ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
18 ივნისი, 2017


მოგზაურობა მოგზაურობისთვის (გაგრძელება)

                                              მოხეტიალე  წყალი


      ბევრ ძვირფას თვისებებთან ერთად რობიკოს ერთი მართლაცდა მეტად სასარგებლო თვისებაც ჰქონდა: დათქმულ დროს არასოდეს გადააცილებდა. მან ზუსტად ერთი დღე - ღამის განმავლობაში გამოთვალა ახალი მიმართულება; (ცხადია, ძველი შეცდომებიც აღმოაჩინა). ამ დროისათვის, კიდევ კარგი, ქოლგაც უკვე ნაპოვნი იყო, თორემ ქოლგოსანი ალბათ უკვე აღარ იფიქრებდა წვიმის ცთომილის დატოვებას.
    მეგობრები მყუდროდ მოკალათებულიყვნენ ხავერდგადაკრულ რბილ სავარძლებზე. ქოლგოსანი ძალიან აღელვებული გამოიყურებოდა, მის სახეზე ორი დიდი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს. ერთი მხრივ ძალზე უხაროდა, რომ ისევ მასთან იყო ჯადოსნური ქოლგა, მეორე მხრივ კი დარდისაგან ლამის მომკვდარიყო, ნაცრისფერი გადაუვლდა ხოლმე სახეზე, როცა შაქარას შეხედავდა. მისი შეცვლილი გარეგნობა სასოწარკვეთილებაში აგდებდა.
      - ეეჰ, ჩემი შაქარა, ჩემო ტკბილო მეგობარო, - ბუტბუტებდა ქოლგოსანი, - ნეტავი შენ ასეთს არ გხედავდე, ნეტა არ დაპატარავებულიყავი, მეტი არაფერი მინდა.
      - არა უშავს, რაო, - ბუტბუტებდა შაქარა  თავისი  ჩვეული ტკბილი ხმით და იღიმებოდა.
      ამაზე კი ქოლგოსანს ტირილი წასკდებოდა ხოლმე, ცრემლებიც ნაკადულივით მორბოდნენ მის თეთრ წვერზე. მერე ისევ ქოლგას მოჰკრავდა თვალს, ისევ სიხარულით გაუცისკროვნდებოდა სახე . . . მთელი გზა ასეთ ამბავში იყო.
      იმის მიხედვით, თუ როგორ ხასიათზე იყო, ობობასაც სხვადასხვანაირად ექცეოდა. ხან ტუქსავდა, მანქანა აბლაბუდის ქსელებით აავსეო, ხან კიდევ ეფერებოდა, შენ ხომ ქოლგას გამოჰყევი დედამიწიდან, ალბათ შენც დიდი სიყვარულით უნდა იყო  მისდამი განმსჭვალულიო.
      უნდა შევნიშნოთ, რომ ობობამ კარგა ხანია მიატოვა ქოლგოსნის ჯიბე და ახლა მანქანაში აგრძელებდა თავის ჩვეულ საქმიანობას, აბამდა და აბამდა ქსელებს. მეგობრები მთ წმენდას ვეღარ აუდიოდნენ. რაც არ უნდა მომხდარიყო, შაქარას თქმით, თუნდაც მთელი სამყარო ყირამალა ამობრუნებულიყო, ობობა მაინც არ წყვეტდა ქსელების გაბმას. თავისი საქმიანობის გარდა არაფერი აინტერესებდა. მაშინაც არ დაინტერესებულა, (ყოველ შემთხევვაში, დაინტერესება არაფრით გამოუხატავს), როცა ქოლგოსანს და შაქარას ერთად აღმოხდათ გაოცების შეძახილი.
      გასაოცარი სანახაობა იხილეს ჩვენმა მოგზაურებმა: კოსმოსის ღამისფერ ცაზე  ნელნელა ამოცურდა წყლის წვეთივით მოციმციმე ცთომილი. წვეთი თანდათან გაივსო, გაიზარდა, მომრგვალებული ნაპირები ფართოდ გაიწ-გამოიწია . . . და მოგზაურების თვალწინ გიგანტური ოკეანე გადაიშალა. უკვე აქედანვე აშკარად ჩანდა მისი ზედაპირის მოციმციმე ჭავლი.
      რობიკომ ნელნელა შემოუფრინა ირგვლივ, ყველგან წყლის ჭავლი ციმციმებდა. არსად ჩანდა თუნდაც ერთი კუნძული.
      - როგორც ჩანს, მთელი ცთომილი წყლითაა დაფარული, - შენიშნა შაქარამ.
      - წყლით დაფარული კი არა, მთლიანად წყალია, - განმარტა რობიკომ, - სიღრმეშიც წყალია, წყლის უდიდესი სფერო ჰკიდია სივრცეში.
      - მაშინ ეს მოხეტიალე წყალი ყოფილა და არა პლანეტა, - თქვა ქოლგოსანმა და შაქარას ხელი გადახვია - ჩქარა გავეცალოთ აქაურობას, ჩემო პაწიავ, შენ აღარ გარგებს კიდევ ერთი ბანაობა. მით უმეტეს, რომ მიზანს ისევ ავცდით, მოხეტიალე ნისლი არსად ჩანს.
      მაგრამ შაქარა საწინააღმდეგო აზრის გახლდათ.
      - მე არასდროს მინახავს მოხეტიალე წყალი, - თქვა მან გაბედულად, - მე მგონი შენც პირველად ხედავ, ქოლგოსანო. სანამ რობიკო ახალ მიმართულებას ხელახლა გამოიანგარიშებს, ჩვენ ცურვით გავერთობით.
      - მე ძალიან ვშიშობ, ჩემო პაწიავ . . . - წამოიწყო ქოლგოსანმა და თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა. უცრემლოდ ვეღრა უყურებდა შაქარას.
      - საშიში არაფერია, - შეაწყვეტინა შაქარამ, - ფრთხილად ვიქნები, რათა წყალში არ გადავვარდე.


                                    შაქარას  უცნაური  თავგადასავალი


      რაც არ უნდა მომხდარიყო, რობიკოს სახის გამომეტყველება არასოდეს შეეცვლებოდა. ამითი იგი ძირეულად განსხვავდებოდა ქოლგოსნისაგან, რომელსაც სახეზე ყოველთვის ნაირნაირი, ცვალებადი განცდები ეწერა. რაც შეეხება შაქარას, უკვე ყველამ ვიცით, თუ რა ტკბილად იღიმებოდა. ეს ღიმილი მას შემდეგაც არ გამქრალა მისი სახიდან, როცა იმის ნახევარი დარჩა, რაც თავდაპირველად იყო.
    ახლაც კი, როცა მეორეჯერ დაუშვა შეცდომა მიმართულების გამოანგარიშებაში, სახის გამომეტყველება ოდნავად არ შეცვლია რობიკოს. ნირწამხდარიაო, მასზე ვერავინ იტყოდა. ამ დროს კი, ვინ იცის, რა ხდებოდა მის სიღრმეში. მთელი მისი რკინის ბუნება აჯანყებულიყო  ამ უცნაური შეცდომების წინააღმდეგ. ვერაფრით ვერ გაეგო, რატომ დაუშვა შეცდომა ზედიზედ ორჯერ. ასეთი რამ უწინ არასოდეს დამართოდა და მეტისმეტად გაოცებული იყო. „ნეტავი რა მიშლის ხელს, რომ ძველებური სიზუსტით ვიანგარიშო და მიზანს მივაღწიო?“- ფიქრობდა რობიკო. მან წყლის ზედაპირიდან ათიოდე მეტრზე ჰაერში გამოკიდა თავისი მანქანა (მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო) და მომქანცველ გამოთვლებში ჩაეფლო. ამჯერად მას ბევრად მეტი დრო, ორმოცდარვა საათი სჭირდებოდა მიმართულების გამოანგარიშებისათვის, ანუ ორი მიწიერი დღე - ღამე.
      რაც შეეხება ქოლგოსანს და შაქარას,  შეიძლება ითქვას, ნამდვილ განცხრომაში იყვნენ. ამობრუნებული გაშლილი ქოლგა საუცხოოდ ტივტივებდა წყალზე, საკმარისი იყო ოდნავ გებიძგათ, რომ მაშინვე ნავივით გასრიალდებოდა ხოლმე. მეგობრები არხეინად მოკალათებულიყვნენ გაშლილი ქოლგის შიგნით, ხელები ტარისთვის ჩაეჭიდათ და გაბრწყინებული სახეებით იყურებოდნენ. განსაკუთრებით ქოლგოსანი ხარობდა, რომ თავისი ქოლგის ახალ ღირსებას ამზეურებდა. შაქარა ტკბილი ღიმილით გადახედავდა ხოლმე თავის მეგობარს. ვის, ვის და შაქარას კარგად ესმოდა ქოლგოსანის: ხომ ჯავრით მოკვდებოდა, თავისი ქოლგით ერთხელ მაინც არ გაენავარდა  მოხეტიალე წყლის ზედაპირზე. ამიტომაც მოითხოვა ასე დაჟინებით შაქარამ წყლის ზედაპირზე ქოლგით გასეირნება. იცოდა, თავის მეგობარს ძალზე ასიამოვნებდა ამით.
      თვითონაც ძალიან ხარობდა შაქარა, თუმცა ცოტათი კი ეშინოდა, როცა ხედავდა ირგვლივ გადაშლილი ოკეანის უსასრულო ზედაპირს. ხელს მაგრად უჭერდა ქოლგის ტარს. ცალკე ქოლგოსანს ჩაეჭიდა მისთვის ხელი, წყალში არ გადავარდეო.
      ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, და ალბათ ასევე შესანიშნავად დასრულდებოდა, რომ ქოლგოსანს  ერთი ახალი გასართობი არ მოსვლოდა თავში; გადაწყვიტა, სხვადასხვა საცურაო ფიგურები გაეკეთებინა თავისი ქოლგით.  ხან ციბრუტივით დატრიალდებოდნენ წყალზე, ხან ისარივით გაიჭრებოდნენ წინ, ხანაც კი ჰაერში აიჭრებოდნენ, ბოლოს ისევ წყლის ზედაპირს უბრუნდებოდნენ. ქოლგოსანი მეტისმეტად გაერთო და ვერ შენიშნა,  როგორ გადავარდა შაქარა წყალში. ეს მოხდა ერთერთი ტრიალის დროს, პაწაწინა შაქრის ბიჭი ბრუნვის ძალამ გადატყორცნა ქოლგიდან.
      ცურვა არ იცოდა შაქარამ და მაშინვე ქვასავით ჩაიძირა წყალში, ერთი დაყვირებაც კი ვერ მოასწრო ტრიალისგან თავბრუდახვეულმა. თუმცა, მგონი მოასწრო კიდეც, მაგრამ ვერ გააგონა მეგობარს. იმის შემდეგ, რაც განახევრდა, ხმაც გაუნახევრდა შაქარას.
      ქოლგოსანმა იმის შემდეგაც კარგა ხანს ისრიალა წყლის ზედაპირზე თავისი ქოლგით, რაც შაქარა წყალში გადავარდა. მეგობარი მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა ახალი გასართობი მოიგონა; ეს იყო ქოლგაზე თავდაყირა დგომა.
      - აბა, მიყურე, ახლა თავდაყირა დავდგები, - იყვირა ქოლგოსანმა და შეასრულა კიდეც თავის სიტყვა, მაშინვე ყირა გაჭიმა ქოლგაზე. ასე თავდაყირა მდგომმა მიავლ - მოავლო თვალები, აბა, შაქარა თუ მიყურებსო, მაგრამ შაქარა აღარ ჩანდა.
      შეშინებულმა ქოლგოსანმა მაშინვე ჩვეულებრივი მდგომარეობა მიიღო, უფრო საგულდაგულოდ გაჩხრიკა თავისი ქოლგა. ხავსის რბილი ფენაც კი გაქექა, შაქარას კვალიც არ ჩანდა.
      მერე წყალს მიაპყრო დაცეცებული თვალები,  ხან აქეთ ეცა თავის ქოლგით, ხან იქით. თვალიც ვერ მოკრა თავის მეგობარს.
      სასოწარკვეთილი ქოლგოსანი ორივე ხელით ჩააფრინდა თავის წვერს, მაგრამ მაშინვე გაუშვა. მიხვდა, რომ ამის დრო აღარ იყო, სასწრაფოდ უნდა მოეძებნა შაქარა, სანამ ეს უკანასკნელი დადნობას მოასწრებდა.
      - ყველაფერს თავი დანებე და შაქარა მოძებნე, - ჯერ რობიკოს ეცა აქოშინებული ქოლგოსანი, - ჩქარა, სანამ დადნებოდეს!
      რობიკოს არ დასჭირვებია ყველაფრისთვის თავის დანებება. უწინდელივით მშვიდად გაიწოდა რკინის ხელი და რომელიღაც ახალი ეკრანი ჩართო, ისე, რომ, გამოთვლები არ შეუწყვეტია. ეკრანი მთლიანად დაფარა მოხეტიალე წყალმა, ყველგან მისი თანაბარი ჭავლი ციმციმებდა, არსად ჩანდა რაიმე წერტილი.
      - ვაითუ, დადნობა მოაწრო . . . - ბუტბუტებდა შიშისაგან გულგახეთქილი ქოლგოსანი და თვალებით ბურღავდა ეკრანზე მოციმციმე წყლის თანაბარ ჭავლს, ხანდახან კი რობიკოს მიაპყრობდა შეშინებულ მზერას.
      - არსად ჩანს შაქარა, - ამეტყველდა ბოლოს რობიკო. - ყველგან ერთგვაროვანი გარემოა, საითაც არ უნდა გაიხედო.
      - იქნებ ჩაიძირა და ამიტომ არ ჩანს, - შეეკამათა ქოლგოსანი.
      - სიღრმეშიც ერთგვაროვანი გარემოა, განსხვავებული სიმკვრივის სხეული არსად შეინიშნება - გულგრილი ხმით აუწყა რობიკომ და ეკრანი ისევ გამორთო, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ძებნას აზრი აღარ ჰქონდა.
      ქოლგოსანი მიხვდა, აქედან არაფერი გამოვაო და მარტო შეუდგა დაკარგული მეგობრის ძებნას. შუბლზე ზრუნვის ნაოჭი გაუჩნდა. თვალები ლამის ბუდეებიდან გადმოცოცებულიყვნენ, ისე ჰქონდა დაჭყეტილი. დააცურებდა თავის ქოლგას, ხან აქეთ, ხან იქით. მზერით ბურღავდა ოკეანის უკიდეგანო სივრცეს. შაქარა არსად ჩანდა.
        ქოლგოსანი მაინც არ იშლიდა თავისას,  თუმცა უკვე შავბნელი ეჭვები უღრღნიდა გულს.  რობიკო ალბათ მორჩება თავის გამოთვლებს და მერე, დაე გაემგზავროს, სადაც მოინდომებს, თუნდაც დედამიწისკენ, ან ისევ მოხეტიალე ნისლისკენ გააგრძელოს გზა. ქოლგოსანი თან არ წაჰყვება, არასოდეს მიატოვებს თავის მეგობარს . . . ანუ, იმ ზღვას, რომელშიც მისი მეგობარი დადნა.
      და ქოლოსანი შეუჩერებლად დაცურავდა მოხეტიალე წყლის ზედაპირზე. დაეძებდა დაკარგულ თუ დამდნარ მეგობარს.
      უეცრად შორს, თეთრი წერტილი შენიშნა.
      ქოლგოსანმა მაშინვე იქითკენ აიღო გეზი. თეთრი წერტილი თანდათან მოახლოვდა, გაიზარდა, რაღაც უჩვეულოდ გაიზარდა, სანამ ბოლოს მთის ოდენა არ გახდა. მცურავ მთას ჰგავდა, თანაც სულ ერთიანად თეთრად გაჰქონდა კრიალი.
      - აისბერგი! - შესძახა გაოცებულმა ქოლგოსანმა.
      მართლაც გასაოცარი იყო, რამდენი ხანია მოხეტიალე წყლის ზედაპირზე დაეხეტება და ვერსად ვერაფერს მიაგნო, ახლა კი აგერ, თვალსა და ხელს შუა, აიბერგი გამოეცხადა.
      მაგრამ ქოლოსანს არ ეცალა, რათა ამ ახალი აღმოჩენით დამტკბარიყო. მაშინვე აისბერგზე შეხტა, იქნებ შაქარა აქ იყოსო. იქნებ მოახერხა და სულ უკანასკნელ წამს მოასწრო მასზე აფოფხება, იმედიანად ფიქრობდა გულში.
      ასი თვალი გამოისხა ქოლგოსანმა. გულდაგულ დაათვალიერა მთელი აიბერგი, მისი ზედაპირის არცერთი კუნჭული არ გამოუტოვებია . . . და, ბოლოს იპოვა შაქარა, ოღონდ, არა აისბერგზე, არამედ აისბერგის შიგნით. აკი ვთქვით, ძალზე მახვილი თვალი ჰქონდა ქოლგოსანს, იმასაც კი ხედავდა, მცენარეთა ფესვები მიწის სიღრმეში რომ მიიკვლევდნენ გზას და ცხადია, აისბერგის სიღრმის თვალით მოჩხრეკა არ გაუჭირდებოდა.
      ალბათ ზედმეტია იმის თქმა, თუ როგორ გაიხარებდა ქოლგოსანი ამ აღმოჩენით, მაგრამ სიხარული სახეზე არ დასტყობია, შუბლი ისევ ზრუნვით ჰქონდა შეკრული. სასწრაფოდ უნდა ამოეყვანა შაქარა აისბერგის სიღრმიდან, ამიტომ მაშინვე საქმეს შეუდგა, ქოლგის წვერი მაგრად დასცხო აისბერგს. ჯან-ღო ნე არასოდეს ღალატობდა,  ახლა კი ლომის ძალა მოეცა, ისე ეჩქარებოდა მეგობრის გამოხსნა ტყვეობიდან. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და წყალში ნაკადულივით იღვრებოდა. ქოლგის წვერის ღონიერი დარტყმებისაგან თანდათან დაპატარავდა აისბერგი, ბოლოს შუაზე გაიპო და იქიდან შაქარა გადმოხტა, მხიარული და საღ - სალამათი. თუმცა, ეს ცოტაა სათქმელად. შაქრის ბიჭი აღარ იყო დაპატარავებული. რაღაც სასწაულით ისევ აღედგინა ის პირვანდელი წონა, როცა მაღაზიის ვიტრინაში იყო გამოჭიმული. ის კი არადა, მგონი ცოტათი მოემატნა კიდეც, თითქოსდა გასუქდაო.
      ახლა კი მისცა თავს ნება ქოლგოსანმა, სიხარული რომ გამოემჟღავნებინა:
      - რა ბედნიერებაა, დადნობას რომ გადაურჩი შაქარა! - მღელვარებით შესძახა მან, - რა ჭკვიანურად მოგიფიქრებია ამ ყინულის მთაზე თავის შეფარება.
      - ყინულის მთას კი არა, შაქარყინულის მთას შევაფარე თავი, - ტკბილად გაიღიმა შაქარამ
      ქოლგოსანს გაოცებისაგან ენა დაება, ძლივს ამოიღო ხმა:
      - რა შუაშია აქ შაქარყინული . . .
      - ეს მთა შაქარყინულის იყო.
      - მერედა, ამდენხანს როგორ არ დადნა?
      - წყალშიც შაქარია. მთელი ზღვა, ანუ მოხეტიალე წყალი იგივე შაქრის სიროფია.
      ქოლგოსანი ხმას ვეღარ იღებდა, შაქარა კი ტკბილი ხმი ყვებოდა თავის უცნაურ თავგადასავალს: როგორც კი წყალში აღმოვჩნდი, ვიფიქრე, ნამდვილად დავდნები-მეთქი. ვხედავდი, საშველი არსად იყო, შენ უკვე შორს მიცურავდი ქოლგით. ხმა ვეღარ მოგაწვდინე. გავიდა ცოტა ხანი და ვხედავ, დადნობის ნაცვლად წონაში მომატება დავიწყე. ჯერ თვალს არც დავუჯერე, მაგრამ მალე დავრწმუნდი ამ აღმოჩენის სისწორეში; წონაში ისევ ვიმატებდი. მაშინ კი ეჭვი შემეპარა და გემო გავუსინჯე წყალს. იგი სიროფივით ტკბილი აღმოჩნდა. სიროფში გახსნილმა შაქარმა ჩემს ირგვლივ იწყო დაკრისტალება, სანამ ბოლოს მთისოდენა არ გახდა.
      ქოლგოსანი კარგა ხანს ვერ მოვიდა გონს. ბოლოს როგორც იქნა, დამშვიდდა და ვითომც აქ არაფერი მომხდარაო, ისე უთხრა შაქარას: მერედა, რა არის აქ ასეთი გასაკვირი; თუ მიწიერ ზღვებში მარილია გახსნილი, ვითომ რატომ არ შეიძლება მოხეტიალე წყალში შაქარი იყოს გახსნილიო. სწორედ იმიტომ ვერ გიპოვა რობიკომ თავისი ყველგანშემღწევი სხივებით, მან მხოლოდ ერთგვაროვანი გარემო დაინახა, შაქარი შაქარში.
      ამას რომ ამბობდა, ქოლგოსანი თან პირს იტკბარუნებდა შაქარ-ყინულის მთის ნამსხვრევებით. ერთი დიდი ნატეხი თან წამოიღო, რათა მანქანაში მიერთმია და ცოტა გული გადაეყოლებინა, როცა ირგვლივ ცეცხლოვანი კარუსელი დატრიალდებოდა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები