ნაწარმოებები



ავტორი: ნინო ამონაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2017


სახე წარსულიდან

დერეფანში გაყინული წუთები
და კედლებზე შერჩენილი სიმართლე,
წარსულიდან რაღაც სახე მიღიმის
მე არ მინდა გარკვევით რომ ვხედავდე...
სიმარტოვე,ჩალეწილი ფანჯრები,
გარედან და სხვის თვალში რომ მთელია,
მე კი ვდგავარ მუდამ ფიქრის გორაზე
ჩამოსვლა და გადარჩენა ძნელია!
მოიისფრო,გაცრეცილი ფერებით
ყოველ დილით ვაფერადებ განთიადს,
წარსულიდან რაღაც სახე მიღიმის,
თუმცა თვალის გასწორება არ მინდა!
ოთახებში გარდაცვლილი სინათლე,
ბავშვობაში წართმეული
სიტყვები,
მოგონების მძიმე სუნით ივსება
საუკუნის წინანდელი ნივთები!
ნაცრისფერი ჩაკეტილი კარიდან,
სევდიანად რაღაც სახე მიღიმის,
ვაკვირდები,გახსენება არ მინდა,
მაგრამ მისით ივსებიან ფიქრები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები