ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა გრძელიშვილი
ჟანრი: პროზა
30 ივნისი, 2017


მოგონებები აგვისტოს ომზე (დასასრული)

მაშინ უბრალოდ, ქვებით გააკეთეს თავდაცვითი სიმაგრეები - ესეც შეცდომა იყო. ისევ მიწაზე მივეგდე, საშინლად ვიყავი მგზავრობისგან დაღლილი, იმ დღეს არც ერთ მათგანს პირში ლუკმა არ ჩასვლია. ამან ბევრი დაასუსტა. ვიწექი ვიღაცის საფლავზე და ვფიქრობდი მთელი ამ ყველაფრის უჩვეულობას. მანამდე ჩემი განვლილი ცხოვრების მანძილზე ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ, ვიღაცის საფლავზე მომიწევდა დაძინება. ეს ჯერ არ განცდილი გრძნობა იყო. მიცვალებულს ბოდიში მოვუხადე, მეგობარს ვუთხარი : შეეცადე დაიძინო,ხვალ ალბათ დიდი ბრძოლა გველის მეთქი და რამდენიმე წუთში როგორც იქნა მეც ჩამეძინა.
8 აგვისტოს 05:20 საათზე გავიღვიძეთ. მაშინვე გაგვანაწილეს პოზიციებზე. მე მიწის სანგარში მომიწია გამაგრება. ვისაც სანგარი არ ჰქონდა, მაშინვე დღის სინათლეზე შეუდგა მის გაკეთებას. ათიოდე წუთში  საკვები მოიტანეს - ეს იყო 4 წლის ვადაგასული მშრალი ულუფა. პაკეტი გავხსენი და ის იყო შოკოლადი ამოვიღე რომ ჩემგან ათიოდე მეტრში საშინელი აფეთქება მოხდა. ერთს მეორე მოჰყვა. - მოწინააღმდეგე ძალებს კარგად სცოდნიათ ჩვენი ადგილსამყოფელი. "მინამიოტების" ჭურვები დაგვიშინეს. 10 წუთში 23 კაცი დაგვეჭრა. საპასუხო ცეცხლი გავხსენით. - ბრძოლა დაიწყო! ტყვიების წვიმა აღარ წყდებოდა, უცებ საშინელი სისწრაფით "აგაესი"-ს ტყვია მოხვდა ერთ ერთ საფლავის ქვას, ქვა ნამსხვრევებად იქცა. იქ ჩემი მეგობარი იყო გამაგრებული. დავუძახე, პასუხი არ გამცა, ის იყო მისვლა დავაპირე რომ მისი ხმა გავიგე -  უშვერი სიტყვებით იგინებოდა.
ვისროდი და თან შოკოლადს ვჭამდი. - ომს სათანადოდ, ემოციურად ვერ აღვიქვამდი. იმ დროს გაცეცხლებული და გაბოროტებული უნდა ვყოფილიყავი, მე კი ემოციურად დაცლილი ვიყავი.
როდესაც ომი დაიწყო ბევრმა დაურეკა თავის მშობლებს, მეუღლეს, შეყვარებულს, უმრავლესობამ ისინი მოატყუა და უთხრა  - ჩვენ არ მოგვიწევს ბრძოლა რადგან ბაზაზე გაგვამაგრესო. ეს იმიტომ რომ არ ენერვიულად. მე თავიდანვე ვიცოდი რომ ეს სიცრუე არ გამივიდოდა და პირდაპირ  ვუთხარი: ომში მოვდივარ და არ დამირეკოთ, თქვენი ზარით ხელს შემიშლით მეთქი. ჩემებმა გაიაზრეს რაც ვუთხარი და დამიჯერეს.
აი კაზაკი სნაიპერი შევამჩნიეთ 200 მეტრში, ერთ ერთ მიტოვებულ სახლში და მთელმა ოცეულმა იმ სახლზე მივმართეთ სროლა. ამ დროს ტელეფონი რეკავს. არ ავიღებდი მაგრამ  იმ დროს ჩვენი რადიოსადგურები მწყობრიდან იყო გამოსული,სიგნალი ჩაახშეს რუსებმა და კავშირი მოგვისპეს. ვიფიქრე ტელეფონით მიკავშირდება რომელიმე ამხანაგი მეთქი და ვუპასუხე  - ვიღაც გოგო იყო: თუ არ შეწუხდებით დათო დამალაპარაკეთო. არ ვიცი იმას რა ჰქონდა ნათქვამი, ნერვები ამეშალა  - რა დათო, ომია.ახლა ვერავის დაგალაპარაკებთ მეთქი! ცოტა ხანში ძმაკაცმა დამირეკა. გაეგო რომ სამივე ძმა ვიბრძოდით. ტელეფონი ავიღე მაგრამ ხმა არ გამიცია. მას ესმოდა დაბომბვის ხმა - იმ წუთას კასეტური ჭურვი გვესროლეს. მისი ტირილი გავიგე  დაბოლოს ვუთხარი : ნიკუშ ნუღარ დამირეკავ, როცა ყველაფერი დასრულდება, თუ ცოცხალი  გადავრჩი მე თვითონ დაგირეკავ მეთქი. მალე ხმა გავრცელდა ბალაშვილი მოკლესო. ამ ცნობამ მძიმედ იმოქმედა ჩვენზე. ის ყველა ჩვენთაგანის მეგობარი იყო, საოცრად კეთილი, წლების მანძილზე ერთად მოვდიოდით ეხლა კი სიცოცხლეს გამოასალმეს... უმძიმესი დარტყმა იყო ყველა ჩვენთაგანისათვის მისი  სიკვდილი. უბედურს რამდენიმე კაცთან ერთად  გადახურულ საფლავს შეუფარებია თავი. ის კი ვერ გაითვალისწინა რომ  სამი მხრიდან გამოკეტილი უარესი სამიზნე შეიქმნებოდა. ჭურვი ესროლეს დამიზნებით იმ საფლავს. მიწასა და რკინის კონსტრუქციის შორის დარჩენილ ადგილას გასკდა ჭურვი. ნათელში ამყოფოს გიორგი ბალაშვილის სული უფალმა. უბედურს ყელში ჰქონდა ერთი ნამსხვრევი მოხვედრილი. ახლაც ძალიან მზარავს  ყოველივე ამის გახსენება. შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ ის ამბები.
მალე ჩვენთვის ნათელი შეიქმნა რომ ალყაში ვიყავით. მტერი კი სულ უფრო და უფრო ავიწროვებდა ალყის რკალს. ჩემს გვერდით  ჩვენი შენაერთის საცეცხლე მხარდასაჭერად ერთი ტანკი ამოვიდა, ეხლა ცოტა გვეშველა მეთქი ის იყო გავიფიქრე რომ გვერდით მყოფი თანამებრძოლი РПГ – 7 ით წამოხტა და ვხედავ ჩვენ ტანკს უმიზნებს. დროზე მოვასწარი შემეჩერებინა იგი. იმავე წუთას უბედურება მოხდა, ტანკის ლულის ქვეშ გაირბინა ერთმა ჯარისკაცმა, იმ დროს ტანკმაც გაისროლა. საწყალს წნევამ ფეხი  მოაგლიჯა. მაშინვე ექიმს დაუძახეს, სხვებიც გვერდით ამოუდგნენ რათა ბრძოლის ველიდან გაეყვანათ მძიმედ დაჭრილი. ამ მებრძოლს სანამ ომი დაიწყებოდა წინა დღისით ნიშნობა ჰქონდა. ომის დამთავრების შემდეგ გავიგეთ რომ გოგო მაინც გაჰყვა ცოლად მას. არ შეიძლება არ ავღნიშნო  ჩვენი ბატალიონის ორი სამხედრო ექიმის მამაცობა, ისინი გოგოები იყვნენ და მიუხედავად ამისა ერთი წამითაც არ უყოყმანიათ, სადაც საჭირო იყო უმალ იქ ჩნდებოდნენ. - ნამდვილი ვაჟკაცებივით მოქმედებდნენ  ბრძოლის შუაგულში.
პირველი შიში მაშინ დამეუფლა როდესაც დასაზვერად გადაგვიფრინა  თავზე მტრის ბობდამშენმა, ის მალე მოტრიალდა, მეორე გადაფრენა უეჭველ დაბომბვას მოასწავებდა. მაშინ სროლას თავი გავანებე, გულაღმა დავწექი და თვალები ზევით აღვაპყარი. სისხლი გამეყინა. -პირველად შემოიპარა ჩემში შიში. ის იყო ცხვირი ასწია თვითმფრინავმა რათა დაემიზნებინა  რომ გაისმა ჩვენი მხრიდან სტრელას ხმა, შევამჩნიე როგორ გაუშვა  შავი კვამლი СУ – 25 მა, ბეწვზე გადავრჩით, გაუაზრებლად სიხარულით ფეხზე წამოვხტით, მაშინ კიდევ სამი  კაცი დაგვეჭრა. მართლაც იყოჩაღა ჩვენმა ერთ ერთმა მებრძოლმა რომელსაც მერე სრულიად უაზროდ  დეზერტირობას სტენიდნენ.  6 საათი ვიყავით ალყაში, ბოლოს უკან დავიხიეთ. გარდაცვლილ მეგობრის უსულო სხეული კი  ისევ იმ საფლავზე განისვენებდა სადაც ცოტა ხნის უკან თავს აფარებდა. ორი სნაიპერი იყო ჩასაფრებული რომელიც მის გვამთან არავის უშვებდა. სამი კაცი მისი გვამის გამოყვანისას დაჭრეს, გამოყვანა კი ვერ მოხერხდა. რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ ნიქოზის სასაფლაოს პოსტები ვეღარ დავიკავეთ. შემდეგ სპეცდანაყოფი შევიდა  და იმათმა გამოიტანეს გვამები. იმათაც დაუჭრეს მსუბუქად ერთი კაცი.
გადიოდა დღეები, ჩვენი საჯარისო შენაერთები ნელ - ნელა უკან იხევდა. მახსოვს ერთხელ ავნევთან სატვირთო მანქანაზე ვისხედით და პოსტებისაკენ მივდიოდით როდესაც ცხინვალის მხრიდან  МИ – 24 – „კრაკადილი“ ამოფრინდა და მიზანში ამოგვიღო. საშინელი სისწრაფით მიჰქროდა ჩვენი მანქანა მაგრამ ასე სრბოლა  დაღუპვას გვიქადდა. მისი ჩამოსაგდები საშუალება კი ჩვენ ოცეულზე არ იყო გათვალისწინებული. მანქანას აფხაზეთის ომ გამოვლილი ერთ - ერთი  ჩვენი მეგობარი მართავდა. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს რომ  ასეთ დროს  გამოცდილება ფასდაუდებელი რამ არის. მან სწრაფად მოისაზრა და მანქანა გააჩერა, მაშინვე გავიფანტეთ აქეთ - იქით, ამ მანევრმა გვიშველა და გადაგვარჩინა. ვერტმფრენმა ცარიელ მანქანას აღარ გუხსნა ცეცხლი. მეორედ მაშინ გამეყინა სისხლი. ერთი წუთით წარმოიდგინეთ მოგდევთ საფრენი აპარატი უზარმაზარი ტყვიამფრქვევით და 500 კილოგრამიანი ჭურვებით.
ბრძანება გვქონდა ქართულ ჯარს 48 საათი უნდა გაგვეძლო რათა მერე ამოქმედებულიყო საერთაშორისო ბერკეტები, ჩვენ კი 92 საათი ვიყავით ბრძოლის ველზე. ამასობაში რუსეთის ჯარი საქართველოს ოკუპაციას ახდენდა.
8 აგვისტოს გარდა ჩვენ ჯართან ბრძოლისა, რუსულმა  СУ- 25 მა  ქარელის პოლიციის შენობასთან ორი, ხოლო გორში რამდენიმე ბომბი ჩამოაგდო.
9 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს შავი ზღვისპირეთი  დაბლოკა და  დასავლეთ საქართველოში სახმელეთო ჯარებთან ერთად მძიმე ტექნიკა გადმოსხა.
იმავე დღეს 23:45 საათზე იერიში  ფოთის პორტზე გაგრძელდა. ქალაქში ორი სარაკეტო  ბომბი ჩამოაგდეს.
9 აგვისტოსვე რუსეთიდან ცხინვალში საპარაშუტო დესანტი გადმოსხეს. იმავე დილას  დაიბომბა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ასაფრენი ბილიკი, სენაკის სამხედრო ბაზა სადაც რეზერვისტები იყვნენ გამაგრებული, მარნეულის სამხედრო აეროდრომი, კოპიტნარის აეროპორტი, გორთან მდებარე ქართული არტილერიის პოზიციები, თბილისის სამოქალაქო ავიაციის რადიოსალოკაციო სადგური ასევე დაიბომბა რაჭა, აჭარა და იმერეთი.
რუსულ  - აფხაზურ ჯარის ნაწილებმა  -  პარალელური ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაში.
10 აგვისტოს შავი ზღვა სავსე იყო  რუსეთის სამხედრო ხომალდებით.
11 აგვისტოს -რუსეთის ჯარის ნაწილებმა სენაკის სამხედრო ბაზა დაიკავეს.
11 აგვისტოს უკვე ვარიანის მეურნეობაში ვიყავით დაბანაკებული, ყველანი დაღლილები ვიყავით. ომმა საშინლად მოგვქანცა. ზოგს შიმშილისაგან გული წაუვიდა. 4 წლის ვადაგასულ მშრალ ულუფას ბევრი არ ეკარებოდა. ნერვები აღარცერთს უვარგოდა. გამუდმებულ უკანდახევას აქა-იქ უკმაყოფილება მოჰყვა, ბევრმა გული აიცრუა. იყო ასეთი ლაპარაკიც: ძმაკაცებს ვერ დავტოვებ თორემ ამათი დედაც ვატირე, სახლში წავიდოდი. ამათმა ჯარის მართვა არ იციანო.
ოცმეთაური მყავდა, 6 საათიანი ალყის დროს ერთი ტყვია არ გაუსროლია, იწვა და შიშისგან კანკალებდა. 11-  ში დავინახე ჩვენმა ბიჭებმა როგორ ჩამოაგდეს კიდევ ორი თვითმფრინავი.
ბატალიონის დაზვერვა უმართავობის გამო უფუნქციოდ დარჩა. საღამოსკენ ბანაკიდან 500 მეტრში კასეტური ბომბი ჩამოაგდო მტრის თვითმფრინავმა. ძლიერი ხმა ჰქონდა აფეთქებას. უზომოდ დაღლილებს იმ  ღამეს გათიშული გვეძინა. მეორე დღისით  12 აგვისტოს დაახლოებით 12 საათზე ჩვენგან ერთ კილომეტრში რამოდენიმე ათეული ტანკი შევნიშნეთ. გვითხრეს არ ესროლოთ ეგ ჩვენი სატანკო შენაერთი არისო. თურმე მწარედ შეცდა მეთაურობა. 40 წუთში ბრძანება მოვიდა სასწრაფოდ უკან დახევის შესახებ. ბანაკმა სრულად აშლა ვერ მოასწრო, ბევრი ტყვია - წამალი და სამხედრო ტექნიკა დაგვრჩა იქ. ჩვენ ზურგს უკან ტყვიების ზუილი ისმოდა. შეგახსენებთ ეს უკვე მაშინ ხდებოდა როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ორივე მხარემ მიაღწია. საშინელი იყო ჩვენი უკან დახევა, უბრალოდ უკან კი არ ვიხევდით, არამედ მწარედ მოტყუებული გავრბოდით. იმ დღეს ბევრი ვაჟკაცი დაკარგა საქართველომ. დავინახე როგორ დაეცა უსულოდ ერთი ადგილობრივი მოხალისე, რომელსაც რამდენიმე წუთის უკან პირადად ვესაუბრე. ვკითხე თუ რატომ არ დატოვა სოფელი და არ გაიხიზნა.  - მითხრა: აქ დავიბადე და როგორ ჩემი უბანი მაინც არ უნდა დავიცვა?
5 დღიანი ომის მანძილზე მეთაურობის მხრიდან მართვა არ ვარგოდა, ამას ემატებოდა კავშირის არ არსებობა ბატალიონებსა და ასეულებს შორის. - ასევე არაერთი ადგილობრივი მოსახლე რომლებმაც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გაგვყიდა. მეთაურობა იბრძოდა რიგითი ჟარისკაცებივით მაგარამ მართვა არ იყო. ერთხელ ჩვენი ბატალიონი სპეცდანიშნულების ძალებმა იხსნა როდესაც ჯიუტად  გადაამოწმებინეს ჩვენს მეთაურობას ჩვენივე არტილერიისათვის გადაგზავნილი კორდინატები. აღმოჩნდა რომ მათ მიწოდებული ჰქონდათ ჩვენი პოსტების კორდინატები.
ავიაციასა და არტილერიაზეც მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ. -  ჩვენმა თვითმფრინავებმა როგორც კი როკის გვირაბიდან რუსეთის არტილერია გამოვიდა, კერძოდ გრადების ქვედანაყოფი, -  უმალ დაბომბა. ამით უდიდესი სამსახური გაგვიწიეს სახმელეთო ჯარებს. შემდეგ როგორც მე ვიცი თურქეთმა გაუხსნა საჰაერო სივრცე და თავის აეროპორტებზე დასვა ჩვენი გამანადგურებლები, ამის მერე  ბრძოლებში უკვე ვერტმფრენები იღებდნენ მონაწილეობას რომლებიც ზემოდან გვიკეთებდნენ საცეცხლე მხარდაჭერას. რაც შეეხება არტილერიას. - არტიერიის ქვედანაყოფებმა ბრწყინვალედ იმუშავა. „პიონები“ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებდნენ როკის გვირაბიდან გამოსულ რუსულ ბატალიონებზე. ასევე ბრწყინვალედ მუშაობდა „გრადლარებიც“ რომლებიც ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეისყიდა თავდაცვის სამინისტრომ ისრაელისგან. მათი გამოცდა ამ ომში მოხდა. მახსოვს არტილერიის პოზიციებზე თვითმფრინავები აუარებელ ჭურვებს ყრიდნენ, უმოწყალოდ ბომბავდნენ მათ კვადრატს. რამდენჯერ გავიფიქრე რომ მათი შენაერთიდან  აღარცერთი გადარჩა, მაგრამ ღვთის სასწაულით და მათი მეთაურის დევი ჭანკვეტაძის  მოხერხებულობით არტილერიას დანაკარგი არ ჰყოლია. ძალიან კარგად იმუშავა II - ქვ.ბრიგადის სატანკო ბატალიონმაც, რომლებმაც მტერს ერთ ღამეში 3 სატანკო ბატალიონი გაუნადგურა. ჩვენი  T- 72 - ები მტრის T- 72 აშკარად სჯობდა. - ამის მიზეზი კი ცოტა ხნის წინ ჩვენი სატანკო ბატალიონის მოდერნიზება იყო. მათ ღამის ხედვით სამიზნე მოწყობილობა ჰქონდათ გაუმჯობესებული. ხმები გავრცელდა რომ II- ქვ.ბრიგადის  სატანკო ბატალიონმა  ერთადერთი ტანკი დაკარგა რომელსაც საწვავი გაუთავდა და უკან დახევის დროს  რუსეთის ჯარებმა ჩაიგდო ხელთ. მისმა მეთაურმა გერხავოიმ (ასე ეძახდნენ მას) - მოახერხა და ის ტანკი რუსებს მაინც მოპარა. ქართველმა მებრძოლებმა ამ ომში მტრის 23 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. შემდეგ რუსეთმა ეს ციფრები 5 დაიყვანა. ომის ბოლო ეპიზოდიც მინდა გავიხსენო. - როდესაც ვარიანის მეურნეობიდან ომის უკანასკნელ დღეს უკან ვიხევდით, მთელმა ოცეულმა  მოზრდილი ყანა გადავკვეთეთ სირბილით, შემთხვევით მიწაზე დავიხედე. ყანა სავსე იყო კასეტური ბომბებით რომლებიც შეხებისთანავე აფეთქდებოდა. მახსოვს იმდენად ბევრი ეყარა  რომ ერთი პერიოდი არ დავიჯერე და ფეხი მინდოდა დამედგა, ბოლო წამს გადავიფიქრე საბედნიეროდ.  ღვთის სასწაულით არც ერთმა  ჩვენთაგანმა  სირბილის დროს მათ ფეხი არ დაადგა. გამოვედით ქარელის გადასახვევამდე. ამის შემდეგ ბრძანება მივიღეთ რომ დავფანტულიყავით.  - ბრძოლა ოფიციალურად დამთავრდა.
მინდა ერთი  გმირის შესახებაც მოგიყვეთ რომლის გვარი ჩემდა სამარცხვინოდ აღარ მახსოვს. ( მე ხომ მთელი ძალებით  ვცდილობ გარდავლილ ომის ეპიზოდების დავიწყებას) II-ქვეით ბრიგადის  ერთ -ერთ ბატალიონში, ერთ ასეულში ნათლია და ნათლული  მსახურობდნენ. მათი ოცეული ბრძოლებში ჩასაფრებაში მოყვა, სადაც ნათლული უკან დახევისას მძიმედ დაიჭრა. ბიჭებმა გვიან შეამჩნიეს მისი ჩამორჩენა. შეამჩნია ნათლიამაც. რომელიც უმალ ნათლულისკენ გავარდა, მტერი კი დაჭრილ მებრძოლთან ათიოდე ნაბიჯზე იყო. ბიჭები ბევრს უყვიროდნენ რომ დარჩენილიყო ადგილზე. რომ ნათლულს უკვე ვეღარ დაეხმარებოდა და თავისი საქციელით კიდევ ერთ დედას ნუღარ აატირებდა, მაგრამ ჭეშმარიტმა ვაჟკაცმა არ ისურვა მათი მოსმენა, მიიჭრა სასწაფოდ დაჭრილ თანამებრძოლთან, სცადა მისი სახიფათო ზონიდან გაყვანა მაგრამ მდგომარეობა უიმედო, ხოლო - ჭრილობა მძიმე იყო. ეხლა ორივე ხედავდა მოახლოებულ მტრის ჯარისკაცებს რომელთაც იარაღი ჰქონდათ მათზე დამიზნებული და გახარებულნი ჩქარა ავიწროებდნენ რკალს, რათა ტყვეებად ეგდოთ  ისინი. მაშინ ნათლიამ ნათლული გულში ჩაკრა და გახსნა ხელყუმბარა! ...  მათი სულები  საქართველოს უანგრო სიყვარულისთვის, ჭეშმარიტი ვაჟკაცობისთვის საუკუნო სასუფეველში განისვენებს. - აი ასეთი გმირები ჰყავს საქართველოს. ამ ომს შეეწირა ჩემი მეორე ამხანაგიც - გიორგი ანწუხელიძე, რომელიც რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს და არაადამიანური  წამების მიუხედავად ერთი სიტყვაც კი ვერ დააცდევინეს. ის ტყვეების გაცვლისას მოკლეს. და აღესრულა გიორგი როგორს გმირი საქართველოსი.  ომში დაღუპულ გმირების საუკუნო დიდება  ყოფილიყოს  უკუნითი უკუნისამდე ამინ.  ცოცხალ გმირებს კი დღეგრძელობა  უსურვოთ ხალხნო, ისინი ამას იმსახურებენ.
სენაკში დაბრუნებისას, კარადა გავაღე სადაც ხატები მქონდა დატოვებული, შევამჩნიე რამდენიმე აკლდა. შემდეგ საპირფარეშოში ვიპოვე“ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის“ ხატი და „კრება დიდებულთა და ყოვლად ქებულთა ათორმეტ მოციქულთა“ ხატი რომლებიც წაბილწული იყო. ის ხატები დღემდე მაქვს და ყოველ დილით შევთხოვ  შემინდოს უფლის წინაში ყოველი ცოდვებისთვის რაც კი ჩამიდენია.


P.S    სანამ სენაკის სამხედრო ბაზას რუსეთის ჯარები  დაიკავებდნენ. მანამდე ადგილობრივი მოსახლეობა ( არა ყველა ) შეცვივდა და გაძარცვა ქართველ ჯარისკაცთა კაზარმები. - ეს მწარე სიმართლეა!!!           

http://www.youtube.com/watch?v=oWSif7FqT_Y

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები