ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პროზა
23 ივნისი, 2017


ჭინჭრისდედა ( ცერცვისტოლა ამბავი)

      დაჩეკავს  ხოლმე სევდის ბარტყებს ზამთარი.  მერე მიტოვებულ, გამოკეტილ სახლს ემსგავსება  ადამიანის სული, სევდის ქსელებით გაბმულ - გახლართულს. განა კი წელიწადის სხვა დროს არ გებღოტება ვაება კაცს, მაგრამ ზამთრის დარდი მაინც სხვანაირად გიჟამკარებს  ხოლმე, გირევს  ფიქრს, გუნებას.
    შებინდბუნდებულზე შეწვა  ლოგინში. ჩააქრო ნათურა, მხოლოდ შეშის ღუმელიდან გამომავალი ცეცხლის ნათება ასხივადებდა ოთახს. გულზე დაიდო  გარდაცვლილი შვილის სურათი და როდის- როდის ჩაიძინა. იმ ღამეს  მკვდარი შვილი  დაესიზმრა : „ - მომასვენე, დედი, წელამდე ცრემლში ვდგავარო!...“  გამთენიისას წამოდგა, შვილის ფოტოსურათი ქმრის ფოტოსურათის გვერდით დაკიდა კედელზე, მარცხენა კუთხეში, გულის მხარეს  ორთავეს აკოცა და თავისივე  ნაქარგი ხელმანდილი გადააფარა ჩარჩოებს ზემოდან, არ დაიმტვეროსო.  თავი შეიკავა,  როგორმე ცრემლი არ ჩამომიგორდეს კიდევო  და ერთი დაიღონა  : - ეეჰ, მე საპირმიწეო!
      იყო  ძვალზეტყავგადაკრული, დაჭმუჭნული, მჩატე, მუხლებ აკანკალებული და ჯანგალეული, სახეჩამოქნილი, სანთელივით  დედაკაცი. წელში მოხრილი, შეყუჟული  ძაძა-კაბაში. მოხუცთან ერთად დოლაბივით გაცვეთილიყო  მისი დროც.
  იმ წელს უფრო გრძელი ეჩვენებოდა  თითქოს  ზამთარი.  თვალწყლიანი გაჰყურებდა  ფანჯრიდან ფარო-ფარო, ფარტენა ფანტელებს, როგორ ეცმებოდნენ  სადედოფლო კაბად მის  ეზო-კარს, ბოსლის თავს,  ბილიკს... გაახსენდა თავისი პატარძლობა, თავისი ქორწილიც, თავისი თანხმობაც. გვაინ შემოდგომის ერთ დღეს  გზის პირას შეხვდა თავის საფიცარს.  გაუბედავად დაუქნია თავი გამოგყვებიო. ქალიც მტკნარი იყო  იმ დღით და ცაც. მაშინაც ფარო - ფარო, ფარტენა ფანტელები ათოვდათ თავზე. კაცმა რომ ყვავილი ვეღარსად მოიხელთა, გზის პირებზე დათოვლილი, ბღუჯა,  მწიფეყვავილიანი  ჭინჭრისდედები გაუწოდა საცოლეს, ქალმა სიყვარულით შეხედა და გამოართვა. ფრთხილად თეთრი ყვავილები მოაცალა და თმაში ჩაიბნია, მწვანე  ფოთლებიანი ღეროები ხელში დაიკავა. შინ მისულებს დიდი ლხინი დახვდათ, ეს იყო კაცის  ნიშნობაცა და ქორწილიც.  ეს ჭინჭრისდედა იყო ქალის ყვავილიცა და თეთრი კაბაც.  იმის შემდეგ გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე თვალმახარებად ექცნენ ქალს  ჭინჭრისდედები.  გავიდოდა ეზოს ბოლოში,  ან ბაღჩის პირას დაკრეფდა და წყლიან  ჭიქაში ჩაიწყობდა ხოლმე სალხინებლად. წლების შემდეგ, შვილისა და ქმრის საფლავის ღობის ძირებშიც ამობიბინდნენ, უკვე მოხუცი დედაკაცი  ხელს არ აკარებდა, ვერ იმეტებდა საგლეჯად. ავიდოდა სასაფლაოზე მძიმე-მძიმედ, დაჰყურებდა ქმრისა და შვილის საფლავებსა და თან  სწყინდა, თან რაღაცა უხაროდა მოხუც ჭინჭრისდედას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები