ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2017


თეთრი ავტოპორტრეტი

არც თამამი ქალები მომწონს,
არც - ჩემნაირი მორცხვები.
არც შევსებულები
და არც ჩემნაირი გამხდრები.
არც გადაბმული წვიმები მხიბლავს,
არც ზაფხულის ხვატი,
გახურებულასფალტიან ქუჩებში
უშედეგოდ რომ გაძებნინებს სიგრილეს.
კლასიკური პოეზია მიყვარს
და ბასრი ვერლიბრი,
მოკლე და მიზანში ნასროლი:
სულ ერთი ფრაზა რომაა საკმარისი
თვეობით ასაკვიატებლად.
გულღია ადამიანები მიყვარს,
სათქმელს ირიბად რომ არ ამბობენ
და თუ რაიმეს იტყვიან,
მხოლოდ კარგს,
აუგს კი გულებში იმარხავენ.
ლიტერატურა მიყვარს,
მოუცლელობის გამო თავთან, კომოდზე
წიგნებად დაწყობილი,
თვალი მაინც შევავლო-მეთქი, ძილის წინ.
არც უცხო ქვეყანაზე ვოცნებობ და
აქ ყოფნაც აღარ მინდა,
რაღაც ახალი მჭირდება,
ჯერ არნახული.
ერთი ბიჭი მიყვარს,
არა, უფრო სწორად, ორი,
მგონია, რომ დაბადებიდან ვიცნობ,
არადა, მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც ერთად ვართ.
რამდენიმე პოეტი მიყვარს,
მათ ლექსებს გულით დავატარებ
და როცა რაღაც მიჭირს, საკუთარ თავს მევე ვუკითხავ.
ვერც უსაშველო სევდას ვერევი და
მთლად უსევდობაც არ მომწონს:
სული ვეღარ იწმინდება.
.....................................................
ჰოდა, ვერ გავიგე,
როგორი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები