ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
14 ივლისი, 2017


მზის ჩასვლა 6


  ცხოვრება ერთი წამივითაა. უკან მოხედვას ვერ მოასწრებ, რომ უკვე დასასრულს ხარ მიახლვებული. ასაკი დაუნდობელია, წლები კი თავის კვალს ტოვებს. თმაში ჭაღარას და სახეზე ნაოჭებს აჩენს, ზურგზე კუზს, გულში კი სევდას. მახსოვს 30 წლის რომ ვიყავი ისე ძალიან არ მინდოდა დაბერება მზად ვიყავი ახალგაზრდა მოვმკვდარიყავი. წარმოდგენაც არ მინდოდა როგორი ვიქნებოდი ხანში შესული. 50 წელი უკვე ხანდაზმულობად წარმომედგინა და 60 სულ მთლად დასასრულად მეჩვენებოდა. 30 წლის ასაკში წინასწარ განვიცდიდი 40 წლისა როგორი „დიდი“ ვიქნებოდი. რაც უფრო მეტს ვუფიქრდებოდი ამ საკითხს, მით მეტად განვიცდიდი. არ მინდოდა დაბერება. არ მინდოდა ახალგაზრდობის დაკარგვა. მენანებოდა ის სილამაზე რომელსაც სარკეში ჩახედვისას ვხედავდი და მეგონა, უბედური ვიქნებოდი მაშინ, როცა ისეთი აღარ ვიქნებოდი და სახეს ნაოჭები დამიფარავდა. ჯიუტად არ მინდოდა, იმასაც ვფიქრობდი კარგი იქნებოდა თუ მოვკვდებოდი და მარად ახალგაზრდად დავრჩებოდი. მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრები იყო. წლები რომ მემატებოდა, სხვა ხიბლი მიჩნდებოდა. სხვა საზრუნავი იჩენდა თავს და საკუთარ თავზე ფიქრისთვის სულ უფრო ნაკლები დრო მრჩებოდა. ნელ-ნელა გავთავისუფლდი იმ შიშიგან რომელსაც ასაკის მატება სახეზე ნაოჭებად მიმატებდა.
დრომ ისე გაირბინა უკან მოხედვა ვერ მოვასწარი. ან, იქნებ არ მინდოდა უკან მომეხედა და მეჩქარებოდა გვირაბის გავლა, ბოლოში სინათლე რომ დამენახა... მაგრამ დრო უცნაური რამაა, ბედისწერა თუ განგება როდის რას გინზადებს ვერ გამოიცნობ. ხშირად დასრულებულს თავიდან გაწყებინებს, ან დიდი ხნის ნაშრომს წყალში გაყრევინებს..
  მეც ასე დამემართა. მივყვებოდი ოთარს გვერდით, მივაბიჯებდით ცხელ ქვიშაზე და მეჩვენებოდა რომ დრო უკან დაბრუნდა, ან მე მოვიხედე უკან და ჩემს განვლილ ცხოვრებას დასაწყისში მოვექეცი. მივდიოდი და ვგრძნობდი იმ ახალგაზრდობას, რომლის დაკარგვისაც 30 წლის ასაკში მეშინოდა. თითქოს ის გოგო ვიყავი პირველად მამაკაცს სასეირნოდ რომ მიყვებოდა...
  რა უცნაურია... სულ ერთია რა ასაკის ხარ. მაინც ის ხარ ვინც იყავი. მოხუცი ხარ თუ ახალგაზრდა მაინც ქალი ხარ და სანამ ცოცხალი ხარ, ყველაფერი ცოცხლობს შენში.
დროის უკან დაბრუნება რომ შემძლებოდა, რას გავაკეთებდი, რას შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში? ალბათ არაფერს. ჰო! არაფერს არ შევცვლიდი. მაშინ კი როცა ოთარს ზღვისკენ მივყვებოდი სწორედ ის გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს დროში უკან დაბრუნებული ვიყავი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ახლა რას იზამ?! რას ვიზამ? რას შევცვლი? არაფერს არ შევცვლი, უბრალოდ გამოვყვები დროს, არ შევეწინააღმდეგები და გამოვყვები. საითაც წამიყვანს ყველგან გავყვები. მერე კი ისევ ამ სანაპიროსთან მომიყვანს, ამ ტალღებთან, ამ ქვიშასთან, რომელსაც ჩემი ნაბიჯების კვალი მოყვებოდა. უკან დაბრუნებული დროიდან მხოლოდ კვალი გამომყვებოდა და ამ კვალსაც ზღვა წაშლიდა... ზღვა არ იტოვებს თავისთან არაფერს, ყველაფერი გარეთ გამოაქვს. ჩემში ჩაგროვილი ფარული განცდებიც ასე გამოიტანა...
  მოვყვებოდი ოთარს და მომწონდა... მომწონდა ის რომ ჩემთან იყო. მომწონდა მასთან ყოფნა. მისი ჩემდამი დამოკიდებულებაც მომწონდა. მისი გარეგნობა და ასაკიც მომწონდა. ყველაფერი მომწონდა. თავს კარგად ვგრძნობდი. მშვიდი და ლაღი ვიყავი მის გვერდით. ოთარმა ჩემს შინაგან სამყაროში ისე შემოაღწია ძალა არ დაუტანებია, მე თვითომ შემოვუშვი... და ამით კმაყოფილი ვიყავი.
- წამოდი ლალი შორს შევცუროთ.
- არა მეშინია. ღრმად ვერ შემოვალ - გავძახე ხმამაღლა.
- კარგი რა, რა დროს შიშია, მე აქ არ ვარ?! რისი გეშინია. მაჯაზე ხელი მომკიდა და თავისკენ მიმიზიდა. - წამოდი.
- ფეხს თუ ფსკეზე ვერ ვადგამ მეშინია.
- წამოდი ლალი, წამოდი, დაძლიე შიში... - გავყევი. გვერდით მივცურავდი. თითქოს ვუჩვენებდი რომ შემეძლო და არ მეშინოდა, რომ ტოლს არ დავუდებდი. ასე
  ვიცურეთ გვერდიგვერდ, დიაგონალზე ვკვეთდით ზღვას. ბოლოს დავიღალე და გავჩერდი. ისიც გაჩერდა. ფეხი რომ ფსკერს ვერ მივაწვდინე ფართხალი დავიწყე. შემეშინდა, თანდა ნაპირისკენ ვიყურებოდი. სუნთქვა ისეთი აჩქარებული მქონდა ჰაერი არ მყოფნიდა. გული გამალებით მიცემდა. ჩავყურყუმელავდი რომ ზღვის ფსკერი მომესინჯა. არ იყო ძალიან შორს, მაგრამ მაინც მეშინოდა. რომ ამოვყვინთე ოთარი უკვე ჩემთან ახლოს მოცურებულიყო. ხელი მკლავში ძლიერად მომკიდა და ამომწია.
- ნუ გეშინია, კარგად ვარ. ფსკერი მოვსინჯე. - ვუთხარი მე აქოშინებული ხმით.
- ნუ გეშინია ლალი. მოეშვი და იტივტივე.
- არ მეშინია. - არადა მართლა ძალიან მეშინოდა.
- მოეშვი და იტივტივე, ნახავ როგორ მოგეწონება. ამოძრავე ფეხები. - თან მკლავით ვყავდი დაჭერილი. - იმ დროს არ არსებობდა არავითარ, რიდი და ხათრი, რისი გაკეთება შეიძლებოდა და რისი არა ამ ასაკში. თავისუფალი ხელით მხარზე დავეყრდენი და ფეხების თანაბარი მოძრაობა დავიწყე. როცა იგრძნო რომ მოვეშვი და აღარ მეშინოდა გამიშვა ხელი... სამაგიეროდ მე ვიყავი მის მხარს ჩამოკონწიალებული. ეს იყო თავისუფლების შეგრძნება.ისეთი თავისუფლების, როცა საყრდენი გაქვს და არ გეშინია. იცი რომ შენ - შენ ხარ და არ გეშინია არაფრის.  ეს ის შეგრძნება იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი. თითქოს ფრთები მქონდა, რა უცნაური იყო, ზღვაში მყოფს მეგონა დავფრინავდი. არასდროს დამავიწყდება...
  სული რომ მოვითქვით და დავისვენეთ, უკან გამოვცურეთ. ცხელ ქვიშაზე გულაღმა დავწექით და მზეს მივეფიცხეთ.
  კიდევ ერთი საოცარი თავგადასავალი მაჩუქა მან. თან ამას ისე აკეთებდა, რომ სურვილამდე თავად მივყავდი. ეს რომ გამოსდიოდა, ჯერ მარტო ამით იყო საოცარი ადამიანი...
- ბატონო უყიდეთ თქვენს ცოლს ყვავილები. - ფიქრებში წასული ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. თვალი რომ გავახილე ჩემსა და ოთარის შორის, თავთან ბოშა ბიჭი იდგა და იღიმოდა. ოთარი წამოდგა. ბიჭმა ყვავილები გაუწოდა და უთხრა. - უყიდეთ ერთი თაიგული თქვენს ცოლს.
- სიამოვნებით ვუყიდი „ჩემს ცოლს“ ყვავილებს. მაგრამ ფული თან რომ არ მაქვს?! - ბიჭს სახე მოეღრიცა. - მოდი ასე მოვიქცეთ. ყვავილები დამიტოვე და ერთ საათში აი იმ სასტუმროში მომაკითხე. ჩემია ეგ სასტუმრო, ასე რომ არ მოგატყუებ.
- კარგი. - უთხრა ბიჭმა და ერთი თაიგული გაუწოდა.
- ყველა დამიტოვე. წადი და იქ დამელოდე. უთხარი ოთარმა გამომაგზავნა და სადილით გამომასპინძლდითთქო. ამასობაში მეც მოვალ. - ბიჭი გაკვირვებული ხან ოთარს უყურებდა ხან მე და ხან სასტუმროს გახედავდა. მერე დატოვა ყველა ყავავილი და წავიდა. მადლობის თქმა რომ დაავიწყდა მერეღა გაახსენდა, მობრუნდა და დაიძახა:
- მადლობა.
ყვავილები კალთაში მელაგა და ვაკვირდებოდი. მომწონდა უბრალო იყო და ლამაზი.
- რა ყვავილია ხომ არ იცი? - ვკითხე ოთარს.
- არ ვიცი. ვერ ვერკვევი ყვავილებში. სამწუხაროდ მარტო ვარდს ვცნობ.
- მინდვრის ყვავილი იქნება. მმიყვარს მინდვრის ყვავილები. ველურად იზრდება, მოვლა არ სჭირდება. სადაა მაგრამ ძალიან ლამაზი.
- შენ გიყვარს ყვავილები?
- კი, ოღონდ არა ვარდი.
- რატომ? ვარდმა რა დაგიშავა?
- რავიცი, სულ ვარდი, ვარდი. ამოვიდა ყელში. მდიდრულია, ძვირფასი, ლამაზია და კარგი სუნი აქვს მაგრამ მე ეს მირჩევნია მინდვრის ყვავილი, სადა და უბრალო.
- სულ ვარდებს გჩუქნიდნენ?
- ხო, ჩემი ქმარი მხოლოდ ვარდებს მჩუქნიდა. არასდროს მიკითხავს, იქნებ ისიც ვერ ერკვევა ყვავილებში. - ოთარს გაეცინა.
- ყველა ქალს უყვარს ვარდი. პირველად მესმის ვინმე მისი წინააღმდეგი იყოს.
- წინააღმდეგი არ ვარ, მე უფრო უბრალო მირჩევნია. რამოდენიმე წლის წინ, თბილისში ბუმი იყო ორქიდეაზე. სასწაული ფასი ჰქონდა. მაშინ ახალი შემოტანილი იყო და უცებ აიტაცეს. მოდაში შემოვიდა. მაშინ ვარდებიც კი ჰოლანდიიდან შემოქონდათ. მერე საქართველოში გააკეთეს სათბურები და ჰოლანდიური ჰიბრიდული ჯიშების გახარება დაიწყეს. მე არასდროს მომწონდა არც ერთი და არც მეორე. გვირილები და იასამნები ყველაფერს მერჩია, მაგრამ ჩემი ქმარი ჯიუტად სულ ვარდებს მჩუქნიდა, რომლებსაც იმხელა ღერები ჰქონდა ვაზაში არ ეტეოდა.
- მეც სულ ვარდებს ვჩუქნი ქალებს. ვჩუქნიდი უფრო სწორედ. ახლა გამზადებული თაიგულები იყიდება სხვადასხვა ყვავილებით. ვაზა რომ არ სჭირდება ისეთი.
- ხო ვიცი, მაგას ჩემს გოგოს ჩუქნიდა ყოფილი ქმარი, ისიც მაშინ სანამ შეყვარებული იყო.
- შენ როგორ გყვარებია ყვავილები. მოდი დღეს ბოტანიკურ ბაღში წავიდეთ.
- მწვანე კონცხზე?
- ხო.
- რავიცი...
- წავიდეთ, გავისეირნოთ, დავათვალიეროთ. ულამაზესი ადგილებია. ძალიან მოგეწონება. ნამყოფი ხარ?
- ადრე ვარ ნამყოფი, ალბათ 10 წლის წინ.
- უფ. მაშინ ჩავალე არ ხარ ნამყოფი საერთოდ. მერე გააკეთეს, მოუარეს და განავითარეს. მოკლედ წავიდეთ დღეს სადილის მერე.
- კარგი, წავიდეთ.
- გავისეირნოთ საღამომდე და რომ წამოვალთ. ერთი კარგი სახაჭაპურე ვიცი ცომგამოცლილ აჭარულ ხაჭაპურს აკეთებენ და ეგ ვჭამოთ. - გამეღიმა, თან მერიდებოდა. არასდროს არავის დავუპატიჟებივარ. მეუხერხულებოდა, მაგრამ მინდოდა.

  სადილის შემდეგ წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი. შავ საცურაო კოსტიუმზე ჭრელი სარაფანი გადავიცვი. ქუდი დავიფარე, პატარა თეთრი ჩანთა წავიღე თან და გამოვედი. ოთარი ფოიეში მელოდებოდა.
  ჩავსხედით მის მანქანაში და გავუყევით გზას. ცოტ-ცოტას ვსაუბრობდით. მის შესახებ მეტის გაგება მინდოდა, მაგრამ ვერ ვეკითხებოდი.
- მანქანის მართვა იცი, ლალი?
- არა, სამწუხაროდ.
- რატომ, არ გინდოდა?
- სულ მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე.
- რამ შეგიშალა ხელი?
- არავის უსწავლებია.
- მეუღლეს არ უნდოდა რომ გესწავლა?
- არ მოსწონს ქალები საჭესთან. თვლის რომ ცუდი მძღოლები არიან. ამიტომ სურვილიც არ გამომითქვამს.
- რა შუაშია ეგ. პრაქტიკაა ყველაფერი. ბევრი ქალი მინახავს კაცზე უკეთ რომ მართავს მანქანას.
- ხო, მართალია. ჩემმა შვილმაც იყიდა მანქანა და მშვენივრად დადის. მე ისე ძალიან მჭირდებოდა ვერ წარმოიდგენ. მაგრამ ხმამაღლა არ მითქვამს.
- იცი ლალი, ქალებს ეგ პრობლემა გაქვთ, რაღაც გინდათ და ხმამაღლა არ ამბობთ. თქვენ იჩაგრებით, ჩვენ კი ვერ ვხვდებით, რა გინდათ. ხომ ვერ გამოვიცნობთ არა?!
- მართალია. უნდა მეთქვა. ზოგადად მივეჩვიე ასე ცხოვრებას. რაც საჭირო იყო ყოველთვის იმას ვაკეთებდი.
- რაც საჭირო იყო და არა რაც გინდოდა ხო? ეგ ცუდია ძალიან.
- ვიცი. ბოლოს ვინანე, მაგრამ გვიანი იყო.
- გვიანი არასდროს არაა.
- ახლა რაღა დროსია.
- არც მანქანის მართვის სწავლაა ახლა შენთვის გვიანი და არც რამე სხვა რისი გაკეთებაც გინდა.
- ვერ წარმომიდგენია, ახლა მე რომ მანქანა ვიყიდო და ვიარო. ვერ შევძლებ.
- შეძლებ, კარგი რაა. გინდა დაგსვა და გასწავლო?
- უი, არა, რას ამობობ. აქ ვერა. მეშინია.
- არ უნდა გეშინოდეს. როცა შიში შენს მართვას ვერ შეძლებს მერე ყველაფერი გამოგივა.
- ვიფიქრებ.
- არ უნდა მაგას მაგდენი ფიქრი. ხომ გინდოდა?! ხოდა აისრულე. გვიანი არასდროს არაა. ჯერ კიდევ წინაა ცხოვრება.
- ხო მართალი ხარ. თუმცა მე მასე არ ვფიქრობ. ახლა ასე მგონია 60 წლის რომ გავხდები თავს 70 წლის ქალად ვიგრძნობ. რაღაა დარჩენილი 70 წელიც ახლოსაა.
- რას ამბობ ლალი. - ოთარი გამხიარულდა და ხმამაღლა სიცილი დაიწყო. – 10 წელი იცი რამხელა დროა?! იცი რამდენი რამე შეიძლება მოხდეს?! რამდენი შეიცვალოს. რას ამბობ... ჯერ წინაა ცხოვრება, სად  გეჩქარება. –
- არ მეჩქარება, უბრალოდ ვიცი, რომ ეგ დრო მალე გაირბენს.
- არაფერსაც არ გაირბენს. რაც უფრო დიდ ხანს იქნები აქტიური მით უფრო გვიან დაბერდები. ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს. ჩვენ კაცები ისე ვართ, შვილის სიყვარულს ვერ ვგრძნობთ. ვერ ვაცნობიერებთ რას ნიშნავს პატარა არსებაზე ზრუნვა და რამხელა სიხარულია მასთან გატარებული დრო. ამას მხოლოდ მაშინ ვხვდებით როცა ასაკში შევდივართ და შვილიშვილები გვიჩნდება. მერე ვგებულობთ რამხელა სიხარულია პატარას ყოლა. თქვენ ქალებს ასე არ გემართებათ. თქვენ ამ სიყვარულს და სიხარულს შვილებზევე გრძნობთ. ჯერ არ მეჩქარება, მაგრამ დიდი მოლოდინი მაქვს როდის მეყოლება შვილიშვილი.
- მართალი ხარ ოთარ. - ძალიან მომეწონა მისი სიტყვები.
- მე მგონია, რომ ქალებს ბედნიერების მეტი პოტენციალი გაქვთ, ვიდრე ჩვენ კაცებს. თუმცა ჩვენი ყველაზე დიდი სიამოვნება ისევ თქვენგან მოდის. არცერთმა კაცმა არ უნდა თქვას, რომ ქალის გარეშე შეუძლია ცხოვრება. გამორიცხულია ეგ. ქალებს შეგიძლიათ მარტო უკაცებოთ ცხოვრება, მაგრამ კაცებს უქალებოდ არ შეგვიძლია. აქ საქმე მარტო საჭმლის მომზადებასა და სისუფთავეში არაა. სხვა რამეა. ნახევარია კაცი ქალის გარეშე. ამიტომ მიმაჩნია რომ ქალები უფრო ძლიერები ხართ. - შიგადა-შიგ ჩემსკენ იხედებოდა და ჩვენი თვალები ხვდებოდა ერთმანეთს. იღიმოდა ისიც და მეც. მანქანა კი ნელი სვლით მიუყვებოდა მთავარ გზას. - წეღანაც გითხარი ლალი. ქალებს მავნე ჩვევა გაქვთ, თქვენი სურვილები დამალოთ და არ გამოაჩინოთ. უფრთხილდებით ქმარს, ოჯახის ბიუჯეტს. სინამდვილეში კი თავს იზარალებთ და ამითი ქმარსაც აკლდებით და ოჯახსაც. დიდი ფილოსოფოსი არ ვარ მაგრამ ვეთანხმები ფროიდის რომელმაც თქვა, რომ მოთხოვნილებები რომლებიც ადამიანს უჩნდება და მას არ იკმაყოფილებს, ის არ იკარგება. მის შიგნით გროვდება და სახეს იცვლის. მერე ეს დეგრადირებული, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები იმდენად აზიანებს ადამიანის ფსიქიკას, რომ გამოსწორებაზე საუბარიც ზედმეტია.
- ხო, მართალია.
- ამიტომ ადამიანმა ყველა სურვილი უნდა შეისრულოს. თორემ მერე გვიანი იქნება. უნდა თქვათ რა გინდათ. როცა იტყვით, ან გამოვა, ან არ გამოვა, მაგრამ გამგები გაიგებს და მხედველობაში ექნება. აი, შენ რომ შენი ქმრისთვის გეთქვა... არ გეწყინოს ოღონდ, ცუდი გაგებით არ გეუბნები... რომ გეთქვა ვარდები არ მომწონს და იასამნები მინდა მაჩუქოო, როგორ გგონია არ გაჩუქებდა? მან არ იცოდა შენ რა გინდოდა, იმიტომ რომ არ გითქვამს. კიდე, სექსში გემართებათ ქალებს ეგ. არ ამბობთ, რომ გინდათ. გრცხვენიათ, გერიდებათ. რა სისულელეა წარმოიდგინე: მთელ ცხოვრებას ატარებთ კაცთან და მისი გერიდებათ. შიშველი ვერ გაივლით, ვერ გამოუტყდებით რომ გინდათ სიამოვნება მისგან. აბა ეს ნორმალურია? თუ არ ხარ კომფორტულად ადამიანთან, მასთან არც უნდა იყო, მაგრამ როცა გიყვარს და გინდა მისი სიახლოვე, რატომ არ უნდა თქვა?!
- მართალი ხარ. მაგრამ მთლად მასეც არაა...
- აბა როგორაა?
- რა ვიცი, როგორ აგიხსნა?!
- ჩვეულებრივ, ყოველგვარი მორიდების გარეშე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები