ნაწარმოებები



ავტორი: ც ი გ ა ნ ი
ჟანრი: პროზა
11 ივლისი, 2017


ციგანი 13


  მე და ციგანი ლუდის საყიდლად მაღაზიისკენ წავედით. სუპერმარკეტს რომ მივუახლოვდით, მან მითხრა, რომ გარეთ დამიცდიდა. რატომ მეთქი ვკითხე.
- არ მიშვებენ მე მაგ მაღაზიაში.
- რატომ?
- ეშინიათ, რომ მოვიპარავ რამეს.
- კაი, რას ამბობ?!..
- გამომაგდეს ერთხელ და მკაცრად გამაფრთხილეს.
- მართლა იპარავდი?
- არა, რას ამბობ, აქ როგორ მოვიპარავდი. სხვაგან მომიპარავს, მაგრამ აქ არა.
- აბა რატომ აგიკრძალეს შესვლა.
- „ციგანი“ ხარ და აქედან მოშორდიო, არა და ფული მქონდა და პურის ყიდვას ვაპირებდი. მაგის მერე ახლოსაც არ გავკარებივარ მაგ მაღაზიას. სხვაგან ვყიდულობ და მომაქვს.
- ახლა ჩემთან ერთად წამოხვალ! - მხრები აიჩეჩა და შეუპასუხებლად გამომყვა. მაღაზიაში რომ შევედით, მეპატრონემ დაგვინახა, ის იყო რაღაცის თქმას აპირებდა, რომ მე დავასწარი და ვუთხარი.
- ჩემთან ერთად არის. - შევატყე გაუკვირდა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, თუმცა თვალს არ გვაშორებდა. ჩემს „ციგან“ მეგობარს ვუთხარი აეღო რაც უნდოდა. მან კი მხოლოდ ერთი ნაჭერი ხალვა აიღო. მე ბევრი სხვა პროდუქტიც ჩავილაგე. სალაროსთან რომ მივედი, მეპატრონეს ვუთხარი.
- ამის შემდეგ იცოდე, ეს ჩემი მეგობარია და კარგი ბიჭია. - ისევ მხრები აიჩეჩა და აღაფერი თქვა.
  ავედით ჩემთან სახლში, ტელევიზორთან დაყრილი რაღაცეები მივალაგე. ისეთი საგიჟეთი მქონდა სახლში, მე უფრო ვიყავი „ციგანი“, ვიდრე ისინი.
  ორი სკამი დავდგი ტელევიზორთან და პროდუქტების ამოლაგება დავიწყე. ხალვას ვიკას წავუღებო მითხრა ციგანმა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ორცხობულების ნაწილიც მას ჩავუყარე პარკში. მერე კი ჩემდა უნებურად, სრულიად დაუფიქრებლად ვუთხარი.
- ნახე, რამხელა სახლია და სულ მარტო ვარ აქ. კაცი-შვილი არაა აქ მომსვლელი, მეც კი მეზარება შემოსვლა. ხოდა, გადმოდით შენ და ვიკა და იცხოვრეთ აქ.
- არა! - ისეთი კატეგორიული უარი მითხრა, გამიკვირდა. მე კიდევ მეგონა, მაშინვე დამთანხმდებოდა.
- ძნელია იქ ცხოვრება. აქ კი ვიცხოვროდ ერთად და-ძმებივით, რა პრობლემაა?!
- არ გამოვა!
- რატომ?
- არ უნდა მიმეყვანე ვიკასთან.
- რატომ? - ლამის ყბა ჩამომივარდა გაოცებისგან. ის კიდევ ხმას არ იღებდა. არ მოვასვენე, ჩავეძიე მაინც. ბოლოს როგორც იქნა ვათქმევინე.
- დედა, რომ კვდებოდა მაშინ უთხრა ვიკას, შენი ბედი თვითონ მოვა თავისი ფეხით და დაელოდეო. - მართლაც დამაბნია. ანუ რა გამოდის. მე ვიყავი მისი ბედი, რადგან ჩემი ფეხით მივედი მასთან?! სათქმელი არაფერი მქონდა, ან რა უნდა მეთქვა. მას ამ ყველაფრის სჯეროდა. ბუნებრივია დაიჯერებდა, ის ხომ ბოშა იყო. სისხლში ჰქონდა მკითხაობის და წინასწარმეტყველების რწმენა. სინამდვილეში, არაზუსტი მეცნიერაბაა ის, რასაც ისინი მკითხაობას ეძახიან. ხელის გულზე ეგრეთ წოდებული მკითხაობა არის ქირომანტია, რომელიც ყველა ხაზს და დეტალს განსაზღვრავს და თავის მნიშვნელობას ანიჭებს. ის რაც მათთვის აუხსნელი და ჯადოსნურია, ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი განსაზღვრებაა. ამიტომ არაფერი ვუთხარი და ლუდი ჩამოვასხი ჭიქებში. ფეხბურთზე გადავრთე და მის გვერდით კომფორტულად მოვკალათდი.
  რომ ვაცილებდი, კიდევ ერთხელ შვთავაზე საცხოვრებლად ჩემთან გადმოსულიყვნენ. არ მინდოდა ეფიქრა რომ დედამისის მკითხაობამ შემაშინა და მათგან თავის შორს დაჭერას ვაპირებდი. მაგრამ, მან ისევ უარი მითხრა. კარში რომ გავიდა, ის სიმღერა მერე გამახსენდა და გავძახე, უნებურად „ძმა“ დავუძახე, მობრუნდა და ვკითხე.
- რა არის „ნანე ცოხა“ თუ იცი?
- რა?
- სიმღერა რომაა, „ნანე ცოხა“. რას ნიშნავს? - რაღაცნაირად ცალყბად გაეცინა, ვერ მივხვდი, ირონიულად თუ ორაზროვნად, მერე კი მხრები აიჩეჩა. ჩავთვალე არ იცოდა. აღარ ჩავეძიე და ვუთხარი. - არაუშავს, არც მე ვიცი ჩემი კუთხის ენა. - არ გამკვირვებია, მას ხომ ფაქტიურად თავისი ტომის ხალხთან არ უცხოვრია. ხოდა საიდან ეცოდინებოდა?! არც მე ვიცი მეგრული, რაღაცეები კი მესმის და შეიძლება აზრიც გამოვიტანო, მაგრამ მე ვერ ვლაპარაკობ. ბებია საუბრობდა ხოლმე და უნდოდა, რომ მეც მესწავლა, მაგრამ არ ვიყავი სახლში და მისი საუბარიც ნაკლებად მესმოდა. სკოლაში კი არ მინდოდა კლასელებისგან განსხვავებული კილო მქონოდა. ამიტომ არც დედას დაუძალებია და მარტო ბებია კი ვერაფერს გახდა.

  ბოშა ბიჭთან დაახლოების მერე ყველგან ბოშებს ვხედავდი. ამდენი ბოშა თუ ცხოვრობდა საქართველოში, ვერ წარმოვიდგენდი. მაგათზე არც მიფიქრია, არც ყურადღება მიმიქცევია. ისინი ყველგან არიან, ქუჩებში მეტროებში, სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში. ძირითადად მათხოვრობენ. ბაზრობებსა და ბაზრებში ვაჭრობენ. მეტროებში მათხოვრობენ. რაღაცნაირად ეს ხალხი ჩემი იმ დროინდელი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. სადაც წავედი, ყველგან ისინი დამხვდნენ. ვაკვირდებოდი მათ და ვცდილობდი გამომეცნო მართლა ისეთები იყვნენ, როგორებადაც თავს აჩვენებდნენ?! ახალგაზრდა კაცები, ბიჭები ვითომ ხეიბნები იყვნენ და მათხოვრობდნენ, ინვალიდის ეტლითაც კი დადიოდნენ მეტროს ვაგონებში. ერთი ახალგაზრდა კაცი, წელში მოხრილი, ხელჯოხით ხშირად ჩამოუვლიდა ხოლმე მეტროს ვაგონში მგზავრებს. ხელ ჯოხზე მისი ხელი ავადმყოფურად კანკალებდა, მაგრამ შევამჩნიე რომ ამას ძალით აკეთებდა, რადგან მომენტებში აჩერებდა, მერე კი ისევ აგრძელებდა. მის შემხედვარეს ჰიუგოს „ცარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ გამახსენა. იქ არიან ასეთი პერსონაჟები. რომლებიც ვითომ ხეიბრები არიან, სინამდვილეში კი ამას მხოლოდ ანსახიერებენ. „საოცრებების მიდორი“ და მისი გმირები ხშირად დამიდგა თვალწინ. ბევრი ქალი მათხოვარი შევამჩნიე, პატარა ბავშვთან ერთად. განსაკუთრებით, ერთი გოგო დამამახსოვრდა. 13-14 წლის იქნებოდა ასაკით, სიმაღლეში კი ალბათ 1 მერტი და 55 სანტიმეტრი. ბოშასთვის დამახასიათებელი სახე ჰქონდა. მუქი ფერის პირის კანი, მსხვილი ტუჩები. შეღებილი გრძელი თმა და უგემოვნო ჩაცმულობა, ფეხზე ქოშები და სქელი წინდები. პირველად რომ დავინახე, ამ გოგოს ხელში პატარა ბავშვი ეჭირა. არ ეძინა პატარას, დედას იყო მიხუტებული. აშკარად მისი შვილი იყო, იმიტომო რომ ეფერებოდა და კოცნიდა ქალი ბავშვს. ხელში ფოლადის ჭიქა ეჭირა და საშინლად მძიმე ტექსტს ყვიროდა, თუ როგორ სჭირდებოდა დახმარება პატარასთვის საჭმელი რომ ეყიდა. ხალხიც გაგებით ეკიდებოდა მის თხოვნას. მეც მივეცი რამდენი შემხვდა. ერთ დღესაც სამსახურიდან სახლში მეტროთი, რომ ვბრუნდებოდი, ეს გოგო ვაგონში შემოვიდა. არ დამინახავს, ხმაზე ვიცანი, რომ ის იყო. ვაგონი სავსე იყო ხალხით. მერე უცებ დავინახე პატარა გოგონა, როგორ გამოძვრა ადამიანების ფეხებს შორის. ხელში ჭიქა ეჭირა. რომ დავინახე, ისეთი საყვარელი ბავშვი იყო გამეცინა, მართლაც სასაცილო ვინმე იყო, ერთი ციდა და ძალიან აქტიური, ვუყურებდი, როგორ ყოჩაღად იდგა და ინარჩუნებდა წონასწორობას. უკან დედა მოყვებოდა. დავინახე პატარას როგორ ჩაუდო ერთმა ქალმა ხურდა ჭიქაში, მერე კი თავისკენ მიიზიდა და აკოცა. მერე მეორე, უფრო ახალგაზრდა ქალიც ასევე ჩაეხუტა ბავშვს. ვიღაცამ თავზე გადაუსვა ხელი. ვიღაცამ სრულად ამოიფხიკა ჯიბეები და ხურდები ჩაუყარა. ერთ ქალს თვალზე ცრემლიც კი მოადგა. ვიდექი და ვუყურებდი, მართლაც ამაღელვებელი სანახავი იყო, ან მე მქონდა ბოშებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოყალიბებული და იმიტომ განვიცადე მათი დანახვა.
  უსამართლობის განცდა მეუფლებოდა. ასე მეგონა ეს ქვეყანა ჩალით იყო დახურული. ზოგ ადამიანს იმდენი აქვს, სად წაიღოს არ იცის, ამ დროს კი ახალგაზრდა დედამ ის არ იცის, ფული სად იშოვოს, რომ შვილი გამოკვებოს. ასეთ ადამიანებს არჩევანი არ აქვთ. იმიტომ რომ ისინი ბოშებად დაიბადნენ და თავიდანვე განწირულები არიან ასეთი ცხოვრებისთვის. ახალგაზრდები გათხოვდებიან, გააჩენენ შვილებს და მთელს ცხოვრებას ქაუჩაში გაატარებენ, არაფერი არ ეცოდინებათ, მათხოვრობის, ვაჭრობისა და მხოლოდ ფულის დასათვლელად საყოფი მათემატიკის მეტი. ამ ადამიანებს, აღარც თავიანთი ტრადიციები შერჩათ და ვერც თანამედროვე საზოგადოებაში ადაპტირდნენ. საშველი არის? ალბათ არის, მაგრამ სად?!

  ვიკას ერთი შემოფეთება იმდენად ცოცხლად აღმებეჭდა, რომ ვერ მოვიშორე თავიდა. ყველა დეტალი აღვიდგინე რაც იმ დღეს დავინახე და იმ წუთში ვერ აღვიქვი. მისი მზერა, ცისფერი თვალები, ჭღალი თმა. ჭორფლი? ალბათ ჭორფლიცექნებოდა, მაგრამ სანთლის შუქზე არ ჩანდა. მსხვილი ტუჩები და სწორი მოკლე ცხვირი. რატომ ჩამრჩა ეს გოგო, ვერ გამეგო. იმ ღამეს თვალგახელილი ვიწექი ლოგინში და მას ვხედავდი. ნუთუ მართლა არსებობდა რაღაც წინასწარმეტყველების მსგავსი?! როგორ შეიძლებოდა დამეჯერებინა, წლების წინ ვიღაც ქალის ნათქვამი სიტყვები?! რა სისულელე იყო, რომელი ფანტაზიორი მე ვიყავი მთელი ეს ბოდვა სინამდვილედ მიმეღო, მაგრამ... ვიკაზე ფიქრი მას შემდეგ, რომ ვეღარ მოვიშორე, ეგ ვის?..

  კვირას, დილით გავედი სახლიდან. წირვას დავესწარი და მამაოს, მამაჩემის სახელზე, მიცვალებულთა პარაკლისი გადავახდევინე. მერე ყვავილები ვიყიდე და სასაფლაოზე წავედი. მიხაკების თაიგული გავყავი და მამას და ბებიას გულზე დავაფინე. სანთლებიც ავანთე. მამის და ბებიის საფლავებს შორის ერთი ადგილი იყო დარჩენილი, ბებიამ მოინდომა ასე. უნდოდა თუ  მის გადასვენებას ვერ  მოვახერხებდით გალში, ბაბუას ნეშტი გადმოგვესვენებინა და მის გვერდით დაგვესაფლავებინა. მეორე ადგილი მამაჩემის საფლავის მეორე გვრდზე კი დედაჩემისთვის იყო განსაძღვრული. ჩემი ადგილი იქ არ იყო, გამოდის მე უკვდავებისთვის გამწირეს ჩემმა ოჯახის წევრებმა. ვიჯექი საფლავის მარმარილოს ღობეზე და მამის სურათს ვუყურებდი. ვცდილობდი მისი სახე და ხმა აღმედგინა, გამეხსენებინა ის დღეები, რომლებიც ერთად გავატარეთ. სამწუხაროდ, არ იყო ბევრი ასეთი დღე, ბევრი კი არა, ძალიან ცოტა იყო. რამდენი?! სულ რამოდენიმე. ერთხელ ზოოპარკში წამიყვანა. ეგ მახსენდებოდა მხოლოდ. სხვაგან ერთად არასდროს გაგვისეირნია. მამა, ფაქტიურად არ მყოლია. მხოლოდ სახელი და გვარი მქონდა მისგან. ისე ადრე მიმატოვა, რომ მისი დამახსოვრებაც კი ვერ შევძელი. იმ დღეს, ზოოპარკში რომ ვიყავით, გამუდმებით რაღაცეებს მელაპარაკებოდა. ლომების ვოლიერთან, რომ ვიდექით, მითხრა - ამ ცხოვრებაში ლომი თუ არ იქნები ვერ იცხოვრებო... იმ მომენტში გამიცოცხლდა მოგონება და გამახსენდა, მე ვკითხე. შენ ლომი ხარ მამათქო? თავზე ხელი გადამისვა და მიპასუხა. მე არ ვარ ლომიო, მე უფრო მხდალი ვარ და გავრბივარო, იქნებ ვარ კიდეც და არ ვიციო. მაშინ ალბათ თვითმკვლელობა უკვე გადაწყვეტილი ექნებოდა, მაგიტომ მითხრა ეგ საიტყვები. მერე ჩაიმუხლა ჩემს წინ მკლავებში ხელები ჩამავლო. გამახსენდა, როგორ ძლიერად მომიჭირა ხელები, მეტკინა, მაგრამ ხმა არ ამოვიღე. მან კი მითხრა. შენ ლომი უნდა იყო და ეს ცხოვრება სიძლიერით გაიტანოო. რაც მე ვერ შევძელი, რაც ბაბუაშენმა ვერ შეძლო შენ უნდა შეძლოო. ნეტავ რას გულისხმობდა?! მერე კი დააყოლა, დედას მიხედე და არაფერი გაუჭირვოო...
ასე გამოვიდა ჩემი ცხოვრება. მეც ჩემი „ციგანი“ მეგობარივით ვალდებულებებში ვიყავი გახვეული. ბაბუამ ოჯახი ჩამაბარა. მამამ კი მხოლოდ დედა, ალბათ ეგონა, რომ დედამისი მის საქციელს, ვერ გადაიტანდა. მართლაც რა უცნაურია ადამიანის ბუნება. საწყალი ბებიაჩემი, რამდენი რამის გაძლება და ატანა მოუწია და მაინც გაუძლო. გული გაუქვავდა. მის სახეზე ღიმილი მას მერე არ დამინახავს რაც გალიდან წამოვედით. დედამ შეძლო და გადაიტანა ქმრის დაკარგვა, ჩუმად იცინოდა კიდეც, მხოლოდ მაშინ, როცა ბებია ვერ ხედავდა. მას უნდოდა, რომ მე ბედნიერი გავზრდილიყავი და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის.
  თავს ლომად კი არა, ქუჩის ვირთხად ვგრძნობდი. არაფერი არ გავაკეთე, ის რაც კაცის გასაკეთებელი იყო. ვერც ბაბუის დანაბარევი შევასრულე და ვერც მამის. ვერც საყვარელი ქალისთვის ბრძოლა შევძელი. ვინ ვიყავი მე?.. რას წარმოვადგენდი?.. ისევ იმ „ციგანს“ ვადარებდი თავს. მე კარგი ცხოვრება ვერ შევიშნე, მას კი არჩევანი საშუალება არ ჰქონია. მე ვერაფერი ვერ შევასრულე, რაც დამიბარეს, მან კი უდიდესი გაჭირვება გადაიტანა, ჯერ დედა არ მიატოვა, მერე კი და.
  რა იყო ჩემი კაცობა?! რა იყო მისი კაცობა?! რითი ვჯობდი მე მას?!
  არა, ამ ფიქრებს ცუდი შედეგებისკენ შეიძლებოდა წავეყვანე. უნდა დროზე მომეშორებინა თავიდან, თორემ მეც ბაბუის და მამის გზას გავუყვებოდი. კიდევ კარგი ჩემი ყურადღება პატარა ბიჭმა მიიქცია, რომელსაც ხელში სხვადასხვა ყვავილებისგან შეკრული დიდი თაიგული ეკავა. შორი-ახლოს იჯდა ერთ-ერთი საფლავის ქვასთან. მივხვდი რომ მე მელოდებოდა, როდის წავიდოდი, რომ ჩემი მოტანილი ყვავილები აეღო. დავაკვირდი. ბოშას არ გავდა, აშკარად ქართველი იყო. დავუძახე მოდითქო. არ შეშინებია მომიახლოვდა, მომესალმა. ჯიბიდან საფულე ამოვიღე, 10 ლარიანი ამოვიღე, გავუწოდე და ვუთხარო.
- ეს ყვავილები ხომ ამდენი არ ეღირება, აიღე ფული და პირობა მომეცი, რომ ამ ყვავილებს ხელს არ მოკიდებ.
- პირობას გაძლევთ. - მითხრა და ფული გამომართვა.
- ქართველი ხარ?
- დიახ.
- ამ ყვავილების გაყიდვით ირჩენ თავს?
- დიახ.
- ქუჩაში ცხოვრობ?
- არა, სახლი მაქვს. თუმცა ხანდახან ქუჩაშიც ვათევ ღამეს, როცა ფულს ვერ ვშოულობ.
- რატომ?
- დედაჩემი და მამინაცვალი მეჩხუბებიან ფულს თუ არ მივიტან სახლში.
- გეჩხუბებიან? - თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. - ქართველები არიან?
- დიახ.
- სკოლაში არ დადიხარ?
- არა.
- რატომ?
- არ მაქვს წიგნები და ტანსაცმელი. ასეთ კი ბავშვები დამცინიან.
- რამდენი წლის ხარ?
- 11-ის.
- ბავშთა სახლში რატომ არ მიდიხარ საცხოვრებლად?
- სირცხვილია იქ ცხოვრება, ასე მირჩევნია.
- რატომ არის სირცხვილი?
- მე დამოუკიდებლად ცხოვრება შემიძლია. შემიძლია ფული ვიშოვო. თავშესაფარში რატომ უნდა წავიდე, როცა ისედაც მაქვს სახლი.
- იქ უკეთ იქნები. თან ისწავლი.
- რისთვის ვისწავლო?! ქუჩაში კი უკეთ ვარ. - გავყურებდი პატარა ადამიანს, რომლის ცხოვრებაც ასე პატარა ასაკიდანვე განწირული იყო. მასაც არ ჰქონდა არჩევანი. უკეთესად ცხოვრება არ შეეძლო, იმიტომ რომ არ იცოდა, რა იყო უკეთესი... არ ჰქონდა ტანსაცმელი, რომ სკოლაში ევლო. არ ჰქონდა წიგნები რომ ესწავლა. არ უნდოდა თავშესაფარში ცხოვრება, იმიტომ რომ „სირცხვილი“ იყო. ქუჩაში ცხოვრება ერჩია. იქ, სადაც უსაზღვრო თავისუფლება იყო, იმას აკეთებდა, რასაც მოისურვებდა. არც არავინ აკონტროლებდა. რასაც შოულობდა იმას ჭამდა. ოჯახში ძალადობდნენ მასზე და მაინც მათთან ცხოვრება ერჩია.
  არ ვიცი...
  თითქოს ახლა გავახილე თვალები, მთელი ეს საშინელება ახლა დავინახე. თითქოს აქამდე მთვარეზე ვიყავი და ახლა დავეშვი დედამიწაზე... რატომ არის, რომ ადამიანები, ვერ ვამჩნევთ, ჩვენს იქით რა ხდება?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები