ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
13 ივნისი, 2017


მოგზაურობა მოგზაურობისთვის (გაგრძელება)

როგორ  დაეკარგა  ქოლგოსანს  ქოლგა


      კაფე ხალხით სავსე აღმოჩნდა. ყველა მაგიდა დაკავებული იყო, თითოეულთან ოთხნი ან ხუთნი ისხდნენ. ქოლგებიც იქვე ჰქონდათ, სკამის სახელურზე ჩამოკიდებული.
      კარგა ხნის თვალიერების შემდეგ ქოლგოსანმა და შაქარამ, როგორც იქნა, აღმოაჩინეს თავისუფალი მაგიდა, მაგრამ სანამ იქამდე მიაღწევდნენ, მაგიდას უკვე მიუჯდა ვიღაც. მეგობრებმა სასწრაფოდ დაიკავეს თავისუფალი სკამები, კიდევ ვინმემ არ დაგვასწროსო. შაქარამ ტკბილად გაუღიმა დამხვდურს, მანაც დაუბრუნა ღიმილი. მეგობრებმა შვებით ამოისუნთქეს, ყოველივე რიგზე იყო.
    ქოლგოსანმა გადწყვიტა საუბარი წამოეწყო, ხომ უნდა გაცნობოდა ვინმეს წვიმების ცთომილზე.
    - რა საშინლად წვიმს, არა?
    დამხვდურმა გაოცებით შემოხედა.
    - რაო, რა სთქვით?
    - მე ვთქვი, წვიმს . . .
    - ვერ გავიგე.
    - წვიმს, წვიმს.
    - წვიმს! - გაიმეორა მან და მხრები აიჩეჩა, - რა უცნაური სიტყვაა, ასეთი რამ არასოდეს მსმენია.
    - როგორ, „წვიმა“ არ გსმენიათ?
    - პირველად მესმის.
    - მასხრად ხომ არ გვიგდებთ? - დაიქუხა ქოლგოსანმა.
    - პირიქით, მე მგონია, სწორედ თქვენ გვიგდებთ მასხრად თქვენს მეგობართან ერთად . . .
    ქოლგოსანი საკუთარ წვერს ჩააფრინდა აღელვებისაგან. ის იყო, პირი გააღო ისეთი გამომეტყველებით, რომ ალბათ რაღაც ძალიან მკვახე უნდა ეთქვა, რომ შაქარამ ჩუმად ჩაავლო ხელი.
    - მე მგონი, ვხვდები, რაშია საქმე, - წაუჩურჩულა ქოლგსანს, - აქაურებმა ალბათ არ იციან, რა არის წვიმა.
    - როგორ შეიძლება აქ წვიმის შესახებ არაფერი იცოდნენ. რაც აქ ვართ, გაუთავებლად წვიმს.
    - სწორედ მაგაშია საქმე, რომ გაუთავებლად წვიმს. აქაურები ისე შეეჩვივნენ წვიმას, რომ ვეღარც ამჩნევენ.
      - აჰა, გამოდის, რომ მათ კარგი ამინდი არასოდეს უნახავთ, ამიტომ ვერც წვიმას ხედავენ.
      ქოლგოსანმა თავი ანება საკუთარ წვერს, სკამის საზურგეს მშვიდად მიეყრდნო. ის კი არა, გაიღიმა კიდეც. შაქარაც ტკბილად იღიმებოდა.
    მაგრამ მათი მოსაუბრე ისევ აფხორილი იჯდა.
    - თქვენ რაღაც გაუგებარი სიტყვა თქვით - ბრაზმორეული ამბობდა იგი, - აბა ერთი კიდევ გაიმეორეთ ეს სიტყვა.
    - მე ვთქვი, რომ დღეს შესანიშნავი ამინდია, - მშვიდად ჩამოარაკრაკა ქოლგოსანმა და მოსაუბრეს თვალი გაუსწორა.
    - ნამდვილად ასე თქვით?
    - ნამდვილად, აი, ჩემი მეგობარიც დამემოწმება.
    შაქარამ თავი დააქნია და კიდევ უფრო ტკბილად გაიღიმა.
    ამ ღიმილმა საბოლოოდ მოინადირა დამხვდურის გული.
    - დიახ, მართლაც შესანიშნავი ამინდია, საამო . . .
    დამხვდურმა ამ სიტყვებთან ერთად რაღაც ანიშნა ოფიციანტს, მალე ოფიციანტმა სამი გალიცლიცებული ჭიქა მოარბენინა.
    - მიირთვით, - გულითადად მიიპატიჟა მეგობრები დამხვდურმა. - ისე მომწონხართ, რომ თქვენთვის არაფერი მენანება.
    ქოლგოსანმა გემო გაუსინჯა და წამოახველა.
    - ეს რაა, წვიმის წყალია?
    - ისევ ის გაუგებარი სიტყვა, - წყენით წამოიძახა დამხვდურმა.
    - მე მინდოდა მეთქვა, რომ  . . . ესაა . . .
    - ზეციური წყალი, - უკარნახა შაქარამ. მას უკვე მოეკრა ყური, თუ როგორ უწოდებდნენ ამ სასმელს კაფეში.
    - ზეციური წყალი, - გაიმეორა ქოლგოსანმა.
    - დიახ, ზეციური წყალია, ასეთი სასმელით გამასპინძლება ჩვენთან დიდ პატივად ითვლება.
    - გმადლობთ.
    დალია ქოლგოსანმა ერთი ჭიქა წვიმის წყალი. მერე თვალი შეასწრო, თუ რა სასოწარკვეთილი სახით იჯდა შაქარა. ისარგებლა მომენტით, როცა დამხვდურმა გვერდზე გაიხედა და შაქარას წყალიც დალია. ჯერ უნდოდა გადაეღვარა, მაგრამ იატაკი ისეთი სუფთა იყო, მოერიდა . . .
      როგორც კი დამხვდურმა ცარიელი ჭიქები დაინახა,  კვლავ ანიშნა ოფიციანტს, მაგიდაზე ისევ გაჩნდა გალიცლიცებული ჭიქები.
    - მიირთვით, ზეციური წყალი ჩვენთან თავზე საყრელია, - შესთავაზა დამხვდურმა.
    - მართლაც თავზე საყრელია, - წაიბუტბუტა ქოლგოსანმა - მაგრამ ჩვენ არა ვართ ამდენი პატივისცემის ღირსი. იქნებ დროს გაკარგვინებთ.
    - რას ამბობთ, - მოწიწებით თქვა დამხვდურმა, - ასეთი მოკრძალება რა საჭიროა, როგორც კი დაგინახეთ, მაშინვე მივხვდი, რომ უცხო სტუმრები ბრძანდებით.
    ამ სიტყვებთან ერთად მან კიდევ ანიშნა ოფიციანტს რაღაც. მაგიდაზე ახლა ექვსი ჭიქა წყალი გაჩნდა.
      - ისევ . . . ზეციური წყალი? - შიშით იკითხა ქოლგოსანმა.
      - აბა, როგორ, ჩვენში იციან სტუმრის ფასი . . .
      უკვე გვიანი საღამო იყო, როცა ქოლგოსანი და შაქარა ხელიდან დაუსხლტდნენ თავიანთ გულუხვ მასპინძელს. წვიმის წყალით გაბერილი ქოლგოსანი ფეხზე ძლივს იდგა, ბარბაცით მიჰყვებოდა  შაქარას  და იფიცებოდა, აქაური წვიმის წყალი ღვინოსავით ათრობსო.
      როგორც ჩანს, ქოლგოსანის ამ სიტყვებში იყო ჭეშმარიტების ნატამალი: როცა ცოტა გადაუარა წვიმის წყლის სიმთვრალემ, აღმოაჩინა, რომ ქოლგა დაჰკარგვოდა. უფრო ზუსტად, ვიღაცის ქოლგაში შეცვლოდა.
    იმ ქოლგას, რომელიც ამწუთას ხელში ჩაებღუჯა, აღარ ასდიოდა ხავსის და ბალახების სუნი. პირველად სწორედ ამ გარემოებას მიაქცია ყურადღება ქოლგოსანმა, დაეჭვებით გასინჯა იგი და დარწმუნდა, რომ დიდი უბედურება სწვეოდა.


                                            როგორ  იპოვა  ქოლგა


    სათქმელადაც კი ძნელია, თუ რა უსაზღვრო სასოწარკვეთილებამ შეიპყრო ქოლგოსანი, როცა ქოლგის დაკარგვა აღმოაჩინა. ორივე ხელით ჩააფრინდა საკუთარ წვერს და ალბათ ერთი ღერიც აღარ შერჩებოდა, შაქარას რომ არ შეეკავებინა.
    - ოჰ, ჩემი ძვირფაის ქოლგა! - მოსთქვამდა იგი- ჩემი საყვარელი, დახატული ქოლგა. რა მშვენიერი სურნელი ასდიოდა, რა ფართო ნახტომებს ვაკეთებდი, რა არხეინად დავფრინავდი. სულ იმ საზიზღარი წვიმის ბრალია ყველაფერი, ნეტავი ფეხიც არ დამედგა ამ ცთომილზე.
      შაქარამ სცადა, დაემშვიდებინა იგი. ტირილი და თავში ცემა ვერას გვარგებს, სჯობია ახლავე შევუდგეთ ქოლგის ძებნასო.
    - მერედა, სად ვიპოვი? - სასოწარკვეთით შესძახა ქოლგოსანმა, - როგორ ვიპოვი ამდენ ქოლგებში. აქ ხომ ყველა ქოლგით დადის და ყველა ქოლგა ჩემს ქოლგას ჰგავს. აზრი არ აქვს, დავიღუპე და ეგაა . . .
    ბევრს ეცადა შაქარა, მაგრამ ქოლგოსანს ვერაფერი შეასმინა. იჯდა თავსხმა წვიმაში, მოსთქვამდა და, როგორც ჩანდა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. შაქარა იძულებული გახდა, იქვე დაეტოვებინა იგი, სადაც იჯდა და რობიკოსკენ გაეშურა. შეცვლილი ქოლგაც თან წაიღო, წვიმაში უქოლგოდ ვერ ივლიდა, თანაც გულში ფიქრობდა: ვინიცობაა ჩვენს გუშინდელ მასპინძელს შევხვდე, ვეცდები, შეუმჩნევლად შევუცვალოო.
    გამოთვლები ერთი წამითაც არ შეუწყვეტია რობიკოს, ისე მოუსმინა შაქარას, რომელმაც ქოლგის დაკარგვის სამწუხარო ამბავი აცნობა. მერე დინჯად გაიწოდა რკინის ხელი და რაღაც ახალი ღილაკი ჩართო. ციფრებით სავსე ეკრანების გვერდით ახალი ეკრანი აინთო.
    ეკრანი ქოლგების ზღვამ დაფარა.
    - ყველა ქოლგა ერთმანეთს ჰგავს. ერთნაირია ზომით და ფერით, შეუძლებელია, მათ შორის ქოლგოსანის ქოლგის გამორჩევა, - დინჯად თქვა რობიკომ.
    - ქოლგოსანის ქოლგას ხავსის და ბალახის სუნი ასდის, - ფიცხლად წამოიძახა შაქარამ.
    - მე არ ვიცი, რას ნიშნავს ხავსის და ბალახის სუნი, არც მათი შეგრძნება შემიძლია, - გაისმა ლითონისებური ხმით წარმოთქმული სიტყვები.
    სხვა გზა არ იყო, შაქარა მარტოდმარტო გაემართა დაკარგული ქოლგის საძებრად.
    მართალია, ქოლგა ეფარა თავზე,  დასველებას მაინც ვერ გადაურჩა. ხან მანქანამ ჩაუქროლა და შეაშხეფა წყალი, ხან საწვიმარი ღარიდან გადაევლო წყლის ირიბი ნაკადები. წვიმაში ბევრი ხეტიალი მისთვის ნამდვილად არ შეიძლებოდა, მაგრამ თვალწინ ედგა ქოლგოსნის სასოწარკვეთილი სახე და ეს სახე ისევ წინ მიერეკებოდა. განა ქოლგოსანმა არ დალია მის მაგივრად ექვსი ჭიქაწვიმის  წყალი? შაქარას ამის დავიწყება არ შეეძლო. მიაბიჯებდა თავსხმა წვიმაში, დაჟინებით უთვალთვალებდა შემხვედრი ხალხის ქოლგებს. რამდენჯერმე კაფეში შევიდა, ყველა მაგიდას ჩამოუარა და ნამდვილ ფინიასავით დაყნოსა სკამის სახელურებზე ჩამოდებული ქოლგები, იქნებ რომელიმეს ხავსისა და ბალახის სუნი ასდისო.
    არცერთ ქოლგას არ ასდიოდა ხავსის და ბალახის სუნი, სიროფის წვეთები ცრემლებად ჩამოეღვენთა შაქარას სახეზე. ეს სახიფათო ნიშანი იყო; შაქრის ბიჭმა დნობა იწყო, მაგრამ მაინც დაეძებდა დაკარგულ ქოლგას . . .
    უეცრად ერთი საეჭვო რამ შენიშნა: ვიღაც ქოლგიანი უცნობი მეტად უცნაურად დადიოდა, რაღაც სასეიროდ ფართო ნაბიჯებს ადგამდა, სახეზე დაბნეულობა ეწერა.
    როგორ გაიხარა შაქარამ მისი დანახვით; ეს ხომ მათი გულუხვი მასპინძელი იყო. მას ქოლგოსნის ქოლგა ორივე ხელით ჩაებღუჯა და მოუქნელ ნახტომებს აკეთებდა, რადგან ამ ქოლგის ვერაფერი გაეგო. მას ხომ ვერც ვერავინ გაუგებდა რაიმეს,  ქოლგოსნის გარდა.
    გახარებული  შაქარა გეგმებს აწყობდა, თუ როგორ გამოლაპარაკებოდა ძველ მასპინძელს და როგორ აეხსნა მისთვის რაც შეიძლება ზრდილობიანად, თუ რა საბედისწერო შეცდომას ჰქონდა ადგილი. ამ დროს შემთხევა დაეხმარა. ქოლგიანმა ნაცნობმა წვიმის წყლით დამდგარ გუბეზე მოინდომა გადახტომა, მაგრამ ნახტომი ვერ მოზომა და შუა ქუჩაში გაიშხლართა, ქოლგა ხელიდან გაუვარდა და გვერდზე გადაგორდა. შაქარა სასწრაფოდ მიიჭრა წაქცეულთან, შეაჩეჩა მისი საკუთარი ქოლგა, ყური არ უგდია მადლობისთვის, დაავლო ხელი ჯადოსნურ ქოლგას და უკანმოუხედავად გამოიქცა.
    ქოლგოსანი ისევ იქ იჯდა, სადაც შაქარამ დატოვა. ერთმანეთში არეული წვიმის წვეთები და ცრემლები ღვარივით დასდიოდა სახეზე.  წვერი სულ მთლად დასველებოდა, და საერთოდ, თავით ფეხამდე გასაწური იყო. უეცრად ქოლგა დაინახა, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა. გაოცებულმა ქოლგოსანმა თვალები დააჭყიტა, მოსიარულე ქოლგა ჯერ არასდროს ენახა, მაგრამ როგორც კი ხავსის და ბალახის სუნი ეცა, სასწრაფოდ დაავლო ხელი ქოლგას და მაღლა აიტაცა. ქოლგის ქვეშ შაქარა აღმოჩნდა, წინანდელთან შედარებით ორჯერ უფორ დაპატარავებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები