ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2009


თავი 3. მისაღები გამოცდები ("გაცვლა")

სწრაფად გადიოდა დრო...
დაიწყო უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ციებ-ცხელება.

თეონამ წარმატებით ჩააბარა 3 გამოცდა. დღეს ბოლო, მეოთხე გამოცდა ჰქონდა.
დღეს – ამოისუნთქა... აქამდე კი – ძალიან ეშინოდა!

ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, მაგრამ...
სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა საოცრად აითვალისწუნა ნიჭიერი გოგონა.
ატესტატში – ერთადერთი დაბალი ნიშანი ჰქონდა მრავალი ფრიადის გვერდით. 
და ამ ერთი ნიშნის გამო – ატესტატის ქულა ისე გაუფუჭდა, რომ ჟურნალისტობაზე ვეღარც იოცნებებდა!

თეონამ მათემატიკის მისაღებ გამოცდაში  "4"  მიიღო... არა და, სულ 2 თვე ემზადებოდა...
აქ – მოსაყოლიც არაფერია...
ერთი კია, როცა კიბეზე ადიოდა, ბევრმა გააყოლა თვალი მის წელამდე დაშვებულ ოქროსფერ ნაწნავებს... ამ ნაწნავებით დაიმახსოვრა ბევრმა აბიტურიენტმაც და მათმა მშობლებმაც...
როცა შავად ნაწერი გამოიტანა, მათემატიკის მასწავლებელმა ერთ-ერთ ამოცანას დახედა და...
- თეონა, ამოხსნის ეს გზა მე არ მისწავლებია! სულ სხვა გზით გაქვს ამოხსნილი!... მაგრამ პასუხი – სწორია! ამოხსნის ამ განსხვავებული მეთოდის გამო არ დაგაკლონ ნიშანი!

დიახაც, დააკლეს!...
4 დაუწერეს!
მხოლოდ განსხვავებული მეთოდით ამოხსნის გამო!


* * *

მეორე გამოცდად – ქიმიას აბარებდა.
აუდიტორიაში 6 აბიტურიენტი შეიყვანეს, - 5 ვაჟი და თეონა...
თავჩაღუნულნი წერდნენ აბიტურიენტები...
პირველმა – თეონამ ასწია თავი და გამომცდელებს შეხედა.

- დაამთავრე?
- დიახ...
- ამოცანაც?
- დიახ, - თეონამ რვეული გაუწოდა სიმპათიურ ქალბატონს...
- გამოდი...

ის იყო, თეონა წამოდგა, რომ მეორე გამომცდელმა შეაჩერა:
- ჯერ ეს ვაჟი უნდა გამოვიდეს!
- კი, მაგრამ, რამაზ... ეს გოგონა უფრო ადრე იყო მზად...
- იყო, მაგრამ მე ასე მინდა!
- კარგი, ბატონო... - ქალი თეონას მიუბრუნდა, - ცოტა ხანს დაგველოდე, კარგი?
- რამაზ, შეხედე? 77-ე ამოცანა ამოხსნა... ქიმიკოსებმა და ბიოლოგებმა რომ ვერ ამოხსნეს!
გამომცდელმა გამომცდელი თვალებით შეხედა თეონას და ტუჩი აიბზუა.
- სხვა გზით არის წასული!
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს? რამაზ, პასუხი ხომ სწორად მიიღო? და ამ ამოცანის ამოხსნის სრულიად განსხვავებული გზა იპოვა!
- მერე და, ვინ ეხვეწებოდა ამ განსხვავებული გზის ძებნას?! – სიბრაზენარევი ხმით თქვა გამომცდელმა და სკამის საზურგეს მიეყუდა.

საპასუხოდ ახალგაზრდა ვაჟი გავიდა...
მერე – მეორე, მესამე...

- რამაზ, ამ გოგონას ჯერი არ მოვიდა?
- არა... ეს – ბოლოს გამოვა!

თეონამ 5-ვე ვაჟი თავის წინ გაუშვა...
ნერვიულობამ აიტანა... გრძნობდა, რომ მუხლები უკანკალებდა, მაგრამ – ვერაფერს ამბობდა!

- გამოდი, გოგონა! – შემოესმა გამომცდელი ქალის ხმა.

თეონა დაფასთან მივიდა და მოყოლა დაიწყო.
ერთ-ერთ საკითხად ბენზოლი შეხვდა.

თეონამ, ის იყო,  ბენზოლის ფორმულა მოხაზა, რომ გამომცდელმა კაცმა იყვირა:
- შენ ისიც კი არ იცი, რომ ბენზოლის ფორმულა ორნაირად იწერება!

თეონამ ბენზოლის მეორე ფორმულაც მიაწერა დაფას და შემობრუნდა. უნდოდა მოყოლა განეგრძო, მაგრამ... ნურას უკაცრავად!
თეონა პირს აღებდა  და ხმა კი - სადღაც გაპარულიყო!

- აი, ხომ ხედავ, არა? არაფერი ამან არ იცის! – იქედნურად გადახედა რამაზმა თეონას...
- რას გადაეკიდე ამ ბავშვს, რამაზ? მისი ჯინი გჭირს?
- ჯინი კი არ მჭირს, თავიდანვე მივხვდი, რომ საიდანღაც გადაწერა!

თეონა ხმას ვეღარ იღებდა, თორემ განა აღარც ესმოდა?
მორჩილად ასწია ხელები და გამომცდელი ქალის წინ დადგა...
ვერ მიხვდნენ, რას აკეთებდა...  თეონა დაფისკენ შებრუნდა და დაწერა:
“გ ა მ ჩ ხ რ ი კ ე თ”.....

- რამაზ, ხედავ, სადამდე მიიყვანე ბავშვი? გოგონი, შეგიძლია, დაფაზე დაგვიწერო ის ფორმულები, რომელსაც გკითხავთ?

თეონამ თავი დაუქნია და საწერად მოემზადა.

დაფა ფორმულებით გაივსო... და ყველა უშეცდომოდ!
გამომცდელი ქალი – სიხარულს ვერ მალავდა, კაცი კი – აღშფოთებას.

- რამაზ, მე ამ ბავშვს კომისიის თავმჯდომარესთან ვუშვებ! ფრიადისთვის!
- არავითარ შემთხვევაში! მას მხოლოდ დამაკმაყოფილებელი შეფასება ეკუთვნის!
- რამაზ, მან ყველა კითხვაზე უშეცდომოდ გვიპასუხა!
- სამაგიეროდ, - ხმა არ ამოუღია!
- და ვისი ბრალია?! ბავშვი, ლამის დამუნჯდა... თავიდან ხომ ლაპარაკობდა?!
- 16 წლის გოგო რომ აფერისტობას დაიწყებს!... რამ დაამუნჯა?! ამოიღოს ხმა!... არადამაკმაყოფილებლის ღირსია!
- არ გრცხვენია, რამაზ? რატომ გაქვს ასეთი აგრესია, ვერ გავიგე!

უცებ კარი გაიღო და აუდიტორიაში სანდომიანი სახის მამაკაცი შემოვიდა.
- ხალხნო, 7 საათი ხდება... არ დაამთავრეთ გამოცდა?
- ბატონო ვახტანგ, ამ ბავშვის გამო ვჩხუბობთ... მე – ფრიადისთვის ვუშვებ თქვენთან... რამაზი – არადამაკმაყოფილებელს უწერს და დადებითი ნიშნისთვის უშვებდა თქვენთან...
- რას ამბობთ ხალხნო?! ან “ფრიადი” და ან “არადამაკმაყოფილებელი”?... ასეთი რამ არც გამიგია! წამომყევი, გოგონა! – ვახტანგი დერეფანში გავიდა და თეონა გაიყოლა.

- რა გქვია, გოგონი?

თეონამ უმწეოდ დააღო პირი, მაგრამ ხმა ვერ გაიღო...
- მუნჯი ხარ? რატომ არ მპასუხობ?!
თეონამ თავი გაიქნია უარყოფის ნიშნად...
- გესმის ყველაფერი?
თავი დაუქნია!...
- დაბადებიდან ასე ხარ?
ახლა უარის ნიშნად გაიქნია თავი...

- ვერაფერი გავიგე... დიდი ხანია, რაც ვერ ლაპარაკობ?
თეონამ 1 თითი ასწია და ტუჩების მოძრაობით – “საათიო”- უთხრა...
- მდააა... საინტერესო შემთხვევაა... კაი, დამიჯექი აგერ, - ვახტანგმა სკამი შესთავაზა გოგონას, - რა გქვია? ტუჩებით მითხარი...
- თეონა...
- წელს დაამთავრე სკოლა?
თავი დაუქნია.
- გასაგებია...

ვახტანგმა ხან რა ჰკითხა თეონას, ხან – რა... შემდეგ ფორმულებს თუ დამიწერო... თეონამ უშეცდომოდ დაწერა ყველაფერი.
ამოცანა მისცა გამოსაყვანად, - ძალიან სწრაფად გამოიყვანა და ვახტანგს ფურცელი დაუბრუნა.
- უფრო რთულ ამოცანასაც ამოხსნი? – და ვახტანგმა სხვა საქაღალდედან ამოიღო ფურცელი.
თეონამ გამოართვა, დახედა, გაეღიმა და მაშინვე შეუდგა წერას.
2-3 წუთში – ეს ამოცანაც ამოხსნილი იყო.
- ბრწყინვალე ფრიადი!... ყოჩაღ, თეონა!... არ მომწონს შენი ფერი... კარგი, რააა, ამოიღე ხმა... ეცადე, აბა?!..  აქედან რომ გახვალ, დაგხვდება ვინმე?
თეონამ ისევ თავი დაიქნია...
- არა, ასე არ მინდა! ხმით მითხარი... დაიყვირე... აბა, რაც ძალი და ღონე გაქვს, დაიყვირე... დედას დაუძახე... ან მამას....
- დედაააა! – ამოიხრიალა თეონამ, - მამააააა! – და უცებ ხმამ თითქოს საგუბარი გამოარღვიაო, მთელი ძალით ამოსკდა ყელიდან!
- აი, პატრა საიდუმლოც გავიგე, - მამა უფრო გყვარებია, ვიდრე დედა!...
- არა... ორივე მიყვარს... – ამოიჩურჩულა თეონამ და თავი დაღუნა.
- აბა, ჩურჩული აღარ გამაგონო! კარგი, გაიქეცი... გელოდებიან დაბლა!

თეონას რომ შეაგვიანდა, მშობლები და ნინუცა ადგილს ვერ პოულობდნენ.
რვის ნახევარი ხდებოდა, როცა ნინუცა ვიღაც ბიჭთან მიიჭრა და “გრძელნაწნავებიანი გოგო ხომ არ გინახავს ზევითო”? – ჰკითხა.
- შენ რა ხარ იმ გოგოსი?
- და...
- ხოოო, ის გოგო ცუდად გახდა და მაგიდაზე უწევთ, ასულიერებენ...
ნინუცა ხელებში ჩააფრინდა ბიჭს და იყვირა:
- რომელ სართულზე უწევთ?! სასწრაფო რატომ არ გამოიძახეს?!
- კარგი, ნუ ყვირი... გეხუმრე... არ მინახავს ასეთი არავინ... მე – მე-4 სართულზე ვიყავი... ის?
- ის? მგონი მე-10-ზე... რატომ მომატყუე? რატომ?!...
- კარგი, ხო, მინდოდა, ცოტა მეხუმრა... ჩავიჭერი და აბა რა ვქნა?!
- მერე? ეს – ხუმრობაა?...
- ხო, კაი, დამშვიდდი... მალე გამოვა!... კორპუსში თითქმის აღარავინ არის!

ბიჭმა კიბეებზე ჩაირბინა და ხალხის მასას შეერია.
ამ დროს კარებში ფერდაკარგული თეონაც გამოჩნდა.
- სად ხარ ამდენ ხანს?! რა ქენი?... ძნელი იყო? რა შეგხვდა?! – მიაყარა შეკითხვები ნინუცამ.
- ხუთი მივიღე... – “ამოიკნავლა” თეონამ და მოახლოებულ მამას ჩაეხუტა.


* * *

მესამე გამოცდის მოსამზადებლად სულ 3 დღე და ღამე ჰქონდა თეონას. ამბობდა კიდეც, - “მათემატიკას და ქიმიას თუ ჩავაბარებ, მაშინ მოვამზადებ გეოგრაფიას... ისე, რა აზრი აქვს, რომ ვიმეცადინოო”?
და აი, 2 გამოცდიდან – 9 ქულა გამოიტანა... 4-ც – ატესტატიდან... ეს საკმაოდ ბევრი იყო!
ნერვიულობდა თეონა, - 3 დღე ეყოფოდა გეოგრაფიისთვის?

დედას მისი მეგობარი შეხვდა თურმე... თეონას ამბავი უკითხავს...  რომ გაუგია გამოცდებიდან 9 ქულა მოაგროვაო, დედასთვის უთქვამს:
- ახლა დაანებეთ თეონას თავი... როგორც უნდა ისე, ნელ-ნელა გადაათვალიეროს გეოგრაფიის წიგნი... რუკებს მიაქციოს ყურადღება... ყოჩაღი გოგო ყოფილაო...

დედა ლამის გულწასული მოვიდა სახლში, - ვინ რა იცოდა, რომ გეოგრაფიის წიგნს მხოლოდ ახლა ჰკიდებდა ხელს აბიტურიენტი გოგონა?!

სახლში მოსულ დედას გეოგრაფიის კაბინეტში ეგონა თავი...
ყველა კედელზე გეოგრაფიის რუქები იყო გაკრული: დიდები, ძალიან დიდები, პატარები... მაგიდაზე – გეოგრაფიის ატლასი და წიგნები ეწყო...

- თეონა, დაიწყე მეცადინეობა?
- კი, დედა!...

3 დღე და ღამე თავაუღებლად მეცადინეობდა თეონა... კითხვით რომ იღლებოდა, მას დედა უკითხავდა ხმამაღლა და თავად კი – რუქაზე ეძებდა შესაბამის ადგილებს.
სწრაფად გავიდა 3 დღე...
ხვალ დილას – გამოცდაა!
ღამის 11 საათზე ოთახში შემოსულ დედას თეონა მიძინებული დახვდა...
- შენ მოგიკვდა დედა... როგორ გადაიღალა!... აწი ამის მეცადინეობას რაღა ფასი ექნება?!... ან რა ისწავლა, ნეტა ამ სამ დღეში?... გავაღვიძებ... ჩაწვეს ლოგინში და დაიძინოს...

- თეონა, გაიღვიძე, დედიკო...
- მღვიძავს უკვე, დე! თვალები დამეღალა და... ცოტა ხნით დავხუჭე...
- თეონა, 3 შეკითხვას მოგცემ. თუ მიპასუხე, - ხო კაი. თუ არა და... არ ინერვიულო, დედიკო... მომავალ წელს ჩააბარებ...

თინამ წიგნი აიღო ხელში და ალალბედზე გადაშალა.
- “გრადუსთა ბადე და მისი ელემენტები”.

თეონამ უშეცდომოდ ჩამოარაკრაკა მთელი თავი...

- კარგი... მეორე საკითხი, - და ისევ ალალბედზე გადაშალა წიგნი, - “აფრიკის მოსახლეობა”...
და ისევ სხაპასხუპით უპასუხა თეონამ.

- ყოჩაღ, ჩემო ნიჭიერო! აბა, მესამე საკითხი: “რუსეთის ეკონომიკური რაიონები”... – სადღაც ბოლოსკენ გადაიშალა წიგნი.
- რას ამბობ, დედა?! რუსეთზე, იცი, რამდენი წერია? რომ დავიწყებ მოყოლას, ვინ მიმიყვანს ბოლო თავამდე? ან რა დამამხსოვრებინებს ამდენს? 37 ეკონომიკური რაიონია!
- არა, თეონა! ეს თავი ცალკე საკითხადაც შეიძლება შეიტანონ! არ დაგეზაროს, დედი! წაიკითხე კიდევ ერთხელ!
- კარგი, დედა!... შენი ხათრით!
- ჩემი კი არა, შენი სტუდენტობის ხათრით!...

ერთ საათში თეონა უშეცდომოდ, რუკაზე ჩვენებით ასახელებდა რუსეთის 37-ვე ეკონომიკურ რაიონს.

მეორე დღეს გამოცდაზე მისულმა თეონამ ბილეთი აიღო, წაიკითხა და... ხელიდან გაუვარდა!
- გოგონი, ბილეთის გამოცვლა ხომ არ გინდა?
- არა, არა!... - თვალებს არ უჯერებდა, - კარგად ვიცი სამივე საკითხი!

თეონა აუდიტორიისკენ წავიდა და თან კიდევ ერთხელ გადაიკითხა მე-6 ბილეთის საკითხები:
1. გრადუსთა ბადე და მისი ელემენტები;
2. აფრიკის მოსახლეობა;
3. რუსეთის ეკონომიკური რაიონები. 
*****

მამა-ღმერთის სამყოფელი.

- მეუფეო, თაისთან კავშირი არ გვაქვს...
- თაიას ჯერ თავი დაანებეთ... ჯერჯერობით აქედან მასთან დაკავშირება – თაის დაღუპვას ნიშნავს.
- ბოლო გამოცდას აბარებს დღეს...
- მითუმეტეს!... ხმა არ გასცეთ... გიორგის მიხმეთ. გვერდით დაუდგეს... მარტოსაც არ გაუჭირდება! ჭკვიანი გოგო ყოფილა თეონა...
- ახლავე მოვიყვან გიორგის...


*****
დღეს მეოთხე, ბოლო გამოცდა აქვს თეონას!

თეონა ოთახში იჯდა და ცდილობდა, არაფერზე ეფიქრა, თვით გამოცდაზეც კი, რათა ციტათი მაინც მოეხსნა წინასაგამოცდო დაძაბულობა. აივნის ღია კარიდან ცას შესცქეროდა.

თვალი გაუშტერდა და უეცრად... ზაფხულის უღრუბლო ლურჯ ცაზე დაინახა, როგორ ეშვებოდა ციდან, მისთვის უხილავი კიბით, ანგელოზთა გუნდი. ეს რომ ანგელოზთა გუნდი იყო, ამას გაცილებით გვიან მიხვდა, მაშინ კი აი, რა დაინახა: დაახლოებით 10-12 კაციან ჯგუფს წინ მოუძღოდა მბრწყინავ ვერცხლისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი “ადამიანი”. მის უკან ორ მწკრივად მოდიოდნენ დანარჩენები. ყველას თოვლივით თეთრი, გრძელი ტანსაცმელი ეცვა. მთელი გუნდი ოქროსფერ სხივებში იყო გახვეული.

მიუხედავად ამ სანახაობის არაჩვეულებრივი სილამაზისა, თეონას  იმდენად შეეშინდა, რომ კივილი დაიწყო. სახლში, მის გარდა, მხოლოდ ბებია იყო. თეონას კივილზე ოთახში შემოვარდნილ ბებიას ასეთი სურათი დახვდა: თეონა ერთ წერტილს შეჰყურებდა ცაზე, თან ხელს იშვერდა იმ მიმართულებით და კიოდა...

როგორც კი ბებიამ ხელი შეახო, ჩვენება გაქრა, თეონამ კი - საოცარი სიმშვიდე იგრძნო...


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები