ნაწარმოებები



ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
8 ივლისი, 2017


მოთხრობათა კრებული "დღიური" - 3. დღიური

ჩემი ბინა ერთიანად, კედლები და კარ-ფანჯარა, შავი საღებავით მიხატული მავთულხლართით დავქსაქსე - რომ არავინ შემაწუხოთ! თუმცა, ვიცი, არც აპირებდით ჩემს შეწუხებას, არავის არაფერში გჭირდებით, ჩემთან ქუდიც რომ შემოგიგდოთ ვინმემ, არ შემოიხედავთ, რადგან კაცთმოძულე ადამიანი ვარ და ამის გარდა, ჩემი ბინა სავსეა ტუბერკულიოზის ჩხირებით! მაგრამ ამ ფორმალური მავთულხლართით ჩვენი გამიჯვნა დღეიდან უკვე, ჩემი გადაწყვეტილების თანახმად ხდება! ამ წერილსაც, ახლა რომ ვწერ, თქვენ კი არ გიძღვნით, მისი საშუალებით ჩემ ამჟამინდელ სულიერ მდგომარეობას ვაფიქსირებ, რათა რამდენიმე დღის შემდეგ გადავხედო და დავადგინო, უკვე გადავედი ჭკუიდან თუ ჯერ არა.
1999 წლის 4 იანვარი

დღეს ათი იანვარია.
ოთხი იანვრის ჩანაწერი გადავიკითხე... მისი მეშვეობით ვერ დავადგინე, გარეკილი მაქვს, თუ ჯერ ისევ სრულ ჭკუაზე ვიმყოფები. თუმცა, სულიერ მდგომარეობას აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა. სხვა უფრო მნიშვნელოვანი საფრთხის მოახლოვება ვიგრძენი - სისხლი ამოვახველე! იქ, სადღაც, ფილტვების სიღრმეში, კაპილარებმა იწყეს დაშლა, ეს დაშლა, როცა არტერიამდე მიაღწევს, ერთ წუთში სისხლისგან დავიცლები! ასე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სრულ ჭკუაზე მოვკვდები თუ შეშლილი!
დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვრო!
რა მესაჭიროება დღეს? საჭმელ-სასმელის მხრივ საწუწუნო არაფერი მაქვს - მცირეოდენი არაყი მომეძებნება და იაფფასიანი ძეხვის მოზრდილი ნაჭერი. რაც შეეხება სითბოს, ჩემს ბინაში ამ უკანასკნელის საშინელი დეფიციტია. მას მერე, რაც ქვეყანა დედაბუდიანად აირია და ყველაფერთან ერთად, ბინების ცენტრალური სისტემით გათბობა მოიშალა, ოთახში რკინის ჟანგიანი ღუმელი დავდგი, საკვამური მილი ქუჩაში გავაყოფინე და თუკი ხელთ რაიმე ისეთი ჩამივარდება, რაც წვას ექვემდებარება, ვწვავ და ვთბები. წუხელ, სიცივისგან რომ გავითოშე, დასაწვავად გავიმეტე ძველი ფეხსაცმელი, სადარბაზოში გასასვლელი კარების წინ გაფენილი რეზინის ნაჭერი და ბებიაჩემისდროინდელი წითელი ოყნა. იმის საფასურად, რომ ერთი საათის განმავლობაში გავმთბარიყავი, მთელი უბანი შავ კვამლში გავხვიე - სულ არ მენაღვლება, ხალხი თუ შეწუხდა!
ახლა ვზივარ ოთახში და დავჩერებივარ იატაკს - გამომშრალი წიფელი... აქა-იქ, ზოგიერთი ნაჭერი ისე მაცდურადაა ამოშვერილი, სიცხეც რომ იყოს, წაავლებ ხელს და შეუკეთებ ღუმელში! არ ვიცი, იატაკს აქამდე რატომ გავუფრთხილდი - გრძელი ზამთრის ნახევარი რის ვაივაგლახით გადავაგორე; დარჩენილ ნახევარს, მთლიანად თუ არა, დიდ ნაწილს იოლად გადამატანინებს! მით უმეტეს, თუ გაზაფხულამდე სიცოცხლე არ მიწერია, რაღა თავში სახლელად მინდა ეს დანაკუწებული ფიცარი?! მაგრამ... რაღაც უცნობი ძალა მაკავებს... ეჰ... როგორც არის, არის, იატაკი დაწვას თუ გადაურჩა და მე მანამდე ფეხები გავფშიკე, ანდერძს ვტოვებ: ჩემს საფლავს, ქვის ნაცვლად, იატაკის ნაჭერი დაადონ!

16 იანვარი
მთელი დღეა საწოლზე ლეშივით ვგდივარ... ჯერ იყო და წარმოვიდგინე, ვიზიტზე ვიღაც ექიმთან კაბინეტში შევედი - ვეკითხები: ეს ჩემი ნაადრევად შემოცვეთილი ძვალი და ტყავი სიკვდილამდე თუ გამიძლებს? - კი, სიკვდილამდე უეჭველი გაგიძლებსო! - მიპასუხა მან და დავმშვიდდი.
შემდეგ, ჩემი პანაშვიდი წარმოვიდგინე: ვწევარ... ვუყურებ მათ, ვინც მე მიყურებს; ვხედავ მათ, ვინც მე ვერ მხედავს - და არავითარი აზრი არა აქვს ამას!

P. S.  დავადგინე: გარეკილი მაქვს.

26 იანვარი
ამაზრზენი ცხოვრებით სახლში ტუსაღივით გამომწყვდეული დილიდან ჩემ თავს ვებუზღუნები, ვილანძღები, ვიგინები - ალბათ, გავცოფდი?! ვინმემ ძაღლების გამოფენაზე რომ გამიყვანოს, სიავეში პირველ ადგილს მომანიჭებენ!

P.S.  არ მეგონა, თუ დღეს ჩემს თავს გავაცინებდი.

2 თებერვალი
დღეს ისევ სისხლი ამოვახველე...
საცაა, ჩემი დაბადების დღე მოვა - ოცდაათ წელს მივუკაკუნე! ეჭვი არაა, ცხოვრების ნახევარზე მეტი განვვლე, ჩემი შერყეული ჯანმრთელობის პატრონმა, შეუძლებელია, სამოც წელს მივაღწიო.

11 თებერვალი
გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო...
სტუმრების კი არა, საკუთარი თავის დანახვაც არ მსურს!
რატომ მოვიძულე ადამიანები ასე? ამის გახსენება არ მინდა, მაგრამ ვერც დავიწყებას ვახერხებ, თუ რა უმოწყალოდ გამწირეს უახლოესმა ადამიანებმა! მშობლებისგან მემკვიდრეობით ფულიც მერგო, ქონებაც... და აი, დაუდევრობითა და უფრო მეტად, გულუბრყვილობით, მათხოვარი გავხდი! როცა ადამიანი ცხოვრებას იწყებ, წინასწარ როგორ უნდა განჭვრიტო, თუ რაოდენ უმოწყალოა ადამიანთა მოდგმა?! ღირსებაში ტყის მხეცებმა როგორ უნდა გვაჯობონ?! თუმცა, სხვისგან რას ვითხოვ, განა მე თავად გაიძვერა არა ვარ!!!

12 თებერვალი
გათენდა... დაღამდა!

13 თებერვალი
“ _______ “

20 თებერვალი
დეპრესიამ გადამიარა.

1 მარტი
გვიანობამდე ძილს მიჩვეული, დილაადრიან შიმშილის გრძნობამ გამომაღვიძა (დილის ათი საათი იყო) - ჩავიცვი, ქუჩაში გავედი... დამგესლა სუსხიანმა დილამ! გაბოროტებულია ქვეყანა - პურის ქურდობაზეც კი ციხეში სვავენ! ციხეში ვერ წავალ! ციხე ყველაზე მეტად ცუდი იმითაა, რომ ადამიანებს ვერ გაერიდები, ვერ განმარტოვდები, იქ ყველანი ერთმანეთის პირისპირ არიან! რაიმე უნდა ვიღონო - შიმშილისგან ლამისაა ნაგვის ბუნკერში ჩავძვრე! ფეხებმა ბრმად, ნაცნობ “მარკეტთან” მიმიყვანა - რამდენი არაყი, ლუდი, ძეხვი და პური შემიძენია იქ - და არც ერთხელ ნისიად! “მარკეტის” მფლობელი თავადაა გამყიდველი, ერთი გოგო ჰყავს აყვანილი დამხმარედ (ეს გოგო, კინაღამ “ძუკნად” მოვიხსენიე... არ იმსახურებს; შარს ვერ მოვუდებ, კარგი გოგო ჩანს.). “მარკეტის” მფლობელზე ვლაპარაკობდი (“მედუქნე” - გუნებაში ასე შევარქვი მას; რატომ და რისთვის შევარქვი, თავად არ ვიცი - მედუქნე ხომ, უფრო მეტად, “ზაბიგალოვკის” მეპატრონესთან ასოცირდება.). ცუდი არაფერი მახსოვს მისგან, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ მას შემთხვევა არ მისცემია ეხილა ჩემი შეუნიღბავი სახე და აქედან გამომდინარე, პურს და მცირეოდენ ძეხვს ნისიად რატომ არ გამომატანს?!
“მარკეტში” შესულმა, ჯერ “მედუქნეს” გავუღიმე, შემდეგ, მის დამხმარე გოგოს, და ამის შემდეგ, მგონი, ოდნავ უტაქტოდ მივახალე:
პური მინდა ნისიად!
სანამ პასუხს მივიღებდი, ერთი კი გავიფიქრე: უნდა დამეკონკრეტებინა, რომ მხოლოდ ერთი პური მინდოდა (რათა, “მედუქნისთვის” გამეიოლებინა გულმოწყალების გამოჩენა). მაგრამ... თხოვნაში კორექტირების შეტანა ვერ მოვასწარი;  “მედუქნე” იმავწამს დამეკითხა თუ რამდენი პური მინდოდა.
არ დავიბენი: ოთხი... ხუთი აჯობებს!
ხუთი პური გადმომილაგა და ღიმილით დასძინა: ალბათ, სტუმრები გყავს?
ხო, სტუმრები მყავს...
სხვას რას წაიღებ? - შემეკითხა. აშკარა იყო, არ დამცინოდა და გამხნევებულმა, გავაგრძელე: ძეხვი მინდა, აი ის, ყველაზე დიდი! მომაწოდა... და როდესაც, სხვადასხვა კონსერვები თავისი ნებით შემომთავაზა, მე ენა დამება.
შაქარიც გამომატანა, კარაქიც, ყველიც ჩამიდო და ყავაც. იანგარიშა... შევპირდი, ერთი კვირის თავზე ვალს დავუბრუნებდი. კეთილი, - მითხრა, და ჩვენ დავშორდით.

სახლში ვარ. დანაყრება მოვასწარი, საწოლზე ვწევარ და ვფიქრობ: “მედუქნე” გადაირია(!), ან რაღაც სხვა რამეშია საქმე! იქნებ, უბრალოდ, საქონელი გაასაღა?! მაგრამ თუ გაასაღა, ვიზე გაასაღა, ჩემზე? სისულელეა! გულუბრყვილო ადამიანს არ ჰგავს! როგორც არის, იყოს, ხელი ჩამიქნევია - საჭმელ-სასმელი თავსაყრელი მაქვს! ჩავიკეტები სახლში, გარეთ ცხვირსაც არ გავყოფ! სტუმარიც რომ მოვიდეს, კარს არ გავუღებ, ვითომ სახლში არ ვარ! და ერთი კვირის შემდეგ, როცა “მედუქნეზე” ვალის დაბრუნების დრო მოვა, რაღაც მოხდება! როგორც იტყვიან - ”ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი”! ამ ხნის მანძილზე მე თუ არ მოვკვდი, შესაძლოა, ”მედუქნე” მოკვდეს! ან იქნებ, წარღვნა იყოს და ყველანი ერთად დავიხოცებით!

8 მარტი
წარღვნა არ მოხდა... არადა, მის მოლოდინში მთელი ერთი კვირა გავატარე. დღეს, ”მედუქნე” ჩემგან ვალის დაბრუნებას ელოდება - ფული არა მაქვს! იქნებ, ”მედუქნე” მოკვდა? ასეთ შემთხვევაში, საჭირო აღარაა წარღვნა. არა, ”მედუქნემ” უნდა იცოცხლოს - რადგან სარჩო-სანოვაგე გამომელია და ისევ ძაღლივით მშია! მივალ, თავს შევაცოდებ... არა, პირიქით - სიმხნევეს გამოვიჩენ! დავარწმუნებ, რომ სამსახურს ვიწყებ და შემდეგი კვირის თავზე, უეჭველად დავუფარავ ვალს; ასე მეტი შანსია, რომ ახალ ნისიაზე დამთანხმდეს!
დღევანდელი დღის ჩანაწერს დროებით ვწყვეტ - ვნახოთ, შევძლებ თუ არა, მედუქნის გაცურებას?!

P. S.  საღამო...
მგონი, მედუქნე შეშლილია! არავითარი ძალისხმევა არ დამჭირვებია მის გასაბრიყვებლად. როგორც პატიოსან კაცს, ისე გადმომილაგა იმაზე მეტი პროდუქტი, ვიდრე პირველად მომცა და - გამიღიმა... მეც გავუღიმე.
დღე დასრულდა.

10 მარტი
დღეს, ქალაქში მომიწია გასვლა... მთავრობის სასახლეს ჩავუარე. ოპოზიცია და ხელისუფლება ისევ გააფთრებით დაუპირისპირდა ერთიმეორეს - ხმაურით ცდილობენ ხმაურის ჩახშობას! ის, რაც მათ დემოკრატია ჰგონიათ, სინამდვილეში, მარცვალია, რომლისგანაც შემდგომში ანარქია აღმოცენდება! ასპარეზზე ვინმე ძლიერი უნდა გამოჩნდეს და დაპირისპირებულ მხარეთა შორის ჩადგეს - აი, ასე: В перёд калы, назад кондах!  კიდევ: В перёд калы, назад кондах!  იქამდე, სანამ ქვეყანაში ”ბრბოს” პოლიტიკოსობის ჟინი არ მოეშლება!
P.S.  ვბრძანებ: მთელი ქვეყნის მაშტაბით აიკრძალოს ადამიანთა ჯგუფური თავშეყრა, პოლიტიკაზე საუბარი და ფიქრი!
ბრძანებას ხელს ვაწერ: სახელი გვარი        ხელმოწერა      თარიღი

11 მარტი
ომი იქნება! საშინელი ომი იქნება!
ვაი, იმას, ვინც არ იცის, ომი რა არის!
ორმაგად ვაი იმას, ვისაც დასაკარგი აქვს რაიმე!
მე გამიმართლა - ომიც მინახავს (აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ) და არც არაფერი მაქვს დასაკარგი! ამას წინათ, ძველ დღიურებში ვიქექებოდი, ომთან დაკავშირებული ჩანაწერები მინდოდა აღმომეჩინა. აღმოვაჩინე, ოღონდ, ძალზედ მცირეოდენი: ომში მოხალისედ წავედი. აი, წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რა ჩავინიშნე: ”ვიფიქრე, იქნებ მეომარი ვარ? ომში წავედი, ვიომე! ომიც მომბეზრდა...  სახლში დავბრუნდი.”
რა არის ომი? ომის შინაარსი სანგარში მწოლიარე ”კარიფანის” სიტყვებშია მოქცეული - უეცრად, ასეთი რამ წამოიძახა: ”რას წარმოვიდგენდი, ოდესმე ადამიანებზე თუ მომიწევდა ნადირობა... -  კარიფანი, ომამდე საშუალო სკოლის მასწავლებელი იყო.

12 მარტი
დღესაც მომიწია ქალაქში გასვლა... უკანასკნელი გასვლისგან განსხვავებით, დღევანდელი ”მოგზაურობით” კმაყოფილი ვარ - ერთ-ერთი სამხატვრო გალერიის საგამოფენო დარბაზში, ჩემთვის უცნობი მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე მოვხვდი. მომეწონა ამ მხატვრის შემოქმედება. თუმცა, ექსპოზიციას დიდად არ ჩავკვირვებივარ. ერთმა ფერწერულმა ტილომ განსაკუთრებულად მიიქცია ჩემი ყურადღება და მთელი იქ ყოფნის მანძილზე, მას არ მოვცილებივარ - სურათის ცენტრში უცნაური არსება იყო გამოსახული, რომელსაც მკერდამდე ადამიანის ბუნებრივი სხეული ჰქონდა, ხოლო მკერდს ზევით, საიდანაც მკლავები და თავი იწყება, სხეული ორად იყოფოდა - ორი ახალი მუცელი, ორი ახალი მკერდი; თითეული ეს გაორება, სხვა ახალ ანალოგიურ გაორებებში გადადიოდა; იმ გაორებებსაც იგივე რამ ემართებოდათ და ასე რამდენიმეჯერ. როგორც ჩანს, ავტორმა სურათში პერსონაჟის გაბევრების პროცესის დაუსრულებლობის ნიშნად, გაბევრებული სხეულის დაბოლოებებში კვირტები ჩახატა. ამ სურათის სრული სახელწოდება ასეთი იყო - ”პიროვნების გაბევრების ფაქტი გაორებულ და ერთაზრიან პირთა ფონზე”. ერთი შეხედვითვე მივხვდი, რომ ეს ჩემი პორტრეტი იყო. თუმცა, რაც მეტად ჩავუღრმავდი და გამოვიკვლიე ეს სურათი, ჩემსა და მასზედ გამოსახულ პერსონაჟს შორის კლონირებული სიზუსტის მსგავსება აღმოვაჩინე. დარბაზში, ხელთ ჩამივარდა რეცენზიის შინაარსის მქონე ჟურნალი, რომელშიც ამა თუ იმ სურათის მიმოხილვა იყო მოცემული. ჟურნალი როგორც კი გადავშალე იმ გვერდზე, რომელზედაც ”პიროვნების გაბევრებასთან” დაკავშირებით ინფორმაცია მოიძიებოდა, სახტად დავრჩი - გადავწყვიტე, ფურცელი მალულად ამომეხია.
ამოვხიე.
იმედია, ეს ზარალი მხატვრისთვის არ იქნება მნიშვნელოვანი დანაკლისი. გონიერი კაცი ჩანს - გაგონილი ექნება, რომ წიგნის ქურდობა არ ითვლება ქურდობად! მით უმეტეს, მე მას წიგნი კი არა, კუსტარულად დამზადებული ჟურნალის ერთი ფურცელი მოვპარე. ამ ერთ ფურცელში მოთავსებული ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, ზოგიერთი მონაკვეთი სიტყვა-სიტყვით გადმომაქვს დღიურში (სხვათა შორის, აღნიშნული ინფორმაცია თავად სურათშიც, ზედ ტილოზევე იყო განთავსებული - მიწერილ-მიხატული):
”თავიდან ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მერე რაღაც დაემართა და - გაორდა! მერე უფრო დაემართა... უფრო! უფრო! და ბოლოს, ისე გაბევრდა, ანგარიში აერია!”
”თავისი სურვილით სიამოვნებით მიატოვებდა ამ ქვეყანას. და განა უბრალოდ მიატოვებდა, გაიძურწებოდა ამ ქვეყნიდან _ მოკვდა! მაგრამ, იცოდა რა, სულის უკვდავების შესახებ, აღნიშნული ქმედებისგან ის აზრი აკავებდა, რომ საკუთარ თავს ვერც იმ ქვეყანაში დააღწევდა თავს!”
ეჰ...


13 მარტი
ყველაფერი, რაც ამ დღეს თვალის გახელის წამიდან მოვიმოქმედე, სხვა არაფერია, თუ არა არსებობის ელემენტარული დაფიქსირება. და რადგან, ახლა უკვე დღე მიიწურა, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დღე (უკვე საღამო ხანს) დღიურში განვლილი ცხოვრების ათასი სისულელით გადავსებული ფურცლების ფხრეწით დავიწყე! ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა ღრმა ფიქრისა და ყოყმანის საკმაოდ ხანგრძლივმა პროცესმა განაპირობა; იატაკზე გულაღმა გართხმულს წინადღით საგამოფენო დარბაზში ნანახი ნახატი მედგა თვალწინ - “პიროვნების გაბევრების ფაქტი გაორებულ და ერთაზრიან პირთა ფონზე”... რაც მეტს ვფიქრობდი ამ ნახატზე, მეტად და მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ის ჩემი პორტრეტი იყო! რადგან დამხატეს, ესე იგი, მე ვიღაც მიცნობს და ან არც მიცნობს, უბრალოდ, მისი ავტორი პიროვნულად აბსოლუტურად ჩემი იდენტურია. ორივე შემთხვევაში, დასტურდება, რომ მე მარტოსული სულაც არ ვყოფილვარ ამქვეყნად! კმაყოფილმა ოთახს (ქვემოდან, მაგრამ მაინც ზემოდან) გადავხედე - მაგიდიდან, რამდენიმე დღის წინათ გამოცლილი არყის ბოთლი დარცხვენით მიმზერდა... გაშლილი ცარიელი ხელით ვადღეგრძელე აღნიშნული ნახატის ავტორი (გვარი კი დამავიწყდა მისი) - კარგად ხატავს!
თუმცა... ეს მხატვარიც მატყუარა იქნება! ისევე როგორც მე!

P.S. ძილი არ მეკარება.
წინანდელისგან განსხვავებით, ახლა საწოლზე ვწევარ... და ვფიქრობ: ყველა მატყუარაა, ცრუ! თავი ისე უჭირავთ, თითქოს ცხოვრებაში სულ წინ და წინ მიდიან! არადა, წრეზე ბრუნავენ! ერთ ადამიანს პირში მივახალე, წრეზე ბრუნავ-მეთქი(!) და ისე შემომხედა, იძულებული გავხდი დამემატებინა - ბრუნავდა დედამიწასთან ერთად!
აპოკალიფსი გარდაუვალია! რადგან ჩვენ დროში ადამიანი განა სარკეში ჩანს, სარკე აჩვენებს მას, თუ როგორი უნდა იყოს იგი! თუ შესაძლებელი იქნება კაცობრიობის ზოგადი სახე რაღაც ფორმულაში აისახოს, მაშ ეს ფორმულა აბსურდის პროპორციული იქნება! თავად აბსურდი იქცა ქვეყნიერების შინაარსად! რადგან ირგვლივ სხვა წესრიგი აღარ არსებობს, აბსურდმა შეითავსა საყოველთაო წესრიგის ფუნქცია! განა სასაცილო არ არის, პოპვარსკვლავის ნაქონი ცხვირსახოცი ძვირფასეულობად რომ ითვლება; და ამ ხვირსახოცს ფასი ემატება თუ იგი, მფლობელის მიერ დასვრილია, ანუ, ჟღვლინტიანია! ამ სამარცხვინო ფაქტს კაცობრიობა ვერ გაექცევა, რადგან თავად ეს ფაქტი კაცობრიობაზე მაღლა დადგა, ის მართავს კაცობრიობას! ასე რომ, მავანთ და მავანთ, რაც უნდა მყარი ეგონოთ ის თავიანთი ბრჭყვიალა გემი, დრო მოვა და გემი ოკეანეში ჩაიძირება!
ძილის დროს, ღამით, თავქვეშ ზოგს ჰეგელი უდევს და ზოგს ფროიდი - თავს იმით იწონებენ, რომ ასეთი ავტორების ნაწარმოებთა დედანში კითხვის უნარი შესწევთ. წიგნი, რაც უნდა ღრმა და მრავლის მომცველი იყოს, ღამით მისი განსვენების ადგილი თაროზეა და არა, თავქვეშ! თავქვეშ კი, რა შეიძლება ამოიდოს ადამიანმა? რა და... ბალიში! დიახ, ბალიში ადამიანის ხელით ქმნილი ერთადერთი რამაა, რასაც ჰომოსაპიენსმა თავქვეშ შეუძლია მიუჩინოს ადგილი!
ეჰ... ძილი მომერია.
ღამე მშვიდობისა!

14 მარტი
მეოთხე დღეა, ჩემი ცხოვრების დღის წესრიგიდან ფილოსოფიის თემა არ გადადის; ტელევიზორში ერთმა ”თოქ შოუმ” გადაცემა აბსურდს მიუძღვნა - ლიტერატორები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები და სხვა ათასი მსგავსი რჯულის სტუმრები ჰყავდათ მოწვეული; თითოეულმა ისეთი ცხოვრებისეული შემთხვევა გაიხსენა, რომელიც, მათი აზრით, აბსურდთან იყო კავშირში. მე გავოგნდი - არ მეგონა, თუ ჩვენ ქვეყანაში პრაქტიკულად არ ეცოდინებოდათ თუ რას ნიშნავს აბსურდი! ორი გავამრავლოთ სამზე, უდრის ჩვიდმეტს - ეს, ჩემო კარგებო, სისულელეა და არა აბსურდი! ვინმემ აბსურდის თემაზე სრულფასოვანი რაიმეს თქმა რომ შეძლოს, მას, სულ ცოტა, ცხოვრების ნახევარი უკან სვლით უნდა ჰქონდეს გავლილი! ამ გადაცემაში კი, სახე გაბრწყინებული ოპტიმისტების მეტი არავინ გამოჩენილა.
ფიქრებში ჩაძირულს, უეცრად, კედლების იქიდან შემოღწეული შემზარავი ხმა ჩამესმა: შენ, ამდენს რომ ლაპარაკობ აბსურდზე, უკანსვლით იარე კი ცხოვრების თუნდ ერთი მეოთხედი?! - არა! (ვუპასუხე ამ ხმას) უკანსვლით არასდროს მივლია! მაგრამ... (გავაგრძელე ფიქრი) რად გინდა? ვერც წინ წავედი!

15 მარტი
დასრულდა ფილოსოფია! უფრო სწორად, ის მოკვდა(!) - რადგან ახლა მე, შიმშილის გარდა, სხვა არაფერი მადარდებს. ჯიბეცარიელმა, წესით, ”მედუქნეს” დღეს წინა და იმის წინა ვალი უნდა დავუბრუნო. არ ვიცი, რა მოვიფიქრო? ალბათ, სხვა ”მედუქნე” უნდა ვიპოვო! მაგრამ ვინ? ვინ გაიბრიყვებს თავს ისე, როგორც მან გაიბრიყვა? ჰო, მან სწორედ, რომ შეგნებულად გაიბრიყვა თავი, რადგან ყველაფერი იმდენად თავისთავად მოხდა, თითქოს წინასწარ იყო დაწერილი სცენარი. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ შევიცანი მედუქნის პიროვნება! რაღაც ეტაპზე, იმ აზრმაც გამკრა თავში - ამ კაცს სექსუალური გადახრები ახასიათებს და პარტნიორის ძიებაშია? მაგრამ ეს აზრი, როგორც სერიოზული ეჭვი, აღარ ამეკვიატა, რადგან ვიცი - ოთხი შვილის მამაა, აღნიშნული საქმიანობისთვის ასაკი ხელს არ უწყობს და თანაც, მორწმუნე კაცი ჩანს - მაღაზია ხატებით აქვს გამოჭედილი. მოკლედ, როგორც არის, იყოს - მისკენ მივემართები... დავენახვები მაინც! ჩემი ქმედება თუ რამდენად არის განპირობებული სინდისის ქენჯნით და რამდენად შიმშილის გრძნობით, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის!

მარკეტში შესვლა ვერ შევბედე; შორიახლოს გავჩერდი ისე, რომ ”მედუქნეს” შევემჩნიე და თან, შთაბეჭდილება შექმნოდა, თითქოს ვიღაცას საქმიანად ველოდებოდი. ”მედუქნემ” შემამჩნია თუ არა, ხელით მანიშნა, მასთან მივსულვიყავი. ნაბიჯის თრევით გავემართე - მექანიკურად გონებაში სიტყვებს ვალაგებდი; მისთვის უნდა მეთქვა, თითქოს ნაცნობს ველოდებოდი, ვისაც ნასესხები ფული უნდა დაებრუნებინა. მაგრამ მარკეტში შესულმა, სიტყვა ვერ დავძარი; მისალმების ნიშნად თავი დავუკარი და გავხევდი.
მან ღიმილით ხელი ჩამომართვა და მოიკითხა ჩემი ჯამრთელობა.
მოკლედ ვუპასუხე: მახველებს!
შემომთავაზა, ვიზიტზე მის მეგობარ ექიმთან მივსულიყავი... და ლაპარაკ-ლაპარაკში, ორი პოლიეთილენის პარკი პროდუქტით პირთამდე ამივსო; ერთი ბოთლი სამარკო წითელი ღვინოც გამოაყოლა. ამის შემყურეს, სიტყვა ყელში გამეჩხირა... შემატყო ეს და, მხარზე ხელის მოთათუნებით გამომისტუმრა; მითხრა, არაფერზე მედარდა.

ახლა უკვე სახლში ვარ.
არაფერი ვიცი! და თუ რაიმე ვიცი, ერთადერთი ისა, რომ გვარიანად გავძღები! ”მედუქნის” სადღეგრძელოსაც დავლევ... არა, ”მედუქნის” არა - თომას სადღეგრძელოს! ადამიანს, რომელსაც მედუქნედ ვიხსენიებდი, თომა ჰქვია.

16 მარტი
სურვილი მაქვს დღეს რაიმე მივამატო დღიურს... მაგრამ არაფერი ხდება მნიშვნელოვანი. წარმოვიდგინე, რაღაც მიღწევის გამო ნობელის პრემიით მაჯილდოვებენ - მთხოვეს, ჩემი ავტობიოგრაფია გამეცნო საზოგადოებისთვის! კი ბატონო, გავაცნობ, არაფერი მაქვს დასამალი.
ავტობიოგრაფია:
დავიბადე... გავიზარდე... არასოდეს მყოლია მასწავლებელი და არც მასწავლებლად გამოვადგები ვინმეს! როცა დრო მოვა, მოვკვდები.

17 მარტი
როგორც იქნა გათენდა... მთელი ღამე კოშმარი მელანდებოდა - სიზმარი ვნახე, რომელშიც ერთდროულად ყრუ, მუნჯი და ბრმა ვიყავი!
დღის განმავლობაში თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოხდა, ამ ნაწერს ისევ მივუბრუნდები.
P.S.  დღე მიიწურა - ვხედავ, მესმის და ვლაპარაკობ კიდეც(!), მაგრამ ეს ყველფერი არად მარგია.
და კიდევ ის მინდა ვთქვა, რომ საკუთარი უსუსურების შეგრძნება მძიმეცაა და როგორღაც, ჯანსაღიც!
ჯერ არ მინდა სიკვდილი...

22 მარტი
კიდევ ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც თომა უკანასკნელად ვნახე და ძღვენი გამომატანა. იცის, ვალს ვერ დავუბრუნებ. რატომ იქცევა ასე? როგორც უნდა ვარწმუნო საკუთარი თავი, თითქოს ეს ვითარება ჩემთვის, როგორც გაიძვერა ადამიანისათვის, სულერთი არის, კითხვები უპასუხოდ მრჩება, ფორიაქი მიპყრობს. რაღაც მცირეოდენით მაინც უნდა ვცე ამ ადამიანს პატივი - მამაჩემის ნაქონი, ძველებური, ჯაჭვიანი ვერცხლის საათი მაქვს... თვითონ არ ვიცი, როგორ შემომენახა ეს ფასიანი ნივთი გაუყიდავი. თუმცა, ფასიანი არც არის, ჩემ წარსულ, უღრუბლო ცხოვრებას რომ უკავშირდება, იმიტომ ვაფასებ. ეს საათი თომას ხელში თავს უკეთესად იგრძნობს, ვიდრე მისი პირვანდელი მეპატრონის უღირსი შვილის ხელში! გადაწყდა: თომასთან მიმაქვს!

P.S.  მოხდა ის, რასაც არ ველოდი და სადღაც, გულის სიღმეში მალულად, მაინც ველოდი: თომას საჩუქარი მოეწონა, ოღონდ, უკან დამიბრუნა და მთხოვა - ამ ნივთს გავფრთხილებოდი! და როცა, პროდუქტის მორიგი პარტიით დამტვირთა, ვკითხე, რითი უნდა გადამეხადა ეს ამაგი. ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი რამ მიპასუხა: როცა ეკლესიაში შევიდოდი ღმერთისთვის ჩემი კეთილდღეობის შესავედრებლად, ორიოდე სიტყვით მასაც შევწეოდი!
ისე ვუპასუხე, როგორც არის: მე ეკლესიაში არ დავდივარ!
მან კედლიდან ერთი პატარა, ქაღალდზე დაბეჭდილი სიფრიფანა ხატი ჩამოიღო და გადმომცა; მითხრა: შენი კეთილდღეობა ამასაც შეგიძლია შეავედროო (საკუთარ თავზე აღარაფერი უთხოვია)! მადლობა გადავუხადე და დავშორდით. ხატებში ვერ ვერკვევი, მაგრამ იმ ხატის ცნობა არ გამჭირვებია, რადგან არ არის ადამიანი, რომელიც ღვთისმშობლის ხატს ვერ იცნობს.

დაბნელდა...
შეიძლება ითქვას, დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა, არის ერთი დაფარული გარემოება, რომელიც, გარკვეულწილად, სულიერ დისკომფორტს მიქმნის. მიჭირს ზედმიწევნით ზუსტად შევიცნო ამ დისკომფორტის ხარისხი და მიზეზი, რომ პირველი (დისკომფორტი) მეორისგან (კონკრეტული მიზეზისგან) მოედინება. საქმე ეხება ქაღალდის სიფრიფანა ხატს, რომელიც თომამ გამომატანა და რომელმაც, “ჩემს სამფლობელოში” ჩემთან ერთად დაიდო ბინა. ვიცი, ეს ძალზედ ფაქიზი თემაა და ამიტომ, ამ ეტაპზე ზედმეტი ფიქრისგან თავს შევიკავებ. იმედია, იმისა შეგრძნება, რომ ბინაში ვიღაც ისეთი შემომისახლდა, ვისაც თვალები აქვს და გამუდმებით მაფიქსირებს, გაიფანტება!
ხატს საკადრისი ადგილი მივუჩინე, შუშის კარადაში ჩავდე ისე, ოთახის ლამის ყოველი კუთხე-კუნჭულიდან მოჩანს... პირჯვარიც გადავიწერე.
ვწვები და ვიძინებ!

23 მარტი
გათენდა...
საწოლიდან წამომდგარი არ ვიყავი, თვალი ხატისკენ გამექცა - მაფიქსირებდა! ვიცი, რომ კეთილი განზრახვით მადევნებდა თვალს, მაგრამ რადგან თავად უწესო ადამიანი ვარ, ამ მზერამ დამამძიმა. ერთი კი გავიფიქრე - სიფრიფანა ქაღალდია... მაგრამ ჩემდა სავალალოდ, გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ეს “სიფრიფანა ქაღალდი” ჩემზე ბევრად უფრო ცოცხალი არსება იყო.
ვცადე, ძილი გამეგრძელებინა... არ გამომივიდა.
წამოვდექი, ჩავიცვი და იქაურობას გავეცალე, ქუჩაში გავედი. იმის ნაცვლად, ხატს გაცლილს სიმშვიდე მეპოვა, უარესად დავმძიმდი; ბრაზი მომერია, საკუთარი სახლიდან ლტოლვილი, იძულებით გადაადგილებული პირი რომ გავხდი! ქუჩის პირას მდგომ გრძელ მერხზე ჩამოვჯექი და გამვლელ-გამომვლელის თვალიერება დავიწყე - ვაკვირდებოდი ბავშვებს, როგორ მიდიოდნენ სკოლაში... ასაკოვან ადამიანებსაც ვაკვირდებოდი, ვცდილობდი, გამომეცნო როგორები იყვნენ ისინი იმ ასაკში, როცა სკოლაში დადიოდნენ. შემდეგ წარმოვიდგინე ყველა ეს ადამიანი ერთად (დიდი და პატარა) სად და როგორ იქნებოდნენ ასი წლის შემდეგ, როცა აღარ იქნებოდნენ ცოცხლები!
საოცარია...
მთელი ცხოვრება უღმერთოდ ვცხოვრობ... რატომ არ მეშინია ეშმაკის?! თუმცა, ვინ იცის, არ მეშინია კი? თუ არ მეშინია, მაშ, რატომ მზარავს ღამით სასაფლაოს წყვდიადი? სასაფლაო არ არის ეშმაკის საბრძანებელი და გაქცეულს, არც მკვდრები დამედევნებიან! სწორედაც რომ მეშინია მისი და არა მარტო მისი, მეშინია ყოველივე არა ამქვეყნიურის! ხატისაც მეშინია - სიყვარულს არ განვიცდი მის მიმართ! და თუ ჩემს ბინაში საპატიო ადგილი მივუჩინე, ეს სულაც არ არის განპირობებული იმით, რომ მინდოდა მისთვის პატივი გულით მიმეგო!
მხდალი! სუსტი! მშიშარა! არ ვიცი, კიდევ სხვა რა სიტყვები ვიხმარო ჩემი თავის დასახასიათებლად. იმის ძალაც არ შემწევს, კბილის ტკივილი მოთმინებით ავიტანო. ვბობოქრობ მხოლოდ იმ დროს, როცა თავი ქვიშაში მაქვს ჩარგული. ჯანდაბას ჩემი თავი!
ქუჩამ კიდევ უფრო დამამძიმა. სახლში დავბრუნდი.
ახლა, ხატის პირისპირ სკამზე ვზივარ - არ ვიცი, ჩემს თავს ვესაუბრები თუ ხატს: თვითნებურად შემოიჭრა ის ჩემს კერძო ტერიტორიაზე! მე მხოლოდ ამ ტერიტორიის შიგნით არსებულ სივრცეში შემეძლო ვყოფილვიყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ, მეკეთებინა ის, რაც მინდოდა - ვილანძღო, ვიგინო, ათასი სამარცხვინო საქციელი ჩავიდინო, თუნდაც, ნაგვის ვედრო ჩამოვიმხო თავზე! ახლა კი, იძულებული ვარ საკუთარი თავი მოვთოკო, რომ ანგარიში გავუწიო ჩემს თანამოსახლეს! ვიმეორებ: ვიცი, ხატი კეთილია, დასაღუპად არ ემეტება ადამიანი, მაგრამ პრობლემა ჩემშია და არა მასში - მან სინათლე შემოიტანა წყვდიადში და ახლა, ნათელში - წინანდელზე მეტად ბინძური გამოვჩნდი, იმდენად ბინძური, რომ ამ სიბინძურემ თავად შემაწუხა! დაახლოებით ასეთი რამ მოხდა: თუ დიდი ხნის დაუბანავს სუნი ამდის, ამ სუნს მხოლოდ იმ დროს ვგრძნობ, როცა ადამიანთა თავშეყრის ადგილებში ვხვდები. შევეგუე ჩემს მდგომარეობას და არაფრის შეცვლა არ მსურს! არც შეცვლის ძალა შემწევს! რამდენი შემთხვევა იყო ისეთი, ადამიანს წამალი საწამლავად რომ ექცა, რადგან მისმა ორგანიზმმა ის ვერ შეითვისა.
მე და ხატმა როგორმე მშვიდობიანად უნდა გადავინაწილოთ ჩემი ბინის ტერიტორია, ერთმანეთი რომ არ შევაწუხოთ. რადგან ბინა ერთოთახიანია, რომელიმე ჩვენგანს მოუწევს სამზარეულოში დამკვიდრება! მე სამზარეულოში ვერ დავსახლდები - ჯერ ერთი, ზომით დიდი ვარ (იქ ვერ დავეტევი!) და მეორეც, უფრო ადრე დავსახლდი ამ ბინაში! ასე, რომ გადაწყვეტილი ამბავია - პატიებას ვთხოვ ყველას (პირველ რიგში, ხატს) და... ახლავე საქმეს შევუდგები.

P.S.  ხატმა სამზარეულოში დაიდო ბინა. იმედია, დღეს მნიშვნელოვანი სხვა აღარაფერი მოხდება.

24 მარტი (ჯერ არ გათენებულა, ქუჩაში ისევ ბნელა)
თომას ბრალია ყველაფერი... ამირია ცხოვრება!
მთელი ღამე კოშმარი მელანდებოდა. ყველაზე საშინელი მონსტრი, რომელიც ვიხილე - უზარმაზარი ფრინველი, სანამ შორს იყო ჩემგან, დანარჩენი მაჯლაჯუნების ფონზე, არცთუ ისე სახიფათო ჩანდა, მაგრამ როდესაც მომიახლოვდა, სიმახინჯესთან ერთად, მისმა წარმოუდგენელმა სიდიდემ შემზარა - ყელში ჩამაფრინდა და იმ წუთამდე მგუდავდა, სანამ დამფრთხალი საწოლიდან არ გადმოვვარდი. აღარ შემიძლია ამდენის მოთმენა! გათენდება თუ არა, თომას ხატს დავუბრუნებ! ეხლავე შემიძლია ხატი მოვიცილო თავიდან - ფანჯრიდან გადავისვრი(!), მაგრამ მეშინია - აქამდე თუ ეშმაკები მარბევდნენ, ახლა ანგელოზებიც თავს დამესხმიან!
მე უბრალო, სუსტზე სუსტი ადამიანი ვარ! შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ღორი ვარ და ტალახში უნდა ჩავწვე - ოღონდ, არავინ გამომაფხიზლოს! განუკურნებელი სულიერი სენით ვარ ავად - გამაყუჩებელი მჭირდება და არა სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ჩემ სენს, განკურნების ნაცვლად, მეტად აღაგზნებს! დაძინებით, რაღას დამეძინება? ოღონდაც, მალე გათენდებოდეს - მაღაზია გააღოს თომამ!
ეს რა მიქნა ამ კაცმა?! აღარაფერი მინდა მისი! ვალსაც დავუბრუნებ! სახლს გავყიდი და დავუბრუნებ! რად მინდა სახლი - გამოზაფხულდა... ქუჩაში ვიცხოვრებ - ”ბომჟი” გავხდები! თუმცა, რატომ ”ბომჟი”? პირიქით, ერთ პატარა ოთახს ვიქირავებ; დარჩენილი ფულით კარგს ვჭამ და კარგს ვსვავ! და როცა, ხელახლა სიცივეები დაიჭერს, ჩემი სენის პატრონი, იმედია, იმ დროს ფეხებგაფშეკილი ვიქნები! ოღონდაც, დროზე გათენდებოდეს!
მგონი, ინათა? ჰო, ინათა! მაგრამ, ჯერ კარგა ხანი გავა, სანამ თომა მაღაზიასთან მილასლასდება! თომა კი არა, ”მედუქნე”(!) - ზედგამოჭრილია მასზე ეს სახელი. ოხ... შურს ვიძიებ! დრო ოთახში ბოლთის ცემით გამყავს.
ერთი საათი გავიდა.
კიდევ ერთი საათი გავიდა. დროა ”მედუქნესთან” გავწიო - ხატს ავიღებ და...
სამზარეულოში შესულს თავზარი დამეცა: არ ვიცი რანაირად, ხატი ზეთში დასველებული დამხვდა! ზეთს არ მივკარებივარ... მგონი, ზეთი საერთოდ არ მაქვს სახლში. გაოგნებული სკამზე მოწყვეტილი დავეშვი - ეს იყო ის, რაც სრულ ”ბედნიერებამდე” მაკლდა!
როდესაც გონება მოვიკრიბე, ერთმა უცნაურმა გარემოებამ მიიქცია ჩემი ყურადღება - სამზარეულოში უცნაური სურნელი იდგა. აზრმა გამკრა, ზეთი, რომლითაც ხატი გაჟღენთილიყო, შესაძლოა ყოფილიყო ის, რასაც საეკლესიო ენაზე მირონი ჰქვია. მაგრამ სად? ჩემ ცოდვილ ”ბუნაგში”, ასეთ წმინდა სასწაულს რა ესაქმება?!
ხატი პოლიეთილენის ერთჯერად, სუფთა პაკეტში ფრთხილად მოვათავსე და თომასკენ გავქუსლე... საჩხუბრად არა.

ახლა ისევ სახლში ვარ... ხატი ოთახში, თავდაპირველ ადგილას დავაბრძანე. აღარც ფიქრი შემიძლია და აღარც წერა. თომას სიტყვები გუგუნით მიდგას ყურში: ღმერთს ჰყვარებიხარო!

25 აპრილი
ერთი თვე შესრულდა, რაც ჩემს ოჯახში ღვთისმშობლის ხატმა სასწაულებრივად მირონი გადმოიდინა. იმ დღიდან მოყოლებული, ბევრი ისეთი რამ მოხდა, რამაც ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. პირველ რიგში, ადამიანებს დავუახლოვდი - გახმაურდა ამბავი მირონმდინარე ხატის შესახებ და მორწმუნეებმა ჩემს ბინაში სტუმრობა დაიწყეს. ასეთი ვიზიტების დროს, პირველად, თავს უხერხულად ვგრძნობდი. ჯერ ერთი, სტუმრები მოსვლისთანავე ლოცვას იწყებდნენ, და რადგან მე, ლოცვისა არაფერი გამეგებოდა, უხერხულობისგან ოთახის კუთხეში მიმწყვდეულს, ყურებჩამოყრილი მოწმესავით მიხდებოდა დგომა; და მეორე, ჩემი ბინის ინტერიერის (კედლებსა და კარ-ფანჯარაზე მიხატული მავთულხლართის) მრცხვენოდა. კარ-ფანჯარას, აცეტონის საშუალებით მოვაცილე ”ხლართი”, მაგრამ კედლებს არაფერი ეშველა. კიდევ კარგი, იატაკი ღუმელში დაწვას რომ გადაურჩა! თანდათანობით, მივეჩვიე სტუმრებს და ეს, იმ ვითარებამ გამიიოლა, რომ მომსვლელთ, თითქოს ერთმანეთში შეთანხმებულანო, ძღვენი მოჰქონდათ - საჭმელ-სასმელი. ზოგიერთმა ხატს ფულიც შესწირა. ასე და ამგვარად, თუ მანამდე თომას კმაყოფაზე ვიყავი, უკანასკნელი თვე მაძღარს ხატმა გადამაგორებინა.
ამ ხნის მანძილზე, სხვა კიდევ ის იყო მნიშვნელოვანი, რომ თომამ დამიყოლია ფილტვების გამოსაკვლევად მის მეგობარ ექიმთან მივსულიყავი. მოხდა ის, რასაც არ ველოდი და ახლაც კი, მიჭირს დაჯერება - ტუბერკულიოზი არ აღმომაჩნდა! მიუხედავად ამ სენისთვის მახასიათებელი ნიშნებისა - ამონახველს სისხლს ვაყოლებდი, გამუდმებული დაბალი სიცხე, სისუსტე, ხველა, არც რენტგენმა და არც სისხლის ანალიზმა ორგანიზმში ასეთი სენის არსებობა არ დაადასტურა. სიცხე, სისუსტე და ხველა, როგორც ექიმმა ბრძანა - ადამიანებს პერიოდულად გვახასიათებს... რაც შეეხება სისხლის ამოხველებას, ეს თურმე, უამრავ სხვა მიზეზს შეეძლო გამოეწვია. როცა მან ეს სასიხარულო ამბავი მამცნო, გავშრი, გავოგნდი, ენა მუცელში ჩამივარდა. ექიმმა, ჩემი დუმილი სიხარულის ნიშნად მიიღო. მაგრამ მოგვიანებით, რომ ჩავაცივდი _ ეგება, ამ სენის თუნდაც წარსულში არსებობის მცირეოდენი ნიშანი აღმოეჩინა, გაკვირვებულმა შეიცხადა: ”შენ რა, ყმაწვილო, სურვილი გაქვს სამკურნალო ყოფილიყავი?!”
არა, ასეთი სურვილი არ მაქვს... - ვუპასუხე.
ძალისძალად გავიღიმე, მადლობა გადავუხადე და პირი გასასვლელისკენ ვიბრუნე - გაწუწული ძაღლივით კუდამოძუებულმა დავტოვე იქაურობა; ყველაზე მეტად, თომასთან შეხვედრისა მრცხვენოდა - ჯან-ღონით სავსე კაცმა ბავშვივით რომ ავიკვიატე ავადმყოფობა!
რატომ ავიკვიატე ავადმყოფობა?
არა, ეს აკვიატება არ იყო! ერთი ჩემი ბავშვობისდროინდელი მეგობარი ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. წინათ, ამ სენისა ბევრი არაფერი გამეგებოდა. იმ მეგობარმა დამიმალა თავისი სენის მნიშვნელობის შესახებ, საავადმყოფოდან (გაუსაძლისი პირობების გამო) გამოპარულმა, სწორედ იმ დროს, როცა თურმე სიცოცხლის უკანასკნელ თვეებს ითვლიდა, მთხოვა და ჩემს ბინაში ჩემთან ერთად საკმაო ხანი იცხოვრა. ბოლოს, ეჭვი გამიჩნდა მისი მდგომარეობის უკიდურესად სერიოზულობის შესახებ. თვითონაც იგრძნო ეს; თანაც, იმ დროისთვის, საავადმყოფოში პირობები გაუმჯობესდა და მან, უჩუმრად დატოვა ჩემი ბინა; მადლობაც არ გადაუხდია. როცა ბოლომდე გავაცნობიერე რა საფრთხის წინაშე ვიდექი, შიშმა ამიტანა. შემდეგ, თითქოს ყველაფერი გადამავიწყდა. მაგრამ, კიდევ უფრო მოგვიანებით, როცა თავად გამომაჩნდა ტუბერკულიოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები (თან, იმ დროისთვის, ცხოვრება უკიდურესად ამერია!) ყველაფერზე ერთიანად ჩავიქნიე ხელი.
ალბათ, ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ტუბერკულიოზი არც არასოდეს მჭირდა! და რომ დღეს, ამ სენისგან აბსოლუტურად გათავისუფლებული ვარ, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, კაცთმოყვარე ღმერთის, იმ მირონმდინარე ხატის წყალობაა, თომამ რომ მაჩუქა! ჩემთვის ასეა, სხვისთვის სხვანაირად! ტუბერკულიოზის თემას აღარასოდეს დავუბრუნდები.
ახლა დილაა.
დროა თომას მაღაზიისკენ გავწიო.
ჰო, მართლა, მუშაობა დავიწყე - თომას, დამხმარე მუშად, მაღაზიაში ვეხმარები (ერთი დღე, გამყიდველიც ვიყავი). და... ელენესაც დავუახლოვდი. ელენე ის გოგოა, თომასთან ვინც მუშაობს. ამ გოგოს მიმართ, რაღაც განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა. მაგრამ, არ ვიცი, ეს განსაკუთრებული გრძნობა რამდენად მისაღები აღმოჩნდება მისთვის და არ მინდა ჩვენს ურთიერთობაში რამე ისეთი შევიტანო, რაც არსებულ ურთიერთობას რამეს ავნებს. დაე, გარკვეულ დრომდე დარჩეს ზოგი რამ ჩემ საიდუმლოდ. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ელენემ იეჭვა კიდეც ამ საიდუმლოს შესახებ, როცა მაღაზიაში მყიდველთან საუბარში გართულმა, უცაბედად შენიშნა რა გამომწვევად მივჩერებოდი. იმ წამს, თითქოს, გაეღიმა კიდეც, მაგრამ ეს იმდენად დაფარულად მოხდა, დარწმუნებული არ ვარ ამაში.
რომელი საათია? მგონი, მაღაზიაში წასვლა დავაგვიანე. საღამო ხანს, დღევანდელი დღის ჩანაწერს აუწილებლად დავუბრუნდები.

სახლში დავბრუნდი.... გვიანი საღამოა.
მიუხედავად იმისა, ჩემდა მოულოდნელად, ელენე დღეს სამსახურში არ გამოცხადდა, ეს დღე, საბოლოოდ, მაინც ბრწყინვალედ დასრულდა. მაღაზიაში უგუნებოდ ვიყავი - პრინციპულად არ ვეკითხებოდი თომას ელენეს მიუსვლელობის მიზეზს; და რადგან, მის შესახებ თვითონაც სიტყვას არ ძრავდა (აშკარად, ელოდებოდა როდის მოვიკითხავდი!) ისიც კი ვიფიქრე - სამსახურიდან ხომ არ დაითხოვა-მეთქი! დღის ბოლოს, როგორც იქნა, გატყდა ნავსი, თომამ მაჯობა - ელენეზე სიტყვა პირველად მე ჩამოვაგდე. თურმე ავად ყოფილა - გრიპი, სიცხე. ჩემი თანამოსაუბრე კარგ გუნებაზე იყო და ხუმრობა ნარევი სერიოზულობით მომმართა: ”მე, ელენე, ტელეფონით მოვიკითხე, მაგრამ შენ, ტელეფონი რომ არ გაქვს, რა გეშველება-ო”?
მივალ და მოვინახულებ! - ვუპასუხე.
ხოო... კარგი იქნებაო! - თქვა და თაროდან ელენეს საყვარელი შოკოლადის ორი ფირფიტა გადმოიღო - ერთი შენგან მიართვი, ერთიც ჩემგანო. გაიცინა. მეც გამეცინა. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ღმერთმა ეს ადამიანი ჩემ გადასარჩენად გამოგზავნა.
შოკოლადი გამოვართვი და წასვლის წინ, როგორც ჩემს მესაიდუმლეს, ვთხოვე, წარმატება მისურვე-მეთქი. თხოვნა სიამოვნებით შემისრულა. მაღაზია ერთად დავკეტეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და...
გზაში ვღელავდი, ვფიქრობდი, ვატყობდი ჩემს თავს, უზომოდ ვიყავი დაძაბული. თუმცა, როგორღაც, ამ ფიქრებში იუმორის შერწყმასაც ვახერხებდი. აი, წარმოვიდგინე: ელენესთან პაემანზე მივედი (მის ბინაში არა, სადმე სხვაგან, ალბათ, ქუჩაში.) - მოვიკითხე... იქითური, აქეთური, გულში ჩავიკარი და ლოყაზე ვაკოცე! არა, ლოყაზე არა - თუ კოცნაა, მაშ, ტუჩებში იყოს! ტუჩებში? დიახ, ტუჩებში! კარგი, ტუჩებში... ტუჩებში ვაკოცე და - ბახ! - თავში ქოლგა ჩამცხო. და... რაღაც სწორად ვერ გავთვალე. რა ვერ გავთვალე სწორად? რა და... ამინდი! მზიანი ამინდი უნდა შემერჩია, რომ ქოლგა არ ჰქონოდა ხელთ.
ხუმრობა ხუმრობაში, ელენეს სახლს მივუახლოვდი... ერთ წამში გამიცამტვერდა იუმორის გრძნობა. აი, ის სადარბაზო, საჭირო სართული, მისი ბინის კარები მოვძებნე და ღილაკს დავაჭირე თითი.
ზზზ... ზზზ... ბაგ-ბუგ... ბაგ-ბუგ... (უკანასკნელი, ჩემი გულის ცემაა და არა, ზარის წკრიალი.)
კარი ელენეს დედამ გამიღო. უცხო  ადამიანის დანახვაზე შეცბა, უნდობლად შემომხედა - ალბათ, გაზის ან დენის კონტროლიორი თუ ვეგონე! ვიცოდი, ამ ქალბატონს ვიოლა ერქვა და ისე თბილად და მოწიწებით მოვიკითხე, თან ვუთხარი თუ ვინ ვიყავი, შინ ლამის გულში ჩახუტებულმა შემიპატიჟა - ”შვილო, ელენეს ცოტა სიცხე აქვს, მგონი ჩაეძინა, მაგრამ არა უშავს, გავაღვიძებ-ო!” ოთახისაკენ მანიშნა, შევსულიყავი, თავად, სამზარეულოსკენ წავიდა - რძე ჰქონია ცეცხლზე დადგმული; შემპირდა, ერთ წამში ყურადღებას მომაქცევდა. ჩემდა გასახარად, რძის ადუღებას არც ერთი, არც ორი და არც ბევრად მეტი წამი ეყო. სასტუმრო ოთახში მოვხვდი... ალბათ, იმის ხარჯზეც, რომ ემოციურად უკიდურესად აღგზნებული ვიყავი, მომეჩვენა თითქოს არსებული გაცრეცილი სამყაროდან, რომელიღაც სრულიად სხვა, ჰარმონიულ სამყაროში გადავიხვეწე. იქ შევიგრძენი ის, რასაც ოჯახი ჰქვია და რაც, ჩემთვის, არათუ მხოლოდ ეგზოტიკად ქცეულიყო, სრულ დავიწყებას მისცემოდა. ირგვლივ ყველაფერი დალაგებული, მოწესრიგებული იყო, ნებისმიერ ნივთს თავისი ადგილი ჰქონდა - სითბო იდგა იქ, რაღაც სხვანაირი სითბო, დაახლოებით, ასეთი: ოთახში ტემპერატურა ნულს ქვემოთ რომც ჩასულიყო, ადამიანი სიცივეს ვერ იგრძნობდა.
მიუხედავად იმისა, ოთახში მარტო ვიყავი, განიერი სავარძლის კიდეზე ძალზედ მოკრძალებულად ჩამოვჯექი. იქაურობას კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და იმავწამს, მძაფრ შთაბეჭდილებათა მორიგმა ტალღამ შთამნთქა: მთელი ეს სივრცე საოცრად ძლიერი ინტიმური მუხტით იყო გაჟღენთილი - რადგან, იქ ელენე ცხოვრობდა... იქ, ელენე ისეთი იყო, როგორსაც ყველა იცნობდა და ისეთიც, როგორიც არავის უნახავს. უცაბედად, ვიგრძენი, ჩემგან მარჯვნივ, სხვა ოთახში შემავალ, ნახევრად შეღებულ კარებში უნდა შემეჭყიტა. სავარძლის კიდეზე ”სწორებაში” მჯდომმა, კიდევ უფრო წინ წავიწიე, კისერი მოვიღერე და... დავინახე ის, რისი ცქერაც მთელი ცხოვრება არ მომბეზრდებოდა - ტახტზე, საშინაო სამოსში, ძალზედ უბრალოდ გამოწყობილ, ოდნავ მოკუნტულ, თმაგაწეწილ ”მზეთუნახავს” ჩასძინებოდა. მძინარე ელენე ახლა სწორედ ისეთი იყო, როგორიც არავის უნახავს. და მისი ასთის ნახვის უფლება მხოლოდ იმას ჰქონდა, ვისიც იგი დაბადებიდან იყო და ვისიც გათხოვების შემდეგ გახდებოდა!
ხმა შემომესმა სამზარეულოდან... ქალბატონი ვიოლა მოაბიჯებდა. სასწრაფოდ სავარძელში ღრმად ჩაიძირე, საზურგეს ავეკარი - ამგვარად ვცადე თავი შინაურ ადამიანად მეჩვენებინა და თან, ”მზეთუნახავზე” თვალის შევლების ფაქტი დამემალა. საზურგეს ავეკარი თუ არა, სავარძლის თავზე შემომჯდარ თოჯინას თავით შევეხე და ის, პირდაპირ ხელებში ჩამივარდა. ქალბატონ ვიოლასგან შევიტყე, თურმე, ეს (ელენეს ბავშვობისდროინდელი) თოჯინა, ახლაც კი, მისი საყვარელი სათამაშო ყოფილა - ინსტიქტურად, მოვეფერე თიჯინას... ვიოლამ შეამჩნია ჩემი ქმედება და გაეღიმა. მაგიდაზე ლანგრით ჩაი, მურაბა და ნამცხვარი დადო. მოკლე საუბარი გამიბა - თომა მოიკითხა, მაღაზიაში საქმე როგორ მიგდითო? პასუხებს მექანიკურად ვაძლევდი; უფრო კი, სხვა რამეზე ვფიქრობდი: თაროებიდან, ელენეს ბავშვობისდროინდელი სხვა თოჯინები მიმზერდნენ... მან თავისი სათამაშოებიც კი შეინარჩუნა! მე? ცხოვრება დავკარგე! თუ არ დავკარგე, ძლიერ ჩამოვრჩი მას! ვინ იცის, ამის მერე რა იქნება?
ჩემი მასპინძელი სანამ ქალიშვილის გასაღვიძებლად მისი ოთახისკენ პირს იბრუნებდა, ელენეს ხმაურზე თავად გაეღვიძა - თვალების ფშვნეტით შემოგვიერთდა. კიდეც გაუკვირდა და კიდეც გაუხარდა ჩემი დანახვა. მე მას, ქალბატონ ვიოლას თანდასწრებით, საზეიმოდ გადავეცი შოკოლადის ფირფიტები და თომას მოკითხვა. ”ოოო...” - თქვა ელენემ და სანამ სამადლობელ სიტყვას დაასრულებდა, დედამისს დელიკატურად ანიშნა, მარტო დავეტოვეთ!
ქალბატონმა ვიოლამ ისე დაგვტოვა, სახიდან ღიმილი არ გადასვლია. სამზარეულოს მიმართულებით გაუჩინარდა. გასულს, ელენემ კარები უხმოდ მიუხურა და მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში ჩაეშვა. ინტიმური ატმოსფერო, რომელმაც ჩვენს შორის დაისადგურა იყო ის, რაც, ეჭვი არაა, ორივეს გვსურდა, მაგრამ ამან, მოულოდნელად, იმდენად დიდი დოზით მოგვიცვა, დავიძაბეთ და ლაზღანდარობის უნარი წაგვერთვა - სულელური თემების მოძიება ვერ მოვახერხეთ; ხოლო, რაც შეეხება მნიშვნელოვანს, ერთმანეთისთვის იმდენად გაშინაურებულნი არ ვიყავით, რომ გაგვებედა.
მთლად მუნჯებივით რომ არ ვმჯდარიყავით, ელენემ ხან ჩაის ჭიქა მომიჩოჩა ახლოს, ხან მურაბა - გასინჯე, მოგეწონებაო... ასე გაგრძელდა რამდენიმე ხანს. ბოლოს, მოიფიქრა: მცირე ხნით მარტო დავეტოვებინე, რათა ნამძინაერევს თავისი გარეგნობა მოეწესრიგებინა. სავარძლიდან წამოიწია კიდეც. მაგრამ, იმდენად არ მემეტებოდა თუნდ წუთით მასთან განშორება და არც ის, რომ თავის სრულიად ბუნებრივ, უშუალო გარეგნობაში რაიმე ცვლილება შეეტანა, კი არ ვთხოვე, გულის სიღრმიდან ამოვიყვირე, რომ ასეთი უფრო ლამაზი იყო! ელენე თვალებში ჩამაჩერდა. ჩემმა თვალებმა იმაზე მეტი უთხრეს, ვიდრე სიტყვებით მოვახერხებდი. ეს იყო წუთი, როცა ერთმანეთის პირისპირ სრულიად გაშიშვლებული გრძნობებით წარვსდექით. მთელი ჩვენი ურთიერთობის მანძილზე ყველაზე მკაფიოდ ამ დროს ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრება მასთან სამუდამოდ უნდა დამეკავშირებინა! თავს უფლება მივეცი, მივახლოვებოდი და მეკოცნა. წინააღმდეგობა არ გაუწევია... თუმცა, არც ამყვა.
ოდნავ მოგვიანებით, როცა იმ კოცნის შემდეგ, გრძნობები მეტ-ნაკლებად დაგვიამდა, სიტუაციის ბოლომდე განელების მიზნით, ელენე გამეხუმრა: ”არ გეშინია, გრიპი რომ გადაგდოო?!” ხუმრობას, ხუმრობით ვუპასუხე: თუ გრიპს გადამდებდა, ხურდაში ტუბერკულიოზს დავუბრუნებდი!

შუაღამე გადაიწვერა... არემარე უკუნისებურმა სიჩუმემ მოიცვა. მიჭირს ხატს გავუსწორო თვალი - რადგან, მასზე მადლობის გადახდის ერთადერთი ფორმა, ლოცვაა.
ლოცვა უნდა ვისწავლო!

1 მაისი
ახლა, მე და ელენე ჩემს ბინაში... უკაცრავად - ჩვენს ბინაში(!) ვართ და კედლებს ვზომავთ - გვაინტერესებს რამდენი ხვევა შპალიერი დაგვჭირდება ”მავთულხლართის” გადასაფარად.



                                                                                          ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები