ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2017


არალექსი

დაადასტურე საკუთარი დაბადება,
როგორც ახალი წინადადება აუცილებელი აბზაცით.
არასოდეს იფიქრო შეცდომით მოტანილი წერილების შინაარსზე;
როდის ბრუნდებიან ადამიანები სხვა მხარეს... ძილის დროს ალბათ.
ძილი ვალდებულებისგან თავისუფალი სფეროა.
არც ერთ წერილში შენ მაინც არავინ გახსენებს.
ვერ თავისუფლდები მოლოდინებისგან,
წარმოსახვით შედეგებს ისინი ვერასოდეს ინელებენ.
ამ ყველაფრისთვის - მარჩიელის თილისმა, ბევრი ლოცვა ან ვინმეს ალოკვაა საჭირო.
უცნაურად ხარ... შარდმა და ნერწყვმა გემო გაცვალეს,
იქნებ უბრალოდ მიმართულება.
როდემდე უნდა შეინარჩუნო ამ ქვეყნიური მოუსვენრობა.
კბილის ჯაგრისით დაუმარცხებელი ბაქტერიებივით დაგცინიან აკვიატებები:
რომ გადარჩენამ უნდა მოგაგნოს,ან შენ მიაგნო ადრე თუ გვიან.
რა ლიტონია შეგონებები.
ყველას გადაეცი რომ საკუთარი მოსაზრებები სხვა თარგისაა.
ნუ დაუჯდები მოსასმენად. უბრალოდ მიესალმე,
ჩაეხუტე და დაუმალე ყველაფერი.
როდისმე ისწავლი აორთქლებასაც.
მათ თბილ ფანჯრებზე ნუ გამოჩნდები.
თუ შეეცდები, არ დაივიწყო - შარდმა და ნერწყვმა გემო გაცვალეს.
აქ არაფერია პოეტური. მხოლოდ ჯაზი ილუკმება შენი ყურადღებით.
გაათამამე საკუთარი არსებობის ალტერნატივა.
იფიქრე კულტურულ გარდატეხებზე, სოციალურ აფერთქებებზე,
საუკუნეებში რომ იზოზინეს დღევანდელობისთვის.
არ იოცნებო. შენი ადგილი იქ არის სადაც ხარ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები