ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პროზა
15 ივნისი, 2017


შენ

  ვგრძნობ როგორ ეცემა თითოეული ფოთოლი მიწას და მეც გული მწყდება. გული მწყდება და მავიწყდება რომ... ადამიანი ვარ. ვხვდები რატომაც ვარ ასე სევდიანი და მიუსაფარი... იმასაც ვხვდები, ჩემში გინდა ჰპოვო თავშესაფარი... მაგრამ... ღმერთო, რამდენი „მაგრამ“ არის ცხოვრებაში.
  ფიქრი დიდია, ოცნება – უდიდესი, გონება – უმდიდრესი. საიდან საით დაეხეტება ფიქრები ჩემი მღვრიე? მოგონებებსაც ვეღარ ვძლიე და... მეშინია! მეშინია საკუთარი თავის. შენ წარმოიდგინე ამ შიშშიც არის რაღაც მარტოსული და მღელვარე! იმედის ნაპერწკალი წამით გაიელვებს და მიდის ცხოვრებაც მდორედ... აი ეს მომწონს სიცოცხლის არსში სწორედ, რომ... რომ არის ჭიდილი. მარადიული ჭიდილი ერთფეროვნებასა და ცვლილებებს შორის.
  აზრებს აღარც დასაბამი აქვთ და აღარც ფონი! წავიდე საით? მითხარი... მირჩიე რამე... თორემ საცაა ჩამოწვება უკუნეთი ღამე. დაეშვება სიშავის ფარდა და ხელისცეცებით მომიწევს ხეტიალი. ნუთუ არ გესმის ძახილი ჩემი? ამ სიბნელეში ეული ვრჩები.
  კარგი... არ გინდა ფიცი და მტკიცი. ეგ ყველაფერი ისედაც ვიცი... ვიცი, რომ... არაფერიც არ ვიცი და ეს ყველაფერი დიდი სიცარიელეა!
  მეფობენ დრონი... მეფობენ დრონი და ვგიჟდები მგონი! ამ მარტოობით ამომხდა სული და ფიქრთაგან ზღვარგადასული უბრალოდ ვდარდობ. ვდარდობ ჩუმად და ჩემთვის. ეს გულისფეთქვაც არავის ესმის...
  მინდა არაფერი მახსოვდეს... თუმცა მავიწყდება, რომ არასოდეს ვთქვა „არასოდეს“.
  მიფრინავს წლები? მაგასაც ვხვდები. ვხვდები და ველოდები სევდიან მწუხრს. ბევრი ამაზე კვნესის და წუხს, მაგრამ მე მიხარია, რადგან არის ამ ქვეყნად სევდა... ბავშვობიდან რომ თილისმად მდევდა.
  შენ რა ხარ ჩემთვის? ამაზე ვფიქრობდი რამდენ ხანს? დღემდის! და ვერ ვიპოვე პასუხი, ახსნა... მინდა ოცნების ხომალდს აფრები ავხსნა, რომ მძიმედ ჩავუშვა ფიქრების ღუზა, რომ დამეკარგოს აზრი და მუზა, რომ... რომ დავკარგო მომავლის რწმენა. ვგრძნობ ვნების სიოც ირწევა ნელა... მეც მწამს და მჯერა... მ ა რ ა დ ი ს ო ბ ი ს! ახლა კი ყველაფერი თითქმის მთავრდება. მე ვამბობ „თითქმის“, რადგან იმედი უსასრულობისკენ ილტვის... სათქმელი უკვე აღარც კი ითქმის.
  დაბნელდა ვხედავ... ჩამოწვა ბლანტი სიშავე... ასეთი რა დაგიშავე, რომ გეძახი და არ გესმის ჩემი კვნესა... ცდილობ, მაგრამ ვერ მემალები ვერსად. და იცი რატომ? მე ვიცი მარტო. მე შემოვედი ნელ–ნელა შენში და ჩემთან ერთად სევდის ფიალა ბოლომდე შესვი.
  არ გინდა! მორჩი! არ მითხრა, არა! სიტყვები უკვე ზედმეტად ზედმეტია, კმარა!
  ამეწვა სულის იარა... კარგი, ნუ გეშინია, უკვე გადამიარა...
  ან ეს მონატრება რა იყო ნეტა? ვინ მომენატრა გულის ტკივილამდე და სულის კივილამდე?
  მე ახლა უკვე ბოლომდე გითხარი სათქმელი... მერედა, რამდენი!
  შენში ბოლომდე აღვესრულე და სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ბოლომდე გენდე...
  მკლავებზე დამისვენე მწუხარება... მწუხარება უთქმელი დღემდე.

P.S.
  ასეთი იყო ჩემი აღსასრული და...
                              დასაწყისის დასასრული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები