ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
30 ივნისი, 2017


მოთხრობათა კრებული "დღიური" - 2. სიზმარი

  ვუძღვნი ჩემს უსაყვარლეს, გამზრდელ ბებიას - მარგალიტას, რომელსაც არა მარტო შვილიშვილები, არამედ მთელი  უბანი “დიდედათ” ვიხსენიებდით; მისი უნიკალური რეცეპტით დამზადებული სიროფიანი წყლის გემო ყოველ ჩვენთაგანს (იმ შორეული დროიდან მოყოლებული, ვინც კი ცოცხლები დავრჩით) პირიდან არ გადაგვდის. ერთხელ, შევპირდი: როცა გავიზრდებოდი, მისი “საფირმო სიროფისგან” ქარხნული წესით სერთიფიცირებულ ლიმონათს ჩამოვასხამდი...
  დარცხვენილი თავს ვხრი, რადგან დანაპირების შესრულება, ცხადის ნაცვლად, მხოლოდ სიზმარში შევძელი.




    ჯოჯოხეთი! იწვის და დუღს ყველაფერი - ქვები, ადამიანები... თერმომეტრი ტემპერატურას 1000 გრადუსს უჩვენებს ჩრდილში. ჩრდილში? მზეს რა უნდა ჯოჯოხეთში? გახრუკული სისხლით ცხვირ-პირმოთხუპნული გრძელღოჯა, ჯოჯო ზედამხედველები, რა თქმა უნდა, თავს კარგად გრძნობენ - საქმე თავსაყრელი აქვთ: ცოდვილნი ვინ შესაწვავია, ვინ დასაწვავი, ვის მხარი აქვს მოსატეხი. აი, აქვე, შხამიანი კოცონის მარცხნივ თავისი სიმახინჯით ერთ-ერთი მეტად გამორჩეული ზედამხედველი ცოდვილს ზურგზე წამოსჯდომია და დილის აქეთ, რაც ცვლაში გამოვიდა, ცხრაას ოთხმოცდამეცხრამეტეჯერ ატეხავს მხარს, დაღლილობის კი არაფერი ეტყობა. დაღლილობა, ქანცი მიწისქვეშეთში არ არის მიღებული სიტყვები. არ არის, თუმცა... უკანასკნელთან დაკავშირებით ჯოჯოხეთის ერთპიროვნულმა პარტიამ - ცეცხლოვანმა, უკანასკნელ ყრილობაზე მიიღო შესაბამისი დადგენილება მომსახურე პერსონალისათვის სამუშაო საათების შუალედში შესვენების უფლებით სარგებლობის შესახებ. და აი, ჩამოკრეს გონგი - შესვენება დაიწყო.
  ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი... ათასი უკეთესად ჟღერს! და იმით კმაყოფილი ზედამხედველი, რომ გონგის ჩამოკვრამდე წინა რიცხვის უკანასკნელით დამრგვალება მოასწრო, განზე გადგა, გაიზმორა, სიამოვნებისაგან დაიყმუვლა და იქვე მდგომი, ძალიან უცნაური ფორმის მოწითალო მაცივრიდან ქარხნული წესით ჩამოსხმული ერთი ბოთლი “დიდედას ლიმონათი” გამოაძვრინა. მოხსნა თავი, ის იყო ერთიანად უნდა გადაეყლურწა, რომ ათასჯერ მხარმოტეხილმა რის ვაივაგლახით წამოწია თავი, ერთი ყლუპი სთხოვა.
  ზედამხედველი სხვა დროს არ გაიმეტებდა  მაგრამ... დღეს განსაკუთრებული დღე აქვს; გაცვეთილ კენჭებიან საანგარიშოს გადახედა - კარგი მაჩვენებელია: საცაა პენსიაში გავა და პირველად მხოლოდ დღეს შეძლო შესვენებამდე ცოდვილისათვის ათასჯერ მოეტეხა მხარი. თითქოს დააპირა ბოთლის გაწოდება... ვერა, ვერ გაიმეტა! კმაყოფილების გამომხატველი ღრენით ბოთლი გულში ჩაიკრა, მაცივრის გვერდით უწესრიგოდ მიმოფანტული სხვადასხვა ცნობილი გამაგრილებელი “შხამქიმიკატური” სასმელებიდან რომელიღაც ფეხით გამოარჩია და გადაუგდო.
  ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო, და... გაუჭირდა, მაინც გაბედა ცოდვილმა - თითით იმ ბოთლზე მიუნიშნა, რომელიც ზედამხედველს ეპყრა ხელთ.
  - თუ შეიძლება, მარგალიტა ბებიას ლიმონათი...
  - ვისი?!
  - დიდედასი...
  და სახეც ისეთი საწყალი მთხოვნელის მიიღო, იქ, სადმე, სიახლოვეში მე (აღნიშნული ბრენდის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი) რომ ვყოფილიყავი ყლუპს, ბოთლსა თუ ყუთს კი არა, უეჭველად მთელ ქარხანას გავიმეტებდი მისთვის! მაგრამ... მე იქ რა მინდა?! რაც შეეხება გრძელღოჯა, ჯოჯო ზედამხედველს, ზედამხედველი წამით დაფიქრდა... ვერც ამჯერად გაიმეტა “დიდედას ლიმონათი” და ერთი მუჯლუგუნიც ჰკრა ცოდვილს ამ სიტყვებით:
  - შენ თავი სადა გგონია?!



  P.S.  თუ კი ვინმე გეტყვით, რომ აღნიშნული “დიდედასეული სიროფი” სხვა არაფერია, თუ არა, ჩვეულებრივი შინდის მურაბის წვენი, არ დაუჯეროთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები