ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
22 დეკემბერი, 2017


მციოდა და გავთბი

  ( იწერება მიროს ნებართვით)


თავი პირველი

სტუდენტი ვიყავი, როცა პირველად ვნახე, მეგობრის დაბადების დღეზე.
შემთხვევით შემოირბინა, ანის  ყვავილები მოართვა, ბოდიში მოიხადა და  მალე წავიდა.
მადლობა, მირიანო_ ანიმ უთხრა.
ეს სახელი  გაგონილიც მქონდა და  ნაცნობებიც მყავდა, მაგრამ ის ბიჭი მირიანად ვერ აღვიქვი და გულში მაშინვე მირო შევარქვი.
უცნაურია,  დაინახავ,  აგეფურჩხნება გული და  ... იწყება გაუთავებელი  ფიქრები.
არანაირი მიზეზი არ მქონდა მისი შეყვარების, მაგრამ შემიყვარდა.
ამას სიყვარულიც არ ერქვა, ამ დროს ამბობენ ხოლმე, გულში ჩამივარდა.
ორი თვე ისე გავიდა, არსად შემხვედრია.მე კი მასზე მეფიქრებოდა და მეფიქრებოდა.
ანისთანაც იშვიათად ვახერხებდი  მისვლას.
ერთხელ  გავბედე და ვკითხე:
_ის ბიჭი, მგონი მირიანი...
კითხვა დამთავრებული არ მქონდა, რომ მიპასუხა
_ჩემი ყოფილი კლასელია.
_კლასელი? ჰმ.  ჰაა, ჰჰჰ- ამებლუჟა ენა.
_ჰო
_ ანუ კლასელი
_რას ჩამაცივდი_ გამომხედა და  სიცილი დაიწყო.
_პროსტა გკითხე, გუშინ ვიღაც გოგოსთან ვნახე და გამახსენდა_ ვიცრუე.
_შეყვარებული ყავს ჰო...
    ისეთი  გრძელი ჰოოო გამოუვიდა...მეტკინა
არა  ტკენა არაფერ შუაშია, იმედგაცრუება  შემიხტა  გულში.
_იცი? ბათუმელია
_მართლა? - გამეხარდა.
ყოველ ზაფხულს ბათუმში  ჩავდიოდი, დეიდასთან. ამის  გამო რაღაც  პროცენტები  ერთბაშად გაიზარდა.


მიროს  უცნაური თვალები ჰქონდა, სევდისფერი
გაღიმებისას ნაპერწკლები ცვიოდა
საუბრისას კი ლოყა  ლამაზად ეჩვრიტებოდა
კანქვეშ ლურჯი ვენები უჩანდა...
ამას მერე მივხვდი, როცა მისი    გავხდი, მანამდე კი მხოლოდ თვალები მიყვარდა...
სევდიანი და ლამაზი თვალები.
ყველას გაუკვირდება, როცა მხოლოდ თვალებს შეიყვარებ, მით უმეტეს ჩემნაირი გოგოსაგან,

  დროს ვერ დავკარგავდი,  უცნაური განცდები უნდა გამომეყენებინა და "მემოქმედა."
"მოქმედებაში"  უსიამოვნო რამეს ნურავინ იფიქრებს, "მოქმედება" ნიშნავს თვითგამორკვევასაც:

კითხვა პირველი: რა ვიცოდი მის შესახებ?
პასუხი: არაფერი,  წვრილმანების გარდა...
კითხვა მეორე: რატომ მიზიდავდა?
პასუხი მეორეც და მეათეც:
არ ვიცოდი, პასუხი არ მქონდა.
კითხვა მეთერთმეტე:  რას მოველოდი?

პასუხი: ბევრს !!!

მიზიდავდა,  მეფიქრებოდა, ინტერესში მაგდებდა ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი.
ამდენი კითხვებისგან თავბრუ რომ დამეხვა, ანის ნომერი ვთხოვე,
ნომერი მომცა, მაგრამ  მუდმივად გამორთული ნომერი აღმოჩნდა, რაც დიდი ალბათობით, გამოცვლილ ნომერს ნიშნავდა.
მეტად ნომრის ძებნას თავი დავანებე და ძებნა ისე  დავიწყე.
ორჯერ მივედი იმ  ინსტიტუტთან, სადაც ვიცოდი, რომ სწავლობდა.
ვერ  შევხვდი.
მერე სადარბაზოსთან დავდექი რამდენჯერმე და ვერც მაშინ გადავაწყდი.
ამასობაში ორი თვე გავიდა, და ვნახე იქ, სადაც ყველაზე მეტად არ ველოდი.
მეგობრებთან ერთად  ყინწვისში წავედით და მირო და მისი მეგობარი ბიჭი  ერთად შემომხვდნენ წინ.

მან კარგად ვერც მიცნო, მე მაინც გამოველაპარაკე და თავი გავახსენე.
უხერხულად გაიღიმა და მადლობა  მითხრა...
მე  მივეძალე, ვეცადე საუბარი გამეგრძელებინა...მან კი ბოდიში მომიხადა და  გზა გააგრძელა.


ეჰ...

წამოვედით სახლში, მაგრამ  დამინაღვლიანდა გული.

მეასე კითხვა რომ დავუსვი საკუთარ თავს, როდის დაანებებ მასზე ფიქრს თავსთქო, ანიმ დამირეკა:
_მირიანმა დამირეკა და შენზე  მკითხა, სადმე  შეხვდიო?
დაწვრილებით მოვუყევი, როგორ  გადავეყარე ყინწვისის გზაზე...
_შენზე მითხრა, ფრესკიდან გადმოსულს გავდა და ძალიან დავიბენიო...
_ჰაააა?? ---  ამიჩხრიალდა გულში,
_ჰო, გოგო, ნომერი მთხოვა შენი.
_ არ უთხრა!!!_ მკაცრად გამომივიდა ნათქვამი, ისე რომ ანისაც გაუკვირდა.
_რატომ?
_არა მეთქი._ჩემი თავისგან მიკვირდა ასეთი  მკაცრი გადაწყვეტილება.
_ კაი, არ დაგაძალებ_აფხუკუნდა ტელეფონში.
_ჰოდა ეგრე!
_არ მივცემ , რა დაგემართა.

ტელეფონი გავუთიშე და სრულიად სერიოზულად დავფიქრდი:

_ ეს ბიჭი თუ ჩემი ბედია, კიდევ შემხვდება და მესამედ თუ შემხვდა,  მერე დავუახლოვდები- დავპირდი ჩემს თავს. 



ღმერთო, ეს რა დავუთქვი ჩემს თავს, მესამედ კი არა, ვაითუ მეორედაც არ შემხვდეს  არსად!
ლოდინად მიღირდა...
ხანდახან ლოდინი სიყვარულზე უფრო ტკბილიაა...


თავი მეორე

ბავშვობაში მქონდა ასეთი ჩვევა: როცა რამე ძალიან მინდოდა, ვიტყოდი, ათჯერ დავითვლი და  მერე
გავაკეთებ თქო.
დავიწყობდი შოკოლადს  ანდა რამე ტკბილეულს და ვითვლიდი, ერთი, ორი , სამი...
ათზე რომ მივიდოდი, მერე  ამას ვიფიქრებდი, ძალიან ჩქარა დავითვალე და  ჯობია  ასამდე დამეთვალათქო.
ხოდა როცა ასამდე დავითვლიდი,  დამსახურებულად შევჭამდი.
ამისა გამო კარგად ვერთობოდი და  მეგონა, ნებისყოფასაც გამოვიმუშავებდი.
რამდენჯერ დაწოლის წინ  არ დავიძინებდი, ვიდრე ლოცვას ხუთჯერ არ ვიტყოდი, მერე ათჯერზე გადავიდოდი, და ბოლოს, მგონი მეასე
ლოცვაზე დამეძინებოდა...
მოკლედ არ ვიცი, ეს ჩემი ნებისყოფის  გამომუშავების  სასარგებლო მცდელობა იყო, თუ საკუთარ თავს ვტანჯავდი, მაგრამ ასე იყო და რა მექნა.

როცა სკოლაში მივდიოდი, სახლის კარებს ხუთჯერ დავკეტავდი, უფრო სწორად გავაღებდი, დავკეტავდი, კიდევ და კიდევ...
კაბის  ყიდვა რომ მომინდებოდა, ორი ან სამი თვე ვითმენდი, რომ მერე  სიამოვნება უფრო მეტი მქონოდა...
ვინმესთან დარეკვა თუ მინდოდა,  ჯერ ასჯერ დავითვლიდი, ან ვიტყოდი, საათის ისრები ხუთჯერ რომ გადაივლის  ათიანთან, მერე დავრეკავთქო...

ეს ჩვევა დიდობაშიც გამომყვა მეთქი, რომ ვთქვა, ისედაც არავის  გაუკვირდებაა, რადგან  მიროსთან დაახლოება ისე მივანდე მესამე შეხვედრას,
ვითომ  მეორე შეხვედრა  ფართობოლოებიან  კაბის ჯიბეში მედო.


სტუდენტი ვიყავი,  და რასაც ვსწავლობდი, ეჭვი მქონდა, ვერაფერში გამოვიყენებდი, ამიტომ  პარალელურად  სასტუმროში დავიწყე მუშაობა,
ჯერ თეთრეული  მებარა, მერე  სართულის  მორიგეობა შემითავსეს და  ძირითად დროს  იქ ვატარებდი.
რადგან უცხო ენასაც  საკმარისად ვფლობდი,  უცხოელებს  ადვილად ვეკონტაქტებოდი.
არასდროს მიფიქრია, რომ  ცხოვრება  უცხოელებს ისე დამაახლოვებდა,  გერმანიაში ამოვყოფდი თავს.
სამი წელი გავატარე რაინვესტფალში,  გერმანულ-უნგრულ ოჯახში,(იქაურ ამბებს მერე დავწერ)
გერმანული  იქ ვისწავლე, რუსული კი აქედანვე კარგად ვიცოდი და  მათი შვილებთან ურთიერთობას ასე ვამყარებდი,
კეთილი ხალხი იყვნენ,  ფრაუ მელხიკანი და  მისი ქმარი,უნგრული წარმოშობის ბალჩი, მელხიკანის სახელის გამოთქმა ისე მიჭირდა, 
ხანდახან ენას ვიტეხდი ხოლმე.
ბალჩი თბილისში გავიცანი.
სასტუმროში  გაატარა რამდენიმე დღე.
გეოლოგი იყო.
თეორიულად მეც გეოლოგიურზე ვსწავლობდი და    რამდენჯერმე გამოველაპარაკე.
არ ვიცი, მაშინვე გადაწყვიტა თუ მერე მოიფიქრა, მეორედ რომ ჩამოვიდა, ოქონას მთის  შესასწავლად, გერმანიაში  ცხოვრება მაშინ შემომთავაზა.

ყველაფერი ისე უცნაურად დაეწყო,  ბევრი არ მიფიქრია და  მალევე ამოვყავი თავი რაინში.

ორი თვე არ მელაპარაკებოდა და სულაც  მუნჯი მეგონა  მისი ცოლი.
როგორც მერე  გაირკვა, თურმე  ჩემს შესწავლას ასეთი მეთოდით  აპირებდა.
მაკვირდებოდა,  მის ქმართან ფლირტი ხომ არ მქონდა, თვითონ კი თავს იდებილებდა...
ძალიან ხიტრი ქალი იყო.
ამას როცა მივხვდი, შემეშინდა...

ავდექი და ჩემს ძველ  მეთოდებს მივმართე...
როგორც კი ბატონი ბალჩი გამომელაპარაკებოდა, ვიდრე პასუხს გავცემდი, ახლა გერმანულად  დავითვლიდი ხოლმე გულში:
....ელფ,ცვიოლფ, დრაიღსენ...

ერთხელ სუფრაზე  სალათი მიმქონდა, ადგა და  საძინებელში გავიდა.ბატონი ბალჩი მომიახლოვდა და  მკითხა, ხომ ვისადილებდი მათთან ერთად.
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე  და  მოვიხედე თუ არა, მელხიკანი  კარიდან გვითვალთვალებდა..

სინამდვილეში არც მე და არც მის ქმარს ერთმანეთი არ გვაინტერესებდა. ამას როცა მიხვდა,  მადლიერი გახდა და მის მერე პატივისცემა არ მოუკლია

პატივს მცემდნენ და    მინაზღაურებდნენ. ამიტომ სამი წლის მერე, როცა თბილისში დავბრუნდი, ბინა  დავიგირავე და მარტო  დავიწყე ცხოვრება,  ახლობლებისგან შორს.
თუმცა თბილისში დაბრუნებისას  სიურპრიზი მელოდა.
ანი და  მირიანი დაქორწინებული დამხვდნენ.
ისინი მხოლოდ ერთხელ  მოვინახულე და  მეტად მისი    არსებობა დავივიწყე.
ჩემს მიერ დადებული პირობებიც  შეიცვალა, როგორც  იცის ხოლმე ქვეყნის გარეთ ცხოვრებამ.

მაგრამ არასოდეს თქვა არასოდესო, და მუდამ ღია გქონდეს კარიო,  პაკისტანური ანდაზაა და მე მის შესახებს დღემდე არაფერი ვიცოდი.

თბილისში დაბრუნებულს  სამსახურის შოვნა გამიჭირდა და დეიდასთან  გადავედი  ბათუმში, იმ იმედით რომ რომელიმე სასტუმროში  ვიპოვიდი ადგილს.
ასეც მოხდა,  უცხოელებთან გამოცდილება  დამატებითი  დადებითი მოტივი აღმოჩნდა და  ამიყვანეს. ახლა უკვე მენეჯერად  , ერთ პატარა და  მყუდრო, კერძო სასტუმროში, რომელიც  ზამთარ -ზაფხულ  კლიენტების ნაკლებობას არ იტყობდა.

ორ კვირაში ერთხელ კი თბილისში ჩამოვდიოდი და  ჩემს თავს  განტვირთვის  უფლებას ვაძლევდი.
ერთ დღეს როცა ბათუმში უნდა დავბრუნებულიყავი, ანიმ დამირეკა, მირიანი მიდის  ბათუმში და  თუ გინდა გაგიყოლებსო.

არ მესიამოვნა.
უარი ვუთხარი.
მარტო კიარ მიდისო...
ეგ რაღა შუაშია მეთქი_ გამიკვირდა....
თხუთმეტ წუთში გამომიარეს .
მეც უარი აღარ ვუთხარი

მირო და მისი მეგობარი მიდიოდნენ საქმეზე.
გზაზე  საუბარი რომ წამოვიწყეთ,  ყინწვისის ფრესკაო, ახსენა მირიანმა.
"ფრესკაზე" ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა და გამეღიმა.
სარკეში მიყურებდა და ჩემი გაღიმება არ გამოპარვია.
მე უფრო მეტად გავხალისდი და  რატომღაც მთელი ჩემი თავგადასავალი  უპრობლემოდ  ვილაპარაკე...
ფრესკა  მეტად არ გვიხსენებია.
ბათუმში    რომ ჩავედით,  შუადღე იყო.  ჩემს სასტუმროსთან ჩამოვედი და    საქმეს დავუბრუნდი.
ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მაშინვე დამავიწყდა...
პირიქით, ის ჩემი  ჩვევაც კი გამახსენდა და    მესამე შეხვედრის  ფაქტიც არ დამვიწყებია...

თუ ჩემი ბედია, მესამედაც შემახვედრებს მეთქი_გაიხსენა და აიკვიატა გონებამ.
იმ ღამეს  არც რამეს ველოდი, არც ვფიქრობდი, რომ დილით ჩემს  სამსახურში მირო მომაკითხავდა და ყინწვისში  ერთად წავიდოდით...
ზღაპარს ჰგავს ხო?
კი, მაშინ მეც ზღაპარი მეგონა

თავი მესამე

სკოლაში,  მეცხრე კლასში ვიყავით, მასწავლებელმა ყინწვისში რომ წაგვიყვანა.
მახსოვს, თამარ მეფის ფრესკა რომ ვნახე, იმხელა შთაბეჭდილებით წამოვედი, რომ  მისით ინსპირირებულმა მინიატურების წერაც კი დავიწყე.
მეფის ცხოვრების გარდა  ეპოქამ და  იმ პერიოდის  ცხოვრებამ  გამიტაცა,
ჩემი ვერსიით ერთი ამბავი  ასე იწყებოდა:

"თამარს  ბიძაშვილი ჰყავდა,  ბატონიშვილი სეფა.
დედის  ძმის შვილი.
როცა ბავშვები  პატარები იყვნენ, ბაღში თამაშის დროს  თამარს  შესცივდა  და  თხოვა, სახლში წასულიყვნენ.
სეფას  უთქვამს:
- თამარ, ლოცვაა ერთი, თუ სამოცჯერ იტყვი, აუცილებლად  გათბებიო.
_რა ლოცვაა?
-მციოდა და გავთბი, მციოდა და  გავთბიო.
თამარმა  მართლა სამოცჯერ რომ წარმოთქვა ლოცვა,  ძიძას  ამ დროს თბილი მოსასხამი გამოუტანია და  მოუხურებია."

- მციოდა და გავთბი _  ჩავილაპარაკე  უცებ ხმადაბლა.
მირომ შემომხედა .

მალე ჩვენ  გზიდან გადავუხვიეთ და  მირომ მანქანა გააჩერა.
მანამდე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გვქონდა ერთმანეთისთვის ნათქვამი.
რამდენიმე
აი მაგალითად ის , რომ თანახმა ვიყავი წავყოლოდი და  რომ არ მშიოდა...
- მარი, რამე მომიყევი  შენზე.
-მოსაყოლი არაფერია -საშინლად არ მინდოდა, რამე მეთქვა_მგონი შენ გაქვს რაღაც სათქმელი _ გავუსწორე თვალი მე.
_ ავიდეთ ჯერ მონასტერში, მამაოსთან მაქვს საქმე-გადაიტანა ყურადღება უცებ.
_ დღესვე უნდა დავბრუნდე მე უკან_ სამსახურიდან მხოლოდ ერთი დღით გამომიშვეს.
_ბათუმში? გაუკვირდა, _მე მეგონა თბილისში წამომყვებოდი
_რას ამბობ,  გავიკვირვე მე_ სამსახურში მელოდებიან ხვალ
_კარგი, კარგი.როგორც გინდა_მითხრა მშრალად,
გულში ჩამწყდა.

მე ხომ ჩემი ფიქრები და ოცნებები მასაზრდოებდა,
თორემ რეალობა  არ იყო მიმზიდველი.

მონასტერში როგორც კი ავედით, მამაო გამოგვეგება.
მირიანს მისთვის  შეუტყობინებია.

_ესაა?  _ შეეკითხა მამაო.
_ესაა_  უპასუხა მირიანმაც.
მე  დიდი მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, მამაოსთან მიახლება და  თაყვანისცემა არც მიფიქრია.

არც მათ  საუბარში არ ვერეოდი.
და საერთოდაც, არაფერს ვფიქრობდი.

გაუაზრებლად, მსიამოვნებდა, რაც ხდებოდა,
_შემოდით
_მარი_ სერიოზულად მეუბნება მირიანი._გამომყვები ცოლად?
_ჰა?_დავაღე პირი.
_ ჯვარი მინდა დავიწეროთ.

ავყევი...

_თანახმა ვარ_ ვუქნევ თავს.

ახლა მას გაუკვირდა ჩემი უცაბედი დათანხმება.
_თანახმაა_ გადაულაპარაკა მამაოს.
საერთოდ არ მიფიქრია, რომ სერიოზულად ხდებოდა რამე.
ხალისიანად შევყევი  ეკლესიაში.
როცა მივხვდი, რომ ჯვარს მართლა ვიწერდით, სიმწრის ოფლმა დამასხა და გარეთ გამოვვარდი.
_გაგიჟდი? აკი თანახმა იყავი.
_მგონი ავად ხარ შენ_ ვეუბნები და  საფეთქელთან თითს ვუტრიალებ.-ცოლი გყავს
_ არაა ის ჩემი ცოლი, ოფიციალურად_ არც ჯვარი გვაქვს დაწერილი, ეს ჩვენი საიდუმლო იყოს_ არაფერს გთხოვ, შემოდი, გავაგრძელოთ.
_საიდუმლო? _ მომწონს საიდუმლოებები.
_ჰოდა შემოდი, თუ გინდა,  ნამდვილი ცოლ ქმარიც ნუ გავხდებით, მინდა ჯვარი შენზე დავიწერო.მამაომ დიდი ხანია ჩემი სურვილი იცის,
_ეგ შენი მამაოც გიჟია?
_ არა გოგო,  მიყვარხარ მე.
_სიზმარში ხარ ხო? გამოიღვიძე.
_მინდა ასეთი სიზმრები.
სანთლის ბეჭდები გავიკეთეთ და მამაომ რაღაც რიტუალი მართლა ჩაატარა.
_დამთავრდა?  ვიცინი მე.
_ჰო, დამთავრდა.
_ადვილი ყოფილა, მე მეტი ძნელი მეგონა.
_ხუმრობ?
_აბა სერიოზულად როგორ ვიფიქრო.
_ არადა უკვე ჩემი ცოლი ხარ.
_ჯადო გამიკეთე?
_ეკლესიასთან ვართ, მაგას როგორ ამბობ.

_დავბრუნდებით უკან?
_ჩემთან დარჩენა არ გინდა?
_ახლა არ ვარ მაგისთვის მზად.არც  ეს მასკარადიც არ გინდოდა, შემეძლო ისედაც გამეტარებინა შენთან ღამე...
_ როცა გინდა, მაშინ დავგეგმოთ თაფლობის თვე და პირველი ღამე_
_რა ცინიკურად ჟღერს_ ვამბობ და მეცინება.
_არ დაგაძალებ.

მციოდა და გავთბი-ვთქვი უცებ  ამოკვიატებული ფრაზა.
მირო ჩამეხუტა და მაკოცა.
მართლა გავთბი
_თბილი ხარ. არ მეგონა ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა შენთან ჩახუტება.
ის ღამე მართლაც გავატარეთ ერთად. ბათუმში ჩავედით, ჩემს ოთახში შევედით და დილამდე  ერთად დავრჩით.
დილით  უთენია ადგა, დამემშვიდობა და თბილისში წავიდა.
ორი დღის მერე მოვედი აზრზე, რაც მოხდა, იმის გააზრება მხოლოდ ორმოცდარვა  საათის მერე დავიწყე.
ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ის ღამე ნადვილი იყო და არა სიზმარი.

ოთახშიც კი არაფერი მიდასტურებდა  ღამის რეალობას.
ერთი ნივთიც კი არ დაუტოვებია, რომელიც მიმახვედრებდა, რომ  მართლა მოხდა, ის რაც  მახსოვდა.
ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცოდი.
ან რა უნდა მიმეწერა?  შენი ცოლი მართლა გავხდი მეთქი?
პრაგმატული აზროვნება ევროპამ მასწავლა,
გერმანია  ამისთვის საუკეთესო ადგილია.
ბატონი ბალჩი და მე რამდენს ვსაუბრობდით ცხოვრებაზე.
გერმანიაში გატარებულმა წლებმა  ბევრი მასწავლა.

მივხვდი, ჩემი ცხოვრება მაქვს. თავისი თავგადასავლებით...


თავი მეოთხე


ორი კვირა გავიდა.
არაფერი განსაკუთრებული  ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით, რომ რამდენიმე უცხოელს, ჩვენი სასტუმროს მობინადრეს, ბათუმში  პრობლემები შეექმნა და  საელჩოებსა და სასამართლოებში მომიწია სირბილმა, სადაც ყველანაირ ფუნქციას ვასრულებდი,  მენეჯერით დაწყებული, მოწმით გაგრძელებული და თარჯიმნით დამთავრებული.

დაძაბული დღის რეჟიმი კი ფიქრის  საშუალებას არ გაძლევს, ამიტომ არც ოჯახი გამხსენებია, არც მირო.
მეოთხე კვირას კი სამსახურიდან წამოვედი...
_ძალიან დავიღალე და  უნდა დავისვენო_ვთქვი .
ვერ ვიტყვი, რომ გაუკვირდათ.
არც უარი უთქვამთ.
მე კი არც დანაზოგი მქონდა, რომ  მეცხოვრა და არც ვინმეს იმედი.
ერთი თვე გავიდა,  დედას და ძმას რამდენჯერმე შევეხმიანე , მათთან საუბარში მივხვდი, რომ ჩემი ადგილი მათ შორის კარგა ხანია,  დაკარგული მქონდა,  და  გერმანიაში გადავწყვიტე წასვლა.

გზის ფულიც კი არ გამაჩნდა, ამიტომ ჩემს  ძველ  ნაცნობს და მეგობარს, ბატონ ბალჩს მივწერე და დახმარება ვთხოვე.
როგორც კონსერვატორ და გეგმიან  გერმანელს ჩვევია, მანაც ასე მიპასუხა:
- შენი ვიზიტი დაგეგმილი არ მქონდა,ამიტომ რამდენიმე თვე მოგიწევს ლოდინიო.თუმცა იმედი მაინც მომცა და  მეც  მეტი გზა არ მქონდა, უნდა დავლოდებოდი.
ყველაზე მეტად  ერთი რამე მაკვირვებდა: არც მირო ჩანდა და არც ანი მეხმიანებოდა.
ანისგან ეს არც იყო გასაკვირი, მიროსგან კი არ ვიცოდი, რას ველოდებოდი. 
სამი თვე ტყუილად გაჩერებას, საქმე გამოვნახე და მოსწავლეები ავიყვანე, გერმანულში სამეცადინოდ.
ამის გამო გარეთ ყოფნა უფრო მეტად მიწევდა...
არავინ, სრულიად არავინ მხვდებოდა, რაც კიდევ უფრო მეტად მიძლიერებდა ინტერესს.
მაისი იდგა, საკმაოდ ცხელი დღეები დაიჭირა, როგორც იცის ხოლმე.  ჩემს სახლთან ახლოს საცურაო აუზი იყო, და იქ გადავედი საბანაოდ.

მოულოდნელად ანი და დედამისი დავინახე, თვალის აცილება  მომერიდა და გამოველაპარაკე.
როგორც საუბარში გაირკვა, მირიანი რამდენიმე კვირაა სახლში არ მოსულიყო  და    საკმაოდ გაბრაზებული ჩანდა  ამის გამო ანი.
ვერაფრით დავამშვიდე, თუმცა დამშვიდება  მე უფრო მჭირდებოდა, რადგან მიროს  გაუჩინარება უცნაურად მომეჩვენა.
ანის დავემშვიდობე და  ბევრი არ მიფიქრია, მიროს ძებნა დავიწყე:

სად უნდა მეძებნა, ერთადერთი ადგილი ყინწვისი და მისი მეგობარი მამაო იყო.
ეს რომ გამახსენდა, დიდი შვება  ვიგრძენი.

მეორე დღესვე წავედი.თბილი ტანსაცმელი წავიღე და  ყინწვისს მივადექი.
მამაომ  სპორტულად ჩაცმული პირველად ვერ მიცნო, მაგრამ მერე თავი გავახსენე და მირიანზე ვკითხე.
გაუკვირდა...
მეგონა  იცოდიო- უცნაურად ჩაილაპარაკა, - მითხრა, რომ იცოდიო_კიდევ ერთხელ  ნერვიულად ჩამოისვა წვერზე ხელი.
არაფერი მიკითხავს...
მივხვდი, უნდა დავლოდებოდი და თვითონ მეტყოდა...

იმ ღამით მონასტერში დავრჩი.



დილით , როცა უკვე ეზოში  გამოვედი,  მირო მელოდა.

ჩამოვჯექი და  თავი ჩავღუნე. 


არ ვიცოდი რა მეთქვა.
საუბარი მირომ დაიწყო:
_მარი, უნდა მაპატიო
_საპატიებელი რა გაქვს, ჯერ ეს მითხარი
_ფინანსური პრობლემები მაქვს და  მევალეებს ვემალები
_ესღა მაკლდა_გავიფიქრე.მეც რომ არაფერი მაქვს.
_კარგი და , ჩემზე რას იტყვი?
_შენთან ყოფნაზე სულ მუდამ ვიოცნებებ...
_კარგია ოცნება, ზოგჯერ რეალობასაც ჯობია.
_მარი
_არაფერი, მირო.მივდივარ მე_ვინანე, არ უნდა მეთქვა.
_სად მიდიხარ, გაგიჟდი? გამოვაკეთებ ცოტა საქმეს...
_მერე მე რა შუაში ვარ? ადგილი მაინც არ მაქვს_წუწუნი გამომივიდა.
_ რას ქვია, ადგილი არ გაქვს, ჩემი ცოლი ხარ
სიცილი ამიტყდა.
_რა გაცინებს, გოგო?_ახლა ისიც ატყდა და სიცილი დაიწყო.
_გვეყოს ეს თამაში_დავსერიოზულდი უცებ.
_თამაში? შენ ეს ყველაფერი თამაში გგონია? ფეხსაც ვერ გაადგამ, სანამ მე არ ვიქნები თანახმა.
ამაზე მხოლოდ გამეცინა და ჩემი ნივთების  ასაღებად  შენობაში შევედი.

მიროს არ გამოვუცილებივარ, მეტი არც არაფერი უთქვამს.
მივდიოდი და  უკან არ ვიხედებოდი:
ერთი, ორი , სამი
აინს , ცვაი, დღაი
ერთი ორი სამი...
სანამ ათჯერ არ დავითვლი, მარშრუტკაში არ ჩავჯდები...

სანამ ნომერს ასჯერ არ გავიმეორებ, არ ჩავჯდები...

სანამ  ხუთასჯერ არ დავითვლი, უკან არ მივიხედავ...
დამეწყო
ისევ ნერვიული შეტევა დამეწყო.
ფრესკები, ხეები, ბოძები...ასი, ორასი, სამასი...

მომეჩვენა, რომ თუ არ გავიბრძოლებდი, ეს დასასრული იქნებოდა.

ბატონმა ბალჩმა პირობა შეასრულა და გერმანიაში წასვლა მალე  მომიხერხა.
გამგზავრების წინა საღამოს  ნაცნობი მამაო მესტუმრა და მირიანის წერილი გადმომცა:
_ვიცი, რომ ხვალ მიფრინავ.და გირჩევ, არ წახვიდე.
მამაოსთვის პასუხი არ გამიტანებია.
აერორტში კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა: გამგზავრებამე  რამდენიმე წუთით ადრე პოლიციამ დამაკავა.
არ ვიცოდი რა მექნა, ნაცნობი ადვოკატიც კი არავინ მყავდა.
განყოფილებაში წამიყვანეს და გამჩხრიკეს.
რა თქმა უნდა , არაფერი აღმოჩნდა , ოქმი დაიწერა და  რამდენიმე საათში გამომიშვეს, თუმცა  ჩემს რეისს ჩამოვრჩი.
ხელმეორედ ბილეთის ფული რა თქმა უნდა არ მქონდა და ვიდრე რამეს მოვიფიქრებდე, სახლში დავბრუნდი და დაფიქრება გადავწყვიტე.

სახლთან მირო დამხვდა...



თავი მეხუთე


სიურპრიზი მელოდა, სახლთან მირო დამხვდა

_მუქარა შემისრულე?  ადრევე ვფიქრობდი, რომ შენი ხელი ერია  ამ საქმეში, მართლა მაწყენინე
_ვერსად წახვალ, მეგონა შენც გიყვარდი...
_მე სხვანაირად მესმის სიყვარული, ეტყობა ევროპამ სხვანაირად მასწავლა
_ვერსად წახვალ, ვიდრე ნებას არ მოგცემ_ კედელზე  მუშტებს ურტყამდა  მირო.

_შევიდეთ, გადაირია მეზობლები_თემა შეცვალე მე. თვითონაც მიკვირდა, ახლა ისე მინდოდა მასთან ჩახუტება.
მიროს თვალები აუწყლიანდა. მისი ცრემლები მეც მეტკინა და ჩავეხუტე.
_მციოდა და...
_გავთბი_დავამთავრე მე
_მირო, მე ცუდად ვარ,  ფსიქოლოგიურად აშლილობა მაქვს
_ ექიმი ვიცი, მივიდეთ მასთან_დამამშვიდა და ხელში აყვანილი შემიყვანა სახლში.

ტკბილი და ვნებიანი ღამე გავატარეთ ერთად.
დილით დამშვიდებულმა და  იმედიანმა გავიღვიძე.
მირო სამზარეულოში გასულიყო და კვერცხს წვავდა.
_ყველაზე მეტად  კვერცხი არ მიყვარს,  საიდან გააჩინა ამ დილით, მე ხომ  არც კი ვყიდულობ_გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, საუზმე მზადააო_ შემომცინა.
_კვერცხი არ მიყვარს_შევატყე, ეწყინა
_ არც ყავა?
_შენ წარმოიდგინე, არც ყავა_
_ ჯერ კარგად არ გიცნობ_ ლამაზი თვალებით მიცქერდა მირო_მერე შენი სურვილით მოვამზადოთ.
_ მადლობა, ჩემ თავს მე თვითონ მივხედავ, მაწონი მექნება მაცივარში_ჩავილაპარაკე მე.
_სადმე გავიდეთ დღეს?_ გამოცდელად შემომხედა.
_საღამომდე რამე მოვიფიქროთ_უაზროდ  ვუთხარი მე.
_ნუთუ არაფერი  გამოგვივა? _იმედგაცრუებული ხმა ჰქონდა მიროს.
_რას გულისხმობ?
_ერთად  ცხოვრებაზეა ეს "სიმღერა"_ გაეცინა მას.
_დეპრესია მაქვს მე, კი არ გატყუებ - ავდუდუნდი მე.
_მივიდეთ ექიმთან, წუხელაც გითხარი_ უკან არ იხევდა მირიანი.

ერთი, ორი სამი...
სამი,ორი ერთი...
ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან...
ნაბიჯი უკან, ნაბიჯი წინ....
ვატყობ, ვაფრენდი...

ჯერ კიდევ გუშინ გერმანიაზე ვფიქრობდი, ახლა აგერ ვარ და არ ვიცი , ხვალ რა იქნება.
რა რთული ყოფილა ასე ცხოვრება.
_ მოდი დღეს წადი, ხვალ ვილაპარაკოთ_ვგრძნობდი, მისი მოცილება მინდოდა.
მიმიხვდა.
_ხვალ წავალთ იმ კაცთან_მიშველა ერთხელ მე...
_ფულიც არ გვაქვს, რა დროს ძვირადღირებული ფუფუნებაა_მიკვირს მე.
_მარი, მინდა შენთან ყოფნა . მომეცი დრო, გთხოვ. არაა ძვირი  მისი სეანსები...მხოლოდ სად  გადავიდნენ
არ ვიცი, ვიკითხავ, მივაგნებთ...

შენსავით ჯერ ქალი არ მყვარებია_
ჩემი ცოლი ხარ, დაგავიწყდა?თაფლობის თვეც არ გვქონია ჯერ. შენი ფანტაზიის იმედი მაქვს, მოიფიქრე რამე.

_ლამაზი თვალები აქვს ამ ბიჭს_ თუმცა , სად ერეკლე..._ გამეცინა.
_რა ვთქვი ახლა სასაცილო_ეწყინა მიროს.
_ყველაფერზე ნუ ბრაზდები რა.
_მარი, ყინწვისის ანგელოზი გამახსენდა ახლა...
_ეს მისი შეურაცხყოფაა
_მარი !!
_მირო,  არაფრის აზროვნების თავი მაქვს ახლა.
_გავალ,  ექიმის კოორდინატებს გავიგებ და მალე მოვალ, მგონი მართლა ცუდად ხარ შენ.
პასუხი აღარ გამიცია, ჩაიცვა და წავიდა.

უკან  არც იმ დღეს მოსულა და არც ორი კვირის მერე.
გაქრა.

შორიახლოდან ვეძებე.
ვერ ვბედავდი, ხმამაღლა მეძებნა...
ის მისი ცოლისთვის ისედაც კარგა ხნის დაკარგული იყო.
ახლა ჩემგან მისი მოკითხვა უკვე  სინამდვილის გამჟღავნებას ნიშნავდა.
გავჩუმდი.
მერე ფსიქოთერაპევტები მეც მოვიძიე და, მათ შორის, ერთი ადამიანი მართლაც შევარჩიე.
კარგი რეპუტაცია და ბევრი მადლიერი  პაციენტი ყავდა.

პირველად რომ მივედი, შვიდი ლარი გადავიხადე    და შევედი.
კედლებზე და დაფაზე ათასი სისულელე ეწერა.
გავიფიქრე, რომ სექტაში მოვხვდი, თუმცა ბოლომდე დავრჩი, გაღიმებული სახით
არაფერი მესმოდა, ვინ რას ლაპარაკობდა და მოქმედებდა.
რაღაც მეც მკითხა
_თქვენ რა გაწუხებთო?
_არვიცი მეთქი

ორი დღის მერე საღამოს სახლში მკვდარივით დამეძინა.
დილით კი ისეთი ენერგიით გავიღვიძე,  თვითონაც მიკვირდა.
თორმეტი სეანსის მერე უკეთ ვიყავი,
იქ ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია.ჩემს უკან რომ ქალი იჯდა, სეანსის  დროს ეძინა. 
ნეტავ მე თუ ჩამეძინება როდესმე.
დეპრესიაც და უძილობაც უკან დარჩა..წინა ცხოვრებაში.
ცუდი ფიქრები აღარ მაწუხებდა
იმედიანი გავხდი.
სიგარეტს გადავეჩვიე.
სასმელს ისედაც არ ვსვამდი...
კანი გამიპრიალდა და ელასტიური გავხდი.
წუწუნიც  ძველ ცხოვრებაში დავტოვე და მიროზე მოგონებებიც.


(მე მას მხოლოდ ერთხელ ვნახავ , ციხეში, და არც იმას ვეტყვი, რომ მისგან ფეხმძიმედ ვარ...)



დასასრული


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები