ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პროზა
30 ივნისი, 2017


პედროს ტრაკი

ელენე ხუციშვილი მხატვართა იმ რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც მთელი შეგნებული ცხოვრება ხატავენ, შუახნის ასაკს მიუახლოვდნენ და წარმატება კი გვერდზე დარჩათ.
ამ კატეგორიის მხატვრები რამდენიმე ნაწილად იყოფიან: ერთნი დროზე მიხვდნენ, რომ ფუნჯი მათი Ðური არსობისა ვერ იქნება და სხვა საქმეს მოეკიდნენ; მეორენი_ სასოწარკვეთილებაში გადავარდნენ, შემოქმედებაზეც და ცხოვრებაზეც ხელი ჩაიქნიეს და მაწანწალა ლოთებად იქცნენ.. მესამენი კი ჯერ კიდევ მოწყალე თვალით შესცქერიან ფორტუნას. იმედი აქვთ, რომ მათი მფარველი ანგელოზი, ბოლოს და ბოლოს, მათთვისაც მოიცლის, ფუნჯს ხელიდან არ უშვებენ და სწამთ, რომ დადგება დრო, როცა  შემოქმედებით თონეში შედევრს გამოაცხობენ და ადრე თუ გვიან ღვთივხელდასხმულ მხატვართა დასს შეუერთდებიან. ამ  გზაზე ისინი არაფერს დაგიდევნ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გაიღებენ.
ელენე ამ უკანასკნელთა რიგს ეკუთვნოდა.
ქმარს ცხრა წლის წინ გაეყარა. მიაჩნდა, რომ შემოქმედებით საქმიანობაში ხელს უშლიდა და მისი ფუნჯისადმი ირონიული დამოკიდებულება ჰქონდა. შინაგანად თვითონაც გრძნობდა, რომ  ნამდვილი მიზეზი სხვა  იყო, მაგრამ ქალს ამისი აღიარება რატომღაც არ სურდა. ქმართან დატოვა ორი წლის ვაჟიშვილიც და აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას შეუდგა. ხატავდა და ნახატებს ინტერნეტ-საიტებზე დებდა. გალერეაში ორი პერსონალური გამოფენაც მოუწყეს, რომელმაც, შეფასების თვალსაზრისით, არც ისე ცუდად ჩაიარა, მაგრამ თითქმის არაფერი გაყიდულა. მშრალ ხიდთან სამხატვრო გამოფენათა პარკში სტენდი გაიკეთა და ტილოები გამოფინა. სურათები კანტიკუნტად იყიდებოდა, ისე, რომ სიგარეტისა და ყავის ფულად ძლივს კმაროდა. თბილისში ბინა გაყიდა, ქალაქგარეთ გორაკზე პატარა სააგარაკე სახლი შეიძინა, დარჩენილი თანხა ბანკში შეიტანა და საჭმლის ფულად იზოგავდა.
ყველაფერი ერთფეროვნად მიდიოდა: ყოველ შაბათს  ხელმოცარული მხატვარი კაცები სტუმრობდნენ, მოჰქონდათ ლუდი, სიგარეტი და მწირი საკვები. ისხდნენ ვერანდაზე, გასცქეროდნენ თბილისს, წრუპავდნენ სასმელს, საუბრობდნენ პოლიტიკაზე და მხატვრობაზე, იხილავდნენ სხვადასხვა მიმდინარეობებს და  ლანძღავდნენ თანამედროვე უგემოვნო მყიდველს.
ბოლო დროს შემოქმედებითი გამოფიტვა დეწყო. ჯერ გაზაფხულს დააბრალა, შემდეგ, როცა წელიწადის ეს დრო მიიწურა, მისი შეუპოვარი ბუნება  ერთბაშად მოტყდა, თუმცა ორიოდ კვირაში დამშვიდდა და თავი დაარწმუნა, რომ დეპრესიას მალე  შემოქმედებითი აფეთქება მოჰყვებოდა, მთავარი იყო, იმედი არ დაეკარგა და ამ დროს დალოდებოდა.
პაპანაქება ზაფხულის ერთ შაბათ დღეს მის ვერანდაზე, როგორც წესი, კაცები ისხდნენ, მასთან ერთად ლუდს სვამდნენ და საუბრობდნენ.
_  ეზოთერიაში პატარა წიაღსვლები მაინც უნდა გაგაჩნდეს, რომ ეს გაიგო, _  წყნარი, ხავერდოვანი ხმით ჰყვებოდა თედო, _ ლეგენდა თბილისის დაარსებაზე ზღაპარია. არქეოლოგიაც ამტკიცებს, რომ თბილისი რამდენიმე საუკუნით უფრო ძველია, ვიდრე გორგასალი. არ შეიძლება, ქალაქის სახელი თბილიდან მოდიოდეს. მე უფრო ეზოთერიული ვერსიის მჯერა _ ქალაქის დამაარსებელია ბიბლიური იაფეტის ვაჟიშვილი თუბალი. ამ ქალაქს ადრე თუბალისი ერქვა, შემდეგ ეს სიტყვა  ასიმილირდა და დღეს გვაქვს თბილისი.
სუფრის წევრები კამათის დიდოსტატები იყვნენ, ალბათ მის ვერსიას იმავ წუთს ყელს გამოსჭრიდნენ, რომ არა შემდეგი გარემოება:
თედომ ამ თხუთმეტიოდე წლის წინ ტანსაცმელი და ფუნჯები ჩემოდანში ჩაალაგა და ევროპაში ბედის მაძიებელთა ქართულ ნაკადს შეუერთდა. როგორც თედო ამბობს, და როგორც სხვანიც ირწმუნებიან, ევროპაში  დაფასებული მხატვარია, რომ გალერეებს ცილობა აქვთ მისი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაზე და ახლა მისი სურვილია, თავის ძველ მეგობრებს წარმატებისკენ გზა გაუკაფოს.
_ ჰო, კარგი, დავანებოთ თბილისის დაარსებას თავი და ისევ ჩვენს საქმეზე ვილაპარაკოთ! _ დამარწმუნებელ კილოზე აგრძელებდა თედო, _ მე თქვენს ფუნჯს ვიცნობ, მხოლოდ ოციოდე ტილო და კარგი ფოტოგრაფი, რომ  ალბომი ხარისხიანი გამოვიდეს და დანარჩენი ჩემზე იყოს, ყველა გალერეას შევძრავ. იქ დიდი ფული ტრიალებს, იქ ხელოვნებას აფასებენ. მთავარია, მათ გემოვნებას მოერგოთ და ამ მწურედან ამოხვალთ. დიდს ვერა, მაგრამ ფულს იშოვით.
_ რომელი მწურედან, იაფეტის ძემ, თუბალმა რომ დაგვიტოვა? _ ირონიულად გაიცინა საშუალო სიმაღლის წვეროსანმა.
_ ვალიკო, რა მაგის პასუხია და, შენ ისევ ნატურალიზმს აწვები? _ თითქოს ამით სამაგიერო გადაუხადა, ქირქილით თქვა თედომ.
_ სხვა რაღაცეებიც მაქვს, მაგრამ ნატურალიზმი ძალიან ჩემეულია, მომწონს.
თედომ კათხა გამოცალა, ბრძენის იერი მიიღო და დაიწყო:
_ ნატურალიზმით ძალიან ძნელია გზა გაიკაფო. სჯობს, რეტროსტილს საერთოდ შეეშვა! ევროპა აფუძნებს მოდას ხელოვნებასა და კულტურაში და მას უნდა მივყვეთ...  და საერთოდაც, ის ამკვიდრებს მთელ დედამიწაზე ცხოვრების სტილს. ევროპელის გადმოსახედიდან, იცით, რა ჩამორჩენილები ხართ?
ელენეს გულზე მოხვდა სიტყვები _ Üამორჩენილები ხართ.  ხომ შეეძლო ეთქვა, ჩამორჩენილები ვართო, მაგრამ, ეტყობა,  თავისად აღარ მივაჩნივართ, _ გაიფიქრა და რაღაცის თქმას აპირებდა, რომ ვალიკომ დაასწრო:
_ რატომ ვართ ჩამორჩენილები, გეიქორწინება რომ არ დავამკვიდრეთ?! რა უნდა ევროპას? რითიღა განსხვავდება რუსებისგან? ცხოვრების წესს რატომ გვკარნახობს, რატომ იცქირება ჩვენს საძინებელ ოთახში?! რა იმისი საქმეა, ჩემს ცოლს რამდენჯერ და რა პოზაში?!..
გივი, ამ ხნის განმავლობაში ჩუმად რომ იჯდა, ვალიკოს აღშფოთებამ გაამხიარულა, ისედაც ღაჟღაჟა სახე გაებადრა და ახარხარდა. ძალიან მოეწონა საძინებლის თემა:
_ მოიცა, ძმაო, შენ განსხვავებას ვერ ხედავ? რუსეთი ცდილობს, მაგრამ ჩვენს საძინებელში ვეღარ იხედება. როცა იხედებოდა, გვკარნახობდა კიდეც, თუ როგორ, რამდენჯერ და რა პოზაში... თუ არ დამორჩილდებოდი და ეტყოდი, ესე არ მომწონს ან დავიღალე და აღარ შემიძლიაო, შემოვიდოდა და ტრაკზე მათრახს შემოგარტყამდა, შემოგცხებდა და გაიძულებდა. ახლა ევროპა იჭყიტება ჩვენს საძინებელში, პოზებს გვირჩევს და რაოდენობებს ითვლის... რუსეთი თუ შენიშვნას გვაძლევდა, ის რეკომენდაციებს გვაძლევს, კონსულტაციებს გვიწევს, ტრენინგებს გვიტარებს და თუ ვეუბნებით, რომ სიქა გაგვიწყდა და აღარ შეგვიძლია, რუსივით ტრაკზე მათრახს კი არ გვირტყამს, ვიაგრას გვასმევს. ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც შედეგი ერთიდაიგივე დგება_ რაც უნდათ, იმას გვაკეთებინებენ. ჰა,ჰა, ჰა... ვიაგრა, იცით, რა არის ბიჭებო?! არა, ძმაო, მე ის ჯერ არ მჭირდება... ისე, ვიაგრის სმა უფრო მალე კლავს კაცს, თუ მათრახის ტრაკზე ცემა?
გივიმ გადაბჟირებამდე იცოდა ხარხარი  და ყველას ეს სიცილი უფრო ამხიარულებდა, ვიდრე ოხუნჯობა.
თედო ეგრევე აყვა მის ხარხარს.
_ გივი, შეიძლება შენ მართალი ხარ, მაგრამ... ის თუ იცი, ჩიკაგოს პოლიცია როგორ ასწავლის ქალებს მოძალადისგან თავის დაცვას? ინსტრუქტორი უხსნის:  _ ქალბატონებო, მოძალადეს პირველი დარტყმა ფეხით ფეხებშუა უნდა მიაყენოთ, შემდეგ ყბაში ჰუკი. _ ბატონო ინსტრუქტორო, თუ ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო, რა ვქნათ? _ კითხულობს ერთი. _ თუ ამ ილეთებმა შედეგი არ გამოიღეს, მაშინ ჩოქბჯენში ფეხების უაზრო ქნევას აზრი არ აქვს. სჯობს, მოდუნდეთ და სიამოვნება მიიღოთ... ამით, იცით, რისი თქმა მინდა? _ როცა თავს ზემოთ ძალა არ არის, სჯობს ვიაგრა ვსვათ და სიამოვნება მივიღოთ.
თედოს გივისა გადაედო და თავის ნათქვამზე ახარხარდა.
ელენე უცქერდა ამ კაცს და უკვირდა: აკადემიაში არაფრით გამოირჩეოდა, ერთი მაჩანჩალა დამფრთხალი, კომპლექსებიანი ბიჭი იყო. ახლა კი როგორი თავდაჯერებული და მენტორულია. თანაც, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება ვიდრე ეს ბიჭები. აი, რა შეუძლია წარმატებას. მას დაპირებების მაინცდამაინც არ სჯერა, მაგრამ ცდად ღირს, ის ამ კაცს უნდა აეკიდოს.
გამომშვიდობებისას ელენეს უნდოდა გამორჩეულად თედოსთვის ესიამოვნებინა.
_ კარგი იყო, ბიჭებო, გაიხარეთ, ცოტა გავხალისდი. მადლობა, თედო, კარგ რაღაცეებს გვპირდები და მჯერა, რომ თავს დაადგამ. და კიდევ, ბევრი რამ ახალი და საინტერესო მოვისმინე. აი, ის მომეწონა ჩვენი ქალაქი თიბილისა რომაა და არა თბილი წყლების.
_ თიბილის კი არა, თუბალის... მან ააშენა ეს ქალაქი, მის სხეულზეა აღმართული ეს შენობები.
_ მართალია, თუბალის, იაფის ძისა.
_ იაფის არა,  იაფეტის ძისა, _ კვლავ შეუსწორა თედომ და ჭიშკრისკენ მიმავალ ბიჭებს გაჰყვა. ელენე წამოეწია, ხელი წელზე მოხვია მარჯვენა ძუძუთი გაეხახუნა და ჩასჩურჩულა:
_ გახსოვს ჯგუფში რას გეძახდნენ?
_ კი, ვირთხას...
_ ვაიმე, ვირთხას? მე მახსოვს, რომ წრუწუნას... მაპატიე.
_ შეცდომით გახსოვს.

მანქანა რომ დაიძრა, ელენე მაშინღა მოსცილდა ჭიშკარს. გონება გაფანტვოდა. სახლში შევიდა. ბამბუკის სარწეველაში ჩაესვენა, ფეხი იატაკს წაჰკრა, ტანი გადააქნია. სავარძელი დაირწა და აჭრიჭინდა. უნდოდა სხვა რაიმეზე ეფიქრა, მაგრამ დღევანდელი საღამთი იყო დამუხტული და მისი გონება თედოს ვერ სცილდებოდა.
ძალიან მაგარ რაღაცას ჰპირდება, ძალიან მაგარს, ახლა მთელი ძალა უნდა მოიკრიბოს და ოცი ტილო დააკომპლექტოს. ოცზე მეტიც აქვს, მაგრამ რამდენიმე სურათი თვითონაც არ მოსწონს, რამდენიმე დაუმთავრებელია. მაგარი მუშაობა მოუწევს მთელი თვის განმავლობაში. ხუთი ახალი ტილო მაინც უნდა შექმნას, ხუთი ახალი და საუკეთესო.
თავბრუ დაეხვა, ადგა, ვერანდაზე გავიდა, მაგიდას თვალი გადაავლო, ამას რა აალაგებსო, გაიფიქრა. მერე კათხებში მორჩენილი ლუდი ერთ კათხაში ჩაასხა, სულმოუთქმელად დალია, სიგარეტს მოუკიდა და ღამის თბილისს გადახედა.
რაო, რა თქვა თედომ, თუბალის სხეულზეაო აშენებულიო? სისულელეა, მაგარი სისულელე... ... და უცებ თვალწინ წარმოუდგა გაშოტილი ბუმბერაზი, რომლის მკერდსაც მტკვრი შუაზე ყოფს. მის მხრებზე, ნეკნებზე და შიგნეულზე  აღმართულა შენობები.
გონებაში  ამოცურდა თეთრი დაგრუნტული, ჩარჩოში ჩასმული ტილო. მერე ნელ-ნელა  კონტურები და ფერები გაჩნდა და  ფერწერულ ნამუშევრად იქცა.  სისხლი აუჩქროლდა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, ტყეში დაკარგული შორიდან  კვამლს რომ მოჰკრავს თვალს. ტილო მზად რომ ჰქონოდა, ალბათ იმავე წუთს ფუნჯს მოიმარჯვებდა.  ადგა, ქაღალდი მოძებნა და ფანქრით ესკიზის  ხატვას შეუდგა.
არა ასე არ გამოვა, უნდა გათენდეს. კოსმოსიდან სჭირდება ფოტოები. ამაში Âუგლი დაეხმარება და კიდევ სახეა საჭირო _ თუბალის სახე. ის არ უნდა იყოს განყენებული და ცივი, სილამაზის აღიარებული ფორმებით _ნამდვილი, ცოცხალი სახე უნდა იყოს.  აუცილებლად რეალისტური, ხოლო მთელი ფერწერული ტილო რაღაც სიურრეალიზმისა და სიმბოლიზმის შერწყმა იქნება. მოკლედ, რაც გამოვა, გამოვა... მთავარია, თიბალ-თუბალის ადამიანური სახე. მის თვალებში მთელი ჩვენი ერის განცდა და ისტორია უნდა იკითხებოდეს. 
_ სახე, სახე მინდა!
ქალის გონებაში უამრავმა ნაცნობმა სილუეტმა ჩაიქროლა თედოდან დაწყებული შორეულ ბავშობამდე. თავის დროზე  ყოფილი ქმრის გარეგნობა ძალიან მოსწონდა.  ეს იდეა ამ ათი წლის წინ რომ მოსვლოდა, ალბათ მის ნაკვთებს გამოიყენებდა და მაგარი სისულელეც გამოუვიდოდა. ნაზი, უემოციო...  ფუ შენი!.. კარგი ქნა, რომ გაეყარა!
ნეტა პედრო სად არის? მოიცა, პედროს ნამდვილი სახელი რა ერქვა? მგონი, ავთანდილი... არა _ ფრიდონ ბედოიანი... ჰო, ნამდვილად _ ფრიდონ ბედოიანი!
ადგა, ვერანდაზე გავიდა, დაცლილი ბოთლებიდან ლუდი ჩამოწურა. პირი გაისველა და ხმამაღლა თქვა:
_ პედრო, შენ დამღუპე, პედრო!
ფრიდონ ბედოიანი ოდესღაც მისი მეზობელი იყო. ღარიბად ცხოვრობდნენ. დედამისი ხელზე ვაჭრობდა.  Ðედრო! დონალდო! ჟუვაჩკა! კევა! _ ელენეს დღესაც ყურში აქვს ჩამჯდარი ამ ქალის ხმა. ფრიდონი დედას კევებს პარავდა და ელენეს აძლევდა. ელენემ კი ხუმრობით პედრო დაარქვა. მერე ეს სახელი მთელმა უბანმა აიტაცა.
ცამეტი წლის იქნებოდა ელენე, მისმა ნახატმა მოსწავლეთა ოლიმპიადაზე რომ გაიმარჯვა. სურათი საშუალო ზომის იყო, მამამ დაუგრუნტა. მამამვე ურჩია ყოფითი შინაარსის სურათი შეექმნა.
პედროს თავზე ძველმოდური, მამისეული კეპი ეხურა. ნაცრისფერი დაძენძილი გეტები, ცალ მუხლზე გამოხეული განიერი შარვალი და არგენტინის ნაკრების გახუნებული მაისური ეცვა. მარჯვენა ფეხის წვერი ტყავის ბურთზე დაებჯინა, მარცხენა ხელით დოინჯი შემოერტყა და დიდი შავი თვალებით თავმომწონედ იყურებოდა.  ეს იყო ელენეს პირველი წარმატებული ტილო. ამ წარმატებამ ფრთები შეასხა და განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი.
როცა ელენე თავის წარსულს თვალს გადაავლებდა, მხატვრის სახელოსნოდ ქცეულ  საცხოვრისს შეათვალიერებდა, თვალწინ ყოველთვის ეს სურათი ედგა. პედრო მას ნახატიდან უფრო ახსოვდა, ვიდრე ყოფითი ურთიერთობებიდან.
იქნებ პედრო მისი თილისმაა, იქნებ მაშინ მისმა ნიჭმა კი არა, პედროს თილისმამ გაიმარჯვა?
ისევ ვერანდაზე გავიდა, სიგარეტს მოუკიდა. პირის სიმშრალე იგრძნო. ბოთლებიდან მეტი აღარ ჩამოიწურებოდა და საძინებლიდან ღვინო გამოიტანა.
მოიცა, სანამ გავხსნი იქნებ პედრო მომეძებნა. არა, ჯერ გავხსნი და მერე მოვძებნი, _ გაიფიქრა და კორპსაძრობს დაუწყო ძებნა.  ამ ქალს ყველაზე მეტად რაც არ ეხერხებოდა, ეს იყო სახლის დალაგება. აქ არც ერთ ნივთს თავისი ადგილი არ გააჩნდა. ძლივს მიაგნო, ბოთლი გახსნა, დაასხა, ჭიქა ხელში არტისტულად აათამაშა და ხმამაღლა თქვა: _ მოდი, შენი სადღეგრძელო იყოს, პედრო.
უკვე ფეხი ერეოდა კომპიუტერს რომ მიუჯდა და ფეისბუქში პედროს დაუწყო ძებნა.
ფრიდონ ბედოიანი… კი,  ის არის. როგორ გამოცვლილა, ძველი პედროსი თვალებიღა დარჩენია. ჰო, კაცი საქმეს მოკიდებია. თავის დაგებულ მეტლახ-კაფელს არეკლამებს.  აბაზანა ნორმალურია, კარგადაა გაწყობილი, ესეც კარგია... იქნებ დაურეკოს და მეტლახის დაგება შეუკვეთოს? კარგი აზრია. ამისთვის ბანკიდან მთელი დანაზოგის გამოტანა მოუწევს. მერე რა!.. ჯანდაბას ფული, ჯანდაბას ბანკი! მაშინ მას ხომ პედრომ გაამარჯვებინა?!
_ ალო, ფრიდონი მინდოდა.
_ ...
_ ბატონო ფრიდონ, მეტლახის დაგება მინდა და თქვენთან მომასწავლეს.
_ ...
_ არ ვიცი... ბლომადაა. კვადრატები თქვენ აზომეთ.
_ ...
_ მუხათწყაროს აგარაკები. გზიდან მარცხნივ, თითქმის ბოლოში. იქ იკითხავთ მხატვარს და მოგასწავლიან.
_ ...
_ ძალიან კარგი. ერთად ავარჩიოთ. ხვალ დილით გელოდებით.

მანქანის სიგნალმა გააღვიძა. ბალიშიდან თავი ძლივს აწია. პირი გაშრობოდა და თავბრუ ეხვეოდა.
ფუ, შენი! ამ დილაადრიან ვის გაახსენდა, ვინ ესტუმრა?
ხალათი შემოიცვა, სარკეში ჩაიხედა.
ალქაჯს ჰგავს, მაგრამ ჯანდაბას...
_ ქალბატონი ელენე, ხომ? _ მის დანახვაზე მანქანიდან საშუალო ტანის თხელი კაცი გადმოვიდა და ჭიშკარი შემოხსნა.
ახლაღა გაახსენდა წუხანდელი, თავი დანანებით გააქნია და ჭიშკრისკენ წავიდა.
იგივე მანერები... იგივე შემოხედვა და იგივე ძველბიჭური დოინჯი...
_ აგერ აქ, ბატონო ფრიდონ, დერეფანში მინდა დავაგოთ, ლინოლეუმი დაძველდა, დაიხა და ნაგვით გაივსო. ამის ადგილზე მეტლახი მინდა.
_ქალბატონო, ავზომავ და საყიდლად წავიდეთ.
_ახლა უნდა წავიდეთ?
_ რა ვიცი... თუ გადაწყვეტილი გაქვთ, ახლავე.
ელენემ  თვალები მოიფშვნიტა, მტკივანი თავი გააქნია, პედრო თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ აათვალიერა, კარგი კაცი დამდგარაო, გაიფიქრა და შეფიქრიანებულმა ტუჩები გაბზიკა.
რა ატეხვა იყო ახლა მეტლახის დაგება? სიმთვრალეში რა სისულელე წამოუვლის ხოლმე.

_ ნახევარი საათი მაინც მომინდება, რომ გავემზადო.
_ დაგელოდებით, ქალბატონო.
დერეფნიდან ვერანდაზე გავიდა. ნასუფრალს ბუზები ეხვეოდნენ. ამას მერე ავალაგებო, გაიფიქრა, ვერანდიდან საძინებელში შევიდა და მიყრილ-მოყრილ ოთახში საცვლებს დაუწყო ძებნა.
_ ბატონო ფრიდონ, წყალს გადავივლებ, ნახევარ საათში მზად ვიქნები.
ცხელი წყალი ესიამოვნა. ტანი გაუხურდა, თავბრუ დაეხვა.
რა სიგიჟე აუტყდა. იქნებ სჯობს, გამოეცნაუროს, ყველაფერი გულწრფელად უთხრას. ისინი ხომ მეგობრები იყვნენ, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. პედრომ აშკარად ვერ იცნო. იმდენი დრო გავიდა, იქნებ არც კი ახსოვს. 
ელენეს თვალწინ სატვირთო მანქანა დაუდგა: ავეჯით გატენილ ძარაზე, უკანა ბორტის კუთხეში პედრო  და მისი და, ზოია  იდგნენ. ბიჭს ისევ ის მამისეული კეპი ეხურა, არგენტინის ნაკრების მაისური ეცვა და ხელის ქნევით ემშვიდობებოდა.
მას შემდეგ არ უნახავს.
ჯანდაბას, რახან თვითონ წამოიწყო ეს თამაში, ბოლომდე უნდა მიჰყვეს.

აბაზანიდან ტანზე პირსახოცშემოხვეული გამოვიდა, მკერდსა და თეძოებს ძლივს რომ უფარავდა.
ნეტა პედრომ რა თვალით შეხედა? ან შეხედა რო?
როგორ უნდოდა პედროს თვალები დაეჭირა, მაგრამ გვერდზე არ გაუხედავს, ისე შევიდა საძინებელში.
უცნაურია, რატომ იქცევა ასე, მორცხვი ქალიშვილივით. პედროს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, გამოვიდოდა გაუღიმებდა რაღაცას ეტყოდა, შეიძლება თმაში გარჭობილი სავარცხელი ძირსაც დავარდნოდა. პირსახოცს მკერდთან ხელს წაავლებდა, ფეხებს ერთმანეთს შეატყუპებდა, გაიცინებდა და ასაღებად ჩაჯდებოდა.
მოიცა, რა დროს ამაზე ფიქრია, აგვიანდება.

შუადღეს გადაცილებული იქნებოდა, უკან რომ დაბრუნდნენ. ელენემ მეტლახისა და წებო-ცემენტის გარდა, ტილო და ჩარჩოებისთვის მასალაც მოიტანა. თვლიდა, რომ ჩარჩოს კეთება, ტილოს გადაჭიმვა და მერე დაგრუნტვა მისი საქმე არ იყო, სჯობდა შეეკვეთა, მაგრამ ამ ჯერზე, როცა პედრო და მეტლახი აიტეხა, მეტ ხარჯს ვერ გასწევდა, სხვა გზა არ ჰქონდა, თვითონ უნდა გარჯილიყო.
ადრე ამ საქმეში აკაკი ეხმარებოდა, მაგრამ... მუქთი ყველი მხოლოდ სათაგურშია. კაცი ჯერ რაღაც პატარა საქმეს გაგიკეთებს, მერე შენთან დაწოლა მოუნდება, მერე საყვარლობა მოუნდება, მერე პატრონობა, მერე ბატონობა. უნდა ახლა ბატონ-პატრონი?!
ფუ, ეს მაგიდა..! დილას აქეთია ეხვევიან ბუზები და ვერ იქნა და ვერ აალაგა.
საგარეო ტანსაცმელში თავს უხერხულად გრძნობს,  ჯერ გამოიცვლის და საქმეს მერე მიხედავს. მაგრამ რა ჩაიცვას? ეს აჩემებული ხაკისფერი შორტი ძალიან გამხდარს აჩენს. მის წვრილ ფეხებსა და ჩამოთლილ თეძოს უფრო ათხელებს. სჯობს, სარაფანი ჩაიცვას მეზღვაურის მაისურის ზოლებით. ცოტა სრულსა და მსუყე იერს აძლევს. კაცებს რემბრანტის ქალები უფრო მოსწონთ, ვიდრე პოდიუმის ჩონჩხები. მაგრამ ეს რა ფიქრი შეუჩნდა? მას ხომ პედროს მოხიბვლა არ განუზრახავს.
_ დაწყნარდი, ელენე! შენ ეს კაცი სხვა რამეში გჭირდება. ის შენი თილისმაა. თილისმასთან კი არ წვებიან.
ისევ ის ამოჩემებული ხაკისფერი, საღებავებით მოთხუპნული  შორტი და ყვითელი მაისური ჩაიცვა.
ჯერ მაგიდას აალაგებს, მერე სარდაფიდან იარაღებს ამოიტანს და ჩარჩოების კეთებას შეუდგება.

პედრომ პლინტუსები ააძრო და სწრაფად აყარა ლინოლეუმი.
_ ხედავთ, ქალბატონო ელენე, ლინოლეუმის ქვეშ ბეტონი მთლად დაობებულა. ეს სოკოა, მისი სპორები ჰაერში დაფრინავენ, ვსუნთქავთ და მერე ჩვენს ფილტვებში იბუდებენ. ნაღდად დროზე გადაგიწყვეტიათ მეტლახის დაგება.
_ ფრიდონ, ცოლ-შვილი გყავს?
_ არა, ვერ მოვახერხე დაოჯახება.
_ რამდენის ხარ, ფრიდონ?
_ ბევრის. ისე, თქვენი აზრით, რამდენის ვიქნები, ქალბატონო ელენე? _ თქვა, ფეხის წვერი წებო-ცემენტის ტომარას დააბჯინა, დოინჯი შემოირტყა  და გაღიმებულმა შეხედა.
მაინცდამაინც არ შეცვლილა. მამისეული კეპი, არგენტინის ნაკრების მაისური... და ისევ ის პედროა.
_ გინდა გამოვიცნო? _ ელენემ თავის ასაკს ორი წელი გამოაკლო, გაიღიმა და გააგრძელა, _ მე მხატვარი ვარ. მახვილი თვალი მაქვს. ყოველი წელი, ყოველი თვე, ყოველი დღე ადამიანის სახეზე ანაბეჭდს ტოვებს. სანაძლეოს ჩამოვალ და ზუსტად გეტყვი.
_ მოსულა, თქვით.
_ ოცდაჩვიდმეტის და პირადობის მოწმობა მანახე.
_ მართალი ხართ, ქალბატონო ელენე, მაგრამ რა წავაგე?
ელენე დაფიქრდა, უნდოდა, ჩარჩოების გაკეთებაში მომეხმარეო, ეთქვა, მაგრამ მოერიდა.
_ არაფერი... ვიხუმრე...
იარაღები სარდაფში ჰქონდა და ადრე ჩარჩოებსაც იქ კრავდა, მაგრამ ახლა ისინი აივანზე ამოიტანა.
თუბალისისთვის ერთი დიდი განივი ტილო სჭირდება, დანარჩენი ოთხი კი საშუალო. დღეს ჩარჩოებს მორჩება, ტილოს გადააკრავს, ხვალ ერთიანად დაგრუნტავს და ზეგიდან ხატვას შეუდგება.

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები