ნაწარმოებები



ავტორი: ლუკა.ოლირი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ივლისი, 2017


ვაჭრობა


      იცით რა ხდება როდესაც თქვენს საქმეში ცხვირის ჩაყოფის უფლებას აძლევთ მათ, ვისაც არ ეკუთვნის? ეს საქმე კეთდება, მხოლოდ არა ისე როგორც თქვენ გსურთ... ჩარეული უცხო პირების შინაგანი  თვითგამორჩენის ინსტინქტი ავტომატურად ირთვება და თქვენს ინტერესებს უკანა პლანზე წევს... იტყვით-ცდებიო, მაგრამ დამერწმუნეთ, საქმეში ძმობა კვდება და ინტერესები მასზე ძვირად ფასობს. თქვენ არ ხართ ასეთი? არც თქვენი მეგობარი? თავს იტყუებთ, მე ვერ მომატყუებთ.

ყველა საქმეს აქვს თავისი საფასური, რომელიც აუცილებლად თანხაში არ გამოიხატება, ყველას აქვს გასაყიდი ფასის იარლიყი, ზოგის ძვირი, ზოგის იაფი, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია იყიდება. არასოდეს უთხოვია თქვენს იმ ერთდგულ ძმაკაცს დახმარების სანაცვლოდ მომაწევინე ერთი ღერი და წავედითო? მან საქმე ერთი ღერი სიგარეტის სანაცვლოდ გაგიკეთათ, მაგრამ თქვენ ამას ყურადღებას არ აქცევთ, რადგან საფასური იმდენად მცირეა რომ ვერც კი აღიქვავთ მის არსებობას. მიეცით უფრო რთული საქმე და ნახავთ როგორ გაიზრდება მისი ფასი ერთი ღერიდან ერთ კოლოფამდე და შესაძლოა ბლოკამდეც კი, იმის გათვალისწინებით თუ რას დაავალებთ. გაგიკვირდებათ? უბრალოდ გული დაგწყდებათ რომ იმ ძმაკაცმა დახმარება მოგყიდათ და გაბრაზებული, მეუღლესთან დაიწუწუნებთ ამაზე, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მის გამართლებას ეცდებით, რადგან იმასაც ხვდებით, რომ მის ადგილას იმავეს მოიმოქმედებდით, საკუთარი სინდისის მომზადებას ცდილობთ, მზგავსი შემთხვევისთვის, მაგრამ აქ უსინდისობას არ აქვს ადგილი. როგორ?! ჩვეულებრივ! მითხარით, კმაყოფილი დარჩით მისი გაკეთებული საქმით?! მიიღეთ შედეგი რომელსაც ისურვებდით?! თან სულ რაღაც ერთი კოლოფისა თუ ერთი ბლოკი სიგარეტის სანაცვლოდ!!! დიახ! თქვენ ხომ არასოდეს გადაიხდით იმაზე მეტს ვიდრე საქონელი ღირს?! ეცდებით ფასი დააწევინოთ და იმაზე თუნდაც ერთი ღერით ნაკლები გადაიხადოთ ვიდრე ითხოვენ... -დავაი რა, რა ამბავია 3 ღერი? ჰა აიღე 2... -არ გითქვამთ? ვაჭრობთ... მაშ მისგან რატომ გიკვირთ?! თქვენ თუ ცდილობთ იყიდოთ იაფად, მისგან რატომ გწყინთ, რომ ძვირად გაყიდვა უნდა?!  ფსიქოლოგია... თითქოს მხოლოდ ის იყოს შენი ძმაკაცი და შენ მისი არა... ეგოიზმის მარცვალი რომელიც ყველა ჩვენგანის არსებობის საძირკველშია  ჩადებული... ამაშია საქმე... გეთანხმებით,  ყველა არ არის ერთ დონეზე ეგოისტი, (ამ გრძნობას სრულიად მოკლებული ადამიანი არ არსებობს!) მე ვიტყოდი რომ ფასი განსაზღვრავს ადამიანის ეგოიზმს. არასოდეს დაგზარებიათ მეგობართან უბრალოდ მოსანახულებლად მისვლა და საქეიფოდ დაპატიჟებისას მხოლოდ იმაზე დაფიქრებულხართ რომელი პერანგის ჩაცმა სჯობსო? მესმის, გარემოებებიც გასათვალისწინებელია,  შესაძლოა სულაც არ იყოთ ქეიფის განწყობაზე და არა საქეიფოდ რესტორნის ნაცვლად მეგობართან უბრალოდ მოსანახულებლად წახვიდეთ, მაგრამ აქაც საფასურის არჩევანია... საქეიფოდ წასვლისას ძმაკაცის მონახულებით იხდით და პირიქით. ყოველთვის არსებობს ფაქტორები რომლებიც გვაიძულებენ ამის გაკეთებას. არჩევანის არსებობა უკვე საფასურის გადახდას ნიშნავს, რაც თავის მხრივ გაყიდვას გულისხმობს. თქვენ ან ქეიფს მოგყიდიან ძმაკაცის მონახულების ფასად ან პირიქით. ნუ დაიწყებთ ფილოსოფოსობას და ნუ მეტყვით რომ იმ ძმაკაცსაც წავიყვან საქეიფოდ და ორივე კურდღელს ერთად დავიჭერო, რადგან ქეიფს თქვენ გთავაზობდნენ და არა თქვენს ძმაკაცს. თქვენ არ იცით თქვენი ძმაკაცი შეიძენს თუ არა სხვაგან საქეიფოდ წასვლას თქვენთან სახლში მშვიდად, ლუდის კათხითურთ, დიდ მონიტორზე ფეხბურთის მატჩის ყურების სანაცვლოდ. თქვენ, რა თქმა უნდა, უკვე გამოცდილი ხერხებით  ეცდებით მას ქეიფი მიჰყიდოთ...  თქვენ გამყიდველი ხართ...
        და რატომ გიკვირთ, როდესაც ცრილობენ მოგყიდონ?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები