამი მოტრფიალის დროებით გატაცებას. ვერც რეტდასხმული სისხლის ვენებში ჩქეფას. ვერც ვნებააშლილი სურვილების დაუოკებელ ქარიშხალს. ეს ისაა, როცა ერთი ადამიანის სულს მეორე ადამიანის სული სჭირდება. ის, რაც მის სულს აკლია - მისი სულიერი საზრდო.
    იმისათვის, რომ მიყვარდე და ვფიქრობდე შენზე არ მჭირდება ღამე, მთვარე და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. არც წვიმის დროს ქუჩაში უგზოუკვლოდ ხეტიალი. არც მარტოობით სავსე ჩემი ოთახი და საერთოდ არც არაფერი,
რადგან ამ გახუნებულ ცხოვრების დღეთა მიჯნაზეც კი ჩემი ფერადი სამყარო გქვია.
    ისევ ვწერ (ჩემი კალამის დაუშრეტელი "მელანი" ხარ)... უფროსწორდ თავისით მეწერება. ვწერ, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს რისთვის?!. ეს წერილი კი არც წარსულს ეკუთვნის, არც აწმყოს და მითუმეტეს არც მომავალს. ეს იმ დროის შედეგია, რომელიც შენი შეყვარების მერე დამიდგა.
    ჩემს გულს არ უკითხავს შემეყვარებინე თუ არა. არც კალამს უკითხავს აზრი შენზე საწერად. ორივემ თავად აირჩია ამ საცალფეხო ბილიკზე სიარული. ჰოდა იარონ მანამ, სანამ შეუძლიათ. სრულ თავისუფლებას ვაძლევ...
    გახსოვს ხიდი, სადაც ვისხედით მშვენიერი დღის მერე? ხიდი, რომელზეც ჩვენ თვალთა სხივები პირველად გარდატყდა ერთმანეთის თვალებში? (თუმცა რად გეკითხები პასუხი ხომ არასდროს მოვა). იქვე უნდა მეთქვა სიყვარული, მაგრამ ვდუმდი. ვდუმდი რატომღაც (დღეს კი ჩემი ყველა შენდამი მოძღვნილი ლექსი წარმოთქმული დუმილია)...
    მე არ გეტყვი, რომ ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს. რომ გამორჩეული სიყვარული შემიძლია, მაგრამ გეტყვი - ნუ იფიქრებ, რომ მე ოდესმე ცალმხრივი სიყვარულის შემეშინდება და გულიდან ამოგირეცხავ. უბრალოდ გახსოვდეს:
    მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!
    მე ჩემში შენი არსებობა მიყვარს!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები