ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ლაშა_დოლენჯაშვილი
ჟანრი: პროზა
19 ივნისი, 2017


ბედნიერება უემოციოდ

წარმოიდგინეთ შიმშილი, სიცივე, ადამიანის სიხარბისა და გაუმაძღრობისგან დაობლებული 4 წლის ბიჭი. ომისგან, რომელსაც ადამიანის ძალაუფლების წყურვილი ამოძრავებდა. თუმცა იმ დროის მმართველები უბადლო მსახიობები იყვნენ. საკუთარ მიზნებს, ხედვებსა და სურვილებს ისე უფუთავდნენ ხალხს, რომ ერთი სიტყვაც საკმარისი იყო და მთელი ერი სისხლის ღვრისათვის იყო მზად. საბოლოოდ, ომს სიკეთე არ მოჰყოლია. მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ზოგი ოჯახს, მეგობრებს, ბევრი კი სიცოცხლესაც გამოემშვიდობა სამუდამოდ.
დედაჩემი ჩემმა დაბადებამ შეიწირა. მამაჩემი, მიუხედავად არასაბრძოლო ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, საკუთარი ნებით წავიდა საომრად. სულ მისი სიტყვები მახსენდება. შვილო, სამშობლოს უნდა ემსახურო, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ამაზე მნიშვნელოვანი რამ არ გაგვაჩნია ადამიანებსო. ამ სიტყვებს ჩემში, ალბათ, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული უნდა გაეღვიძებინა, მაგრამ...
მცირე ხნით მამაჩემის დამ შემიფარა, ნახევარდა იყო, ამიტომ არასოდეს დამიძახია მისთვის მამიდა. საკმაოდ დიდ სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ როცა გაგვიჭირდა, ოთახებისა და ავეჯის ნაცვლად, ჩემი მოშორება გადაწყვიტა. მობეზრდა ჩემზე ზრუნვა და ქუჩაში გამომაგდო. კაცობრიობას იმ წლებში ურთულესი პერიოდი ედგა, ამიტომ ვერც გავამტყუნებ.
მას მერე ქუჩებში დავეხეტებოდი. თავს საჭმლის ქურდობით ვირჩენდი, სხვა გზა არ მქონდა. რამდენიმე თვე მხოლოდ ერთი მეგობარი მყავდა - შიმშილი, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. სამყარომ პატარა გოგონა გამომიგზავნა, ჩემსავით ობოლი, თუმცა უფრო ცარიელი.
ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში შევეჩეხეთ ერთამენთს. ორივე ვიღაცას გავურბოდით, მე ერთი პატარა ვაშლი, მას კი ორი სტაფილო ეჭირა ხელში. გასაქცევი აღარსად გვქონდა, ჩვენი მონაპოვარის პატრონები ერთად დაგვადგნენ თავს და... 
თავიდან შემეშინდა მისი. ზედმეტად თეთრი სახე, კუპრივით შავი თმები და სიძულვილისგან დაცარიელებული თვალები ჰქონდა. ცხოვრებაზე გულაცრუებული დაძრწოდა ბოროტებით განათებულ ქუჩებში და ერთადერთი რამ აიძულებდა, გადარჩენისთვის ებრძოლა - შიში, სიკვდილის შიში.
მისი ხმა მხოლოდ ერთხელ გავიგე და ,ალბათ, ჯობდა დამეჯერებინა.
დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა. ერთად ვუმკლავდებოდით ყველა პრობლემას. ერთმანეთის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გვეგონა. ქალაქის გარეუბანში პატარა, მიტოვებული ქოხი ვიპოვეთ, მივალაგეთ, ისე მოვაწყეთ, როგორც ჩვენს ვაშლისტოლა გულებს გაუხარდებოდა. არც საწოლი გვქონდა, არც სუფთა თეთრეული, თუმცა თავს აღარ გვაწვიმდა და ამისთვისაც მადლობლები ვიყავით. ვისი?.. არ ვიცი...
ერთხელაც, გვიან საღამოს, ჩემმა გარეგნულად უემოციო მეგობარმა ფურცლის ნაგლეჯზე შავი ფანქრით იმდენად თბილი და ფერადი ნახატი დამიხატა, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია ნათლად წარმოვიდგინო ის პირველი ემოციები, რომელიც ჩემმა ანგელოზმა ამ ნაგლეჯით გადმომცა. დამიხატა და დასაძინებლად დაწვა. გარეთ გავედი, მისმა ემოციებმა ამაფორიაქეს, აქამდე მხოლოდ მის თვალებში შემეძლო რაიმე ამომეკითხა, ახლა კი ვიპოვეთ გზა, რითაც უკეთ გავიცნობდი მისი თვალით დანახულ სამყაროს. იმ ღამეს ბევრი ვიმუშავე, ხის ნაფოტები შევაგროვე, საჭირო ფორმები გამოვჭერი, ერთმანეთზე თოკებით მივამაგრე და საშუალო ზომის მოლბერტი ავაწყე. ადრიან დილით, ნაცნობ სამხატვრო სახელოსნოს მივაშურე, მეპატრონეს ხშირად ვეხმარებოდი წვრილმან საქმეებში მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ. კარგად მიცნობდა და ამიტომ ბევრი თხოვნა არ დამჭირვებია, ისე მაჩუქა რამდენიმე ფუნჯი, ტილოები და საღებავები. დავპირდი, რომ აუცილებლად ავუნაზღაურებდი, როგორც კი შევძლებდი.
სახლში გახარებული, ღიმილნარევი სახით დავბრუნდი. მოლბერტის წინ იდგა, ძალიან ცუდი თვისება მქონდა, სულივით დავდიოდი, თუმცა შემოდგომის ფოთლებმა მიმტყუნეს. ხმის გაგონებაზე მოტრიალდა, მომიახლოვდა, გაყინული ხელები კისერზე მომხვია და მჭიდროდ მომეკრა მკერდზე. გული სხვანაირად უცემდა, სიხარულის რითმებით. ალბათ, რამდენიმე წუთი ასე ვიდექით, წარმოიდგინეთ, ორი ემოციადაკარგული ადამიანის გრძნობებით სავსე ჩახუტება.
მთელი დღის განმავლობაში ხატავდა, არც უჭამია, მხოლოდ წყალს სვამდა დროდადრო. მეც გადავწყვიტე, ამ საოცარი სანახაობით დავმტკბარიყავი, ერთი სული მქონდა მისი პირველი ნამუშევარი მენახა და საღამოს ეს მარტივი ოცნებაც ამიხდა. უკვე გვიანი იყო, მთვლემდა, უცებ მისი სათუთი ხელი ჩემს მხარზე ვიგრძენი, დაელოდა სანამ გამოვფხიზლდებოდი და შემდეგ მოლბერტისაკენ წამიძღვა.
წარმოიდგინეთ ბნელი ქუჩა,  შებინდებისგან გალურჯებული წვიმა, ძლიერი, როგორც ცის თაღიდან დაშვებული ჩანჩქერი და ჯერ არნახული სილამაზით დაჯილდოებული გოგონა, მზისფერი, ქარისგან აშრიალებული მოკლე კაბით. ხელში სისხლისფერი ქოლგა, რომელიც მხრებამდე უფარავდა ქალს სხეულს და თითქოს გარეშემო სამყაროს ყოველგვარი უბედურებისაგან იცავდა.
დღემდე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია, თუ რას ნიშნავდა მისი ნახატი. გამომდინარე იქიდან, რომ ხან ნახატს, ხან მე, გაღიმებული თვალებით გვიყურებდა, ვფიქრობ ის გალურჯებული წვიმა მის უდაბურ სამყაროს გამოხატავდა, ქოლგა მე ვიყავი, ადამიანი, ვინც მას ცხოვრებისეულ განსაცდელთაგან იცავდა.
მეც იმედი მქონდა, რომ არ ვცდებოდი და მთელი არსებით ვცდილობდი, მისი მოლოდინები გამემართლებინა, გამომდიოდა კიდეც, მეგონა გამომდიოდა.
მის ნახატებს ჩემთვის ნაცნობ ვერცერთ მიმდინარეობას ვერ მივაკუთვნებდი. ღვთაებრივი, დამატყვევებელი, ემოციებით დატვირთული ტილოები არავის ტოვებდა გულგრილს. ჩემმა მეგობარმა მოხუცმა სამხატვრო სახელოსნოში გამოფინა რამდენიმე ნამუშევარი, იმედი გვქონდა გაიყიდებოდა.  მყიდველები მალევე გამოჩდნენ, მეტიც, ნელ-ნელა მათი რაოდენობა ისე გაიზარდა, ხშირად აუქციონებსაც კი ვმართავდით. უსაზღვროდ ვამაყობდი ჩემი ანგელოზით.
მე საკმარისი შემოქმედებითი ნიჭი არ აღმომაჩნდა, რომ ფინანსური სარგებელი გვენახა. სამაგიეროდ, ყოველთვის მარჯვე ხელები მქონდა და დაშლასთან ერთად, აწყობა და შეკეთება მეხერხებოდა. ქალაქში სახელი მქონდა განთქმული, თან, რადგან ჯერ პატარა ვიყავი სხვა ხელოსნებთან შედარებით ნაკლებს მიხდიდნენ და ეს უპირატესობას მანიჭებდა, სხვა ხელოსნებთან შედარებით. მოკლედ, აღარ გვიჭირდა. ახალი სახლის ყიდვის შესაძლებლობა არ გვქონდა, სამაგიეროდ, ჩვენს ქოხთან ავაშენეთ პატარა სახელოსნო, რომ ჩემს მეგობარს მყუდრო გარემოში შეძლებოდა საყვარელი საქმის კეთება. ვგრძნობდი, ბედნიერი იყო. არ ლაპარაკობდა, მაგრამ მისი ტილოები უბრალო სიტყვებზე მეტი იყო ჩემთვის.

***
სახლში ახალი დაბრუნებული ვიყავი. სახელოსნოს კარი შევაღე, კედლები სავსე იყო ნამუშევრებით. პირველი შემფასებელი ყოველთვის მე ვიყავი, პირველად ჩემს სულში იღვრებოდა მისი თვალით დანახული სამყაროს ფერები და ერთგვარი ტრადიციაც გვქონდა, თითქმის ყოველდღე ახალი ნამუშევარი მხვდებოდა მოლბერტზე. იმ დღესაც კიდევ ერთი შედევრის სანახავად შევედი, მოლბერტი უჩვეულოდ, ცენტრში იდგა, მასზე კი რაღაც განსხვავებული მოსჩანდა, ეტყობოდა, ახალი დასრულებული ჰქონდა. მივუახლოვდი, მის წინ ჩამოვჯექი და დავიკარგე. მთლიანად ნახატი ზედმეტად მუქ ფერებში იყო შესრულებული. სამოთხე, ჯოჯოხეთი და ჩვენი რეალობა იყო გამოსახული, თითო-თითო სარჩობელით. შემეშინდა, რამდენიმე წუთი გაფითრებული ვიჯექი და ნახატს ვიყავი მიშტერებული, ვცდილობდი, სიკეთისა და სიცოცხლის ნიშან-წყალი მეპოვა, მაგრამ უშედეგოდ.
უცებ მხარზე მისი ხელი ვიგრძენი, თბილი შეხება გაყინული ხელით.
- დროა, წავიდეთ...
პირველად გავიგე მისი ხმა. ორი სიტყვა თხუთმეტი წლის განმავლობაში. თითქოს გამიხარდა, მაგრამ თან კიდევ უფრო შემეშინდა, არ ვიცოდი, რა განმეცადა, რა მეპასუხა.
წამოვდექი და გადავეხვიე, ისე, როგორც არასდროს, მაგრამ ამჯერად სიბნელენარევი სითბოს მეტი აღარაფერი დამხვდა. ვეცადე, გამენათებინა, ვეცადე, შევწინააღმდეგებოდი...
- დროა, წავიდეთ... - ისევ გამიმეორა.
უფრო მხურვალედ ჩავიკარი გულში, მაგრამ ძალა არ მეყო, ალბათ არც ჩემში იყო საკმარისი სინათლე.
- სად უნდა წავიდეთ? - გაჭირვებით წარმოვთქვი ეს სიტყვები.
პასუხი ვერ მივიღე, ზურგზე ნაზად მომეფერა და თავის ოთახში ავიდა. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექი და ფიქრებს ვალაგებდი გონებაში, მისი სიტყვები, ერთადერთი სიტყვები და როგორი.. რას ნიშნავდა? სად მივყავდი? არ ვიცოდი..
მოგვიანებით მეც ავედი, ვიფიქრე დაველაპარაკებოდი, მაგრამ უკვე ეძინა. თმა გადავუწიე, საბანი გავუსწორე, გაყინულ შუბლზე ვაკოცე და გამოვედი. მეორე დილით ადრე ვიყავი ასადგომი, ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია და შევეცადე უბრალოდ დამეძინა, მაგრამ ამაოდ. ფიქრები არ მასვენებდნენ და ნელ-ნელა ემოციების ჭაში სულ უფრო ღრმად ვიძირებოდი, სადაც სინათლის ფოტონებიც კი გზააბნეულნი დაძრწოდნენ, კედლებს ეხეთქებოდნენ და ბოლოს ძალაგამოცლილები ქედს უხრიდნენ გაბატონებულ სიბნელეს.
გათენდა, თავი მოვიწესრიგე, ჩემს მეგობარს ფრთხილად ვეამბორე, არ მინდოდა გამეღვიძებინა, და წავედი, უამრავი საქმე მქონდა მოსაგვარებელი, რამდენიმე ოჯახში ვიყავი დაბარებული საყოფაცხოვრებო ნივთების შესაკეთებლად. ძალიან ვეცადე, რაც შეიძლება სწრაფად დამესრულებინა ყველაფერი და სახლში ადრე დავბრუნებულიყავი, მაგრამ შემაგვიანდა.. სახლში შესვლისას რაღაც უცნაურმა, ბოროტების სიომ დაუბერა, თუმცა ვეცადე, კარგი ხასიათი შემენარჩუნებინა. სახელოსნოსკენ გავემართე, კარი შევაღე და გუშინდელი სურათი თვალწინ გადამეშალა. ჩემი ცხოვრების ერთადერთი თანამგზავრი, ამჯერად უკვე რეალურ სამყაროში, ჯოჯოხეთის სარჩობელაზე იყო ჩამოკიდებული. სასწრაფოდ მივვარდი, ჩამოვხსენი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მისი ისედაც მუდამ გაყინული სხეული უსიცოცხლობის სიცივეს მოეცვა. მომენტალურად ყველაფერმა აზრი დაკარგა. მასთან ერთად მეც გავიყინე და ჩემი ემოციებიც. ერთადერთი სულიერი დედამიწაზე, ვისაც ვიცოდი რომ ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვიყავი აღარ მყავდა.
ვუღალატე ერთადერთ მეგობარს, საკუთარ თავს. დავნებდი. მარტო დავრჩი.
მას შემდეგ ცხოვრება ერთ დიდ რუტინად იქცა. დილით ვვარჯიშობ. სამ საათამდე ვმუშაობ. ხუთამდე პარკში ვზივარ, მუდამ ერთ ადგილას. გვიანობამდე ვხატავ, მის სახელოსნოში, სადაც ისევ ისე დგას მკვდარი მოლბერტი. რას ვხატავ? ემოციებს, ფერების გარეშე.

***
შუა ივლისის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. სამსახურიდან პარკს მივაშურე. ზედმეტად ცხელოდა და არ გამკვირვებია ჩემი ჩვეული ადგილი თავისუფალი რომ დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი სკამი იყო, რომელიც პირდაპირ ქალაქს გადაჰყურებდა, სხვა ადგილებისგან განსხვავებით, მას ჩრდილი არასოდეს ადგებოდა, მე კი ამ აღურაცხელი რაოდენობის ფოტონების გარემოცვაში თავს ნაკლებად მარტოსულად ვგრძნობდი. ვიჯექი და ვფიქრობდი.
ვფიქრობდი თითოეულ განცდილ გრძნობასა თუ ემოციაზე, ჩემს აწ უკვე არარსებულ ანგელოზზე, რატომ მიმაგდო სამყარომ და რატომ გამწირა ამხელა ტკივილისათვის, თუმცა ეს დღე განსხვავებული აღმოჩნდა.. რაღაც ვიგრძენი. ვერ მივხვდი, რა იყო, ან არ მინდოდა, მივმხვდარიყავი, ვერ გეტყვით. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ემოციისთვის სახელის დარქმევა ვერ შევძელი. რა მექნა? ვისთვის მიმემართა? მარტო ვიყავი. მეგონა, მარტოობას გრძნობები არ ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, ვცდებოდი.

მიმღებმა გოგონამ ერთ-ერთი  კარისკენ მიმითითა. კარზე მხოლოდ სახელი ეწერა - ელენე. ოთახის ცენტრში ორი სავარძელი დამხვდა, სავარძლებს შორის კი დახვეწილი მაგიდა იდგა, რომელზეც ორი ფინჯანი და საშაქრე მათემატიკური სიზუსტით იყო განთავსებული. ჩაის ნაზ და მსუბუქ სურნელს მოეცვა მთელი ოთახი. მომწვანო, ცარიელ კედლებს წიგნებით სავსე თაროები აბალანსებდა. ერთი დიდი ფანჯარა ჰქონდა ოთახს, სინათლე კი თითქოს განგებ ამ სავარძლებს ანათებდა მხოლოდ. ნაცნობ გარემოში აღმოვჩნდი, დავმშვიდდი, თუმცა სანერვიულოც არაფერი მქონდა.
რამდენიმე წუთი იყო გასული, ოთახში ელენე რომ შემოვიდა და ხმის ამოუღებლად მოპირდაპირე სავარძელში მოკალათდა. საოცარი სანახაობა იყო, თითქოს სინათლის სხივიც კი ქედს უხრიდა მის სილამაზეს. წაბლისფერი, მუხლამდე კაბა იდეალურად ეხამებოდა მის თოვლივით თეთრ, ყურძნის მტევნებით დახუნძლულ ბლუზსა და ტალღოვან, გრძელ თმებს.
სავარძელზე მიმითითა, თვალი გამისწორა და რამდენიმე წამი სიჩუმეში გავატარეთ. უცნაურად მეჩვენა ეს ყველაფერი, სხვა გარემოს, სხვა ადამიანს მოველოდი..
- მომიყევით, რა გაწუხებთ?
ისევ დავიბენი, არც სახელი მკითხა, არც სხვა რამ, რითაც ჩემს უკეთ გაცნობას შეძლებდა. როგორც ჩანს, შეამჩნია და ისევ ისე მშვიდად გააგრძელა.
- არ მაინტერესებს, ვინ ხართ, მთავარი თქვენი შინაგანი სამყაროა, ასე რომ მითხარით, რა გაწუხებთ.
- ბედნიერი ვარ... ვთქვი და გავიყინე. რამ მათქმევინა, ვარ კი ბედნიერი? თუ არ ვარ, ხომ არ ვეტყოდი. მეგონა ამჯერად ახალგაზრდა თერაპევტს გადაუვლიდა დაბნეულობის ტალღა, თუმცა...
- თქვენ, ალბათ, ერთადერთი ბედნიერი ადამიანი ხართ ამ დაწესებულებაში და პირველი, ვისაც ბედნიერებისგან სურს განკურნება.
წრფელი ღიმილი გადაეკრა მის განათებულ სახეს და თვალები გაუბრწყინდა.
- არც კი ვიცი, რა გითხრათ, - დავლაგდი და ამჯერად უფრო თავდაჯერებულად გავაგრძელე,  - ამ ბოლო დროს ძალიან კარგად ვარ, აღარაფერი მაწუხებს. თუმცა ვეღარც სიყვარულს, მონატრებას, თანაგრძნობასა და ბედნიერებასთან ასოცირებულ სხვა გრძნობებს ვხედავ ჩემში. ვერაფერს განვიცდი. და, მიუხედავად ამისა, ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ უემოციოდ.
- თუ სწორად მიგიხვდით, თქვენ ემოციების დაბრუნება გსურთ, ასეა? - დიახ, ალბათ.
- ვფიქრობ, დღეისათვის საკმარისია. ხვალ იგივე დროს მობრძანდით და განვაგრძოთ.
დიდი ხანი არ იყო გასული სეანსის დაწყებიდან, მაგრამ რას ვიზამდი, დავემშვიდობე, ვეცადე, გამეღიმა და წამოვედი.
სახლისკენ მივაშურე. იქნებ არც უნდა მოვსულიყავი, შეეძლო კი მას ჩემი დახმარება? ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა, მაგრამ მიუხედავად ამ ეჭვებისა მეორე დღეს ისევ ელენეს კაბინეტში აღმოვჩნდი.
- დღეს მინდა მხოლოდ თქვენ ისაუბროთ. რამდენიმე წუთს მოგცემთ და რასაც გაიფიქრებთ, მითხარით. მნიშვნელობა არ აქვს, რას მეტყვით, მთავარია, თქვენი აზროვნება შევიცნო და შემდეგ ბედნიერებასაც მივხედავთ. - ისევ კეკლუცად გაეღიმა, ალბათ, არავის შეეძლო მისი ღიმილის ტყვეობიდან თავის დაღწევა. გულწრფელ ღიმილზე მიმზიდველი ხომ არაფერი აბადია ადამიანს.
არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, რით დამეწყო... 1, 2, 3 წუთი, საათის დიდი ისარი შეუპოვრად დაეხეტებოდა წრეზე და წამებს წუთების კალათაში აგროვებდა, მე კი ჯერ ერთი სიტყვისთვისაც ვერ მომება თავი. ელენე თვალს არ მაცილებდა და მოთმინებით ელოდა მისი უნაკლო, მოყავისფრო თვალების მზერით დაბრმავებული პაციენტის მონოლოგს.
- ვფიქრობ, აღარ არსებობს ცნება ადამიანი, - სიჩუმით შეგულიანებულმა დავიწყე, - შურმა, სიხარბემ, გაუმაძღრობამ  მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ ჩვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად ადამიანის სიცოცხლესაც აღარ ვუფრთხილდებით. ომის, ბიოლოგიური და ატომური იარაღისა  და სხვა უამრავი გამანადგურებელი მოწყობილობისა თუ ნივთიერების გამოყენებით ხალხის დაშინების ხარჯზე ბედნიერებას ვპოვებთ. ამ ყველაფრის შემდეგ, ისევ ადამიანი გვქვია? ისევ გამოვირჩევით კი ცხოველებისგან მრავალფეროვანი ემოციებითა და ინტელექტის მაღალი დონით, რითაც ევოლუციის მთელი პერიოდის განმავლობაში ასე ვამაყობდით.
თუ სიცოცხლეს აღარ ვაფასებთ, განა ეს არ ნიშნავს, რომ აღარც თანაგრძნობა, არც შებრალებისა და დახმარების სურვილი შემოგვრჩა ადამიანებს?!  გრძნობები, რომელიც გვაადამიანებდა, აღარ გვაქვს…
იყო დრო, სულ მენატრებოდა, მიყვარდა. შემდეგ სიძულვილითა და სიბრაზით ვიყავი განმსჭვალული. ხან ზიზღი, ხან კი შეუცნობელი ტკივილი მტანჯავდა. დღეს კი აღარაფერი შემომრჩა.
არ ვიცი, როგორ მოვიქცე, სულ ერთი მეგობარი მყავდა და ისიც დავკარგე. მას შემდეგ ყველა გაიქცა, ან მე გავექეცი მათთან ურთიერთობას. ადამიანებთან საერთო აღარაფერი მქონდა, აღარავის ესმოდა ჩემი, არც არავინ ცდილობდა და ამიტომ მარტოობა ვამჯობინე. სხვა გზა არ მქონდა, გესმით?
- ემოციები არ ქრებიან, ბატონო, ქრებიან მხოლოდ ადამიანები ვის მიმართაც ერთ დროს რაიმეს გრძნობდით, - ბეთჰოვენისებური ხმით დაასრულა ელენემ დუმილი. უაღრესად მშვიდი ტემბრის მიუხედავად, მის იოგებზე აღებული თითოეული აკორდი სულის სიღრმეებში აღწევდა, - ნუ ღელავთ, დაგეხმარებით ემოციების დაბრუნებაში. დღეს დავასრულოთ, ხვალ კი მინდა ემოციების შესახებ ვისაუბროთ, მაინტერესებს, რას ნიშნავს თქვენთვის სიხარული, შიში, სიყვარული და ადამიანობისთვის სხვა მნიშვნელოვანი გრძნობები.

***
ზუსტად ხუთ საათზე ელენეს კაბინეტის კარი შევაღე. ჩემდა გასაკვირად ოთახში დამხვდა, ჩაის მომზადების პროცესში იყო. ეტყობოდა, ძალიან დააინტერესა ჩემმა სიტუაციამ, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა და ამჯერად, სანამ სავარძლებში მოვკალათდებოდით, გადავწყვიტე, უკეთ გამეცნო საყვარელი თერაპევტი.
- როგორც გავიგე, მე თქვენი პირველი პაციენტი ვარ, ასეა?
- დიახ, ეს პრობლემაა თქვენთვის?
- არა, რას ამბობთ. ვფიქრობ, კარგად ზემოქმედებთ ჩემზე.
- მიხარია, თუ ასე ფიქრობთ.
- დიდი ხანია აქ მუშაობთ?
- რამდენიმე თვეა ეს კლინიკა გავხსენი.
- თქვენ?
- დიახ, მე ვარ დამფუძნებელი.
- მაშინ..
- თქვენ თავიდან სხვა ფსიქოთერაპევტი მოგიჩინეს, მაგრამ გადავწყვიტე, პირადად შეგხვედროდით. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ დამაინტერესა თქვენმა მდგომარეობამ.
ვეღარაფერი ვუთხარი, მანაც  ზედმეტი ინფორმაციის გამხელისგან თავი შეიკავა. ცოტა ხანში დავსხედით, ელენემ ჩაი მოსვა, ფინჯანი ზუსტად იმავე ადგილას დადგა, სადაც წინა ორი დღის განმავლობაში იდგა და მკითხა.
- გახსოვთ, რა დაგავალეთ გუშინ?
- დიახ, ელენე, დღეს ემოციების შესახებ უნდა ვისაუბროთ.
- მოდით შიშიდან დაიწყეთ და შემდეგ თქვენ მოგანდობთ არჩევანს.
- შიში? გგონიათ, მეშინია და ამიტომ ვარ ასე?
- არა, თქვენ ხომ აღარც შიში გაწუხებთ. უბრალოდ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ადამიანის დამოკიდებულება ამ გრძნობის მიმართ და ამიტომ.
- კარგით.
წინა ღამით ბევრი ვიფიქრე ელენეს დავალებაზე, ამიტომ აღარ მიყოყმანია.

შიში
- იცით, ადამიანები შიშის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი. არადა, ძნელი წარმოსადგენია ნებისმიერი სხვა გრძნობა შიშის გარეშე. აი, მაგალითად, რატომ გვაქვს ურთიერთობის სურვილი, რატომ ვზრუნავთ, ან რატომ ვცდილობთ, ხალხს ვასიამოვნოთ? გვიყვარს? თუ გვეშინია? იქნებ ამ ყველაფერს მარტოობის შიშის გამო ვაკეთებთ, იქნებ სწორედ ეს გრძნობა გვაიძულებს შევიყვაროთ, პატივისცემით მოვეპყრათ და დავაფასოთ სხვისი ემოციები. შიში შეიქმს სიყვარულსაო, ნათქვამია და, ვფიქრობ, მართალიცაა. სანამ გვეშინია გვიყვარს, შემდეგ კი ვეჩვევით. რაც შეეხება ჩემს უბადრუკ ცxოვრებას, მხოლოდ ერთი ადამიანი მყავდა, ვისი დაკარგვისაც მეშინოდა. ძალიან მიყვარდა. მისი სამუდამო სამყოფელში გამგზავრების შემდეგ კი აღარავინ მყავს ისეთი, ვინც ამ შიშს დაიმსახურებს და ალბათ, სწორედ ამიტომ დავკარგე სხვა გრძნობებიც. ერთგვარი პარადოქსია, თუ არ შემიყვარდა, ხომ არც შემეშინდება, მაგრამ თუ არ შემეშინდა, სიყვარულის მოთხოვნილებაც არ გამიჩნდება. ჩვეულებრივ მოკვდავ შიშს რაც შეეხება, ჩემი შეხედულება ასეთია, მაქსიმუმი რაც ადამიანს ამ ცხოვრებაში შეიძლება დაემართოს ეს სიკვდილია და, ვფიქრობ, სხვა მატერიალური და ამქვეყნიური საგნებისა თუ ადამიანების შიში არ არის გამართლებული.

სიხარული
-  სიხარული საინტერესო გრძნობაა. თითქოს დადებითი, თუმცა პირდაპირ შეგვიძლია შიშთან დავაკავშიროთ. როცა რაიმე გვიხარია, ალბათ, იმიტომ, რომ ნაკლებად გვეშინია. მაგრამ როცა ზედმეტად ბევრს აკეთებს ადამიანი ჩვენს გასახარებლად, ან ზედმეტად ხშირად ხდება მოვლენები, რომელიც გვახარებს, ვეჩვევით ამ სიხარულს, საერთოდ აღარ გვეშინია და გრძნობაც ქრება. მოკლედ, ლისტის „რაფსოდიასავით“ ყოვლად მოულოდნელი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სიხარულმა - ცუდიც და კარგიც. ამიტომ ვცდილობდი, ნაკლებად გამხარებოდა, ყველაფერს გულგრილად ვუყურებდი და აღვიქვამდი, რომ მომავალში სიხარული ტკივილით არ შემცვლოდა. ცუდია, სიხარულზე მეტის თქმა რომ არ შემიძლია, მაგრამ დიდი გამოცდილება არ გამაჩნია ამ საკითხში.

ტკივილი
-  ტკივილს რაც შეეხება, პირველად 4 წლის ვიყავი, რომ მეტკინა, გული მეტკინა, როცა მამამ დამტოვა, ჩემი ადამიანად ჩამოყალიბება კი ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ აღმზრდელს მიანდო - ცხოვრებას. დიდი ხნის განმავლობაში ამ გრძნობის ტყვეობაში ვიყავი. ერთადერთი, რაც ტკივილს ანელებს - სიხარულია, ჩემი მეგობრის გარდა კი არავის შეეძლო ჩემთვის სიხარულის მონიჭება, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტკივილმა ნელ-ნელა გაძლიერება დაიწყო და ვეღარაფერს ვუხერხებდი.
ვფიქრობ, როცა გვტკივა, პირველ რიგში მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, თუმცა ადამიანები ყოველგვარ ტკივილს ხშირად უბრალოდ სხვას ვაბრალებთ, როგორც მე, ჯერ მამას, შემდეგ უსამართლო ცხოვრებას, ასე უფრო მარტივია და, ალბათ, ამიტომ. ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ტკივილი არ გვჭირდება, მის გარეშე უკეთესი იქნებოდა ცხოვრება, მაგრამ.. იცით, როცა ტკივილი გაქრა, მონატრებას დავუწყე ძებნა, თუმცა აღარც ის შემრჩა..
აღმოჩნდა, რომ სწორედ ტკივილის გამო მენატრებოდა, განვიცდიდი იმ ფაქტს, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა სამუდამოდ დამტოვეს, მაგრამ ამასაც მივეჩვიე, მათ გარეშე ცხოვრებას მივეჩვიე და მონატრებაც გაქრა.
ტკივილი ვირუსივითაა, დროთა განმავლობაში, ეგუება სიხარულს, და სულ უფრო მეტი და ძლიერი სიხარული გვჭირდება ტკივილის მოსაშუშებლად, მაგრამ სიხარულს ზღვარი აქვს, ტკივილს - არა. არ ვიცი, რა უკეთესია, გიხაროდეს და თან უფრო და უფრო გტკიოდეს, თუ უგრძნობლობისგან მონატრებისა და ბოლოს იმ სიხარულის შეგრძნების უნარიც დაკარგო..
ვფიქრობ, გრძნობების სწორედ ეს სამეული, შიში, ტკივილი და სიხარული მართავს ყველა დანარჩენ ემოციას, ამიტომ სხვა გრძნობებზე საუბარი აღარცაა საჭირო.
- სიყვარულზე რას იტყვით?
ელენეს თითოეული სიტყვა იმდენად მკვეთრი და ყველაფრის მთქმელი იყო, თითქოს რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა მათი მომზადება დაწყებული.
- სიყვარული? არ არსებობს სიყვარული.
- რას ამბობთ? - აღშფოთდა ელენე, - როგორ, თუ არ არსებობს?
- ნიუტონის შესახებ გსმენიათ, ალბათ, ხომ?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- მისი პრიზმის ექსპერიმენტის შესახებაც გექნებათ წაკითხული. ჰოდა, ვფიქრობ, სიყვარული სწორედ ის თეთრი სინათლეა, რომელიც ადამიანის სულის პრიზმაში გარდატეხით არა მხოლოდ სიხარულს, არამედ თითოეულ გრძნობას აბალანსებს. თუმცა, ადამიანებს ხშირად თითქმის თეთრი სინათლეც გვაკმაყოფილებს და ამიტომ, ვფიქრობ, ნამდვილი სიყვარული ზედმეტად იშვიათია დღევანდელ სამყაროში.
- და ბედნიერება?
- ბედნიერება, ნამდვილი ბედნიერებისთვის ან ემოციების სრული სპექტრი უნდა გქონდეთ სულში, ან ჩემსავით ცარიელი და უემოციო უნდა გახდეთ. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, ყველაფერი მოჩვენებითია, მათ შორის ბედნიერებაც.
- როგორ ფიქრობთ, რა მოხდება თუ თქვენს სულში შემოაღწევს თეთრი სინათლე?
- არ ვიცი, მე, მე აღარ მჯერა ამ ყველაფრის.
- მე კი დარწმუნებული ვარ, თქვენი ერდათერთი წამალი სიყვარულია... იპოვით მას, და იპოვით ყველა ემოციას, რომელიც დღესდღეობით ასე გაკლიათ. ამასთან ერთად ბედნიერებისგან განკურნებაც აღარ დაგჭირდებათ, უბრალოდ ახალ ეტაპზე გადახვალთ. ვფიქრობ, მე მეტი არაფერი შემიძლია, ერთადერთი, ვინც თქვენ დაგეხმარებათ, ეს თქვენ ხართ და თეთრი სინათლე.
- ავდექი, დავემშვიდობე, კიდევ ერთხელ შევავლე მის უნაკლო სხეულს თვალი და კარს მივაშურე.
- ბატონო!
- შევჩერდი, თავი შევატრიალე და თვალი გავუსწორე.
- მე მჯერა, რომ დაბრუნდებით.
ძალიან რთული იყო ელენეს სიტყვებისთვის არ დაგეჯერებინათ, მაგრამ მაშინ გავიფიქრე, თუ ასეთი მშვენიერი არსებაც კი არ იწვევს ჩემში სიყვარულს, მაშინ, ალბათ, წასულია ჩემი საქმე და განწირული ვარ მარტოობისათვის-მეთქი, მაგრამ...

***
რამდენიმე თვე ვცდილობდი, ის სინათლე მეპოვა, რომელიც, ელენეს აზრით, ემოციებს დამიბრუნებდა, მაგრამ უშედეგოდ, ჩემ გარშემო მხოლოდ ფერადი სინთლე ციმციმებდა, ისიც მბჟუტავი, გადაშენების პირას მყოფი სინათლე. იმედგაცრუებული ისევ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი, დილით ვარჯიში, 3 საათამდე სამსახური, პარკში ჯდომა და ხატვა ემოციების, და, აი, ერთხელაც პარკში ჯდომისას თითქოს ჩამთვლიმა. ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა...
- ეი, როგორ ხარ?
ნაცნობი ხმა ჰქონდა, თვალები გავახილე, თეთრმა სინათლემ მომენტალურად შეაღწია ჩემს ბადურაში და მარტივი დიფრაქციით ჩემს სულში უკიდეგანო ემოციების სპექტრი გადაიშალა. შემიყვარდა ჩემ წინ მდგომი არსება. მე დღემდე მიჭირს მისი მშვენიერების ამქვეყნიური სიტყვებით აღწერა.
იმ დღეს რუტინა მაინც არ დამირღვევია, თუმცა მარტო აღარ ვიყავი, ბევრი ვისეირნეთ, ერთმანეთს ჩვენი ცხოვრების ისეთი დეტალები გავანდეთ, რაც, ალბათ, იქამდე არც არავისთვის გვქონდა მოყოლილი. საღამოს კი სახლი დავათვალიერებინე, სახელოსნოს ჩათვლით. მისთვის უცხო იყო ეს ნახატები, ალბათ, შიშსაც ჰგვრიდა, მაგრამ არ შეიმჩნია, ბავშვური ინტერესით აკვირდებოდა თითოეულ დეტალს და ცდილობდა, ჩაწვდომოდა აზრს, უკეთ შეეცნო ჩემი სული.
მეორე დღეს ელენესთან გადავწყვიტე წასვლა, ვიფიქრე, მადლობას გადავუხდიდი, მინდოდა მეთქვა, რომ მართალი იყო, რომ სიყვარულმა, თეთრმა სინათლემ ემოციები დამიბრუნა და რომ ისევ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ...
კარი ღია დამხვდა, უსიამოვნოდ ღრჭიალებდა. მიმღები გოგონაც არსად ჩანდა, ელენეს კაბინეტში შევედი, თაროები დაცარიელებული იყო, აღარც სავარძლები და არც ის მაგიდა იდგა ოთახში, სინათლეც კი აღარ ანათებდა ისე, როგორც ადრე. მხოლოდ ერთი ძველი სკამი იდგა ოთახის ცენტრში, ჩამოვჯექი და ჩავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა, ასე უეცრად ყველა გამქრალიყო.
- დროა, წავიდეთ...
- ეს ხმა... ეს სიტყვები... ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. თავი ფრთხილად შევატრიალე კარისკენ და გამეღიმა. აი, თურმე, რატომ იყო მისი ხმა ასე ნაცნობი.
- აქ რას აკეთებ? ალბათ, პირველი ადამიანი ხარ, ვინც ამ შენობაში შემოაბიჯა 20 წლის განმავლობაში, - ჩაიცინა, ხელი ჩამკიდა და მას შემდეგ აღარასდროს ვყოფილვარ მარტო.


ელენე? როგორც აღმოჩნდა, ის და მისი კლინიკა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი.
- მხოლოდ ელენე?
- არ ვიცი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები